LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მითხრა, რა უნდა გაჩუქო იმაზე უკეთესი, ვიდრე ჩემი სიმღერაო და მეც, რა თქმა უნდა, ეს ყველაზე ძვირფას საჩუქრად მივიღე… რომ იტყვიან, ახალი სუნთქვა გამიხსნა“ – ლილიკო ნემსაძის საჩუქარი ჯაბა ქარსელაძეს და მომღერლის დაბრუნება წლების შემდეგ

816
ჯაბა-ქარსელაძე

რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „პრემიერა თაკოსთან“ მომღერალი ჯაბა ქარსელაძე მრავალწლიანი მუსიკალური პაუზის შემდეგ სტუმრობდა. გადაცემაში ჯაბას ახალი სიმღერის „შენთან ვრჩები“ პრემიერა შედგა.

ჯაბა, რამდენი წელია, რაც საზღვარგარეთ წახვედი საცხოვრებლად და ამ ეტაპზე, სად ცხოვრობ?

2010 წელს გადავედი, ზუსტად 16 წელი გახდა სექტემბერში. უკვე, თითქმის 10 წელია ესპანეთში, ბარსელონაში ვცხოვრობ, მანამდე საფრანგეთში ვცხოვრობდი.

წლების განმავლობაში ძალიან პოპულარული მომღერალი იყავი საქართველოში, რამდენად მარტივი იყო შენთვის ამ ნაბიჯის გადადგმა და უცებ, სრულიად სხვა ქვეყანაში საცხოვრებლად წასვლა?

ნამდვილად არ არის მარტივი. საერთოდ, არასოდეს არის მარტივი შენი ქვეყნის დატოვება, მნიშვნელობა არ აქვს, პოპულარული ხარ თუ არაპოპულარული, მაგრამ რა თქმა უნდა, კიდევ უფრო რთულია, როცა ყველა გცნობს ქუჩაში, პოპულარული ხარ, ძალიან ბევრ სითბოს იღებ. ყველაზე მთავარი, რაც მე პოპულარობამ მომიტანა და დღემდე მომყვება, ეს არის ხალხის სიყვარული და ამაზე ძვირფასი არაფერი არ არის, იცით რატომ?! იმიტომ, რომ პოპულარობა დღეს უფრო მარტივია, იმიტომ, რომ ბევრი შესაძლებლობაა, ადრე ტელევიზიაში უნდა ყოფილიყავი, ტელევიზიის როლი ახლა სოციალური მედიით ჩანაცვლდა. შესაბამისად, პოპულარული შეიძლება ბევრი გახდეს, მარტივად… ზოგი ინფლუენსერი ისეთი პოპულარულია მილიონობით ფოლოვერი ჰყავს, მაგრამ ის ხალხის სიყვარული, ის, რომ ქუჩაში გიღიმიან…

სხვათა შორის, საქართველოში რომ ჩამოვდივარ, ხშირად მამსგავსებენ ჩემს თავს, ბოლომდე არ არიან ხოლმე დარწმუნებული, მე ვარ თუ არა… გამიგია ხოლმე, როგორ ჰგავს ჯაბა ქარსელაძეს, ჩვენი მომღერალი რომ იყოო…

მოკლედ, რთული იყო წასვლა, რადგან მე მაინც არ ვიყავი ასე დამოუკიდებელ ცხოვრებას მიჩვეული… გასაგებია, რომ შეიძლება, მონაკო ვიღაცისთვის იყოს სანატრელი და საყვარელი, რომ წავიდეს და ისწავლოს, მაგრამ ასე კლდეებში, სახლში რომ ცხოვრობ, სულ მარტო, არავინ რომ არ გყავს გარშემო, არც მეზობელი და არც არავინ, ხარ გამოკეტილი და რომ გადიხარ ქუჩაში, არავინ არ ხარ, არავინ არ გიცნობს, რამე რომ დაგჭირდეს, არავინ არ გყავს გარშემო, რა თქმა უნდა, ძალიან ძნელია… თავიდან ძალიან გამიჭირდა, მერე, ეჩვევი ყველაფერს.

ამ 16 წლის განმავლობაში სიმღერა თუ იყო შენთან ერთად?

ჩემთან ერთად ყოველთვის იყო სიმღერა, უბრალოდ, ეს იყო ჩემთვის, თუმცა, რა თქმა უნდა, როცა იყო შესაძლებლობა, ყოველთვის ვმღეროდი, თბილისშიც ძალიან ბევრჯერ ჩამოვსულვარ, ჩემი მეგობრების ქორწილი იქნებოდა თუ ა.შ. როდესაც თბილისში ვიყავი, თუ იყო რამე ისეთი კონცერტი,  90-იანების, 2000-იანების, ყოველთვის ვიღებდი მონაწილეობას.

ასევე, ბევრმა არც იცის, ალბათ, რომ „მოგონებებს ვუმღეროთ“, რომელიც მგონია, რომ ჩემს რეპერტუარში ყველაზე ცნობილი და ყველაზე საყვარელი სიმღერაა, რადგან ძალიან სხვანაირი დატვირთვა აქვს ჩემთვის, არა მარტო სიმღერას, არამედ მის ისტორიას, 2023 წელს განვაახლე. ოდნავ ავაჩქარე, ახლიდან ჩავწერე ვოკალი. მგონი, ძალიან კარგი გამოვიდა.

ვისაუბროთ ახალ სიმღერაზე, „შენთან ვრჩები“,  რომლის პრემიერაც დღეს შედგება, არის თუ არა ეს შენი ერთგვარი დაბრუნება ქართულ შოუბიზნესში?

ამ სიმღერის იდეა წამოვიდა იქიდან, რომ როდესაც მე წელს, 1 მაისს 40 წლის ვხდებოდი, გავაკეთე დიდი დაბადების დღე, სადაც ყველა ის ადამიანი დავპატიჟე, ვისთანაც ძალიან ვმეგობრობ. როცა ლილიკო ნემსაძე დავპატიჟე, ჩემი უსაყვარლესი მეგობარი, რომელიც მიმაჩნია, რომ ერთ-ერთი უნიჭიერესი კომპოზიტორია საქართველოში, ლილიკომ მითხრა, რომ დაბადების დღეზე რა უნდა გაჩუქო იმაზე უკეთესი, ვიდრე ჩემი სიმღერაო და მეც, რა თქმა უნდა, ეს ყველაზე ძვირფას საჩუქრად მივიღე.

მე მგონია, რომ ძალიან ლამაზი სიმღერა გამოვიდა.

ლილიკოს ეკუთვნის მუსიკა, ჩემთვის ემოციური, ძალიან ლამაზი და ძვირფასი.

ტექსტზე ცოტა პრობლემა შეგვექმნა, ძალიან ბევრმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, რადგან რაღაცები ხან არ მოგვწონდა, ხან არ ჯდებოდა… საბოლოო ჯამში, მაინც ვიტყოდი, რომ ტექსტი ეკუთვნის ირინა სანიკიძეს, თუმცა ლილიკომაც მიიღო მონაწილეობა, მეც, ჩემმა მეგობრებმაც… თავიდან ბოლომდე არის ცოცხალი ორკესტრი, რომელიც ეკუთვნის არაჩვეულებრივ მუსიკოსს, კომპოზიტორს, ნიკა ნიკვაშვილს, რომელმაც ასევე როგორც საჩუქარი ისე მაჩუქა ეს და მთელს ორკესტრს გიგა კუხიანიძის სტუდიაში ჩააწერინა ეს სიმღერა. კობა მესხიამ იმუშავა ვოკალზე და სიმღერის დამუშავებაზე.

სიმღერის კლიპი საქართველოში გადაიღეთ?

კლიპი არ არის გადაღებული, არის შექმნილი. კლიპი არის სამი ქვეყნის პროექტი, საქართველოს, ესპანეთის და ისრაელის. ეს არის AI-ს მიერ გაკეთებული, ოღონდ ეს არ არის ანიმაციური, ანუ ეს არის ფილმი, რომელიც ჩემი პერსონაჟიდან გამომდინარეა. ძალიან განსხვავებულია…

ძალიან გამიხარდა, ძალიან დიდი მოტივაცია მომცა, მიუხედავად იმისა, რომ არ ვცხოვრობ საქართველოში, ახლა, ვხვდები, რომ ეს შეიძლება იმის მოტივაციაც გახდეს, რომ შეიძლება, შოუბიზნესში ასე ვერ დავბრუნდე და ვერ ვიყო ისე აქტიურად, როგორც ჩემი კოლეგები არიან, თუმცა ერთ-ორ წელიწადში, რომ რაიმე ახალი გამოვუშვა, შეიძლება… რომ იტყვიან, ახალი სუნთქვა გამიხსნა.

ჯაბა ქარსელაძე – შენთან ვრჩები

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები