ზურა ხაჩიძე „არ დაიდარდოზე“ თაკო მელიქიშვილის გადაცემას „პრემიერა თაკოსთან“ ესტუმრა და თავისი ახალი სიმღერის პრემიერა შესთავაზა რადიომსმენელს.
ზურა ხაჩიძე:
ამჯერად სოლოსიმღერით გესტუმრეთ, მადლობა გადაცემას და „არ დაიდარდოს“. ამ სიმღერაზე გადაღებული კლიპის პრემიერა 30 ივლისს შედგება.
ვისაუბროთ სიმღერაზე…
სიმღერის ისტორია ცოტა თავისებურად დაიწყო. ხათუნამ გადაწყვიტა, რომ ჩემთვის გაეკეთებინა სიურპრიზი და დაუკავშირდა ზაზა ხუბუკელაშვილს. ძალიან მძიმე პერიოდი მქონდა, ბევრი მეგობარი გარდამეცვალა, ცუდად ვგრძნობდი თავს. 25 დეკემბერს არის ჩემი დაბადების დღე და იფიქრა, რომ ამ დღისთვის მომასმენინებდა ჩემთვის შექმნილ სიმღერას. 25-ისთვის ვერ მოესწრო მთლიანად არანჟირების მომზადება, ამიტომაც მხოლოდ ჩონჩხი მომასმენინა.

შემდეგ მე ჩავერთე ზაზასთან ერთად, გადავაკეთ-გადმოვაკეთეთ ტექსტის ავტორთან, ირინა სანიკიძესთან ერთად. ეს სიმღერა, რა თქმა უნდა, მივუძღვენი ჩემი ცხოვრების მთავარ ადამიანს. ბევრი სიმღერის ტექსტი ეძღვნება მას, მაგრამ კონკრეტულად მისი გამარჯვების, ავადმყოფობის დამარცხების შემდეგ სულ მინდოდა, მისთვის სიმღერა მიმეძღვნა. სიურპრიზი ასე შემოვუტრიალე. სიმღერასა და არანჟირებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ზაზა ხუბუკელაშვილმა. იმედი მაქვს, რომ მსმენელი მოისმენს, შეიყვარებს, ცოტა საცეკვაოც არის, ცოტა სევდიანიც. სიმღერას დავარქვი „მინდა სიყვარული“. ეს ტექსტი არ მეორდება სიმღერაში, მაგრამ „მინდა სიყვარულზე გელაპარაკო“ არის ერთ-ერთი ფრაზა, რომელიც შევამოკლე სათაურისთვის. ჩემსა და ხათუნას შორის სიყვარული ყოველთვის მინდა…
როცა დასრულდა სიმღერა, დავუკავშირდი ლევან გაბაძეს, როცა მოვუყევი, რაზეა ეს სიმღერა, ფრაგმენტულად გამახსენებინა, როგორი იყო ჩემი და ხათუნას ამბავი. ხათუნა გარკვეული მიზეზების გამო ვერ მიიღებდა კლიპში მონაწილეობას, ამიტომაც მოგვიხდა პერსონაჟის მოძებნა, რომელიც მას განასახიერებდა. მთავარ როლში არის ჩემი საუკეთესო მეგობარი, 16 წლის იყო, დედიკომ რომ გამაცნო, ჩვენს კონცერტზე, ჩვენი მსმენელი იყო – ნინო კობახიძე. ახლა უკვე გაიზარდა… ძალიან კარგად შეასრულა ეს როლი.

ლევანს რომ აღვუწერე, ძალიან მარტივად, უცბად, რამდენიმე ლოკაციაზე, დილიდან დავიწყეთ გადაღება. საკმაოდ უპრეტენზიო, ძალიან თბილი ნამუშევარია. საერთოდ, ძალიან კრიტიკული ვარ საკუთარი თავის მიმართ, მით უმეტეს, სოლოშესრულების შემთხვევაში. ეს ჩემი მეორე კლიპია და უფრო საპრეზენტაციოა, ჩემი აზრით. თვითკრიტიკული ვარ, მაგრამ კლიპი მომეწონა და დიდი მადლობა ლევანს და გადამღებ ჯგუფს. ვნერვიულობდი, როგორ გადავიღებდით სხვადასხვა ლოკაციაზე, ჭავჭავაძეზე, ტურისტებით სავსე ბეთლემის ქუჩაზე და ა.შ. ვფიქრობდი ერთ დღეში როგორ გადავიღებთ-მეთქი, მაგრამ ნახავთ, როგორი გამოვიდა.
მადლობა ხათუნას ამ სიურპრიზისთვის და ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართული იყო ამ ნამუშევრის მომზადებაში.

რაც შეეხება კონცერტებს…
„ქუჩის ბიჭებს“ გვაქვს კონცერტი 5 აგვისტოს, განმუხურის სანაპიროზე. სოლოკარიერის კუთხითაც გავაქტიურდები. სულ ახლო მომავალში, ალბათ, სექტემბრის ბოლოსკენ მეორე სიმღერასაც მოვიტან, რომელიც დაახლოებით იგივე ჟანრია. ჯგუფიც ვწერთ ახალ სიმღერებს, ბენდთან ერთად რეპეტიციებს გავდივართ, ვამატებთ ახალ სიმღერებს, სექტემბერში გამოვა თავისი ვიდეორგოლებით. აქტიური პერიოდი გვაქვს და დაკარგული წლები ავინაზღაუროთ.
ზურა ხაჩიძე – მინდა სიყვარული
გადაცემის აუდიოჩანაწერი
ზურა ხაჩიძე. “პრემიერა თაკოსთან”