ამერიკულმა კომპანია Tesla-მ გაურკვეველი ვადით შეაჩერა ნორვეგიაში ელექტრომობილების მიწოდება. ეს კი მაშინ, როდესაც ის ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და პოპულარული მოდელია. მიზეზი ის გახლავთ, რომ სატვირთოები, რომლებითაც ნორვეგიაში ავტომობილების შეყვანა ხდებოდა, სახიფათოდ ცნეს.
ამ მომენტისთვის, ეს სატვირთოები რეისებიდან იხსნება. ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, რაც ამერიკული კომპანიის ერთ-ერთი სატვირთო ელექტროქარების გადატანისას ავარიაში მოყვა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ავარია სატვირთოს მიზეზით მოხდა. შედეგად ორი ელექტრომობილი დაზიანდა. გამოძიების შემდეგ კი სატვირთოებს რამდენიმე გაუმართაობა დაუდგინეს.
გარდა ამისა, ისინი გარემოს ზიანს აყენებენ, რადგან მოძველებულები არიან და ევრო 3-ის სტანდარტს შეესაბამებიან. ამ ფაქტორებმა ავტომწარმოებელი აიძულა ყველა სატვირთო რეისიდან მოხსნას, რადგან ნორვეგიაში მკაცრი წესებია, მათ შორის ეკოლოგიური ნორმების მიმართულებითაც.
Tesla-ს ოფიციალური წარმომადგენელი აცხადებს, რომ გადამზიდის ძიებისას ისინი სირთულეებს წააწყდნენ. აღნიშნული მკაცრი ნორმების გამო, ევროპის მრავალ კომპანიას არ შეუძლია ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა. ახლა ამერიკელები სიტუაციიდან გამოსავალს ეძებენ.