ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ახალი ანგარიშის მიხედვით, თუ არსებული ტენდენცია შენარჩუნდება, 2050 წლისთვის მსოფლიოში ყოველწლიურად კიბოს დაახლოებით 35 მილიონი ახალი შემთხვევა დაფიქსირდება. ეს 2022 წელთან შედარებით 77%-იანი ზრდაა, რაც მოსახლეობის დაბერებით, დემოგრაფიული ზრდითა და რისკ-ფაქტორების მომრავლებით აიხსნება.
ანგარიშის თანახმად, კიბოს შემთხვევების ზრდასთან ერთად, მსოფლიოში კვლავ დიდ პრობლემად რჩება მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის საკითხი. მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში, მაგალითად, ბავშვთა კიბოს შემთხვევაში, პაციენტების 85%-ზე მეტი დიაგნოზიდან ხუთ წელზე მეტხანს ცოცხლობს, მაშინ როცა დაბალი შემოსავლის ქვეყნებში ეს მაჩვენებელი 30%-ზე ნაკლებია.

ჯანმოს შეფასებით, კიბოს განვითარების ძირითად რისკ-ფაქტორებად კვლავ რჩება თამბაქოს მოხმარება, ალკოჰოლი, სიმსუქნე, ჰაერის დაბინძურება და ზოგიერთი ინფექცია. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ახალი შემთხვევების დაახლოებით 40% იმ ფაქტორებს უკავშირდება, რომელთა შემცირება პრევენციული ღონისძიებებით შესაძლებელია.
ექსპერტები მთავრობებს მოუწოდებენ, მეტი ინვესტიცია ჩადონ არა მხოლოდ მკურნალობაში, არამედ პრევენციაში, ადრეულ დიაგნოსტიკასა და ონკოლოგიური სერვისების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებაში, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში კიბოს გლობალური ტვირთი მომდევნო ათწლეულებში მნიშვნელოვნად გაიზრდება.