რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „პრემიერა თაკოსთან“ ჯგუფი „იბერია“ სტუმრობდა. ჯგუფის წევრებმა შემოქმედებით სიახლეებზე, სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს და ახალი სიმღერა „გვარგვალე“ გაგვიზიარეს.
როდის დაარსდა ჯგუფი „იბერია“?
გიგა: სადღაც 14 წელია, მაგრამ საქართველოს შოუბიზნესში აქტიურად შევაბიჯეთ 2017-2018 წლიდან.

რატომ სახელი „იბერია“?
ბექა: ძალიან ბევრი ვიფიქრეთ, მაგრამ გადაწყვეტილება „იბერია“ რომ დაგვერქმია, იმიტომ მივიღეთ, რომ ჯგუფში ყველა კუთხის შვილები ვიყავით.
რაც მახო შემოგვემატა ჯგუფში, რომელიც ჩვენი ხმის რეჟისორიც არის, აქედან უფრო მეტად დაიწყო ჩვენი აღმასვლა, რადგან უკვე არც სტუდიის გასაჭირი გვქონდა, იდეები და სიმღერები ისედაც არ გვაკლია, ყოველ კვირას შეგვიძლია დავდოთ ახალი სიმღერა და ახალი იდეა. ამ ყველაფრისთვის ფრთების შესხმა უკვე მახოს დამსახურებაა.
ჩვენ „იუთუბ“ არხი გავაკეთეთ 2019 წელს და პირველი სიმღერა ჩავწერეთ „მაჭირხოლი“, მერე „გელინო“ და უკვე აქედან დაიწყო ყველაფერი. მერე, „კიკინე“ ჩაიწერა და „კიკინემ“ უკვე ბუმი გააკეთა, რასაც ჰქვია. დღეის მონაცემებით მას ჩვენს „იუთუბ“ არხზე 35 მლნ ნახვა აქვს.

ანუ „კიკინე“ არის ერთ-ერთი ის სიმღერა, რომელმაც პოპულარობა მოგიტანათ…
კი, თამამად შემიძლია ვთქვა…
მანამდეც ვაქტიურობდით, ჩვენი ერთ-ერთი გავრცელებული სიმღერა იყო „სამშობლოს შეძახილი“, მასზე კლიპიც გადავიღეთ. მერე, იყო „რანუნი“, „აფხაზეთო“.
როგორ არჩევთ სიმღერებს?
მახო: ის უნდა მოეწონოს ხალხს, ჩვენი მთავარი მიზანი ეს არის.
დღევანდელი რეალობა რაც არის, რესტორანი არის ჩვენი ძირითადი შემოსავლის წყარო და გვაქვს ასეთი ტაქტიკა, რესტორანში, სადაც ვმუშაობთ, ვიმღერებთ ხოლმე და ვაკვირდებით, რამდენად აეკვიატებათ ადამიანებს ეს ნამღერი. თუ აეკვიატებათ, ვხვდებით, რომ ის უკვე ჰიტობის კანდიდატია.

რამდენად სტუმრობთ ხოლმე სხვადასხვა კუთხეებს კონცერტებით, თუ გააქვთ საზღვარგარეთ გასვლითი კონცერტები?
ხშირად ვსტუმრობთ საქართველოს სხვადასხვა კუთხეებს, კონცერტები საკმაოდ ხშირად გვაქვს.
საზღვარგარეთს რაც შეეხება, ბოლოს ერთი წლის წინ გვქონდა კონცერტი, მაგრამ ახლა დაგეგმილი გვაქვს, იანვრის თვეში ბელგიაში წავალთ. ევროტურს ვაპირებთ.
ვისაუბროთ სიმღერაზე „გვარგვალე“, რომლის პრემიერაც დღეს შედგება.
მახო: დაახლოებით, ერთი წელია, რაც ამ სიმღერაზე მუშაობა დავიწყეთ, რაც ამ კლიპის იდეა გაჩნდა. ბექა იყო ჩასული სამეგრელოში, იქ მოიძია ძველი ისტორიები. ამ კლიპში არის რაღაც სცენები, რომლებიც ნამდვილ ისტორიებს ასახავს.
კლიპის გადაღების პროცესი ხანმოკლე არ იყო.
ბექა: ეს კლიპი უკვე შეგიძლიათ, რომ ჩვენს „იუთუბ“ არხზე ნახოთ.
მახო: კლიპში მონაწილეობს ჯანო იზორია, ასევე ხვიჩა კვარაცხელია… მეგრელი კოლორიტები გვყავს.
ბექა: ხვიჩა ჩვენთვის სიამაყეა და ხომ არ გამოვტოვებდით?! ხვიჩაც გვყავს, ოღონდ ნამდვილი ხვიჩა არა, რა თქმა უნდა (იცინიან).
ახლა, გეტყვით საიდან წამოვიდა ამ სიმღერის იდეა… სოფელში ვიყავი, სერგიეთში და მარანში ვეწეოდი, ბაბუაჩემმა შემომიღო კარები და რას აკეთებ ბიჭო აქ, ეს სიგარეტი რა უბედურებაა, ღვინო აიღე და გადაიგვარგვალეო. აი ასე შეიქმნა ეს სიმღერა.
სიმღერა მალხაზ რეხვიაშვილის სტუდიაში ჩაიწერა, მას ეკუთვნის არანჟირება.

როგორია სამომავლო გეგმები?
გვინდა, რომ სოლოკონცერტი გავაკეთოთ, მთელი სულით და გულით გვინდა.
მახო: სამომავლო გეგმებში კიდევ გვაქვს ბევრი სიმღერის ჩაწერა.
გიგა: ვაპირებთ, თუშურ ფანკს. ექსპერიმენტი გვინდა, რომ გავაკეთოთ.
ბექა: შემდეგ სიმღერას, რასაც ვაკეთებთ, ცოტა განსხვავებული იქნება.
მახო: მე რეტრო პოპს დავარქმევდი.
ჯგუფი “იბერია” – გვარგვალე
გადაცემის აუდიოჩანაწერი
ჯგუფი “იბერია” – კოხტა გოგო. Live
ჯგუფი “იბერია” – გოგოვ შენ გენაცვალე. Live
ჯგუფი “იბერია” – აჭარა. Live
ჯგუფი “იბერია” – კიკინე კიკინე. Live
ჯგუფი “იბერია”. “პრემიერა თაკოსთან”
ბენდი იბერია – გვარგვალე ოფიციალური პრემიერა