ავსტრალიაში 30 წლიანი ძებნის შემდეგ რეტ ნანკერვისმა მამის დაკარგული Volkswagen Beetle იპოვა და სახლში დააბრუნა.
საუბარია 1950-იანი წლების შუა პერიოდის იშვიათ მოდელზე, ე.წ. Oval Beetle-ზე, რომელიც თავისი ოვალური უკანა ფანჯრით გამოირჩევა და კოლექციონერებისთვის განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენს. ავტომობილი რეტის მამამ, იან ნანკერვისმა, ახალგაზრდობაში შეიძინა, თუმცა 1993 წელს საცხოვრებელი ადგილის შეცვლის გამო იძულებული გახდა გაეყიდა.

წლების შემდეგ რეტმა გადაწყვიტა ამ მანქანის პოვნა, მიუხედავად იმისა, რომ ხელთ მხოლოდ ერთი ძველი ფოტო ჰქონდა. სოციალური ქსელების მეშვეობით წლების განმავლობაში ჩატარებულმა ძიებამ საბოლოოდ შედეგი გამოიღო – ერთმა მომხმარებელმა დაადასტურა, რომ მანქანა მას ეკუთვნოდა.

აღმოჩნდა, რომ Volkswagen Beetle იმ დროისთვის მძიმე მდგომარეობაში იყო: ის დიდი ხნის განმავლობაში მინდორში იდგა და თითქმის ბუჩქებით იყო დაფარული. მანქანა ფაქტობრივად განადგურებულ მდგომარეობაში იპოვეს.
ამჟამად მამა-შვილი რესტავრაციაზე მუშაობს. მათი მიზანია ავტომობილი პირვანდელ მდგომარეობას მაქსიმალურად დაუბრუნონ და ოჯახმა მისი გამოყენება შეძლოს.

პროექტი ადგილობრივ ავტო ენთუზიასტებში უკვე განსაკუთრებულ ისტორიად განიხილება – როგორც მაგალითი იმისა, როგორ შეიძლება ძველი მანქანა არა მხოლოდ ტექნიკური ობიექტი, არამედ ოჯახური მემკვიდრეობა გახდეს.