LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Sony-ს სურს, რომ ავტომობილში იმ რეკლამის სუნი იგრძნოთ, რომელსაც გზაზე ჩაუვლით

135
ქირიას NEWS შაბლონი (6)

იაპონურმა კომპანია Sony-მ ავტომობილებისთვის ახალი ტექნოლოგია დააპატენტა, რომელიც საშუალებას იძლევა, მანქანის სალონში იმ რეკლამის შესაბამისი სურნელი გავრცელდეს, რომელსაც ავტომობილი გზაზე გადაადგილებისას ან მულტიმედიურ ეკრანზე ხედავს.

სისტემის მუშაობის პრინციპი ასეთია: ავტომობილის გარე კამერა გარემოს აკვირდება და სარეკლამო ბანერებს, აბრებსა და ციფრულ რეკლამებს ამოიცნობს. შემდეგ სისტემა ინფორმაციას ონლაინ მონაცემთა ბაზას ადარებს, სადაც კონკრეტულ სარეკლამო კამპანიასთან დაკავშირებული სურნელებია რეგისტრირებული. თუ რეკლამა ბაზაში მოიძებნა, ავტომობილის სალონში შესაბამისი არომატი გამოიყოფა.

მაგალითად, თუ მანქანა სწრაფი კვების ობიექტის რეკლამას ჩაუვლის, სალონში შესაძლოა ჰამბურგერის სუნი გავრცელდეს. ამასთან, სურნელის ინტენსივობა შეიძლება გაიზარდოს სარეკლამო ბანერთან მიახლოებისას.

ტექნოლოგიის ერთ-ერთი თავისებურება ისაა, რომ სურნელი ყველა მგზავრზე ერთნაირად არ გავრცელდება. სალონში დამონტაჟებული დამატებითი კამერა მგზავრების სავარაუდო ასაკსა და სქესს განსაზღვრავს, რის საფუძველზეც სისტემა გადაწყვეტს, რომელ სავარძელთან უნდა მიმართოს სურნელი. ამისთვის გათვალისწინებულია სპეციალური არომატული კარტრიჯები და ვენტილატორები, რომლებსაც სურნელის კონკრეტული მიმართულებით გავრცელება შეუძლიათ.

პატენტი მხოლოდ გზისპირა რეკლამას არ მოიცავს. მსგავსი პრინციპით სისტემას შეეძლება რეაგირება მოახდინოს ავტომობილის მულტიმედიურ ეკრანზე, რადიოში, ტელევიზორსა თუ სმარტფონში გაშვებულ რეკლამებზეც. მაგალითად, შოკოლადის რეკლამის ნახვისას სალონში შესაძლოა შოკოლადის სურნელი გავრცელდეს.

დოკუმენტში აღწერილია ტექნოლოგიის სხვა შესაძლო გამოყენებებიც: ავტომობილის ამუშავებისას ბრენდირებული არომატის გავრცელება ან ტაქსიში მგზავრისთვის სასურველი სურნელის შექმნა.

ამასთან, ტექნოლოგია კონფიდენციალურობასთან დაკავშირებულ კითხვებსაც აჩენს, რადგან მგზავრების ასაკისა და სქესის სავარაუდო განსაზღვრისთვის სალონის კამერის გამოყენებაა გათვალისწინებული. ეს ინფორმაცია შეიძლება რეკლამის კონკრეტულ აუდიტორიაზე მორგებას მოხმარდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები