LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვისთვის არის აუცილებელი ბარიატრიული ოპერაცია და რა დაავადებებს ამარცხებს ის? – კობა სახეჩიძე გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“

1262
კობა სახეჩიძე

„რა არის ბარიატრიული ქირურგია და როდის დგება მისი საჭიროება, რა დადებითი შედეგები მოსდევს ოპერაციას და ახასიათებს თუ არა მას გართულებები, როგორ ხდება ოპერაციისთვის მომზადება და როგორია პოსტოპერაციული პერიოდი, როდის დგება ბარიატრიული ოპერაციის განმეორებით ჩატარების აუცილებლობა“ – ამ და სხვა საინტერესო თემებზე ნატა ხარაშვილის გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ ბარიატრიული მიმართულების ხელმძღვანელმა, მედიცინის აკადემიურმა დოქტორმა – კობა სახეჩიძემ ისაუბრა.

ბატონო კობა, ბოლო პერიოდში ძალიან პოპულარული გახდა ბარიატრიული ქირურგია, რამდენად სწორია ეს ტენდენცია?

დიახ, დღეს ნამდვილად ძალიან პოპულარული არის ბარიატრიული ქირურგია მთელს მსოფლიოში. რა თქმა უნდა,ფეხის ხმას აყოლილი ვართ ჩვენც და აყოლილი ვართ სწორად, ვინაიდან ძალიან სწორად მოხდა იმის განმარტება, თუ ვის ესაჭიროება და ვის არ ესაჭიროება ბარიატრიული ქირურგია. დღესდღეობით, სტატისტიკური მონაცემებით 2 მილიარდზე მეტი ადამიანია, ვისაც აქტიური დახმარება სჭირდება, არა მხოლოდ დიეტებით. დიეტები უფრო სხვა სხეულის მასის ინდექსის შემთხვევაში არის საჭირო. ბარიატრიული ქირურგია დღეს სწორად არის პოპულარული, ეს ასე უნდა იყოს.

რა კრიტერიუმებით ირჩევა, ესაჭიროება თუ არა პაციენტს ბარიატრიული ქირურგია?

ძირითადი ათვლითი წერტილი მაინც სხეულის მასის ინდექსია, თუმცა იქ მაინც არის დამატებითი ფაქტორები, რომელთაც ვითვალისწინებთ. საერთაშორისო სტანდარტებით მიღებულია, რომ თუ სხეულის მასის ინდექსი არის 35 და მეტი ამ შემთხვევაში, პაციენტს შეთავაზებული უნდა ჰქონდეს ბარიატრიული ქირურგია. თუ სხეულის მასის ინდექსი 30-დან 35-მდე არის, მხოლოდ 4 შემთხვევაში არის საჭირო, რომ პაციენტს ბარიატრიული ქირურგია შევთავაზოთ – თუ პაციენტს აქვს შაქრიანი დიაბეტი ტიპი ორი, თუ აქვს ძილის აპნოე, ჰიპერტონიული დაავადება, ანუ მაღალი წნევები, ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია პაციენტის ფსიქო-ემოციური მდგომარეობა. თუ სხეულის მასის ინდექსი 35-ს ზევით არის, მნიშვნელობა არ აქვს, ჩამოთვლილი პრობლემებიდან, რომელიმე აქვს თუ არა პაციენტს, ბარიატრიული ქირურგია ყველა შემთხვევაში უნდა იქნას შეთავაზებული.

ბარიატრიული ქირურგია წარმოადგენს დიაბეტი ტიპი ორის განკურნების საშუალებას თუ ეს მისი უკეთ მართვის შესაძლებლობაა? სწორია მიდგომა, რომ ოპერაციას გავიკეთებთ და განვიკურნებით?

ეს მიდგომა სწორი არ არის, რადგან ეს ოპერაცია დიაბეტის განკურნებისთვის არ არის. ეს ოპერაციები დიაბეტის რემისიის გამოწვევისთვის არის. აქ საუბარი არ არის რამდენიმე თვეზე, საუბარია 5, 10, 20 წლიან რემისიაზე. თუ მე შაქრიანი დიაბეტი მაქვს და მეცოდინება, რომ 10-15 წელი ამ თემას არ დავუბრუნდები, ეს ჩემთვის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იქნება.

რა შემთხვევაში, რომელი პაციენტებისთვის წარმოადგენს ბარიატრიული ქირურგია მკაცრ უკუჩვენებას?

ძირითადად, ეს არის ონკოლოგიური პროცესები კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე, დანარჩენი სხვა განსაკუთრებული პირობები არ არის.

ბარიატრიულ ქირურგიასთან დაკავშირებით, პაციენტებს ძალიან აშინებთ რიგი გართულებები და რისკები. უსაფრთხოების ნაწილში, რა შეგიძლიათ, რომ გვითხრათ, რამდენად მშვიდად უნდა იყვნენ ის პაციენტები, რომლებიც მსგავსი ნაბიჯის გადადგმაზე და ოპერაციის გაკეთებაზე ფიქრობენ?

ყველაფერი იწყება იმით, თუ ჩვენ როგორ ვიწყებთ ამა თუ იმ საქმეს. არის სტანდარტი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში, ნებისმიერ კლინიკაში არის მიღებული. პაციენტი დღეს მოვიდეს, კვლევები ჩაიტაროს და ხვალ ოპერაცია გაიკეთოს, ასეთი რამ არ არსებობს. ყველა პაციენტს უტარდება მოსამზადებელი კვლევები, ხდება მისი ზოგადი მდგომარეობის შეფასება. თუ კი რაიმე სამკურნალო აქვს პაციენტს, ენიშნება მკურნალობა და მხოლოდ ამ მკურნალობის ჩატარების შემდეგ ინიშნება ქირურგიული ჩარევა. ეს ყველაფერი იძლევა იმის გარანტიას, რომ ჩვენი ქირურგიული ჩარევა მაქსიმალურად უსაფრთხო იყოს. აქვე დავძენ, რომ დედამიწის ზურგზე სრულიად უსაფრთხო არაფერი არ არის, შესაბამისად, ვერც კლინიკა და მედიცინა იქნება, მაგრამ ჩვენი, ექიმების მოვალეობაა, რომ პაციენტის უსაფრთხოება მაქსიმალურად დაცული იყოს.

არსებობენ მოზარდები, რომელთაც ბავშვობიდან მოყოლებული აწუხებთ წონასთან დაკავშირებული პრობლემები, მიუხედავად იმისა, რომ გამუდმებით იცავენ გარკვეულ დიეტებს. ამ შემთხვევაში რას გვეტყვით, კი თუ არა ბარიატრიულ ქირურგიას მოზარდებთან?

თუ კითხვას ასე ვსვამთ, კი თუ არა, რა საკვირველია, ცალსახად, მხოლოდ – კი.

გასათვალისწინებელია ის ფაქტორი, რომ როდესაც მოზარდი ასაკია, ხდება ორგანიზმის ჩამოყალიბება. როცა პათოლოგიურად ხდება ამა თუ იმ ორგანოს ან ფუნქციის, ფიზიოლოგიის ჩამოყალიბება, მათი შემდეგ ჯანმრთელად გარდასახვა, პრაქტიკულად შეუძლებელია, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს საკუთხები მშობლებმა დროულად გაანალიზონ.

რაც შეეხება იმას, თუ როდიდან ვიწყებთ ამ ოპერაციებს, კონკრეტულად მე 15 წლიდან ვიწყებ მათ ჩატარებას, რადგან მანამდე არ მაქვს უფლება, თუმცა 14 წლიდან არსებობს პედიატრიული ბარიატრია, რომელიც ჩვეულებრივად იგეგმება და კეთდება, უბრალოდ, მას ოპერაციამდე ცოტა მეტი კონტროლი სჭირდება და ცოტა მეტი კრიტერიუმები აქვს.

რაც შეეხება იმას, თუ  ოპერაციის რომელი მეთოდი უნდა შევთავაზოთ მოზარდს და რომელი ზრდასრულს, აქ უკვე კრიტერიუმები და მიდგომები სხვადასხვაა.

რის მიხედვით დგინდება, თუ ოპერაციის რა მეთოდი უნდა შეირჩეს კონკრეტული პაციენტისთვის?

არის ძირითადი 3 ფაქტორი, რომელიც განსაზღვრავს, თუ ვის რა ტიპის ოპერაცია უნდა შევთავაზოთ, ეს არის – სხეულის მასის ინდექსი, თანმხლები დაავადებები და ასაკი. აღსანიშნავია, რომ აქ არ არის მხოლოდ 1-2 ან 3 ტიპის ოპერაცია, ბევრად მეტია. შესაბამისად, სწორი ოპერაციის შერჩევას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

რომელია ყველაზე გავრცელებული ოპერაცია და თქვენ ოპერაციის რომელ ტიპს იყენებთ პრაქტიკაში ყველაზე ხშირად?

ზოგადად, სლივ გასტრექტომია ანუ კუჭის ვერტიკალური რეზექცია არის ყველაზე მეტად გავრცელებული, ვფიქრობ, თავისი სიმარტივის გამო, თუმცა ეს ოპერაცია ჩემი და ჩემი გუნდის ქირურგიული პერფორმანსის მხოლოდ 3%-ს შეადგენს. რა თქმა უნდა, ვაკეთებთ სლივ გასტრექტომიას, მაგრამ მკაცრად გაწერილი რეგლამენტით, ეს არის ასაკი, თუ კი პაციენტი გადაცილებულია 60 წელს და აქვს დიაბეტი, თუ არის ახალგაზრდა ასაკი, 15-დან 20 წლამდე და ასევე, თუ სხეულის მასის ინდექსი არის 65 და მეტი, რა დროსაც საერთაშორისო სტანდარტია, რომ ყველა შემთხვევაში, მხოლოდ და მხოლოდ სლივ გასტრექტომია უნდა გაკეთდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ სლივის ოპერაციებს არ ვაკეთებთ. რაც შეეხება იმას, თუ რატომ არ ვაკეთებთ ამ ოპერაციას ხშირად, მიუხედავად იმისა, რომ მარტივია, მიზეზი გახლავთ ის, რომ ბოლო საერთაშორისო მონაცემებით, იმ ადამიანების დაახლოებით 64%, ვინც სლივი გაიკეთა, 5-7 წლის შემდეგ, ისევ უბრუნდება თავის ოპერაციამდელ წონას, რაც კატასტროფული მაჩვენებელია. 

ბარიატრიული ოპერაციის ჩატარების შემდეგ, რა დრო სჭირდება შედეგის დადგომას, ყველასთან ერთნაირად ეფექტურია თუ არა შედეგი, ასევე რაზეა დამოკიდებული, გარკვეული პერიოდის შემდეგ, ადამიანი კვლავ დაუბრუნდება თუ არა საწყის, ოპერაციამდელ წონას?

რაც შეეხება შედეგებს, ყველა ადამიანი ცალკე აღებული ინდივიდია, შესაბამისად, ყველასთან თავისებურად შეიძლება წარიმართოს პროცესები.

არის ასეთი სტანდარტი, რომ ოპერაციიდან წელიწად ნახევარი არის ის დრო, როცა შეგვიძლია ვიფიქროთ, თუ რა მოგვცა ამ ოპერაციამ შედეგის თვალსაზრისით, მაგრამ ხანდახან ხდება ისე, რომ წელიწად ნახევრის თავზე პაციენტების კლება აღწევს მის მაქსიმუმს და შემდეგ, პრინციპში, რუტინულად ყველასთან ხდება მატება, ზოგისთვის ეს არის 2-3 კილო, ზოგისთვის 5-7, გააჩნია პაციენტის სხვა მონაცემებსაც და შემდეგ, უკვე ხდება დასტაბილურება. სტაბილურობის ხანგრძლივობა ოპერაციის მეთოდზეა დამოკიდებული.

როგორ იცვლება პაციენტის ცხოვრების წესი ბარიატრიული ოპერაციის ჩატარების შემდეგ, მაგალითად, არის თუ არა კვების მკაცრად განსაზღვრული რაციონი, რომელსაც ის უნდა მიჰყვეს?

ჩვენი სტანდარტებით, პაციენტს ოპერაციის შემდეგ, მხოლოდ 2 თვის განმავლობაში აქვს გაწერილი, თუ ოპერაციის რა ვადებზე როგორ, რა რაოდენობით, როგორი ფორმით და კალორაჟით უნდა იკვებოს. 2 თვის შემდეგ, პაციენტი ნელ-ნელა, ეტაპობრივად იწყებს ჩვეულებრივ რაციონზე გადასვლას, თუმცა რა საკვირველია, რაოდენობრივად ის ვერასდროს იქნება, ის რაც ოპერაციამდე იყო.

მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს ოპერაციები არ არის მხოლოდ ის, თუ ხვალ, ერთი თვის მერე რა იქნება, ეს არის მომავლის ოპერაციები, ანუ რა იქნება 10 წლის, 15 წლის შემდეგ.

ფსიქოლოგიურ ფაქტორზე მინდა გკითხოთ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, პაციენტებს ხშირად ეშინიათ ბარიატრიული ოპერაციების, რას აკეთებთ იმისთვის, რომ პაციენტი მაქსიმალურად მოამზადოთ ფსიქოლოგიურად და დაამშვიდოთ?

საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით, ყველა პაციენტი, არ აქვს მნიშვნელობა, თუ რამდენად მზად არის ის ოპერაციისთვის, თუ რამდენად უნდა ოპერაცია და ა.შ. გადის ფსიქოლოგთან კონსულტაციას. ფსიქოლოგის მიერ უნდა შეფასდეს, თუ რამდენად მზად არის პაციენტი ამ ნაბიჯისთვის, რადგან როდესაც ოპერაცია კეთდება, მეორე დღეს პაციენტი უკვე იწყებს ახალ ცხოვრებას, ახალი წესებით, ახალი ჩვევებით და ის ამისთვის მზად უნდა იყოს, რომ ის შემდგომ ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ არ მოექცეს და ის პერიოდი ჯოჯოხეთად არ აღიქვას. არაერთი შემთხვევა ყოფილა, როცა ფსიქოლოგს დაუყოვნებია პაციენტის ოპერაცია, რადგან ის არ იყო მზად ოპერაციისთვის. ყოფილა შემთხვევები, როცა პროცესში ფსიქიატრის ჩართვაც კი გახდა საჭირო.

რა არის ყველაზე დიდი გართულება ან რისკფაქტორი, რაც შეიძლება, რომ ბარიატრიულ ოპერაციას მოჰყვეს?

სანამ დავკონკრეტდები, ერთ პატარა ფაქტს მოვყვები. არის ბრიტანული ჟურნალი „Bariatric News“, რომელიც ყოველთვიურად გამოიცემა. 2 წლის წინ, იყო ასეთი გამოცემა, სადაც გარეკანზე იყო გამოტანილი, რომ ბარიატრიული ქირურგიის გართულებები ოპერაციის შემდგომ პერიოდში გაიგივებულია ნაღვლის ბუშტის და აპენდიციტის ოპერაციებთან, ანუ იმდენად დაიხვეწა ბარიატრია, იმდენად ყოველდღიურად სასიკეთოდ იცვლება რაღაცები, რომ ის პრაქტიკულად უსაფრთხო ოპერაციად ითვლება, თუმცა თუ ის გართულდა, იქ სხვადასხვა ფაქტორები შეიძლება იყოს, მაგალითად, შეიძლება იყოს ნაკერის უკმარისობა, როდესაც გაკერილი ჭრილობა შეიძლება გაიხსნას და საკვები მუცლის ღრუში ჩაიღვაროს და საჭირო გახდეს განმეორებითი ოპერაციული ჩარევა, თვეობით მკურნალობა. აღსანიშნავია, თრომბოემბოლიაც, რაც წონასთან პირდაპირპროპორციულია. რაც მეტია წონა და ასაკი, მით მეტია თრომბოემბოლიური გართულების პროცენტი. არის ისეთი რაღაცები, რაც შეიძლება გართულდეს, თუმცა მათი პროცენტული მაჩვენებელი ძალიან დაბალია, შესაბამისად, არ არის საჭირო, რომ პაციენტები აქცენტირებულნი იყვნენ ამ საკითხებზე, რადგან მათი სტრესულ მდგომარეობაში ყოფნა, ჩვენთვის სასურველი ნამდვილად არ არის. ამ ინფორმაციებს, რა თქმა უნდა, ყველა პაციენტს ვაწვდით, რადგან ამის იურიდიული ვალდებულება გვაქვს, თუმცა იქვე ვუხსნით, რომ ამას იმისთვის არ ვაკეთებთ, რომ ისინი დასხდნენ და იფიქრონ, დღეს ან ხვალ რამე ხომ არ მოუვათ.

რას უნდა მივაქციოთ ყურადღება და რაზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი, როცა ჩვენ ვეძებთ ქირურგს, რომელიც ბარიატრიულ ოპერაციას ჩაატარებს?

ვიტყოდი, რომ ექიმის შერჩევისას მნიშვნელოვანია ექიმის მიმართ დადებითი განწყობა, მისი იმედი უნდა გქონდეს. ვიდრე პაციენტი ექიმთან მივა, უნდა მოიძიოს მასზე ინფორმაცია, გაესაუბროს მის ყოფილ პაციენტებს, რომ გაიგოს ვინ როგორი ხელით, როგორი ინსტრუმენტებით მუშაობს, თუ როგორ ვექცევით პაციენტს, როგორ ვხვდებით მათ კლინიკაში მოსვლისას და შემდეგ, როგორ ვაცილებთ, როგორ ვაქცევთ ყურადღებას და მას შემდეგ, რაც პაციენტი კლინიკას ტოვებს, როგორ ვახდენთ მის მონიტორინგს. აი ამ ყველაფერზე უნდა იყოს აგებული პაციენტის არჩევანი. ბარიატრიული ქირურგია სხვა ქირურგიისგან მხოლოდ იმით განსხვავდება, რომ მას სჭირდება განსაკუთრებული მომზადება ოპერაციის წინ და განსაკუთრებული მონიტორინგი ოპერაციის შემდეგ. პაციენტები ჩვენთან მოდიან ოპერაციიდან 1 თვის თავზე, 3-4 თვის, 8 თვის და 1 წლის თავზე. პაციენტებს ურეკავენ ჩვენი გუნდის წევრები და ახსენებენ, რომ კონტროლის და კვლევების ჩატარების დრო მოვიდა. თუ ყველაფერი ასე არის გათვლილი და აწყობილი, გართულებების პროცენტული მაჩვენებელი მინიმუმამდე ჩადის და 0-ს უახლოვდება.

არსებობს თუ არა განმეორებით ჩატარებული ბარიატრიული ოპერაციები, რა შემთხვევაში დგება ამის რისკი და როგორ შეიძლება, რომ ამ ყველაფერს თავი ავარიდოთ?

პირველ რიგში, აუცილებელია ექიმის რეკომენდაციების დაცვა. ყველა პაციენტს, რომელსაც კლინიკიდან ვწერთ, პუნქტობრივად ვუხსნით, რა უნდა გააკეთოს, როგორ უნდა იკვებოს, როგორ უნდა მოიქცეს ოპერაციის შემდგომ პერიოდში, რადგან თუ ეს სტანდარტები არ იქნება დაცული, ჩვენ იმ სწორ შედეგებზე, რისთვისაც ეს ნაბიჯი გადავდგით, ვერ გავალთ. არცერთი ბარიატრიული ოპერაციის შემთხვევაში 100%-იანი არაფერი არის, მედიცინა არ არის ზუსტი მეცნიერება, შესაბამისად, პაციენტებს აქვთ შანსი, რომ ოპერაციის შემდგომ, წონაში მოიმატონ, მართალია, ამის შანსი ძალიან დაბალია, მაგრამ ის მაინც არსებობს. თუ კი ასეთი რამ ხდება, არის საერთაშორისოდ დადგენილი სტანდარტი, რომ თუ ბარიატრიული ოპერაციის შემდეგ, წონაში მატება არის 15 კილო და მეტი, შესაძლებელია, ჩვენ ვიფიქროთ იმაზე, რომ განმეორებითი ბარიატრიული ქირურგია გაკეთდეს. განმეორებითი ბარიატრიული ქირურგიის პროცენტული მაჩვენებელი დღითიდღე იმატებს, იქიდან გამომდინარე, რომ წინა წლებში, რუტინულად ყველგან სლივი კეთდებოდა, რაზეც უკვე გითხარით, რომ წონაში ისევ მატების ძალიან დიდი პროცენტული მაჩვენებელი აქვს. შესაბამისად, ასეთ პაციენტებს კვლავ სჭირდებათ განმეორებითი ოპერაცია. აქ მარტო წონაზე ნუ გვექნება აქცენტი, რადგან წონას მოჰყვება თანმხლები დაავადებები, გვერდითი მოვლენები, ცვლილებები.

ყველაზე ხშირად რომელი დაავადებების რისკების შესამცირებლად გამოიყენება ბარიატრიული ქირურგია?

ჩემი პირადი აზრია, რომ ბარიატრიულ და მეტაბოლურ ქირურგიაში ყველაზე მნიშვნელოვანი სიკეთე, რაც შეგვიძლია პაციენტისთვის გავაკეთოთ, არის ის, რომ თუ მას დიაბეტი ტიპი 2 აქვს, ამის გარკვეული პერიოდით პრევენცია მოვახდინოთ, რომ ის წლების განმავლობაში აღარ დაუბრუნდეს ამ საკითხს. აქვე არის გულსისხლძარღვთა დაავადებები, ჰიპერტონიული დაავადება, მაღალი წნევები, აქვე არის სტიგმა, რომ პაციენტებს არ აკმაყოფილებთ, მათი გარეგნული ვიზუალი, რაც მუდმივად სტრესულ გარემოში ამყოფებთ და აქვეითებს მათი ცხოვრების ხარისხს, ასევე არის ძილის აპნოე, სახსრების დაავადებები. ჭარბი წონა და მორბიდული სიმსუქნე ასევე იწვევს კენჭებს ნაღვლის ბუშტში, ძუძუს და საშვილოსნოს სიმსივნეებს, უშვილობას. როდესაც წყვილიდან ერთ-ერთს მაინც აქვს ჭარბი წონა ან მორბიდული სიმსუქნე, რეპროდუქტოლოგების პირველი რჩევა და რეკომენდაცია წონაში კლებაა. ხალხში არსებობს მითი, რომ ბარიატრიული ოპერაციის შემდეგ, ორსულობა არ შეიძლება, პირიქით, როდესაც პაციენტი ბარიატრიული და მეტაბოლური ქირურგიის შემდეგ წონაში იკლებს, ამას პაციენტის რეპროდუქციული ფუნქციების გაათმაგება და გაასმაგება მოჰყვება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები