კომპანია Aston Martin-მა ლიმიტირებული ტიტანის საათი გამოუშვა. პროდუქტი საათების მწარმოებელ Girard-Perregaux-თან თანამშრომლობით შეიქმნა და კოლექციონერებს მოხიბლავთ ციფერბლატი, რომელიც ავტომობილის საღებავითაა შესრულებული.
Laureato Chronograph Aston Martin Edition – ეს ორი წამყვანი კომპანიის რიგით მეექვსე კოლაბორაციაა. ისევე როგორც წინა სერიის Laureato Green Ceramic Aston Martin Edition, სიახლესაც მწვანე ციფერბლატი აქვს, რისთვისაც ამჯერად ავტომობილის საღებავი აირჩიეს.
საათის კორპუსი ტიტანისგანაა დამზადებული, სისქე მხოლოდ 12,6 მილიმეტრია. საათს 100 მეტრის სიღრმეში ჩაძირვის შემთხვევაშიც არაფერი მოუვა.
მოდელი მთლიანობაში 188 ერთეული გამოუშვეს. ფასი 22 700 დოლარია, რაც მსგავსი პროდუქტის სტანდარტულ ღირებულებაზე 3300 დოლარით მეტია.