LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ღვინობის თვეში“ –  ზურაბ ჩინჩალაძე და ნინო სარალაშვილი პრემიერით „არ დაიდარდოში“

231
ზურა-ჩინჩალაძე

რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „თაკოსთან“ ზურაბ ჩინჩალაძე და ნინო სარალაშვილი სტუმრობდნენ. გადაცემაში სიმღერის „ღვინობის თვეში“ პრემიერა შედგა.

როგორ დაიწყო თქვენი მეგობრობა და თანამშრომლობა?

ზურაბ ჩინჩალაძე: ჩემმა ძალიან ახლობელმა, ზურაბ სირბილაძემ დამირეკა და მითხრა, ერთი კარგი ქალბატონია, კარგად მღერის და კარგი ფონოგრამა უნდაო. მერე, ვნახე, რომ ნინოს ძალიან ტკბილი ხმა აქვს, ძალიან მომეწონა. თან, აღმოჩნდა, რომ ჩემი მეგობრის მეუღლეა. გადავწყვიტე, რომ ერთობლივი დუეტი ჩაგვეწერა.

ნინო სარალაშვილი: ზუსტად 4 თვეა, მე და ზურას ეს მეგობრობა გვაკავშირებს. როგორც ზურაბმა აღნიშნა, ფონოგრამა მჭირდებოდა ჩემი საავტორო სიმღერისთვის და ამ ფონოგრამამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. გავიცანით ერთმანეთი, ძალიან დავმეგობრდით. მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ზურაბს ყველაფრისთვის, მართლა არაჩვეულებრივი პიროვნებაა. ძალიან ვაფასებ ასეთ შემოქმედებით ადამიანებს.

ნინო, მოგვიყევით თქვენს შემოქმედებაზე, კარიერაზე.

ნინო სარალაშვილი: სხვათა შორის, ბავშვობიდან ვოცნებობდი მომღერლობაზე. ძალიან მიყვარს სიმღერა, მუსიკა, მაგრამ ძალიან ადრეულ ასაკში, 16 წლის გავთხოვდი. მერე, ოჯახმა თავისი მოითხოვა, შვილების აღზრდა და ა.შ. და სიმღერისთვის ვეღარ მოვიცალე. ჩემი გააქტიურება ამ სფეროში კოვიდის პერიოდში დაიწყო. ჩემთვის ვერთობოდი, დავიწყე სიმღერა და 1-2 ვიდეო სოციალურ ქსელში დავდე, ამ ყველაფერს ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რამაც ძალიან დიდი სტიმული მომცა. არის ასეთი პლატფორმა „star maker“, საიდანაც დამიკავშირდნენ და მითხრეს, ძალიან მოგვწონხართ და ჩვენთან რომ გაწევრიანდეთო. იქ არაერთი საინტერესო საკონკურსო ღონისძიება ტარდება, სადაც არაერთი საპრიზო ჯილდო მივიღე. აქედან წამოვიდა ეს ყველაფერი და უკვე აღარ ვჩერდები. მაქვს 4 საავტორო სიმღერა, ველოდები კიდევ 2-ის პრემიერას.

ზურაბ ჩინჩალაძე: 2 ახალ სიმღერას მე ვუწერ. ერთი ცოტა ჩქარია, რადგან სულ ლირიკული სიმღერები აქვს, მინდა, ჩქარი სიმღერაც მოვსინჯო.

როგორ შეიქმნა თქვენი ერთობლივი სიმღერა „ღვინობის თვეში“?

ზურაბ ჩინჩალაძე: ნინომ მითხრა, შეიძლება ჩვენი ხმები ერთმანეთს მოუხდესო. შემდეგ, დავით ქურიძეს ვთხოვე, სიმღერა დაეწერა და მოიფიქრა „ღვინობის თვეში“. მე ჩემს ნამუშევარზე ვერ ვიტყვი, კარგია თუ ცუდი, ხალხმა უნდა შეაფასოს. სიმღერა ხვიჩა ხარაიშვილთან ჩაიწერა, მას ეკუთვნის არანჟირებაც. მუსიკა მე მეკუთვნის.

ნინო სარალაშვილი: როცა ჩვენი დუეტის იდეა გაჩნდა, ბატონმა ზურამ დამიბარა და მითხრა, ნინო, აბა მოუსმინე ამ მელოდიასო და ისე მომეწონა, ისე მომეწონა, არც დავფიქრებულვარ. ვუთხარი, ძალიან გთხოვ, ჩავწეროთ ეს სიმღერა, მე მზად ვარ მეთქი.

ზურა ჩინჩალაძე & ნინო სარალაშვილი – ღვინობის თვეში

გადაცემის აუდიოჩანაწერი

ზურა ჩინჩალაძე & ნინო სარალაშვილი. პრემიერა გადაცემაში “რადიო დუეტი”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები