LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველი ქულა: საქართველო უელსთან არ აგებს

24

ტრადიცია გრძელდება: უელსი საქართველოს ვერ უგებს. გნებავთ პირიქით: საქართველო უელსთან ყოველთვის კარგად თამაშობს და დადებით შედეგს აღწევს. დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, უელსთან გასვლაზე ფრე მართლაც რომ დადებითი შედეგია. თუმცა ცოტა მეტი იღბალი, ცოტა მეტი ოსტატობა, თავდაჯერებულობა და კარდიფში მოგებაც შეიძლებოდა.
ერთტაიმა საქართველომ ამჯერად უკეთესად მეორე ტაიმი ითამაშა და ალალად დაიმსახურა მინიმუმ ქულა, თუმცა როდესაც ჩვენების გაფუჭებულ მომენტებს იხსენებ, უნებურად გწყდება გული, რომ ბრიტანეთიდან სამი ქულა ვერ წამოვიღეთ. სამართლიაონაბა მოითხოვს ისიც აღინიშნოს, რომ მეორე გოლის გატანა მასპინძლებსაც შეეძლოთ, თუნდაც შეხვედრის მიწურულს.

რას გვაძლევს ეს ფრე? – თუ ფლეი-ოფისთვის ბრძოლის პრეტენზია გვაქვს, მაშინ ეს კინკილა ქულა სამ შეხვედრაში დიდი ვერაფერი ბედენაა. ისე კი, იმედია ჩვენი გუნდი საკუთარი ძალისაც ირწმუნებს და პლუს კარდიფული მატჩი თამაშის ხარისხის გაუმჯობესებისკენ გადადგმული სტაბილური ნაბიჯი იქნება. სტაბილურობა კი ის სენია, რომელიც საქართველოს მუდმივად თან სდევს. ერთის მხრივ უნდა ვისწავლოთ ორივე ტაიმის თანაბრად თამაში (ოღონდ კარგად თამაში) და მეორე მხრივ, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, მატჩ(ებ)ს მომზადებულები უნდა შევხდეთ შემოდგომაზეც, გაზაფხულზეც და ნებისმიერ თვეს. ეს უკვე პროფესიონალიზმია, რომლის დამტკიცება ჩვენი გუნდის ნებისმიერ წევრს ჯერ კიდევ სჭირდება.

 

ანგარიში მასპინძლებმა მე-10 წუთზე გახსნეს. კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთი თავური დარტყმით გიორგი ლორიას კარში გარეთ ბეილმა გადაგზავნა. 57-ე წუთზე ვაკო ყაზაიშვილის გადაცემით ასევე თავური დარტყმით თორნიკე ოქრიაშვილმა აღადგინა წონასწორობა. დარჩენილ დროში ქართველმა ფეხბურთელებმა მეტოქის კართან რამდენიმე რეალური მომენტი შექმნეს, მაგრამ გატანა ვერ მოახერხეს და გუნდებმა შეხვედრაში თითო ქულა მოიპოვეს.

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მომდევნო მატჩს საქართველოს ეროვნული ნაკრები 12 ნოემბერს, თბილისში მოლდოვას წინააღმდეგ გამართავს .

 

უელსი – საქართველო 1:1

კარდიფი, „კარდიფ სიტის“ სტადიონი

უელსი: ჰენესი, განტერი, ტეილორი (70’ კოტერილი), დეივისი, ჩესტერი, უილიამსი, კინგი (61’ რობსონ-კანუ), ბეილი, ედვარდსი, ლედლი (73’ ჰიუვსი), ვოუქსი

მთ. მწვრთნელი: კრის კოულმანი

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კაშია, კვერკველია, დაუშვილი, ანანიძე (90’ კაჭარავა), ყაზაიშვილი, ოქრიაშვილი (90’ ჯიღაური), გვილია, ნავალოვსკი, მჭედლიძე (75’ დვალიშვილი)

მთ. მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი

გაფრთხილება: 45’ დაუშვილი, 63’ გვილია, 76’ ოქრიაშვილი, 85’ კაშია

გოლები: 1:0 ბეილი (10), 1:1 ოქრიაშვილი (57)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები