ძაღლი სახელად ტანგო ჟურნალ Dogue-ს ახალი ვარსკვლავი გახდა და Vogue-ის სპეციალური პროექტის გარეკანზე აღმოჩნდა. ამის შესახებ მოდის ჟურნალის ოფიციალური საიტი წერს.
ტანგო წლის ყველაზე მოდურ ძაღლად ფოტოკონკურსის შედეგების მიხედვით დაასახელეს. კონკურსში მონაწილეობა 50 000-ზე მეტმა ცხოველმა მიიღო. ჟიურიმ, რომელიც Vogue-ის რედაქტორების და მოწვეული ექსპერტებისგან იყო დაკომპლექტებული, ნამუშევრები სამი კრიტერიუმით შეაფასა: ფოტოს კომპოზიცია, კადრში გადმოცემული ძაღლის პიროვნული თვისებები და dogueness – ჟურნალ Dogue-ს სტილთან შესაბამისობა.
მონაწილეებისგან საბოლოოდ შერჩეული 27 ფინალისტის ფოტომ რედაქციაში სერიოზული დისკუსიები გამოიწვია. „ ასე გეტყვით: ჩვენ არ გვინახავს Vogue-ის თანამშრომლები ამდენად მონუსხული რამეზე, Prada-ს ნიმუშების გაყიდვებიდან მოყოლებული,“ – აღნიშნულია საიტზე. ბოლოს მათი არჩევანი ტანგოზე შეჩერდა.
ფოტოზე ძაღლი ყვავილებიან სავარძელზეა მოკალათებული. ჟიურის შეფასებით, მას ძალიან უხდება ეფექტური პოზა და საზრიანი მზერა.

ტანგოს მფლობელი ჯენიფერი აცხადებს, რომ ცუგა ძალიან აქტიურია და უყვარს ხვლიკებზე ნადირობა. ქალი აღნიშნავს, რომ ზოგჯერ ტანგო ადამიანივით იქცევა: ხანგრძლივ ვიზუალურ კონტაქტს ამყარებს და ემოციის გამომსახველ მიმიკებს იყენებს.