ესპანეთის პროკურატურა კატალონიის ”ბარსელონას” თავდამსხმელის, ნეიმარისათვის 2-წლიან პატიმრობას ითხოვს. გარდა ამისა, პროკურატურის მოთხოვნაა ბრაზილიელს 10 მილიონი ევროს ოდენობის ჯარიმის გადახდა დაეკისროს.
Cadena SER-ის ინფორმაციით, ბრაზილიელ ფეხბურთელს ბრალად თაღლლითობა ედება. მის წინააღმდეგ უკვე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.
ესპანეთის პროკურატურის ინფორმაციით, ნეიმარმა და მამამისმა, ”სანტოსსა” და ”ბარსელონასთან” შეთანხმებით, ფეხბურთელის კატალონიურ გრანდში გადასვლის დროს ბრაზილიურ საინვესტიციო კომპანია DIS-ს, რომელიც მაშინ ნეიმარზე უფლებების 40%-ს ფლობდა, ტრანსფერის რეალური ღირებულება დაუმალეს და შესაბამისად, კომპანიამ ამ გარიგების შედეგად გაცილებით ნაკლები სარგებელი მიიღო, ვიდრე შეეძლო მიეღო.
ნეიმარი ბლაუგრანას 2013 წელს შეუერთდა. ოფიციალურად კლუბებმა სატრანსფერო თანხად 57.1 მლნ ევრო დაასახელეს, თუმცა მოგვიანებით ”ბარსელონამ” აღიარა, რომ ბრაზილიელში გაცილებით ძვირი გადაიხადა. ნეიმარის მამამ კი ტრანსფერის რეალურ ფასად 100 მლნ ევრო დაასახელა.
პროკურატურა ნეიმარის გარდა სასჯელის სახით „ბარსას“ ყოფილი პრეზიდენტის სანდრო როსელისთვისაც ხუთწლიანი პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.