„რას გულისხმობს მაღალი ქოლესტერინი და რამდენად დამაზიანებელია ის, ვინ მიეკუთვნება მოწყვლად ჯგუფს, როგორია მაღალი ქოლესტერინის მკურნალობის ოქროს სტანდარტი, როდის და რა შემთხვევაში ინიშნება სტატინები, რამდენად მნიშვნელოვანია სწორი კვება და ჯანსაღი ცხოვრების წესი“ – ამ და სხვა საინტერესო თემებზე ნატა ხარაშვილის გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ კარდიოლოგმა, პროფესორმა – ზურა ფაღავამ ისაუბრა და არაერთი რეკომენდაცია გაგვიზიარა.
ბატონო ზურა, რას გულისხმობს მაღალი ქოლესტერინი და მართლაც აზიანებს თუ არა ის გულს, სისხლძარღვებს?
ეს თემა მართლაც უკიდურესად აქტუალურია. ალბათ, მედიცინაში არ არის კიდევ ერთი ისეთი საკითხი, რომელთან დაკავშირებითაც ასე სხვადასხვა აზრი არსებობს. არ ვიცი, რატომ, მაგრამ სწორედ ქოლესტერინი და ქოლესტერინემია გახდა ძირითადი სამიზნე ათასგვარი ფეიქ-სიახლის და არასწორი ინტერპრეტაციის.
პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ ქოლესტეროლი ორგანიზმის აუცილებელი კომპონენტია და მის გარეშე ვერცერთი ბიოლოგიური არსება ვერ არსებობს.
მეორე საკითხია, რომ იგივე ქოლესტეროლი, რომელიც ესოდენ აუცილებელია ორგანიზმისთვის, შესაძლოა, ამავდროულად, დამაზიანებელი იყოს და ის დამაზიანებელი შეიძლება იყოს რამდენიმე მიმართულებით, ძირითადად სისხლძარღვთა დაზიანების თვალსაზრისით. ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა, წარმოიდგინეთ, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების უდიდესი ნაწილი სწორედ ათეროსკლეროზული გენეზის არის და რა თქმა უნდა, საჭიროებს ადეკვატურ შეფასებას და მართვას.
როცა ქოლესტეროლის კონცენტრაცია მაღალია, მას გარკვეული ტოქსიკური გავლენა აქვს სისხლძარღვის შიდა კედელზე, ის აღწევს შიდა გარსში ე.წ. ენდოთელიუმში და ხდება მისი დაგროვება. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ხდება თეთრი ბურთულების მიერ მისი შთანთქმა, იქმნება ე.წ. პოხიანი უჯრედები, რომლებიც შემდეგ, ათეროსკლეროზულ ფოლაქად გადაიქცევა. ეს ფოლაქი იზრდება, მრავლდება, ნელ-ნელა ავიწროებს სისხლძარღვს, მცირდება სისხლძარღვის ნაკადი და იმ რეგიონის, იმ ქსოვილების კვება ჟანგბადით მცირდება, ხანდახან, სრულიად წყდება და როდესაც ეს ეხება გულის კუნთს, ამას ჰქვია მიოკარდიუმის ნეკროზი, ანუ მიოკარდიუმის ინფარქტი.
ვინ მიეკუთვნება მოწყვლად ჯგუფს, როგორია მაღალი ქოლესტერინისთვის დამახასიათებელი სიმპტომები?
ქოლესტერინის მომატებას რაიმე სპეციფიკური სიმპტომი არ გააჩნია, თუმცა არის გარკვეული კანის ფორმები, ქსანტელაზმები, ქსანტომები, რომლებიც მეტყველებენ იმაზე, რომ ქოლესტერინის ცვლა დარღვეულია, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ იმ ადამიანებს, ვისაც ეს ქსანტომები და ქსანტელაზმები არ აქვს, ყველაფერი წესრიგში აქვს, ამიტომ ქოლესტერინის გაზომვა ძალიან აქტუალურია.
ქოლესტერინის გარკვეულ დონეს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ე.წ. პირველად პროფილაქტიკაში, ანუ როდესაც ჯერ არ გვაქვს ათეროსკლეროზული დაავადება და ასეთ შემთხვევაში, ქოლესტერინის გარკვეული დონე გადამწყვეტია, დავიწყოთ თუ არა მკურნალობა, მაგრამ იმ ადამიანებში, რომელთანაც უკვე დადგენილი აქვთ გულის ათეროსკლეროზული დაავადება, უნდა დაიწყონ შესაბამისი, ქოლესტერინის დამწევი მკურნალობა, ასეთ პაციენტებში ცუდი ქოლესტეროლის დონე რაც შეიძლება დაბალი უნდა იყოს.

რამდენად მნიშვნელოვანია და მოქმედებს თუ არა გენეტიკური ფაქტორი? მაგალითად, ის, რომ ოჯახის რამდენიმე წევრს უკვე დადასტურებული აქვს მაღალი ქოლესტერინი, ოჯახის წევრს ახალგაზრდა ასაკში გადატანილი აქვს ინფარქტი და ა.შ.
აქ საუბარია ოჯახურ დისლიპიდემიაზე და ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი მდგომარეობაა და მისი გამოვლენა და იდენტიფიცირება ძალიან აქტუალურია. ეს ადამიანები აუცილებლად ახალგაზრდა ასაკშივე საჭიროებენ მკურნალობას შესაბამისი პრეპარატებით.
ერთ-ერთი აუცილებელი კომპონენტი არის მშობლების ისტორიაში ახალგაზრდა ასაკში, 55 პლუს-მინუს 5, კორონარული დაავადების არსებობა.
სხვათა შორის, გენეტიკაზე ხშირად ლაპარაკობენ ხოლმე მაშინაც, როცა მშობელს გულის იშემიური დაავადება აქვს 60 წელზე მეტ ასაკში, 70 და ა.შ., მაგრამ ეს უკვე არ წარმოადგენს გენეტიკურ დატვირთვას. პრობლემა სწორედ ახალგაზრდა ასაკში აღმოცენებული დაავადებაა, რაც, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ახალგაზრდა ასაკშივე საჭიროებს შესაბამისი მკურნალობის ჩატარებას.
გენეტიკურ ფაქტორებზე საუბრისას, გენურ თერაპიაზე მინდა გკითხოთ, რომელზეც რამდენიმე საინტერესო კომენტარი იყო სოციალურ ქსელში, ერთის მხრივ, იყო საუბარი იმაზე, რომ თითქოს, არსებობს კვლევა, რომლის მიხედვითაც, ამ ტიპის თერაპია 50 %-ში ეფექტურია და ამცირებს გენეტიკურ ფორმას. ქოლესტერინის მკურნალობის ეს მეთოდი დანერგილია თუ არა ჩვენს ქვეყანაში და ამ მეთოდს რამდენად აქვს შანსი, რომ სამომავლოდ, ერთ-ერთ ერთი მთავარი მიმართულება გახდეს ამ კუთხით?
პირველ რიგში, რამდენიმე სიტყვით გეტყვით, როგორ წარმოიქმნება ქოლესტეროლი. ქოლესტეროლის წარმოქმნა ღვიძლში ხდება. ქოლესტერინი ღვიძლში სინთეზირდება, მათ შორის, ცუდი ქოლესტერინიც, მაგრამ მერე, იგივე ღვიძლში ხდება მისი ორგანიზმიდან გამოყვანა, ანუ არსებობს რეცეპტორები, რომლებიც შთანთქავენ ამ ქოლესტერინს და გარკვეულ ნაწილს გამოიყვანენ უკან, ამიტომ არის რაღაც გარკვეული ნაწილი, რომელიც რჩება და ქოლესტეროლი უნდა იყოს ორგანიზმში, მაგრამ როდესაც ეს რეცეპტორები ცოტაა და გენეტიკურად ხანდახან ისინი ძალიან ცოტაა, მაშინ ამ ქოლესტერინის დაშლა არ ხდება და ცუდი ქოლესტერინი ორგანიზმში გროვდება. მკურნალობის ერთ-ერთი ტიპიც სწორედ ამისკენ არის მიმართული. ისინი ანეიტრალებენ იმ ცილას, რომელიც ამ რეცეპტორებზე მოქმედებს. ეს ცილები ამ რეცეპტორებს შთანთქავენ, ანგრევენ და ქოლესტერინი ორგანიზმში გროვდება. სწორედ ამ ცილაზე ზემოქმედებით ხდება, რომ რეცეპტორების უფრო მეტი რაოდენობა რჩება და მათ აქვთ უნარი, რომ ცუდი ქოლესტერინი შეამცირონ.
პრეპარატებიც ორნაირია. არის პრეპარატები, რომლებიც საკუთრივ ამ ცილაზე მოქმედებს და არის პრეპარატები, რომლებიც ამ ცილის სინთეზზე მოქმედებენ. სწორედ ამაზე არის აწყობილი ეს მკურნალობა. შეიძლება, ამას დავარქვათ გენეტიკური, სინამდვილეში კი, მანდ გამოიყენება ე.წ. მონოკლონური ანტისხეულები ერთი ჯგუფის მიმართ. სამწუხაროდ, ეს პრეპარატები ჩვენთან არ არის, მაგრამ ჩვენთან არის მეორე პრეპარატი, რომელიც რიბონუკლეინის მჟავაზე მოქმედებს, ანუ DNM-დან ცილამდე ინფორმაციის მიმტან ცილაზე, თუმცა ის კიდევ საჭიროებს რაღაც გარკვეული კვლევების დამთავრებას, მაგრამ ძალიან საინტერესო პრეპარატია, პრაქტიკულად, წელიწადში 2 ინიექციით შესაძლებელია ქოლესტერინის დაქვეითება და სასურველი შედეგის მიღწევა.
არის გენეტიკური პრეპარატები, რომლებიც ახლა არის კვლევაში, მაგრამ ჯერჯერობით დანერგილი არ არის, თუმცა მე იმედი მაქვს, სულ მალე მივიღებთ სერიოზულ რევოლუციას დისლიპიდემიის მკურნალობაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ისეთი მრისხანე დაავადების პროფილაქტიკისთვის, როგორიცაა გულის იშემიური დაავადება.
დღეს რა ითვლება მაღალი ქოლესტერინის მკურნალობის ოქროს სტანდარტად?
დღეს დისლიპიდემიის მკურნალობის ოქროს სტანდარტი ე.წ. სტატინებია. სტატინებს საკმაოდ დიდი ისტორია აქვს. პირველი სტატინი 1970 წელს შეიქმნა, მაგრამ ის არ დაინერგა მაღალი ტოქსიკურობის გამო და სხვათა შორის, ეს გარემოება ათასი მითქმა-მოთქმის მიზეზად გადაიქცა. შემდეგ, შეიქმნა ახალი სტატინები. ეს სტატინები გამუდმებით უმჯობესდება და ისინი სულ უფრო და უფრო იძენენ ძალიან დიდ მნიშვნელობას გულის იშემიური დაავადების პირველად და მეორად პროფილაქტიკაში.
ყველა დანარჩენი მკურნალობა მოიაზრება ამ სტატინებთან ერთად, ე.წ. გენეტიკური მკურნალობაც სწორედ სტატინებთან ერთად მოიაზრება და არა ცალკე. ასევე, არის მედიკამენტები, რომლებიც ამცირებენ ქოლესტეროლის წვრილ ნაწლავში შეწოვას და ისინიც სტატინებთან ერთად გამოიყენება. სტატინები ძალიან მნიშვნელოვანი პრეპარატია. სტატინები მაღალი რისკის პაციენტებში, ანუ პაციენტებში, რომელთაც უკვე აქვთ ათეროსკლეროზული დაავადება ან აქვთ განვითარების ძალიან მაღალი, 10 %-ზე მაღალი რისკი, ამცირებს სიკვდილიანობას და ჰოსპიტალიზაციას 15-დან 30 %-მდე, რაც ძალიან მნიშვნელოვანი მაჩვენებელია ისეთი დაავადებისთვის, როგორიც გულის იშემიური დაავადებაა.
სტატინები ნებისმიერ შემთხვევაში, ყველა ადამიანთან, ვისაც ქოლესტერინი აქვს მომატებული ინიშნება? თავად აღნიშნეთ, რომ საზოგადოების აზრი სტატინებთან დაკავშირებით განსხვავდება და საინტერესოა, რა არის ის უკუჩვენება, რისიც ასე ეშინიათ პაციენტებს, რამდენად რეალურია მათი შიში და მიუხედავად პრეპარატების გაუმჯობესებისა, დღემდე რატომ არსებობს შიში მათ მიმართ?
სტატინები ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა წამალი, იქნება ეს ანტიბიოტიკი, ასპირინი, ანალგინი თუ სხვა, ყოველთვის ჩვენების არსებობის შემთხვევაში უნდა დაინიშნოს, რადგან მედიცინაში ძალიან ცნობილი გარემოებაა, რომ ყველა წამალს აქვს თავისი გვერდითი ეფექტები. ექიმი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, წამლის დანიშვნის შედეგად სარგებელი უფრო მეტი იქნება, ვიდრე შესაძლო გვერდითი ეფექტი.
სტატინების გვერდითი ეფექტები სხვადასხვა მონაცემებით განსხვავებულია, მაგალითად, რენდომიზირებული კვლევებით ის ძალიან მცირეა, დაკვირვებითი კვლევებით გარკვეულწილად მეტია, მაგრამ ჩვენების არსებობის შემთხვევაში, გვერდითი ეფექტების აღმოცენების რისკი არ აღემატება მათ სარგებელს და ამის ცოდნა ძალიან მნიშვნელოვანია.
ის გვერდითი ეფექტები, როგორიცაა, მაგალითად, ჰეპატოტოქსიურობა, რაც ძალიან იშვიათია, კუნთების ტკივილი სტატინების მიღების შედეგად, ისეთი გვერდითი მოვლენებია, რომლებიც მაშინვე ქრება, როგორც კი სტატინის დოზას ვამცირებთ ან ვცვლით ერთ სტატინს მეორეთი. ეს არის გარდამავალი სიმპტომები და პაციენტისთვის არანაირი საშიშროებას არ წარმოადგენს, მაგრამ ამის გამო სტატინების არ მიღება იწვევს ისეთ დაავადებას, რომელიც უკან აღარ განვითარდება და ეს არის მიოკარდიუმის ინფარქტი, სტენოკარდია და ა.შ. , ამიტომ სარგებელი გაცილებით აღემატება შესაძლო გვერდით ეფექტს.
მეორე თემა არის ის, რომ ხშირად, სტატინები ინიშნება მაშინ, როცა ის საჭირო არ არის, ისევე, როგორც ანტიბიოტიკები, ასპირინი. ოდნავ მომატებულია თუ არა ქოლესტერინი, მაშინვე იწყებენ სტატინებს, რაც სწორი არ არის, ისევე, როგორც ყველა სიცხის დროს, ადამიანებს ანტიბიოტიკებს უნიშნავენ, რაც ასევე არ არის სწორი, ისევე, როგორც ასპირინს ნიშნავენ ე.წ. პროფილაქტიკის მიზნით, რაც ასევე სწორი არ არის.
პირველად პროფილაქტიკაში სტატინები ნაჩვენებია იმ შემთხვევაში, თუ პაციენტის კორონარული დაავადების განვითარების 10 წლიანი რისკი აღემატება 10 %-ს, იმ პაციენტებში, რომელთაც აქვთ შაქრიანი დიაბეტი, რომელთაც აქვთ განსაკუთრებით მაღალი ცუდი ქოლესტეროლის დონე. ყველა სხვა შემთხვევაში სტატინები არ უნდა დაინიშნოს.
დიეტა, ფიზიკური დატვირთვა, თამბაქოს მოწევის შეწყვეტა ეს არის ის აუცილებელი ატრიბუტები, რომლებიც საჭიროა იშემიური დაავადების პრევენციისთვის.

ახსენეთ სტატინების დოზის შემცირება ან პრეპარატის შეცვლა, რაზეა დამოკიდებული დოზის შეცვლა და ხდება თუ არა მათი საერთოდ მოხსნა? სოციალურ ქსელში პაციენტები ხშირად წერენ, რომ სტატინების მოხსნა არ შეიძლება, რომ ის მთელი ცხოვრება უნდა მივიღოთ და მთავარი შიშის ფაქტორიც სწორედ ამას უკავშირდება…
ზოგადად, მედიცინაში არის ისეთი დაავადებები, ქრონიკული დაავადებები, რომელთა დროსაც გარკვეული წამლები ყოველთვის, მუდმივად უნდა მიიღო, მაგალითად, შაქრიანი დიაბეტი, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, კოლიტი და ა.შ.
სტატინებიც, როდესაც ის ინიშნება, თუ ის სწორად არის დანიშნული, პაციენტმა სულ უნდა მიიღოს.
მეორე საკითხია, რა მოხდება, თუ სტატინებს გარკვეული მიზეზით მოვხსნით, ასეთ შემთხვევაში, რისკი იმაზე მეტად არ იზრდება, ვიდრე მანამდე იყო, ანუ რისკი უბრუნდება იმას, რაც მანამდე იყო, ქოლესტერული დონე, მოხსნიდან, პრაქტიკულად, მეორე-მესამე დღესვე უბრუნდება იმ დონეს, რაც მანამდე იყო.
სტატინების ძირით ეფექტი ვლინდება მაშინ, როდესაც მისი გამოყენება იწყება ადრე და იმ დოზით, რაც საჭიროა, გრძელდება მთელი ცხოვრების განმავლობაში. ასეთი პაციენტები არიან პაციენტები გულის იშემიური დაავადებით, პაციენტები, რომელთაც განუვითარდათ ინფარქტი, რადგან ეს ინფარქტი ხომ არსად გაქრება… ამ დროს ამოცანა ხდება ის, რომ მეორედ არ განვითარდეს ინფარქტი. ასევე, სტენოკარდია. სტენოკარდია არსად წავა, მთავარი ის არის, რომ სტენოკარდია ინფარქტად არ გადაიქცეს და არ მოხდეს მისი ხარისხის გაზრდა. შესაბამისად, დიახ, თუ სტატინები ინიშნება სწორად, ინიშნება მთელი ცხოვრების განმავლობაში.
მაღალმა ქოლესტერინმა რა პერიოდში, რამდენ წელში შეიძლება, რომ სტენოკარდიამდე და შემდგომ, ინფარქტამდე მიგვიყვანოს?
ასეთი ტიპის დაკვირვება არ არსებობს, მაგრამ არსებობს ერთი უდავო ფაქტი, როდესაც შეისწავლეს მოსახლეობა, ნახეს, რომ მოსახლეობაში იშემიური დაავადების გავრცელების რისკი მჭიდროდ იყო დაკავშირებული ქოლესტეროლის დონესთან, ანუ თუ მაღალი იყო ქოლესტეროლი, ხშირი იყო იშემიური დაავადება, ინფარქტი, სტენოკარდია და ა.შ. თუ დაბალი იყო ქოლესტეროლის დონე, დაბალი იყო დაავადების განვითარებაც. იშემიური დაავადება დაკავშირებულია ქოლესტეროლის დონესთან.
მაღალი ქოლესტერინის დროს რამდენად მკაცრი კვების რეჟიმია საჭირო?
კვებას, რა თქმა უნდა, მნიშვნელობა აქვს. ქოლესტერინით მდიდარი საკვები სისხლში ქოლესტერინის კონცენტრაციას 30 %-ით ზრდის. შესაბამისად, დიეტა ჰიპოლიპიდემიური, ანუ დაბალი ქოლესტერინის შემცველობით ამცირებს სისხლში ქოლესტერინის რაოდენობას დაახლოებით 25-30 %-ით. ეს არ არის საკმარისი იმ ადამიანებისთვის, რომელთაც დადასტურებული იშემიური დაავადება აქვთ, მაგრამ ეს საკმარისია იმ ადამიანებისთვის, რომელთაც ქოლესტერინის დონე ჯერ ისეთი არ აქვთ, რომ სტატინები დაინიშნოს, რომელთაც ჯერ არ აქვთ იშემიური დაავადება, ათეროსკლეროზული დაავადება, რომ ამ დაავადებების განვითარების რისკი შევამციროთ.
თუ პაციენტები მაღალი რისკის კატეგორიაში გადადიან, დიეტას წამალი უნდა დაემატოს და ასეთი კომბინაციით იმართოს ქოლესტეროლის დარღვევა.

შესაძლებელია საკვების ასეთნაირად დაყოფა, მეგობარი საკვები, რომელიც გულს ეხმარება, ამ შემთხვევაში, ქოლესტერინის ნაწილში და ისეთი საკვები, რომელიც კატეგორიულად უწყობს ხელს იმას, რომ მდგომარეობა გაუარესდეს?
დიახ, არსებობს არამეგობარი და მეგობარი საკვები. არამეგობარი საკვები ეს არის ცხიმიანი ხორცი, კარაქი და სხვათა შორის, ახლა არის მცდელობა, რომ კარაქი არამავნე კატეგორიას მიაკუთვნონ, მაგრამ ჯერჯერობით ძალიან მაღალი მტკიცებულებაა იმის, რომ ის მავნეა, ასევე აღსანიშნავია ტრანსცხიმები, რომლებიც ნამცხვრებში გამოიყენება, ტროპიკული ზეთები, ცხიმები, როგორიცაა პალმის ზეთი, ქოქოსის ზეთი.
მეგობარ საკვები გახლავთ ბოსტნეული, მარცვლეულობა და ა.შ. ჩამონათვალი დიდია.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ ღორის ქონი მავნე არ არის და ამაზე ხშირად გვეკითხებიან, თუმცა ძალიან მავნეა, რადგან ის შეიცავს სატურირებულ ცხიმოვან მჟავებს.
ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანმა ეს საკვები არასდროს არ უნდა დააგემოვნოს, არ უნდა გასინჯოს, უბრალოდ, საუბარია იმაზე, რომ რეგულარულად არ უნდა იკვებო ასეთი საკვებით, თუმცა პაციენტებთან, რომლებსაც უკვე დადგენილი აქვთ იშემიური დაავადება და ათეროსკლეროზული დაავადება, მოთხოვნები უფრო მკაცრია.
რომ შევადაროთ, ამ შემთხვევაში, კვებას უფრო მეტი ეფექტი აქვს თუ სპორტულ აქტივობას?
მე ძალიან ხშირად ვამბობ ხოლმე ერთ ფრაზას, რამდენადაც თამბაქო არის ბოროტება, იმდენად რეგულარული, რიტმული ფიზიკური ვარჯიში არის სიკეთე, უნივერსალური სიკეთე, ეს არა მარტო გულს ეხება, არამედ ყველაფერს, მათ შორის, ონკოლოგიურ დაავადებას, ძუძუს კიბოს. მე ხაზი გავუსვი, რომ ეს აუცილებლად უნდა იყოს რიტმული, რადგან კუნთების რიტმული დაძაბვა და მოდუნება იწვევს ცილის გამომუშავებას, რომელიც ორგანიზმისთვის ძალიან სასარგებლოა და რომელიც მაღლა წევს ე.წ. კარგ ქოლესტეროლს.
ცუდ ქოლესტერინზე ბევრი რამ მოქმედებს კარგად, სტატინები, დიეტა, ე.წ. გენეტიკური პრეპარატები, მაგრამ კარგ ქოლესტერინზე პრაქტიკულად არაფერი მოქმედებს, გარდა ცხოვრების წესისა. ჯერჯერობით, ასეა. არის პრეპარატები, რომლებიც გამოცდის პროცესშია, მაგრამ ცხოვრების წესი, თამბაქოსთვის თავის დანებება, რეგულარული ფიზიკური აქტივობა, სწორი კვება, ეს არის ის, რაც წევს კარგი ქოლესტერინის რაოდენობას. რაც კარგია, რაც მაღალია კარგი ქოლესტერინი, მით ნალებია რისკი.