LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2015 წლის სიმღერად ნიაზ დიასამიძის „ნამი ველს“ დასახელდა – „ოქროს ტალღა“ დასრულდა!..

119

Ardaidardo.Ge

„ოქროს ტალღის“ გამარჯვებულები გუშინ საზეიმო ვითარებაში 17 ნომინაციაში გამოვლინდნენ. წლის სიმღერის კონკურსი რადიოჰოლდინგმა „ფორტუნამ“ დააფუძნა და წელს მესამედ გაიმართა. პირველი გამარჯვებულები ნოდიკო ტატიშვილი და სოფო გელოვანი გახდნენ, შემდეგ წელს მთავარი ჯილდო, 5000 ლარი წლის სიმღერისთვის ანრი ჯოხაძემ დაიმსახურა, რომელიც ახლა უკვე გასაიდუმლოებული ჟიურის ერთადერთი წინასწარ ცნობილი წევრი გახლდათ. ჟიურის შემადგენლობა 23 ივნისს „ოტიუმში“ გაირკვა, როდესაც ისინი წითელ ხალიჩაზე თეთრი ლიმუზინიდან გადმოვიდნენ, მათ შორის იყვნენ ზაზა შენგელია, ლანა ქუთათელაძე, ზურა გაჩეჩილაძე, ანუ შონზო, მერაბ სეფაშვილი, დათო იმედაშვილი, დუტა სხირტლაძე, ნიკოლოზ რაჭველი, ვაჟა აზარაშვილი, გვანცა კილასონია. მათ რადიოების მიერ შერჩეული 74 ნომინანტი სიმღერიდან გამარჯვებულები გამოავლინეს, ერთ ნომინაციაში კი, „ხალხის რჩეული“, კონკურსის საიტზე მიცემულ ხმებთან ერთად, „იუთუბის“ ნახვები და ასევე ჰოლდინგის ოთხ რადიოსადგურში ჩარტებში მოწინავე პოზიციები დაჯამდა.


სტუმრებმა „ოტიუმთან“ შეკრება საღამოს შვიდი საათიდან დაიწყეს. მათთვის სპეციალურად იყო მოწყობილი კუთხე, სადაც „ოქროს ტალღის“ ბანერთან მობილიზებული ფოტოგრაფების წინ სიამოვნებით პოზირებდნენ. ფონურ მუსიკაზე ოქროსფრად შეღებილი მიმები მოძრაობდნენ და საზოგადოებას ართობდნენ.

წითელ ხალიჩაზე შოუბიზნესის ცნობილმა წევრებმა გამოიარეს, მათ შორის ლელა წურწუმიამ, კახა მამულაშვილმა, რატი დურგლიშვილმა, მაიკო კაჭკაჭიშვილმა, ქრისტინე იმედაძემ, ნინი ბადურაშვილმა, ეკა კახიანმა, გიო ხუციშვილმა, დათო გომართელმა…


საღამო ორ ნაწილად იყო ჩაფიქრებული. პირველ ნაწილში, რომელსაც რადიო „ფორტუნას“ წამყვანები, ნიკა კაცია და ნია მოძმანაშვილი უძღვებოდნენ, გამარჯვებულები უნდა დასახელებულიყვნენ. საზოგადოების შეკრების შემდეგ ის გასხნილად გამოცხადდა და პირველი ნომინანტების დაჯილდოვებაც დაიწყო.

წლის დებიუტისთვის დაჯილდოვდა ჯგუფი „სტუმრები“, სცენაზე ასული ჯგუფის წევრებისთვის ეს აშკარად სიურპრიზი აღმოჩნდა და „ოქროს ტალღას“ დიდი მადლობა გადაუხადეს დაფასებისთვის. წლის მომღერალი მამაკაცის ნომინაციის გამოცხადებას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა, გამარჯვებული ოთო ნემსაძე ძალიან ბედნიერი იყო და თავისი ემოციები სცენაზეც გამოხატა, შემდეგ კი ამ ჯილდოს სოციალურ ქსელში ემოციურად გამოეხმაურა. წლის მომღერალი ქალის კატეგორიაში ნინი ბადურაშვილი დასახელდა. მისთვის ის კომპოზიცია, რომელიც შვილს მიუძღვნა, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა და დიდი წარმატებაც მოუტანა. ნინიმ სცენიდან მადლობა დედას, ეკა კახიანს გადაუხადა. წლის დუეტისთვის „შვიდკაცასა“ და დათო გომართელის „პოპური“ დაჯილდოვდა. 2015 წლის საუკეთესო ჯგუფად „33 ა“ დასახელდა, რომელსაც დარბაზი უდიდესი აპლოდისმენტებით შეხვდა. წლის ანსამბლად „ქართული ხმების“ კვარტეტი დასახელდა, საუკეთესო ქალაქურ სიმღერას გიო ხუციშვილის „თბილისი“, საუკეთესო პოპ-სიმღერის კატეგორიაში რატი დურგლიშვილმა გაიმარჯვა, მას მეორედაც მოუწია სცენაზე ასვლამ, ტელეკომპანია „მიუზიკბოქსის“ რჩეულის ამპლუაში, როდესაც „ქაღალდის ნავი“ წლის ვიდეოდ დასახელდა, რადიო „ფორტუნასაც“ გყავდა თავისი რჩეული – ლელა წურწუმია, „ფორტუნა პლუსმა“ ეს ტიტული რეპერ მასტერს, გიორგი პავლიაშვილს მიაკუთვნა, „ავტორადიომ“ – დათო ხუჯაძეს, „არ დაიდარდომ“ – „შვიდკაცას“.

მერაბ სეფაშვილს მუსიკის განვითარებაში შეტანილი  წვლილი დაუფასდა და სპეციალური პრიზი გადასცეს. „ხალხის რჩეული“ სოსო მიქელაძე გახდა სიმღერით „მე და შენ“, ქართული სიმღერის პოპულარიზაციისთვის ქვეყნის ფარგლებს გარეთ ბუბა კიკაბიძე და თამრიკო გვერდწითელი დაჯილდოვდნენ.


დაბოლოს, მთავარი ჯილდო, წლის სიმღერისთვის, ნიაზ დიასამიძეს გადაეცა, რომელმაც მართლაც შესანიშნავი კომპოზიციით აღნიშნა გასული წელიწადი – „ნამკი ველს“. მას ერგო პატივი, გაეჭრა ტორტი და მიეღო ფულადი ჯილდო 5000 ლარის ოდენობით.

საღამოს მეორე ნაწილში სტუმრებმა „ოტიუმის“ ლამაზ ეზოში გადაინაცვლეს, სადაც მოწყობილ სცენაზე გამარჯვებულები ერთიმეორეს ენაცვლებოდნენ. კონცერტი თაკო ოქროპირიძესა და გიგა ბატკუაშვილს მიჰყავდათ. მათ კიდევ ერთხელ შეგვახსენეს გამარჯვებულების ვინაობა. თამრიკო გვერდწითელმა აკაპელა შეასრულა და მსმენელთა ოვაციები დაიმსახურა, დათო არჩვაძემ რამდენიმე ახალი სიმღერა წარმოგვიდგინა, დათო ხუჯაძემ მონატრებული „მეგობრებთან ერთად“ შეგვისრულა…

„ოქროს ტალღა“ დასრულდა, თუმცა უკვე დაწყებულია მზადება შემდეგი წლისთვის, ვნახოთ, რით იქნება დასამახსოვრებელი მუსიკალურად 2016 წელი…

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები