აშშ-ში 92 წლის მამაკაცმა და 82 წლის ქალმა ქორწილი პირდაპირ მოხუცებულთა სახლში გადაიხადეს. უჩვეულო ცერემონიის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
წყვილი ერთმანეთს ამავე სახლის ღონისძიებებზე შეხვდა. საერთო ინტერესებმა – რელიგიურმა შეხვედრებმა და ეკლესიაში სიარულმა, ისინი სწრაფად დააახლოვა. ორივე ადრე დაქვრივებული იყო და ისინი არც კი ელოდნენ, რომ კიდევ ერთხელ იპოვიდნენ სიყვარულს.
მამაკაცმა რჩეულს ხელი თებერვლის დასაწყისში სთხოვა. მათ გადაწყვიტეს, რომ ქორწილი სწორედ იმ ადგილას გაემართათ, სადაც ერთმანეთი გაიცნეს – მოხუცებულთა სახლში. დაწესებულების თანამშრომლები ცერემონიისთვის რამდენიმე კვირა ემზადებოდნენ: გააფორმეს დარბაზი, მოამზადეს სუფრა და სტუმრებიც მიიწვიეს.

ქორწილის ცერემონია წყვილის მეგობარმა პასტორმა ჩაატარა. აღსანიშნავია, რომ საქმრომ, რომელიც ადრე დურგლად მუშაობდა, პასტორისთვის სპეციალური ხის ჯვარიც საკუთარი ხელით დაამზადა.

ეს ისტორია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სიყვარულმა ასაკი არ იცის.