LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

19 წლამდელებმა ესპანელებთან ფრედ ითამაშეს (ფოტოები)

59

მოულოდნელი და სასიამოვნო შედეგით დაასრულა თავისი მეორე მატჩი საქართველოს 19 წლამდე ნაკრებმა. ჩვენი ბიჭები დღეს ელიტრაუნდის მეორე შეხვედრაში ტურნირის მასპინძელ ესპანეთის ნაკრებს შეხვდნენ და საპატიო და მისაღები ანგარიშით ითამაშეს – 1:1.

ქალაქ კარტაიაში, “ლუის როდრიგეს სალვადორზე” გამართულ შეხვედრაში გიორგი ყიფიანის შეგირდები დაწინაურდნენ – უკვე მე-8 წუთზე გოლი “საბურთალოს” ნახევარმცველმა ირაკლი ბიძინაშვილმა გაიტანა.

გაშვებული გოლის შემდეგ მასპინძლები გააქტიურდნენ და რამდენიმე ეპიზოდში საქართველოს ნაკრების კარი მეკარე გოშაძემ გადაარჩინა. ტაიმის მიწურულს, ზედიზედ სამჯერ მოწოდებული კუთხურის შემდეგ, ესპანელებმა მაინც გაათანაბრეს – გოლი მადრიდის “რეალის” ფეხბურთელმა ბორხა მაიორალმა გაგვიტანა (წელს „რეალის“ ძირითად გუნდში ოთხჯერ ითამაშა).

მეორე ტაიმიც ესპანელთა უპირატესობით წარიმართა, რომლებმაც შეხვედრის მიწურულს შტურმი მოაწყვეს, მაგრამ მათ მცდელობებს შედეგი არ მოჰყოლია.

საქართველომ ასეთი შემადგენლობით ითამაშა:
ოთო გოშაძე, რომან ჩაჩუა, რატი არდაზიშვილი, ლუკა ლოჩოშვილი, ანრი ჭიჭინაძე, შერმადინ ართმელაძე (81, გიორგი კიკნაძე), ვლადიმერ მამუჩაშვილი (65, სანდრო ალთუნაშვილი), ბექა მიქელთაძე, ირაკლი ბიძინაშვილი, ირაკლი კომახიძე, დავით სამურკასოვი (76, გიორგი ბერიძე).
ქართველი 19-წლამდელები ელიტრაუნდში ბოლო მატჩს 29 მარტს, ბერძენი თანატოლების წინააღმდეგ გამართავენ, ესპანეთის ნაკრები კი ინგლისს დაუპირისპირდება. ორივე შეხვედრა თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

 

 

georgia_1_0

georgia_2

georgia_3_0

georgia_6_0

georgia_8_0

georgia_9_0

georgia_10_0

georgia_11_0

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები