LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფრთხილად, ეპილეფსია! – ნინო გზირიშვილი სიმპტომებზე, დიაგნოსტირებასა და მკურნალობაზე გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“

567
ნინო-გზირიშვილი

10 თებერვალი „ეპილეფსიის საერთაშორისო დღეა“. სწორედ ამ თარიღთან დაკავშირებით ნატა ხარაშვილის გადაცემას „სტუმრად ექიმთან“ „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ ეპილეფსიისა და ძილის დარღვევების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ექიმი-ნევროლოგი – ნინო გზირიშვილი სტუმრობდა, რომელმაც განმარტა, თუ რა არის ეპილეფსია, თუ რა სიმპტომები ახასიათებს მას, თუ როგორ ხდება ეპილეფსიის დიაგნოსტირება და მკურნალობა. გადაცემის სტუმარმა არაერთი საინტერესო რეკომენდაცია გაგვიზიარა, მათ შორის, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ და როგორ უნდა დავეხმაროთ ადამიანს, კრუნჩხვითი შეტევის დროს.

რა არის ეპილეფსია და რამდენად გავრცელებულია ის?

ეპილეფსია ეს არის თავის ტვინის ქრონიკული ნევროლოგიური დაავადება, რომელიც გარკვეულწილად არაპროვოცირებადი ეპილეფსიური შეტევებით, ანუ ეპილეფსიური გულყრებით ხასიათდება. სტატისტიკას თუ გადავხედავთ, მსოფლიოში, დაახლოებით, 60 მილიონზე მეტ ადამიანს აქვს ეპილეფსია. ეპილეფსია საქართველოს მოსახლეობის, დაახლოებით, ერთ პროცენტშია გავრცელებული. მინდა გითხრათ, რომ ახალი ეპილეფსიური დაავადებების დიაგნოსტიკის სტატისტიკური მონაცემები ყოველწლიურად საკმაოდ მაღალია. შესაბამისად, ამ დაავადების მიმართ ცნობადობის გაზრდა ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ ძალიან ხშირად უნდა ვისაუბროთ ეპილეფსიურ შეტევებზე, გულყრის ტიპებზე, პირველად დახმარებაზე და ა.შ.

ეპილეფსიური შეტევის დროს თავის ტვინის ნეირონის ზეზღურბლოვანი გაღიზიანება ხდება. მოგეხსენებათ, თავის ტვინი ნეირონებისგან შედგება და როდესაც ერთი ნეირონიდან მეორე ნეირონზე ან ერთი ნეირონთა ჯგუფიდან მეორე ნეირონთა ჯგუფზე იმპულსების გადაცემის შეფერხება ხდება ან ხდება აგზნებით გადაცემა, ამ დროს, ვლინდება ეპილეფსიური შეტევა, ანუ ეპილეფსიური გულყრა. ტიპობრივად, 40-ზე მეტი ეპილეფსიური შეტევა არსებობს და ისინი ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება. მოსახლეობას, ძირითადად, მხოლოდ კრუნჩხვით გულყრაზე აქვს ინფორმაცია.

ძალიან მნიშვნელოვანია, განვსაზღვროთ, რა ტიპის ეპილაციასთან გვაქვს შეხება. თუ ჩვენ გავიხსენებთ ნეიროანატომიას და ზოგადად, თავის ტვინის ანატომიას, ჩვენ გვაქვს 2 ჰემისფერო, თითოეული ჰემისფერო კი 4 წილისგან, შუბლის წილი, საფეთქლის წილი, თხემის წილი, კეფის წილი შედგება. ამ კონკრეტული წილობრივი ტიპიდან დაწყებული ეპილეფსიური შეტევა ამ წილობრიობით განსხვავდება. კლასიფიკაციით, ეპილეფსიის ორი ძირითადი ტიპია, ეს არის ფოკალური და ეს არის გენერალიზებული. თავის მხრივ, რა თქმა უნდა, ეს ფოკალური ეპილეფსია ზუსტად განსაზღვრავს საწყის კერას.  მაგალითად, თუ მოდის პაციენტი და ამბობს, რომ სანამ ცნობიერება დაეთრგუნება, მხედველობის ველში ფერად ბურთებს ხედავს, ექიმი უკვე იწყებს აზროვნებას, ფიქრს იმაზე, ეს კეფის წილი ხომ არ არის, რადგან კეფის წილი მხედველობის პირველად ზონას წარმოადგენს. ჩვენი კეფის წილი ბროდმანის ველებად არის დაყოფილი, ამ დროს, გარკვეული დაზიანება ხდება მე-17, მე-18, მე-19 წილში და დაზიანებული უბნიდან ხდება შეტევის წარმოქმნა, სწორედ ამიტომ აქვს პაციენტს ე.წ. ვიზუალური ჰალუცინაცია.

შუბლის წილის ეპილეფსიური გულყრა მოტორული ნიშნით გამოიხატება, რადგან შუბლის წილი ჩვენს მოძრაობაზეა პასუხისმგებელი. თუ პაციენტი მოდის და ამბობს, რომ მაგალითად, უეცრად მიჯრით აუკანკალდა ზედა მარცხენა კიდური, შემდეგ, გარკვეულ წილად დაეთრგუნა ცნობიერება, ან ამ მარცხენა ხელს მიჰყვა სახის მარცხენა ნახევარი, ჰქონდა ხანმოკლე რიტმული მოძრაობა, ამ დროს, ექიმი უკვე ფიქრობს, რომ შუბლის წილზეა საუბარი.

რამდენი ღარიც აქვს თითოეულ ჰემისფეროს, იმდენი ტიპის ეპილეფსიური შეტევა არსებობს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გვქონდეს ცნობადობა ეპილეფსიური გულყრების ტიპებზე. მაგალითად, ეპილეფსიური გულყრის ერთ-ერთი ნიშანია, გამოღვიძებისას, ზედა კიდურების უეცარი შეკრთომის ეპიზოდები ან მთელი სხეულით უეცრად შეკრთომის ეპიზოდები.  ის ყოველგვარი ცნობიერების დათრგუნვის გარეშე შეიძლება მიმდინარეობდეს. ზოგჯერ, ის საგნების ვარდნითაც იწყება. ამას მიოკლონური გულყრები ჰქვია. ის შეიძლება წლები გრძელდებოდეს, საერთოდ ყურადღებას არ აქცევდეს ადამიანი და საბოლოოდ, კრუნჩხვით დასრულდეს. ძირითადად, პაციენტები კრუნჩხვის მერე მოგვმართავენ ხოლმე, არადა, ამ დროს, უკვე საკმაოდ დიდი ხნის დაწყებულია ხოლმე ეს ეპილეფსიური შეტევები. კრუნჩხვის ეპიზოდი ოჯახის წევრებისთვისაც ძალიან დრამატული სანახავია, მორალურად და ფსიქოლოგიურად ძალიან რთულად აღიქვამენ ხოლმე ამ სიტუაციას, ამიტომ აქამდე არ უნდა მივიყვანოთ აღნიშნული პრობლემა. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ექიმთან დროულად ვიზიტს და მკურნალობის დროულად დაწყებას, ეს პაციენტის და მისი ოჯახის წევრების ცხოვრების ხარისხს საგრძნობლად აუმჯობესებს.

რა ისეთი მკვეთრად გამოხატული სიმპტომები ახასიათებს ეპილეფსიას, რომელიც კრუნჩხვის დადგომამდე მიგვანიშნებს აღნიშნულ პრობლემაზე და ექიმთან ვიზიტისკენ გვიბიძგებს?

ძალიან კარგი შეკითხვაა და შევეცდები, ჩავშალო ეს თემა. ზოგადად, მე მოზრდილთა ნევროლოგი ვარ და 15 წლის ზევით პაციენტებზე მაქვს პასუხისმგებლობა, მაგრამ ბავშვების მშობლებიც აქტიურად მირეკავენ ხოლმე კონსულტაციისთვის და პირველ რიგში, მინდა, დავამშვიდო მშობლები, რომელთა 6 წლამდე ასაკის ბავშვებსაც ავადობისას, მაღალ სიცხეზე კრუნჩხა ემართებათ. აღსანიშნავია, რომ მე არ ვგულისხმობ ხშირ კრუნჩხვას, მე ვსაუბრობ შემთხვევაზე, როცა ბავშვს უცებ უვითარდება კრუნჩხვა. 6 წლამდე ასაკში მაღალ სიცხეზე კრუნჩხვა, შეიძლება, ჩვეულებრივი იყოს და ამ დროს ჩვენ არ ვსვამთ ეპილეფსიის დიაგნოზს და შესაბამისად, არ ვნიშნავთ ანტიეპილეფსიურ მკურნალობას. ამას აღვნიშნავ, რადგან ასეთ დროს, ჰოსპიტალში მოსვლის და ღრმა კვლევის შემდეგ, შეიძლება, ისეთ ექიმთან მოხვდეს ბავშვი, რომელმაც ანტიეპილეფსიური მედიკამენტი დანიშნოს, თუმცა ეს ძალიან დიდი ხნის წინ შეიცვალა. მე რომ ეპილეფტოლოგიის სწავლა დავიწყე, იქ უკვე გარკვეულწილად ამოღებული იყო გაიდლაინიდან ის, რომ ფებრილურ გულყრაზე მკურნალობა დაენიშნოს ბავშვს.

რაც შეეხება 6 წლის ზემოთ ასაკს, აქ განვითარებული ეპილეფსიური შეტევა, თუნდაც ცხელებაზე და თუნდაც უსიცხოდ, ძალიან საყურადღებოა. შესაძლებელია, ზოგიერთ შემთხვევაში თავად კრუნჩხვამ მოგვცეს ცხელება, რაც დიაგნოსტიკისას ძალიან საყურადღებოა და ამ დროს, რა თქმა უნდა, ვაღრმავებთ კვლევებს.

გავითვალისწინოთ ეპილეფსიური შეტევების რისკფაქტორები, როგორიცაა უძილობა, ძლიერი გადაღლა, ალკოჰოლი… ჭარბად მოხმარებული ალკოჰოლის ფონზე, ხშირად არის ალკოჰოლით გამოწვეული, ანუ ალკოჰოლით ინდუცირებული გულყრა, რაც საერთოდ გამოსულია კლასიფიკაციიდან, ეს არ არის ეპილეფსია, ეს არის ალკოჰოლის ფონზე გამოწვეული კრუნჩხვები, რაც ეპილეფსიურ გულყრას ჰგავს. მისი ერთადერთი მკურნალობა გახლავთ ის, რომ ადამიანმა უნდა შეწყვიტოს ალკოჰოლის მიღება.  ხშირად, პაციენტები მოდიან და მეუბნებიან, მოდი, მივიღებ ალკოჰოლს, მაგრამ მივიღებ მედიკამენტსაც, რაც გამორიცხულია, ეს არ შეიძლება, თუ პაციენტი მედიკამენტსაც მიიღებს და ალკოჰოლსაც, შეტევები მაინც დარჩება.

60%-ში ყველაზე ხშირი მაინც საფეთქლის წილის ეპილეფსიის სიმპტომებია, მაგალითად, მზერის ფიქსაცია, როცა პაციენტი თითქოს ერთ წერტილსაა მიშტერებული. ოჯახის წევრები აღწერენ, რომ ასეთ დროს, პაციენტები, თითქოს, ტუჩებით იწყებენ რაღაც მოძრაობას ან იწყებენ ხელით ძებნით მოძრაობას, თითქოს, უნდათ ცხვირზე ხელი მოისვან, თმა გადაიწიონ, რაღაც საგნები გადაალაგონ, მაგრამ ამ დროს, ვინმე რომ ეკონტაქტება მათ, ისინი არიან კონფუზიურები, ანუ თითქოს, იქ არ არიან. ოჯახის წევრები ხვდებიან, რომ იმ მომენტში, პაციენტი ცნობიერი არ არის. სხვათა შორის, ეს ეპილეფსიური შეტევის ყველაზე ხშირი ფორმაა. სამწუხაროდ, შესაძლებელია, ამ ყველაფერს კრუნჩხვითი გულყრაც მოჰყვეს.

ფოკალური ეპილეფსიის დროს, ხშირ შემთხვევაში, პაციენტებს წინასწარ აქვთ შეგრძნება, ანუ აურა, მაგალითად, ხშირად აღნიშნავენ, რომ გათიშვამდე, ცნობიერების დათრგუნვამდე, აქვთ გულის აჩქარება, გულისრევის შეგრძნება, ეუფლებათ შიში და შემდეგ არაფერი ახსოვთ, ანუ აქ უკვე ერთვება ვეგეტატიური სიმპტომი. გულის რიტმის აჩქარება, შიშის დაუფლება ეს სუფთა ანატომიური ჰიპოკამპი ინსულაა, რომელიც ჩვენს ემოციებს და მეხსიერებას განაგებს და ამის ფონზე ხდება უკვე ცნობიერების დათრგუნვა და მოდის ის სიმპტომები, რაც ზემოთ ჩამოვთვალეთ.

საფეთქლის წილის ეპილეფსიისთვის ძალიან დამახასიათებელია ჰალუცინაცია, მაგალითად, სმენითი და ხშირად ამის სამართავად ფსიქიატრთანაც კი მიდიან. თავიდან, ძალიან რცხვენიათ ხოლმე იმის აღიარება, რომ თითქოს, რაღაც ესმით. უცბად, მოწმენდილ ცაზე ეწყებათ ეს პრობლემა და ყურში ჩაესმით რაღაცის საუბარი, მაგრამ ხმას ვერ არჩევენ. თუმცა, ამ შემთხვევაში, ეს საკმაოდ ხანმოკლე პრობლემაა და ეს დიფერენცირებისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია. შეიძლება, მხოლოდ ჰალუცინაცია ჰქონდეს პაციენტს და ეს ეპილეფსიური გულყრა იყოს. ჰალუცინაციის ფაქტორი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ პაციენტი სწორ ექიმთან მოხვდეს, რომ განისაზღვროს, პროცესში ნევროლოგი ჩაერთოს თუ ფსიქიატრი. ხშირ შემთხვევაში, ფსიქიატრიული ჰალუცინაცია ხანგრძლივია, ის შეიძლება, რამდენიმე საათი, რამდენიმე დღე გაგრძელდეს. ეპილეფსიური შეტევა ძალიან ხანმოკლე ჰალუცინაციაა. ასევე, ფსიქიატრიული პაციენტები, ძირითადად, ძალიან კარგად არჩევენ, თუ რა ხმა ესაუბრებათ, ესმით თვითონ შინაარსიც. ეპილეფსიური შეტევის დროს, ესმით ხმა, მაგრამ შინაარსი გაუგებარია. საფეთქლის წილის შეტევებს ასევე ახასიათებთ გაუკუღმართებული გემო და ყნოსვა და ესეც ცოტა ხნით.

პაციენტმა აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს, რომ გაიმიჯნოს, თუ რასთან აქვს შეხება. ზოგადად, თუ სახეზე არ გვაქვს კლასიკურად მიმდინარე შემთხვევა, არსებობს გაღრმავებული კვლევები, რომელთაც ამ დროს ვაკეთებთ.

რა დიაგნოსტიკური კვლევებია საჭირო ეპილეფსიის დროს, მხოლოდ ენცეფალოგრამის ჩატარება საკმარისია?

როდესაც პაციენტს უვითარდება ეპილეფსიური შეტევა და მიდის სპეციალისტთან კვლევების ჩასატარებლად, პროტოკოლის მიხედვით, აუცილებლად კეთდებდა თავის ტვინის ბირთვულ-მაგნიტური ტომოგრაფია 3 ტესლა აპარატზე და სტანდარტული ელექტროენცეფალოგრაფია, რომლის ხანგრძლივობაც 30 წუთიდან 1 საათამდე მერყეობს, გააჩნია, თუ რა ასაკობრივ ჯგუფთან ვმუშაობთ, რაზე გვაქვს ეჭვი და ა.შ.

რაც შეეხება იმას, თუ როდის ისმევა ეპილეფსიის დიაგნოზი, მინდა აღვნიშნო, რომ ეპილეფსიის დიაგნოზი 2017 წლამდე აბსოლუტურად სხვანაირად ისმეოდა, 2017 წლის მერე გაიდლაინი შეიცვალა. 2017 წლამდე შემდეგნაირად იყო, თუ პაციენტს ერთი, თუნდაც არაპროვოცირებული გულყრა უვითარდებოდა, პაციენტს ვაკვირდებოდით, თუ რა თქმა უნდა, თავის ტვინის ბირთვულ-მაგნიტურ ტომოგრაფიაზე არ იყო ონკოლოგიური წარმონაქმნი და საჭირო არ იყო ნეიროქირურგიული ჩარევა. თუ იყო ერთი ეპილეფსიური შეტევა , თუნდაც ეპილეფსიური გულყრითი კრუნჩხვა, ჩვენ მკურნალობას არ ვიწყებდით. ახლა, მიდგომა შეიცვალა იმ გაგებით, რომ თუ ეპილეფსიური გულყრა არის ერთჯერადი, მაგრამ EEG ან MRI არის პათოლოგიური, ჩვენ ვიწყებთ ანტიეპილეფსიური მედიკამენტით მკურნალობას, უბრალოდ, პაციენტის ოჯახს ვაწვდით ძალიან დიდ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რატომ ვიქცევით ასე, თუ რატომ ვიწყებთ მკურნალობას. როდესაც არის ერთჯერადი ეპილეფსიური გულყრა, მაგრამ EEG და MRI ნორმაშია, მე არასდროს ვიწყებ მკურნალობას და ეს ძალიან უკვირთ ოჯახის წევრებს, რადგან ძალიან ეშინიათ შეტევის განმეორების. ამ დროს, მე მათ ვუხსნი, რომ ზუსტი დიაგნოზის დასმის მერე პაციენტმა მინიმუმ 3 წელი უნდა მიიღოს ანტიეპილეფსიური მედიკამენტი, ამიტომ ჯობია, რომ 6 თვის განმავლობაში დავაკვირდეთ სიტუაციას და თუ იქნება ეპილეფსიური შეტევა, მშვიდად, წყნარად დავიწყოთ მკურნალობა.

ხშირად მოდიან ისეთი პაციენტები, რომელთაც უკვე ორი ან მეტი ცნობიერების დათრგუნვის ეპიზოდი ან კრუნჩხვითი ეპიზოდი აქვთ გადატანილი. ამ დროს, თუ სტანდარტულ ელექტროენცეფალოგრაფიაზე, MRI-ზე ყველაფერი ნორმაშია, შეიძლება, კლინიკის მიხედვით დაისვას ეპილეფსიის დიაგნოზი. რა თქმა უნდა, კვლევები ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ 80%-ში ყველაზე მნიშვნელოვანია, თუ რას გვიყვება პაციენტი და რას ჰყვება თვითმხილველი. ხშირად უკვირთ ხოლმე, თუ EEG ნორმაშია, რატომ მისვამთ ეპილეფსიის დიაგნოზსო… ეპილეფსიის დიაგნოსტირებისთვის ინსტრუმენტული კვლევები დამხმარეა, ყველაზე გადამწყვეტი და მნიშვნელოვანი კლინიკაა.

ძალიან მნიშვნელოვანი და აქტუალურია ხანგრძლივი ელექტროენცეფალოგრაფია, ხანგრძლივი ვიდეო EEG მონიტორინგი, რომელიც არის 3, 6, 12 საათიანი, დღეების განმავლობაშიც კი. დღეების განმავლობაში ვაწვენთ პაციენტს, როდესაც ეპილეფსიის პრექირურგიულ დიაგნოსტიკაზე გვაქვს საქმე. ჩვენს ჰოსპიტალში 2022 წლიდან უკვე საკმაოდ წარმატებით მიმდინარეობს ეპილეფსიის ქირურგია, ეს გერმანულ-ქართული პროექტია და ძალიან აქტიურად გვეხმარებიან ჩვენი გერმანელი კოლეგები. ახლაც, 14-15 თებერვალს 4 პაციენტს უტარდება ეპილეფსიის ქირურგია. ძალიან ამაყი ვარ, რომ ეს მიმართულება ძალიან კარგად ვითარდება.

რაც შეეხებათ სხვა კვლევებს, FMRI-საშუალება გვაქვს, მაგრამ გვჭირდება კვალიფიკაციის ამაღლება, სამწუხაროდ, არ გვაქვს ეპილეფსიის ქირურგიის მეორე ეტაპი, Stereo EEG. ამ ყველაფრისთვის ჩვენ, ექიმები მზად ვარ, უბრალოდ, გვჭირდება სახელმწიფოს დახმარებაც. ერთი ელექტროდი 1000 დოლარი ღირს. ცოტა ამ საკითხში ვიჭედებით, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ნელ-ნელა ამასაც დავძრავთ.

სწორად შერჩეული მედიკამენტი, მკურნალობა არის იმის პრევენცია, რომ ეპილეფსიური კრუნჩხვა აღარ განმეორდება?

ანტიეპილეფისური მედიკამენტით მკურნალობა 100%-იანი გარანტი არ არის, თუმცა ეპილეფსიური გულყრები საკმაოდ მართვადია 70-75%-ში, რაც საკმაოდ მაღალი პროცენტია. როდესაც ვიწყებთ კონკრეტულ ეპილეფსიურ მედიკამენტს, მაგრამ გულყრა მეორდება, ჩვენ პაციენტი უკვე გადაგვყავს პოლითერაპიაზე ან ვცვლით წამალს და სხვა მედიკამენტს ვიწყებთ. ამ შემთხვევაში, გულყრების მართვის პროცენტული მაჩვენებელი დაახლოებით 60%-ზე ჩამოდის, ანუ ყოველი ახალი ანტიეპილეფსიური მედიკამენტის ცდისას, გულყრების მართვა პროცენტულად ნელ-ნელა ქვემოთ იწევს, ანუ გამოდის, რომ ფარმაკორეზისტენტულისკენ მიდის პაციენტი. არის შემთხვევები, როცა პოლითერაპიაზე შეტევები კუპირებული აქვს პაციენტს, თუმცა აღსანიშნავია, რომ პირველივე ანტიეპილეფსიურ მედიკამენტზე შეტევების კუპირება საკმაოდ წარმატებულია და ასეა 70-75%-ში.

დღეს მსოფლიო ბაზარზე საკმაოდ ბევრი, დაახლოებით, 45 ანტიეპილეფსიური მედიკამენტია, თუმცა სამწუხაროდ, ასე არ არის საქართველოში. საქართველოში გვაქვს ძველი თაობის მედიკამენტების ნაწილი, ახალი თაობის მხოლოდ 1-2 მედიკამენტი გვაქვს. სამწუხაროდ, მედიკამენტებზე სულ არის დეფიციტი, რაც ცალკე პრობლემაა, როგორც პაციენტისთვის, ისე ექიმისთვის. შეიძლება, პაციენტს დაწყებული მედიკამენტის შეწყვეტა დეფიციტის გამო მოუწიოს.

ახლავს თუ არა ეპილეფსიას სხვა პრობლემები, მაგალითად, ნევროლოგიური, ფსიქოლოგიური, ანუ წარმოადგენს თუ არა ეპილეფსია იმ ტიპის დაავადებას, რომელიც სხვა პრობლემებსაც იწვევს?

რაც შეეხება გვერდით მოვლენებს, ეპილეფსიისას, ძალიან საყურადღებოა მედიკამენტის სწორად შერჩევა, ყოველთვის ვფიქრობთ იმაზე, რომ ჩვენმა დანიშნულმა მედიკამენტმა, წლების მერე გვერდითი ეფექტი არ გამოიწვიოს, რადგან როგორც მოგახსენეთ, ეპილეფსია ქრონიკული დაავადებაა, ქრონიკული კი გულისხმობს იმას, რომ პაციენტმა მინიმუმ 3 წელი უნდა იმკურნალოს ანტიეპილეფსიური მედიკამენტით, რომ მოხდეს ეპილეფსიური კერის ჩაქრობა, რომ მერე დავიწყოთ ამ მედიკამენტის შემცირება და საბოლოოდ მოხსნა. ანტიეპილეფსიური მედიკამენტები ქიმიურ არხებზე მოქმედი მედიკამენტებია და ყველას თავისი მომიჯნავე დაავადებების გამოწვევა შეუძლია, გააჩნია, თუ რა მედიკამენტს იღებს პაციენტი. შესაბამისად, ამას ძალიან ვაკონტროლებთ. მაგალითად, მედიკამენტი ვალპროის მჟავა, იგივე დეპაკინი, ქალებში საერთოდ აღარ ინიშნება, რადგან ის იწვევს სიმსუქნეს, თმის ცვენას, ენდოკრინოლოგიურ დარღვევებს, იმდენად მოქმედებს ჰორმონებზე, რომ შეიძლება, უშვილობამდეც კი მივიდეს ადამიანი. 

თვითონ დაავადება ეპილეფსია, არასდროს გამოიწვევს სხვა დაავადებას. ერთადერთი, თუ ხშირია ეპილეფსიური შეტევები, შეიძლება, მეხსიერების გაუარესების ეპიზოდები ჰქონდეს პაციენტს, ისიც გააჩნია, თუ რა წილის ეპილეფსია აქვს პაციენტს. თუ ხშირია ეპიზოდები, გულყრიდან გულყრამდე უჭირს თავის ტვინს აღდგენა.

როგორც უკვე გითხარით, ყველაზე მეტად იმაზე ვფიქრობთ, რომ მედიკამენტმა არ გამოიწვიოს გვერდითი ეფექტი.

ყველაზე მგრძნობიარე საკითხი ის არის, რომ პაციენტები ძალიან განიცდიან ამ დიაგნოზს და ეწყებათ ფსიქოლოგიური პრობლემები. ზოგი პაციენტი, წყვეტს, რომ საერთოდ არ დაოჯახდება, რადგან არ სურთ, რომ შვილებს ეპილეფსიის პრობლემა ჰქონდეთ. ჰგონიათ, რომ მათ შვილსაც ექნება ეპილეფსია. ყველაზე მეტად მენტალური კუთხით გვიჭირს. მინდა გითხრათ, რომ ჩემი კონსულტაციის ხანგრძლივობა 40-45 წუთია და ყველაზე მეტ დროს სწორედ პაციენტებთან საუბარს და ეპილეფსიის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას ვუთმობ, მათ ანატომიურად ვუხსნი, თუ რასთან აქვთ საქმე. მათ უნდა გაიგონ, რომ შეუძლიათ ამ ყველაფრის მართვა. ეპილეფსიის მართვა მხოლოდ ექიმზე არ არის დამოკიდებული, რადგან აქ ძალიან მოქმედებს სტრესი და ა.შ. პაციენტები კი იმდენად ნერვიულობენ, რომ ეწყებათ უძილობა, უძილობის ფონზე კი გულყრების გახშირება. შესაბამისად, ხშირად ვრთავთ ფსიქოთერაპიას. მე თავად ვერიდები, რომ დამატებით კიდევ ანტიფსიქოზური მედიკამენტი დაინიშნოს, მაგრამ ზოგჯერ საჭიროა.

რატომ არის მნიშვნელოვანი კრუნჩხვის ხანგრძლივობის განსაზღვრა, რა ინფორმაციას აძლევს ის ექიმს?

გულყრის ხანგრძლივობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი იმ თვალსაზრისით, რომ განვსაზღვროთ, რეალურად რა ტიპის მდგომარეობასთან გვაქვს საქმე. თუ გულყრა ხუთ წუთამდე გრძელდება, ექიმთან მიმართვის შემდეგ, ამის ამბულატორიულად მართვა შესაძლებელია. ძალიან საყურადღებოა 5 წუთზე მეტხნიანი გულყრის ეპიზოდი, ასევე თუ პაციენტი კონტაქტური არ არის გულყრებს შორის პერიოდში, რადგან ჩვენ ამას ეპილეფსიურ სტატუსს ვეძახით. აუცილებლად უნდა მოხდეს ეპილეფსიური სტატუსის მქონე პაციენტის ჰოსპიტალში გადაყვანა, რომ არ მოხდეს ტვინის შეშუპება და პაციენტის გარდაცვალება. ხშირად, როდესაც პაციენტები მოდიან, მეუბნებიან, რომ წინა დღეებში დაემართათ გულყრა და 30 წუთი გათიშულები იყვნენ, რაც გამორიცხულია, რადგან 10 წუთში თავის ტვინი კვდება. მე ვლაპარაკობ მოტორულ გულყრაზე. აქ შემდეგ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, პაციენტი ამ ტონური დაჭიმულობის შემდეგ, ძილში გადადის, ანუ ეს გულყრა, ალბათ, დაახლოებით, 5 წუთამდე გრძელდება, მაგრამ მერე იძინებენ და ჰგონიათ, რომ ეს ძილიანობა გულყრის ფაზაა და ამ ყველაფერს აჯამებენ და ძალიან უჭირთ ხოლმე ამ ყველაფრის განსაზღვრა.

რა შეგვიძლია გავაკეთოთ, როდესაც ვხედავთ, რომ ადამიანს გულყრა ემართება? ხშირად გვინახავს, რომ პაციენტს შავ ნაჭერს აფარებენ სახეზე, ეს რამდენად გამართლებულია?

შავი ნაჭრის გადაფარება ეს უბრალოდ მითია, ამას თუ აკეთებენ მხოლოდ იმისთვის, რომ თავად არ დაინახონ ეს პროცესი, რადგან კი, ნამდვილად რთული სანახავია, როცა ადამიანი კრიჭას კრავს, იჭიმება. შავი ნაჭრის გადაფარება თავად პაციენტს არაფრით ეხმარება, ასე პირიქით, შეიძლება მოვახრჩოთ კიდეც ის, რადგან მას ეზღუდება ჟანგბადის მიწოდება.

ეპილეფსიის დროს, პირველადი დახმარება არის ის, რომ პაციენტი უნდა გადავაბრუნოთ, რომელიმე გვერდზე, რომელ მხარესაც ამას მოვახერხებთ, რადგან პაციენტს გულყრის დროს აქტიური აქვს სალივაცია, პირი ევსება დუჟით და ასე მას დავიცავთ იმისგან, რომ ამ ჭარბმა ნერწყვმა არ დაახრჩოს ადამიანი და არ მოხდეს გარდაცვალება. გავითვალისწინოთ ის, რომ ძალიან ფრთხილად უნდა გადავაბრუნოთ ადამიანი, რადგან ამ დროს დიდია ტრავმის ალბათობა, უხეშმა გადაბრუნებამ მოტეხილობები შეიძლება გამოიწვიოს. ასევე, პაციენტი თუ ძალიან ამოძრავებს თავს, შეგვიძლია, ბალიში, რაიმე რბილი ამოვუდოთ, რომ არ მოხდეს ტრავმის მიყენება.

ადამიანებს ხშირად ეშინიათ, რომ პაციენტმა შეტევის დროს, შეიძლება ენა გადაყლაპოს, ამიტომ ჩვენ ხშირად გვინახავს, რომ შეტევის დროს, როდესაც კრიჭა შეკრულია, პაციენტს სხვადასხვა საგნებს თხრიან პირში, რაც არასწორია, ასე პირიქით, შეიძლება, პაციენტს მთელი პირის ღრუ დაუზიანოთ, პირის ღრუ კი ისედაც ახლოს არის ტვინთან და 1000 გვერდითი ეფექტი და დაზიანება შეიძლება მიიღოთ. ენა არასდროს გადაიყლაპება, ისე არის დამაგრებული კუნთოვანი სისტემა, ეს ცრუ დამოკიდებულებაა.

შეტევის დროს, პირველ რიგში, როგორც გითხარით, გვერდზე ვატრიალებთ ადამიანს და აუცილებლად ვრეკავთ სასწრაფოში, რადგან გულყრას მხოლოდ ეპილეფსია არ იწვევს, მიზეზი შეიძლება იყოს ინსულტი, ონკოლოგიური დაავადება და სხვა.