LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტორპედომ ალბანელებს მოედანზე უპასუხა და პლეი-ოფისკენ გაიწია (ვიდეო)

36

ქუთაისის „ტორპედომ“ ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრა მშვენივრად ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და ახლა ალბანურ „კუკეშის“ ბარიერის გავლის შესანიშნავი შანსი აქვს – 5:2.

ქართველებმა მოედანზე თამაშით უპასუხეს ალბანურ მხარეს, რომელიც საერთოდ მატჩის ჩაშლას ითხოვდა, არასტუმართმოყვარეობასა და საყოველთაოდ აღიარებულ საფეხბურთო წესების დარღვევაში გვდებდა ბრალს.

ასეთ დროს მეტოქის დამარცხება ორმაგად გასახარი და ღირსეულია. „ტორპედომ“ ეს შეძლო.

ამდენი გოლის გატანას ალბათ არ ველოდით, პლუს ამას მომენტები კიდევ გქვონდა, თუმცა ისიც სათქმელია, რომ ჩვენ კართანაც იქმნებოდა ხიფათი (განსაკუთრებით ბოლოს გადავრჩით). მოკლედ, ჯერ მშვიდად ყოფნის საშუალება არ არის. ალბანეთში განმეორებითი შეხვედრა სავარაუდოდ ისეთი იქნება, როგორიც მეორე ტაიმი, როდესაც მეტოქე წინ წამოვიდა, ჩვენებს კი უფრო კონტრშეტევების შანსი მიეცათ და კარგი მომენტებიც შეიქმნა. მოკლედ, იმედიანად ყოფნის დროა, რასაც ქუთათურთა მთავარი მწვრთნელიც იზიარებს.

კახა ჩხეტიანი:
გამარჯვებით გახარებულები ვართ. შესაძლებელი იყო, გოლი არ გაგვეშვა, თუმცა სამწუხაროდ, კარი მშრალად ვერ შევინახეთ.
მეტოქე წინა მატჩებთან შედარებით, შეტევაში უფრო სწრაფად გადადიოდა, ბოლო წუთებზე კი “კუკეშმა” კბილები გამოაჩინა. აქედან გამომდინარე, ალბანეთში “კუკეშთან” განმეორებით შეხვედრაში იოლ მატჩს არ ველით. თუმცა პლეი ოფში გასვლის დიდი შანსი გვაქვს, მადლობას ყველა იმ გულშემატკივარს, რომელიც დღეს სტადიონზე მოვიდა და ბოლომდე მხარში დაგვიდგა.

ალბანელები კი იხტიბარს არ იტეხენ და ერთის მხრივ “კუკეშის” მთავარმა მწვრთნელმა წაგება საქართველოში შექმნილ პრობლემებს დააბრალა და მეორის მხრივ, შინ ძალიან დიდი ანგარიშით გამარჯვებას გეგმავს.

არმანდო ცუნგუ:
“შედეგი ნამდვილად არასახარბიელოა და, რა თქმა უნდა, უკმაყოფილო ვარ. ჩვენს მეტოქეზე, ქუთაისის “ტორპედოზე” ქების მეტი არაფერი მეთქმის. მათ ძალიან კარგად ითამაშეს. უკმაყოფილო ვარ მარჯვენა ფლანგით, სადაც ცენტრალური მცველი თამაშობდა. მიზეზი ცნობილია – ამ პოზიციის მოთამაშემ ვიზა ვერ მიიღო. ამავე დროს, ჩვენ მეტოქეს გოლები ვაჩუქეთ. სამივე გოლი კი სწორედ იმ ფლანგიდან გავიდა, სადაც პრობლემა გვქონდა.
შანსებს მაინც 50/50-ზე ვაფასებ. ალბანეთში განმეორებით შეხვედრას კი ოპტიმისტურად ვუყურებ და იმედი მაქვს, რომ მეტოქეს 5:0 ან 6:0 მოვუგებთ.

განმეორებითი შეხვედრა 16 აგვისტოს გაიმართება.
„ტორპედო“ ვალდებულია საქმე ბოლომდე მიიყვანოს.

 

თბილისი. “მიხეილ მესხი”.
ტორპედო – კუკეში 5:2
გოლები: 1:0 კუხიანიძე (3), 2:0 კუხიანიძე (15), 2:1 ჰარბა (21), 3:1 მარინი (28), 4:1 ქიმაძე (31), 5:1 კაპანაძე (86), 5:2 პლაკუ (87, პენ)

ტორპედო: კვასხვაძე, აზაცკი, დოლიძე (დაფე 72), გეგეჭკორი, ჰლინკა, ქიმაძე, კობახიძე (ხურცილავა 79), კუხიანიძე, ლაჩნი (კაპანაძე 67), მარინი, ცინცაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები