ნიუ-იორკში მცხოვრებმა 93 წლის პენსიონერმა სესილია გომესმა იუბილეზე საკუთარი დღეგრძელობის საიდუმლო გაამხილა. ამის შესახებ Business Insider წერს.
გომესის თქმით, მისი აქტიური და ჯანმრთელი ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ლობიოს რეგულარულად მიღებაა. „ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა თითქმის იდეალურია, თავს ისე ვგრძნობ თითქოს 50 წლის ვიყო,“ – ამბობს ის. პენსიონერი აღნიშნავს, რომ მისი რაციონის საფუძველს ლობიო, ბოსტნეული და ბრინჯი წარმოადგენს.
სწორი კვების გარდა, სესილია დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ფიზიკურ ვარჯიშს და სოციალურ აქტივობებს. უკვე რამდენიმე ათწლეულია, კვირაში ხუთჯერ დადის სპორტდარბაზში, სადაც რამდენიმე საათს ატარებს – აერთიანებს როგორც ძალოვან ვარჯიშებს, ისე კარდიო დატვირთვებს. როგორც თვითონ ამბობს, სურვილის შემთხვევაში დღესაც შეუძლია ფეხბურთი ან ბეისბოლი ითამაშოს.
სესილიას ქალიშვილი, პეტ შნაიდერი, აღნიშნავს, რომ ოჯახთან და მეგობრებთან მჭიდრო ურთიერთობა დედის ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი ნაწილია. ყოველ კვირას ოჯახი ერთად იკრიბება სადილზე, სამუშაო დღეებში კი გომესი ტაძრის გუნდში მღერის და მეგობრებთან ერთად დროის გატარებასაც ახერხებს. „როცა საავადმყოფოში ხვდებოდა, სულ ამბობდა: ‘ო არა, სპორტდარბაზში უნდა წავიდე!’“, – იხსენებს შნაიდერი.
ექიმებიც ადასტურებენ, რომ ასეთი კომპლექსური მიდგომა – ჯანსაღი კვება, ფიზიკური აქტიურობა და სოციალური ურთიერთობები, ნამდვილად უწყობს ხელს აქტიურ და ხანგრძლივ სიცოცხლეს.