LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიცხე, ღებინება, მწერის ნაკბენი და ვირუსი კურორტზე – პედიატრი ლალი ჯანაშია ზაფხულის მთავარ გამოწვევებზე რეკომენდაციებს გვაძლევს

838
ლალი-ჯანაშია

ნატა ხარაშვილის გადაცემას „სტუმრად ექიმთან“ პედიატრი ლალი ჯანაშია სტუმრობდა, რომელმაც ზაფხულის პერიოდში განვითარებულ ცხელებაზე, მის გამომწვევ მიზეზებზე, სხვადასხვა ინფექციებზე, ბავშვებში არსებულ ძლიერ თავის ტკივილზე, გაჯეტების დიდი დროით მოხმარებით გამოწვეულ სხვადასხვა პრობლემებზე და იმ აუცილებელ და საჭირო მედიკამენტებზე ისაუბრა, რომელიც ქალაქიდან გასვლისას ყველა ადამიანის სააფთიაქო ჩანთაში უნდა იყოს.

ქალბატონო ლალი, ცხელება და მაღალი ტემპერატურა განსაკუთრებით შემაწუხებელია ზაფხულის პერიოდში. უმეტესად რით არის ხოლმე გამოწვეული აღნიშნული პრობლემა და როგორ უნდა მოვიქცეთ ასეთ დროს, როგორ უნდა გავაგრილოთ ბავშვი?

როგორც წესი, ცხელება მშობლისთვის ყველაზე მეტად შემაშფოთებელი და შემაწუხებელია. მაშინ, როცა გარემოს ტემპერატურაც მაღალია და ბავშვიც მაღალი ტემპერატურით გამოირჩევა, ბავშვი კიდევ უფრო მეტად შფოთავს და წუხს.

0-დან 1 წლამდე ასაკის ბავშვებში, განსაკუთრებით პირველი თვეების ბავშვებში, ზაფხულში ცხელების ხშირი ეპიზოდები დამახასიათებელია, რადგან თერმორეგულაციის ცენტრი პრაქტიკულად უმწიფარია და არ არის ბოლომდე ჩამოყალიბებული.

აღსანიშნავია, ჯერ კიდევ მოარული მითი, რომ ახალშობილი შეიძლება ძალიან მარტივად გაცივდეს, რის გამოც, მიუხედავად იმისა, რომ ცხელა, იმაზე მეტ ტანსაცმელს ვაცმევთ ბავშვს, ვიდრე ვიცვამთ ჩვენ ან ვაცმევთ ჩვენს უფროს შვილებს. 0-დან 3 თვემდე ასაკში, ცხელების  მიზეზი ყოველთვის მიბმულია მშობლის მიერ ოთახში არასწორად განაწილებულ ტემპერატურაზე ან არასწორ ჩაცმაზე. ოთახის ტემპერატურა სახლში, დღის განმავლობაში, არ უნდა აღემატებოდეს 24 გრადუსს, ღამის ტემპერატურა კი 19-20 გრადუსს. შესაბამისად, ე.წ. კონდიციონერი, რომელიც ზაფხულის ცხელ თვეებში ჩვენი მშველელია, არ არის სავალდებულო, რომ არ იყოს ჩვილის ოთახში ან მიმდებარე ტერიტორიაზე, უბრალოდ, მისი ფრთების მოძრაობა არ უნდა იყოს მიმართული ბავშვის საწოლისკენ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვილების შემთხვევაში, ოთახის ტემპერატურა სტაბილურად 24 გრადუსზე უნდა იყოს შენარჩუნებული.

რაც შეეხება ზაფხულში ცხელების გამომწვევ სხვა მიზეზებს, ესენია სეზონურ კურორტებზე გადაადგილება, გარემოს შეცვლა, წყლის შეცვლა, კვების სხვა რეჟიმზე გადასვლა, ენტერო ვირუსები, სეზონური ვირუსები, კვებითი ინტოქსიკაცია და ა.შ.

ზაფხულში მიმდინარე ცხელებები, თითქმის ყოველთვის, გულისრევით ან ფაღარათით მიმდინარეობს და ეს ძალიან შემაწუხებელია. ჩვენი პირველი თხოვნა ტემპერატურის მართვაა. ტემპერატურის მართვისთვის, პირველ რიგში, მიმართეთ ფიზიკურ მეთოდებს, გაგრილების მეთოდს, მაგრამ თუ ხელ-ფეხი ცივია, ამ დროს, ტემპერატურა გაგრილებით არ მართოთ. ასეთ შემთხვევაში ჯერ მთლიანად გაათბეთ ბავშვის ორგანიზმი და მერე დაიწყეთ ტემპერატურის შემდეგნაირად მართვა. 38 გრადუსამდე, ბავშვს საშუალება მიეცით, რომ თვითონ იბრძოლოს ტემპერატურის წინააღმდეგ, რომ ორგანიზმმა დააბრუნოს იმუნური პასუხი. რაც შეეხება 38,5 და მეტ ტემპერატურას, მით უმეტეს, როცა გარემოს ტემპერატურაც მაღალია, იზრდება სინკოპეების რიცხვი, ვგულისხმობ გულის წასვლას. მაღალია გადახურების რისკიც, ამიტომ ტემპერატურას 38,5-ზე ზემოთ ნუ გაუშვებთ. დანარჩენი სიმპტომების დართვის შემთხვევაში, აუცილებლად მიიღეთ რჩევა-დარიგებები ექიმებისგან.

თუ ბავშვი ადინამიურია, თუ ტემპერატურა დამწევ საშუალებებს არ ემორჩილება, უახლოეს გადაუდებელი დახმარების ცენტრს მიმართეთ.

შესაძლებელია თუ არა, რომ ზღვის წყლის გადაყლაპვით რაიმე ინფექცია განუვითარდეს ბავშვს და სწორია თუ არა მოსაზრება, რომ ნაწლავური ინფექცია დაბინძურებული ხელებიდან ან გარემოდან გამომდინარეობს თუ ის ერთიდან მეორე ადამიანზე ჰაერწვეთოვანი გზით გადადის?

ინფექციათა თითქმის ორ მესამედზე მეტი ჰაერწვეთოვანი გზით ვრცელდება. ძირითადი ვირუსებისთვის ჰაერწვეთოვანი გზით გადაცემაა დამახასიათებელი, რაც ნერწყვში შეწონილი მიკრობის ან ვირუსის ერთი ადამიანიდან მეორე ადამიანზე გადაცემას გულისხმობს.

ზღვიდან ამოსვლის შემდეგ შხაპის მიღება, ხელის სწრაფად გადაბანა აუცილებელია, მიუხედავად იმისა, რომ ზღვას აქვს ტალღის პრინციპი და ის არ არის დამდგარი წყალი.

ზაფხულში უმეტესწილად მუსირებს ვირუსები, ასევე იმატებს კვებითი ინტოქსიკაციები, ამასთან ერთად იზრდება დიზენტერიის შტამების არსებობაც, რა დროსაც განავლის სპეციალური ანალიზი კეთდება. დიზენტერია არ ისმევა მხოლოდ, თვალით შემჩნეული სისხლით, რადგან ამ დროს სისხლი შეიძლება სულ არ იყოს შესამჩნევი. ამ დროს არის ტემპერატურის მაღალი მატება, შემცივნება, კანკალი, მკვეთრი ადინამია, მუცლის მოვლითი ხასიათის ტკივილი, ტენეზმი… ამ დროს მოზრდილი ბავშვი ამბობს, რომ თითქოს ტუალეტში უნდა შესვლა, მაგრამ ვერ გადის კუჭში. ასეთ დროს აუცილებელია განავლის საერთო ანალიზის გაკეთება, საჭიროების შემთხვევაში, სისხლის საერთო ანალიზის და სხვა დამატებითი კვლევების ჩატარებაც, ასევე ბაქტერიული მარკერების განსაზღვრა, რომ ბაქტერიული შტამის აღმოჩენის შემთხვევაში, პრობლემას მხოლოდ პრობიოტიკებით, ელექტროლიტებით, წყლით და ა.შ. ვერ მოვაგვარებთ. უნდა განისაზღვროს საჭიროა თუ არა პროცესში ექიმის ჩართულობა.

ზაფხულში გაუწყლოვნების პროცესი უფრო ჩქარა მიმდინარეობს, გამომდინარე იქიდან, რომ მაღალი ტემპერატურის გამო კანიდან აქროლების ხარისხი უფრო მომატებულია, ამას ემატება ფაღარათის ან ღებინების შედეგად დაკარგული არამარტო სითხე, არამედ ის მიკროელემენტებიც, რაც ბავშვებისთვის ძალიან აუცილებელია. შემდეგ, ამ ხშირი ფაღარათის და ღებინების დროს, მოდის სინკოპეები. ხშირად არის ხოლმე ჰიპოგლიკემიაც.

თუ სიცხის სახლში მართვას ახერხებთ, თუ ეს თქვენს ძალებს ემორჩილება, არავინ ითხოვს, რომ ბავშვი აუცილებლად კლინიკაში გადაიყვანოთ, თუმცა ზემოთ ჩვენს მიერ ჩამოთვლილი პარამეტრების არსებობის შემთხვევაში, ეს აუცილებელია, მით უმეტეს, მაშინ, როცა გარემო ტემპერატურა მაღალია და მით უმეტეს, თუ არის სინკოპე. ჩვენ ხომ არ ვიცით, რა დგას ამ სინკოპეს უკან. აღსანიშნავია ისიც, რომ გარემოში მაღალი ტემპერატურის არსებობისას, სიცხეს ძლიერი თავისტკივილი ახასიათებს და ამ თავის ტკივილის მართვა, ბავშვთა ასაკში, საკმაოდ რთულია. ამ შემთხვევაში კი აუცილებელია უახლოეს სამედიცინო დაწესებულებას მივმართოთ.

მაღალი ცხელების, ფაღარათის, ღებინების დროს უმალ უნდა დავიწყოთ ელექტროლიტების მოხმარება, რომ კიდევ უფრო არ გამწვავდეს სიტუაცია?

თუ არის ცხელება და მდგომარეობა არის პირველი საათების, პატარა ბავშვების შემთხვევაში, მშობლებს ვთხოვთ, რომ ხშირად მოაწოვონ მათ ძუძუ, რომ თავად მშობლებმაც სწორად იკვებონ და დაიტვირთონ სითხით.

რაც შეეხება ე.წ. ელექტროლიტების ხსნარის მიღებას, პირველ 24 საათში, ჩვეულებრივი, სუფთა წყალი თავისუფლად ასრულებს იმ ფუნქციასაც, რაც ჩვენ გვჭირდება. უბრალოდ, როდესაც სახეზე გვაქვს ძალიან ხშირი ღებინება, შეიძლება ისეთი ელექტროლიტების გამოყენება, რომელიც სპეციალურად პატარა ასაკზე არის გათვლილი. თუ ბავშვი, სიცხის მიუხედავად, აქტიურია, მხიარულია, წყალს სვამს, თუ 6 და მეტი საათი შუალედი უჭირავს მაღალ ტემპერატურებს შორის, ესეიგი ის არ განიცდის ელექტროლიტების ნაკლებობას და მისთვის აუცილებელი არ არის დამატებით ამ ელექტროლიტების ხსნარის მიღება. ასეთ დროს, ბავშვები შეგიძლიათ დატვირთოთ სუფთა წყლით, ნაკლებ ტკბილი კომპოტით. 5-6 წლის ზევით, ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ გაზგასული მინერალური სასმელი. პირადად ჩემთვის, პირველ 24 საათში სუფთა წყალი ყველაზე საყვარელი საშუალებაა.

აღსანიშნავია, რომ ძალიან იმატა თავის ტკივილმა ბავშვთა ასაკში, რამ შეიძლება გამოიწვიოს აღნიშნული პრობლემა, რამდენად საყურადღებოა ის და როდის არის საჭირო ნევროლოგთან ვიზიტი და დამატებითი კვლევების ჩატარება?

ასეთ დროს, პირველ რიგში, ძალიან მნიშვნელოვანია ანამნეზის სწორად შეგროვება.

სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში გაჯეტების გამოყენება ძალიან პატარა ასაკიდან იწყება და თავის ტკივილის დიდი წილი, თითქმის 50% გაჯეტის ხშირ გამოყენებაზე მოდის. გაჯეტის ხშირად გამომყენებელი ბავშვების თავის ტკივილი მიბმულია მხედველობის დაძაბვაზე, ამიტომ ამ თავის ტკივილს სპაზმური ხასიათი აქვს. პირველ რიგში, პედიატრი აფასებს ბავშვს, შემდეგ უშვებს ნევროლოგთან და ამ ბავშვთა 30-35 % პროცენტი უკვე ოფთალმოლოგთან ხდება. ასეთი მანკიერი წრე იკვრება იმის გამო, რომ არ არის მართული ის დრო, რომელსაც ბავშვი გაჯეტთან ატარებს. აქ ლაპარაკია ასიათასობით წვრილ ნათურაზე, რომელიც პირდაპირ უმიზნებს თვალს. მშობლები აღნიშნავენ, რომ ბავშვებს თავის ტკივილი უფრო მეტად დილით, გაღვიძებისას აწუხებთ, რაც არასაკმარისი ძილით არის განპირობებული. აღსანიშნავია, ისიც, რომ მგზავრობის დროს თავის ტკივილი შეიძლება ღებინებით დასრულდეს, რადგან ვიბრაციის პერიოდში ბავშვები პარალელურად გაჯეტებში არიან თავჩარგულები, 3-6 საათის განმავლობაში, რასაც თვით მოზრდილის ორგანიზმიც ვერ გაუძლებს. გარდა ამისა აღსანიშნავია მაღალი ტემპერატურაც, რა დროსაც მწვავდება სინუსიტების, ქრონიკული რინიტების და ჰაიმორის წიაღებში არსებული პრობლემების მქონე ბავშვების თავის ტკივილები. ეს განსაკუთრებით ეხება იმ ასაკს, რომელ ასაკშიც უკვე დახურულია ღრუები და ზეწოლა შეშუპების ბევრად უფრო გამოხატულია. ამ დროს მოდის საკმაოდ შემაწუხებელი, სპაზმური ხასიათის თავის ტკივილი და პირველადი დახმარება, როგორც წესი, არასტეროიდი, ანტიანთებითი საშუალებებია. თუ ანტიანთებით, არასტეროიდ საშუალებაზე ბოლომდე არ იხსნება თავის ტკივილი, პაციენტი მინიმუმ ნევროლოგთან უნდა მოხვდეს.

გაგიკვირდებათ და ძალიან ხშირია, პარაზიტებით ინვაზიის დროს თავის ტკივილები, რასაც ასევე სპეციფიკურად სჭირდება ანამნეზის შეკრება, რადგან ისეთი პარაზიტები როგორიცაა ლამბლია, ასკარიდა ძალიან ხშირად ძალიან მძიმე ინტოქსიკაციას იწვევენ. დაულაგებელი კუჭ-ნაწლავი და პარაზიტის არსებობა ხშირად იწვევს ხოლმე მეორად თავის ტკივილებს, აგზნებას. მე მქონია შემთხვევა, როცა ასკარიდოზის დროს ჰალუცინაციებამდე მისულა ბავშვი, ტირილი და შფოთვა ჰქონია. შესაბამისად, თავის ტკივილის კლასიფიკაცია და მისი მოგვარება მაინც ექიმის პრეროგატივაა. 3-4-ჯერ რომ გამოიყენებთ ტკივილგამაყუჩებელ საშუალებას, ტკივილი თუ არ კუპირდება, თუ ამას ინტენსიური ხასიათი აქვს, თუ დღეში ერთხელ მაინც არის და იძენს სტაბილურ ხასიათს, მაშინ აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს და ის მოგცემთ სწორ მიმართულებას და დაიწებს დამატებით კვლევებს.

დაახლოებით რა პერიოდით უნდა დაისვენოს ბავშვმა ქალაქგარეთ, რომ გაიუმჯობესოს იმუნური სისტემა და მოერიოს იმ ვირუსებს, რომელიც მას შეხვდება?

ქალაქგარეთ დასვენებამ ის დანიშნულებაც შეიძინა, რომ ბავშვები როგორღაც ჩავხსნათ ამ გაჯეტებს. ეს სივრცე ბავშვს საშუალებას აძლევს, რომ მაგალითად, ჩოგბურთით, ფეხბურთით, კალათბურთით და ა.შ. გაერთონ. მე რასაც ვუყურე, ამ სასიამოვნო ისტერიას ფეხბურთთან დაკავშირებით, დარწმუნებული ვარ, რომ სექტემბრიდან საფეხბურთო სკოლებს დიდი მიმართვიანობა ექნებათ, თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვენს ქვეყანაში როგორც დასვენება, ისე სპორტული აქტივობებით დაკავება ძალიან ძვირადღირებული და ბევრისთვის მიუწვდომელია. კარგი იქნება, თუ შევქმნით ისეთ პირობებს, რომ ეს ბავშვები გაჯეტებს მოვაშოროთ.

კარგია, თუ სოფელში 14 დღეს მაინც გავატარებთ. ერთადერთი, რაც არ მიყვარს ზღვაზე 8-10 დღის მეტი გატარებაა, რადგან ამ დროს ბავშვის კანი არის გადახურებული, დაზიანებული, არის მწერების ნაკბენები.

აუცილებელია, რომ ბავშვი სხვადასხვა აქტივობებით დატვირთოთ, თუნდაც მაგიდის ჩოგბურთით, სეირნობით, მდინარეზე ბანაობით, პატარა ლაშქრობებით…

რა თქმა უნდა, კურორტული მკურნალობა ბევრად უკეთესია, მაგრამ რადგან ეს დიდ თანხებს უკავშირდება, დასვენება ბიუჯეტის შესაბამისად შეგვიძლია დავგეგმოთ. ისეთი ფასები მესმის ხოლმე, რომ პირდაპირ რჩევას დასვენებასთან დაკავშირებით, ვერც ვიძლევი.

კარგი იქნება, თუ ბავშვებს დღის განმავლობაში მაინც გავიყვანთ ხოლმე ქალაქთან ახლოს, თუნდაც პიკნიკზე.   

ქალაქგარეთ გასვლისას, რა უნდა გვქონდეს აუცილებლად სააფთიაქო ჩანთაში?

პირველ რიგში, ვითვალისწინებთ რა მანძილზე მიემგზავრება ბავშვი. თუ 3 ან მეტი საათი უნდა იმგზავროთ, აუცილებლად წაიყოლეთ ის სპეციალური საშუალებები, რომლებიც აბსოლუტურად უსაფრთხოდ დაგაზღვევთ მგზავრობით გამოწვეული ღებინებისგან. თუ სადმე მიფრინავთ აუცილებლად იქონიეთ ყურის და ცხვირის წვეთები. თან აუცილებლად იქონიეთ სიცხის დამწევი, ანტიკოლიკური საშუალება, რომელიმე გამზადებული ელექტროლიტის ხსნარი, რომელიმე პრობიოტიკი. აუცილებლად გაითვალისწინეთ მწერის ნაკბენი და თქვენს სამგზავრო აფთიაქში აუცილებლად იქონიეთ ე.წ. დექსამეტაზონი, უეცარი შეშუპების თავიდან ასაცილებლად. ნაკბენზე აუცილებლად დაფინეთ გრილები და დარეკეთ 112-შიც.

აუცილებლად უნდა შევეხო ტკიპას ნაკბენსაც. რა თქმა უნდა, ყველა ტკიპა არ არის ბორელიოზის გადამტანი, მაგრამ არიან ტკიპები, რომელთაც გადააქვთ ეს ინფექციური დაავადება, რომელიც მძიმე სახსრების ტკივილით და დაზიანებით მიდის. შესაბამისად, თუ თქვენი შვილის ტანზე შეამჩნევთ ასეთ ნაკბენს და მწერს, შეეცადეთ, რომ მაშინვე არ ეცეთ და არ ამოგლიჯოთ. ნელ-ნელა, მასაჟისეული მოძრაობით და ზეთის მეშვეობით გამოსწიეთ ისე, რომ მთლიანი ტკიპა წამოიღოთ. თუ არის საშუალება, უახლოესს ემერჯენსს მიმართეთ. გასათვალისწინებელია, რომ დიდხანს ტკიპას სხეულზე დატოვება არ შეიძლება, რადგან ის ტოქსინის დიდ რაოდენობას გამოყოფს. ტკიპას ამოღების შემდგომ აუცილებლად ჩამოიბანეთ ის ადგილი და დაიმუშავეთ. თუ ტკიპას ნაკბენიდან 10-14 დღის შემდეგ, ბავშვს ეწყება ცხელება, უჩივის სახსრების ტკივილს, არის მოწყენილი და შეწუხებული, აუცილებლად დაუკავშირდით პედიატრს. ჭაობიან ადგილებში, მაღალ მცენარეებში გადაადგილებისას გამოიყენეთ მაღალი ფეხსაცმელები და შეეცადეთ, რომ ფეხები და ხელები დაფარული გქონდეთ ტანსაცმლით.

აღსანიშნავია, რომ ხშირ შემთხვევაში კოღოს ნაკბენით იწყება კანის ისეთი მძიმე დაზიანება, როგორიცაა პიოდერმია, ანუ კანის ჩირქოვან დაზიანებაში წასვლა. ბავშვები ხშირად დაბინძურებული ხელით იფხანენ ნაკბენებს, რაც დამატებით დაინფიცირებას იწვევს. შესაბამისად, თან აუცილებლად უნდა გქონდეთ ისეთი მალამოები, რომლებიც მწერის ნაკბენით გამოწვეულ ქავილს ხსნიან. ექიმი შესაბამის მალამოს კანის დაზიანების მიხედვით შეგირჩევთ.

აუცილებელია თან იქონიოთ თქვენი შვილების ასაკზე მორგებული ანტიჰისტამინური საშუალებები, რაც ალერგიული პასუხის მოხსნაში დაგეხმარებათ.

სოფელში ყოფნისას მშობლები ხშირად უჩივიან ძაღლის ან კატის ნაკაწრსაც. როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს, უნდა დავაკვირდეთ ცხოველს თუ აუცილებლად სასწრაფოდ დავბრუნდეთ ქალაქში და დავიწყოთ აცრა?

დღესდღეობით, რაბიოლოგიური კაბინეტები თითქმის ყველა საცხოვრებელ უბანთანაა. მშობლები გაფრთხილებული მყავს და ამ კითხვით არც მირეკავენ, რადგან ვთვლი, რომ ასეთ დროს, უბედურების ერთადერთი პრევენცია ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებაა. ცოფი უალტერნატივოდ კლავს. შესაბამისად, უყურადღებოდ არასდროს გაატაროთ ცხოველის მიერ კანის დაზიანება და აუცილებლად მიმართეთ რაბიოლოგს.