რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „პრემიერა თაკოსთან“ ჯგუფი „ბანი“ სტუმრობდა. გადაცემაში ჯგუფის ახალი სიმღერის „ელანძე“ პრემიერა შედგა.
ძალიან საინტერესო სახელი აქვს თქვენს ახალ სიმღერას, „ელანძე“, როგორია განმარტება?
ამირანი: სიმღერის ტექსტის ავტორი მე ვარ.
რაც შეეხება სიმღერის სათაურს, ჩემი მოფიქრებული არ არის. ხანდახან, ისე ხდება, რომ ბიჭები რომ შევიკრიბებით, მიმაქვს ტექსტი და მერე, ფიქრობენ ხოლმე, რა დავარქვათ. ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა. „ელანძეს“ აქვს თავისი დატვირთვა, გურული სიტყვაა. „მოიცა, ელანძე“, რომ იტყვიან, ახსნა განმარტება ასეთი აქვს – „ერთი წუთით მოიცადე“. კიდევ აქვს რაღაც ახსნები, მაგრამ ჩვენ ამაზე შევჯერდით, რომ „ერთი წუთით მოიცადე“, რადგან ამ ერთი წუთით რომ შემოვატრიალებ ადამიანს, მერე, სიმღერასაც მოისმენს.

როგორ დაიწყო სიმღერის ისტორია, პირველად მუსიკა შეიქმნა თუ ტექსტი?
ამირანი: ძირითადად, ჯერ მელოდია მოდის ხოლმე ჩემამდე. ეს ყველაფერი, მელოდია, საწყისები, გელამ გააკეთა.
გელა: დედაჩემი არის ჩხაიძე, ოზურგეთიდან და გურიის სიყვარული აქედან მოდის… ბებიაჩემი გობრონიძე, მეუღლე კალანდაძე, ასე რომ, ამ ყველაფერს გვერდს ვერ ავუვლიდი და ასე ერთ მშვენიერ დღეს, მოვიდა მუსიკა.
ყველა ფრაზაზე, მელოდიაზე, რასაც ვაკეთებდი, ამირანთან მქონდა კომუნიკაცია. აქედან გამომდინარე, ძალიან მალე გაკეთდა ნამუშევარი, ერთ თვეში დაიწერა ტექსტიც და მელოდიაც.
რაც შეეხება კლიპს, ეს ხდება ჩოხატაურში, გუთურში.
მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ნამუშევრის შექმნაში წვლილი შეიტანა, ეს ადამიანები რომ არ ყოფილიყვნენ, ეს კლიპი არ შედგებოდა.
ამირანი: თან, კლიპზე არანაირი სტუდიას არ უმუშავია, ჩვენი სახსრებით გადავიღეთ.
გელა: ბექა მიქაძე, ჩვენი ჯგუფის ერთ-ერთი წევრი რომ არ ყოფილიყო ოპერატორი, ამ კლიპს ვერ გადავიღებდით.
როგორია სამომავლო გეგმები, დაგეგმილი კონცერტები?
გელა: სადღაც ორ კვირაში დაგვეწყება კონცერტები, მაგრამ საზღვარგარეთ სექტემბრამდე არ გვექნება გასვლა.
2027 წელს დაგეგმილი გვაქვს დიდი გასტროლი. სექტემბერში ირლანდიას ველოდებით.
საქართველოს სხვადასხვა კუთხეში იგეგმება კონცერტები?
გელა: რა თქმა უნდა, აბსოლუტურად ყველა რეგიონში.
ამირანი: რომ ვთქვათ, ჩვენ რეგიონებში უფრო ვართ, ვიდრე თბილისში (იცინის). მოთხოვნა რეგიონებში უფრო ხშირია. ხშირია, მაგალითად, აჭარა.

თქვენთვის სად უფრო კარგი პუბლიკაა?
სადაც მივდივართ, ყველგან დიდი სიყვარულით გვხვდება მსმენელი.
რამდენად ხშირად ახერხებთ შეკრებას, ახალ სიმღერებზე მუშაობას?
გელა: ყოველ დღე ვნახულობთ ერთმანეთს. სახლში რომ მოვდივართ, მერე, ტელეფონით ვურეკავთ ერთმანეთს.
ჩვენ უკვე 15 წელია ერთად მოვდივართ… ერთმანეთის გარეშე ცხოვრება არ წარმოგვიდგენია.
ახალი სიმღერის სატელევიზიო პრემიერას თუ გეგმავთ?
ამირანი: ზოგადად, როგორც ყოველთვის პირველი თქვენი არის ექსკლუზივი. შემდეგ, გია ბაღაშვილთან ვაკეთებთ ხოლმე პრემიერას და სავარაუდოდ, მანდ იქნება ახლაც.
ბანი – ელანძე
გადაცემის აუდიოჩანაწერი
📻 “ბანი” პრემიერით არ დაიდარდოში. გადაცემა “პრემიერა თაკოსთან”