LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

UEFA GROW სამიტი გაიხსნა

31

1 მარტს სასტუმრო „ბილტმორში“ UEFA GROW სამიტი გაიხსნა. აღნიშნული სამიტი ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს მიერ პირველად ტარდება და მასში მონაწილეობას საქართველოსა და აღმოსავლეთ ევროპის 13 ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტები, გენერალური მდივნები და მთავრობის წარმომადგენლები იღებენ.

სამიტის პირველი დღე საქართველოს ვიცე-პრემიერმა და ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემ გახსნა:

„ეს სამიტი ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ფეხბურთის განვითარებისათვის, არამედ ჩვენი ქვეყნის ჯანსაღი მომავლისათვის, ახალი თაობებისთვის, რადგან ფეხბურთის მასობრიობის გაზრდა ჯანმრთელი საზოგადოების საწინდარია. მე მქონდა საშუალება, მეთამაშა პროფესიონალურ დონეზე, თუმცა ყველაზე მთავარი ისაა, რომ ფეხბურთმა ჯანსაღი ცხოვრების წესს მაზიარა. სწორედ ესაა, რისი საშუალებაც უნდა მიეცეს ყველა ბავშვს, ყველა მოყვარულს, ახალგაზრდას – იყვნენ ჯანმრთელი და აქტიური საზოგადოების ნაწილი. ამისათვის კი სპორტის პოპულარიზაცია, მასში ჩართული ადამიანების რიცხვის ზრდაა მნიშვნელოვანი,“- განაცხადა კახა კალაძემ.

სამიტის მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმაც, რომელმაც კიდევ ერთხელ დააფიქსირა მთავრობის მხარდაჭერა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია სპორტი ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს და ეს პროექტი სწორედ ამ მიზნით ხორციელდება.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა სამიტის სამუშაო ნაწილის დაწყებამდე სტუმრებს მადლობა გადაუხადა ჩამობრძანებისთვის და კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ფეხბურთის მასობრიობის განვითარება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს წარმოადგენს. ლევან კობიაშვილმა სამიტის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და მონაწილეებს ნაყოფიერი მუშაობა უსურვა.

დღესვე მონაწილეებმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის პრეზენტაცია მოისმინეს. ნიკა ჯღარკავამ საქართველოში მასობრივი ფეხბურთის განვითარების მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა და მონაწილეებს ფედერაციის მიერ გატარებული რეფორმები გააცნო.
დღის მეორე ნაწილში დაგეგმილია საქართველოს ვიცე-პრემიერის, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას სიტყვით გამოსვლა.

UEFA GROW სამიტის მუშაობა ხვალაც გაგრძელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები