მენიერის დაავადება არის შიგნითა ყურის პათოლოგია, რომელიც იწვევს თავბრუსხვევას, სმენის გარდამავალ დაკარგვას, ყურების შუილს, ზოგჯერ – დაგუბებისა და ზეწოლის შეგრძნებას. მენიერის დაავადება უმეტესად ცალ ყურს აზიანებს. დაავადება ნებისმიერ ასაკში შეიძლება შეგვხვდეს, ბავშვებშიც კი, თუმცა ყველაზე მეტად 40-დან 50 წლამდე ასაკშია გავრცელებული. მართალია, მენიერის დაავადება ქრონიკული პათოლოგიაა, რაც მისი განკურნების შეუძლებლობას გულისხმობს, მაგრამ არსებობს მკურნალობის მეთოდი, რომელიც სიმპტომების შემსუბუქებასა და ცხოვრების ნორმალური ხარისხის შენარჩუნებაში გვეხმარება.
მენიერის დაავადების ტიპური ეპიზოდი შესაძლოა დაიწყოს ყურში სისავსის შეგრძნებით, ხმაურის გაძლიერებითა და სმენის კარგვით, რასაც მოჰყვება ძლიერი თავბრუსხვევა. მას ხშირად ერთვის გულისრევა და ღებინება. ეპიზოდი, ჩვეულებრივ, 2-დან 3 საათამდე გრძელდება, მერე კი სიმპტომები მცირდება. მენიერის დაავადების ეპიზოდები კლასტერული ხასიათისაა და მას უსიმპტომო ან მცირედ გამოხატული სიმპტომების პერიოდი მოსდევს. ექიმთან მისვლა აუცილებელია, თუ თავბრუსხვევას ერთვის: თავის ტკივილი, მხედველობის გაორება ან დაკარგვა; მეტყველების დარღვევა; კიდურების სისუსტე; ცნობიერების დარღვევა; სიარულის გაძნელება ან შეუძლებლობა; კიდურების დაბუჟება; გულმკერდის ტკივილი; გულისცემის აჩქარება ან შენელება.
მენიერის დაავადების დროს ყველაზე დიდი პრობლემაა თავბრუსხვევის ეპიზოდები, რომელთა მოახლოების პროგნოზირებაც შეუძლებელია. მენიერის დაავადების დიაგნოზს სვამენ, როდესაც დასტურდება: თავბრუსხვევის სულ ცოტა, 2 ეპიზოდი, სმენის დაკარგვა, ყურების შუილი ან დაგუბება; ექიმი ატარებს პაციენტის სრულყოფილ გასინჯვას და ადგენს რამდენად მძიმე, ხანგრძლივი და ხშირია სმენის დარღვევა; რომელი ინფექციური დაავადებები აქვს გადატანილი პაციენტს, უჩივის თუ არა ალერგიას; რომელ მედიკამენტებს იღებდა ან იღებს; ადრეც უჩიოდა თუ არა სმენის პრობლემებს; როგორია მისი ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობა; დატვირთულია თუ არა ყურის პრობლემებით მემკვიდრეობა.
სმენის ტესტირება – აუდიომეტრია, ტიმპანომეტრია – საშუალებას გვაძლევს დავადგინოთ, როგორია სმენა და განვსაზღვროთ, რასთან არის დაკავშირებული სმენის დაქვეითება – უშუალოდ შიგნითა ყურთან თუ სმენის ნერვთან.