მომავალი წლიდან ევროპის სკოლებში ახალი საგანი გამოჩნდება – „კლიმატური განათლება“. ის ყველა კლასის სასწავლო პროგრამაში შევა, წერს Earth.com-ი.
ახალ გაკვეთილზე მოსწავლეები მიიღებენ მეტ ინფორმაციას არა მხოლოდ ყინულის დნობაზე ან სათბურის ეფექტზე. ისინი ისწავლიან ძირითად ეკოლოგიური უნარებს, რომლებიც მომავალში მათ საშუალებას მისცემს იმუშაონ პასუხისმგებლობიან საწარმოებში – მაგალითად, ისწავლიან:
როგორ შემცირდეს ენერგომოხმარება მუნიციპალურ დონეზე;
როგორ გადაიყვანონ ტრანსპორტი ან სოფლის მეურნეობა მდგრად კატეგორიაში;
როგორ იმუშაონ კლიმატთან დაკავშირებულ თანამედროვე სისტემებთან.
კლიმატური განათლება ევროპაში განიხილება გლობალურ დათბობასთან ბრძოლის ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტად, რის გამო ამ სფეროში მომუშავე სპეციალისტებზე მოთხოვნა მკვეთრად იზრდება.
გარდა ამისა, კლიმატის ცვლილება უკვე ნეგატიურად მოქმედებს სასკოლო პროცესზე – ტემპერატურის მატება და ჰაერის დაბინძურება ამცირებს მოსწავლეების აკადემიურ შედეგებს და ჯანმრთელობაზე გავლენას ახდენს.
LinkedIn-ის საერთაშორისო კვლევა აჩვენებს, რომ „მწვანე“ უნარების მქონე პროფესიონალები ძალიან ნაკლებია. ასეთ კადრებზე მოთხოვნა ორჯერ აღემატება მიწოდებას. დამსაქმებლებს სჭირდებათ სპეციალისტები კლიმატური განათლების სფეროში, მაგრამ შესაბამისი ცოდნის მქონე კურსდამთავრებულების რაოდენობა ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნას და ეს ხარვეზი იზრდება.
გაეროს ბოლო შეფასებით, 2030 წლისთვის „მწვანე“ გარდაქმნა მსოფლიოში 100 მილიონზე მეტ ახალ სამუშაო ადგილს შექმნის.
გარდა ამისა, როგორც ევროკავშირის გადაწყვეტილებაშია აღნიშნული, ახალგაზრდები დღეს მუდმივად იღებენ სიახლეებს ექსტრემალური ამინდის, კატასტროფებისა და კლიმატის კრიზისის შესახებ. თუმცა, ყველა წყარო სანდო არ არის, ამიტომ კლიმატის შესახებ საბაზისო ცოდნის გარეშე შეუძლებელი ხდება სანდო ინფორმაციის დეზინფორმაციისგან გარჩევა.
კლიმატის ცვლილებით შეშფოთებულ სკოლის მოსწავლეებს ახალი საგანი დაეხმარება გაიგონ, რა რეალური ნაბიჯები შეუძლიათ გადადგან, რათა თავი უმწეოდ არ იგრძნონ – მაგალითად, მონაწილეობა მიიღონ ადგილობრივ ეკო-პროექტებში ან სამომავლოდ ეკოლოგიასთან დაკავშირებული პროფესია აირჩიონ.