რადიო „არ დაიდარდოს“ დილის ეთერში ვასიკო მელექსიშვილის ახალი სიმღერის „უშენოდ მოვკვდები“ პრემიერა შედგა. მომღერალმა რადიოს მსმენელს სამომავლო გეგმებიც გაუზიარა და აღნიშნა, რომ ახალ ნამუშევრებზე აქტიურად მუშაობს და ძალიან მალე კიდევ ერთი სიმღერის პრემიერა შედგება.
ვასიკო, ემიგრაციაში მყოფ ადამიანებს ხშირად აქვთ შეუგუებლობა, შენ რამდენად ადვილად ადაპტირდი?
სხვათა შორის, პირველი ქვეყანაა, სადაც ემიგრანტი ვარ. უკვე 8 წელია აქ ვარ და იმდენად შევეგუე, რომ არც მგონია, ემიგრანტი თუ ვარ, ვფიქრობ, რომ აქ დავიბადე და გავიზარდე. სხვათა შორის, ძალიან მალე ვაპირებ სამშობლოში დაბრუნებას.
ისრაელის რადიო სადგურებისთვის თუ გიცდია შენი სიმღერების მიწოდება?
ჯერჯერობით, ისრაელის არცერთ რადიოსადგურში არ მაქვს ჩემი სიმღერა გაშვებული, მაგრამ ახლა ვმუშაობ ახალ სიმღერებზე და ამის შესაძლებლობა არის.
ვისაუბროთ სიმღერაზე „უშენოდ მოვკვდები“, რომლის პრემიერაც დღეს შედგება და რომლის ტექსტიც და მუსიკაც ქეთი ხუციშვილს ეკუთვნის, როგორ მოხდა თქვენი პროფესიული გადაკვეთა და როგორ დაიწყო თქვენი თანამშრომლობა?
ქეთისთან გადაკვეთა ასეთი იოლიც არ არის. ქეთის ნიჭიერების ამბავი ყველამ იცის. სიმღერა, რომელსაც დღეს დავაპრემიერებთ, ბევრად განსხვავდება ჩემი ძველი ნამუშევრებისგან. პატარა რეკლამა დავდე ჩემს „ფეისბუქ“ გვერდზე და ბევრმა დაგვიწერა, რომ სხვა სურნელი ასდის ამ სიმღერას. ნამდვილად ასეა, ნამდვილად განსხვავებულია. ამისთვის ძალიან დიდი მადლობა ქეთის. სიმღერაზე ზაზა გოჩიტაშვილმა იმუშავა და ძალიან დიდი მადლობა მას.
როგორია სამომავლო გეგმები?
მე და ქეთი აქტიურად ვმუშაობთ ახალ სიმღერებზე. ძალიან მალე კიდევ ერთ სიმღერას დავაპრემიერებთ. საზაფხულოდ ძალიან ბევრი კარგი გეგმა გვაქვს.
ვასიკო მელექსიშვილი – უშენოდ მოვკვდები
გადაცემის ჩანაწერი
