რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „პრემიერა თაკოსთან“ მიშა ზაქარიაშვილი სტუმრობდა. გადაცემის სტუმარმა გამართულ საიუბილეო კონცერტზე, სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და მსმენელს სიმღერა „შევხვდებით“ წარუდგინა.

ბატონო მიშა, მოგვიყევით 4 ივლისს გამართულ საიუბილეო კონცერტზე.
მიშა: სახლში, ეტყობა, შევაწუხე ჩემი მეუღლე უმოქმედობით და ეს კონცერტი გააკეთა. ნინომ იაქტიურა, თითქმის ყველაფერი მან გააკეთა და ძალიან დიდი მადლობას ვეუბნები მას.
ნინო: წლები მიშა პერიოდულად გამოდიოდა კონცერტებზე, მაგრამ სოლოკონცერტი წლების განმავლობაში არ ჰქონია. ვცადე, „მერიაში“ შევიტანე განაცხადი. ერთ მშვენიერ დღეს, მიმი ვადაჭკორია შემხვდა, რომელმაც მითხრა, შემიძლია, რომ პიარი გაგიკეთოთ, დაგეხმაროთო და მიმის წყალობით და „მერიის“ კულტურის სამსახურის დაფინანსებით შედგა ეს კონცერტი.
კარგი კონცერტი იყო, მოეწონა მსმენელს და მაყურებელს.
ახლა, ურეკში გვინდა ერთი კონცერტის გაკეთება, ხონში, ასევე ბათუმში და ვნახოთ, თუ გამოვა.
მიშა: ჩემს მოლოდინსაც გადააჭარბა, ხალხმა ისე მიიღო ეს ყველაფერი, იყო ოვაციები, მობილურების ნათება.
ნინო: ღონისძიებაში მონაწილეობდნენ პოეტებიც…
მიშა: დიახ, მონაწილეობდნენ ნანა ცინცაძე, ზურა გოშაძე, ედუარდ უგულავა… კონცერტის წამყვანი იყო ზვიად დოლიძე. თბილი, ოჯახური სიტუაცია იყო. ნამდვილად კარგი კონცერტი იყო, მაგრამ დამერწმუნეთ, უკეთესს გავაკეთებ.
კონცერტი „მსახიობის სახლში“ ჩატარდა, დარბაზი სრულად შევსებული იყო, ანშლაგი იყო.
ასევე, მადლობა „თეატრი N1“-ს.

ახალი სიმღერის პრემიერა ხომ არ ყოფილა?
მიშა: დიახ, იყო, ტატო გოდერძიშვილის შესრულებით.
იცით, როგორ მიმიღეს?! იქ ვთქვი კიდეც, თქვენ შემოგევლეთ, თქვენ ვინ ყოფილხართ-მეთქი. ჩემი ახლობლებიც იყვნენ კონცერტზე, მაგრამ უცხო ხალხისგან ასეთი მიღება…
ამ კონცერტში გავიხსენე ჩემი მამუკა ონაშვილი, ზურა დოიჯაშვილი, ოთარ რამიშვილი. თქვენს რადიო ეთერში ასევე არ შემიძლია, არ გავიხსენო ჩემი გენო ნადირაშვილი, „ორერას“ სოლისტი, რადგან პირველად „დავლევ“ „ორერას“ იუბილეზე ვიმღერე და იმ დღის მერე წავიდა ეს ჩემი კარიერა.

ერთ ისტორიას მოვყვები, მითხრეს, სიმღერა საოპერატოროში წაიღე და გაუშვებენო. ზევით რომ ავედი, ოთარ რამიშვილი დამხვდა. მაშინ, ბატონ ოთარს არ ვიცნობდი. მამაჩემი მახლდა, ერთმანეთს მიესალმნენ, მოიკითხეს ერთმანეთი და მამაჩემმა უთხრა, ჩემი შვილი მღერისო. ბატონმა ოთარმა მითხრა, მომასმენინეო. ვიმღერე და ისე ძალიან მოეწონა, რომ დაიჩოქა და მუხლზე მაკოცა, მე და შენ ამ დღის მერე მეგობრები ვიქნებითო… სულ მახსოვს ეს, ტვინში ჩამებეჭდა.
ვისაუბროთ სიმღერაზე „შევხვდებით“, რომელსაც ტატო გოდერძიშვილი ასრულებს.
მიშა: ეს სიმღერა „ივერიასთან“ ერთად ვიმღერე, სადღაც, 19-20 წლის ვიქნებოდი. „ჩვენ ვეძებთ ტალანტებს“ ასეთი პროექტი იყო და სამი ტური გავიარე. ეკა კვალიაშვილი, ძალიან მაგარი მომღერლები იყვნენ და იმათთან მეც გავიმარჯვე. მე ახლაც არ ვთვლი ჩემს თავს მომღერლად, მე, უბრალოდ, თავად ვასრულებ ჩემს სიმღერებს.

ეს სიმღერა რომ ვიმღერე, ბასილაია გადაირია, ძალიან მოეწონა.
ლექსი ედიშერ ყიფიანისაა. გაზეთში წავიკითხე და ძალიან მომეწონა. „ფილოსოფიური ლირიკის ნიმუში“ ასე ეწერა.
სიმღერა ხვიჩა ხარაიშვილის სტუდიაში ჩაიწერა.
ტატო გოდერძიშვილი – შევხვდებით
გადაცემის აუდიოჩანაწერი
მიშა ზაქარიაშვილი & ნინო ბადაგაძე. “პრემიერა თაკოსთან”