ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (IJF) ყატარის დედაქალაქ დოჰაში დასრულებული მასტერსის საუკეთესო ვაჟ ძიუდოისტად საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა წევრი ტატო გრიგალაშვილი დაასახელა.
IJF-მა გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში მიიღო ძიუდოისტთა მიერ დაფიქსირებული შედეგი, იპონების რაოდენობა (არ ითვლებოდა ჰანსოკუ-მაკე, როდესაც გამარჯვებული ილეთის გარეშე, მსაჯების გადაწყვეტილებით ცხადდებოდა) და ტატამიზე გატარებული წუთები. გრიგალაშვილს დოჰაში 4 იპონი მოუგროვდა, ტატამიზე კი 16 წუთი და 33 წუთი დაჰყო. ქალთა შორის საუკეთესოდ საფრანგეთის ნაკრების წევრი რომეინ დიკო (4 იპონი, 9 წუთი და 3 წამი) აღიარეს.
შეგახსენებთ, რომ 21 წლის გრიგალაშვილმა 2021 წლის მასტერსზე 5 ორთაბრძოლა ჩაატარა და გზიდან უნგრელი ატილა უნგვარი, იტალიელი ანტონიო ესპოზიტო, რუსი ალან ხუბეცოვი, სამხრეთკორეელი სუნგჰო ლი და ნიდერლანდელი ფრანკ დე ვიტი ჩამოიცილა.
საერთო ჯამში, საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრებმა დოჰას მასტერსზე 2 ოქროს, 1 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და გუნდური მე-2 ადგილი დაიკავა. გრიგალაშვილის გარდა, ოქროს ვარლამ ლიპარტელიანი (100 კგ.) დაეუფლა, ვერცხლი ბექა ღვინიაშვილმა (90 კგ.) მოიპოვა, ბრინჯაოს მედლები კი ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ.) და ლაშა ბექაურმა (90 კგ.) დაისაკუთრეს.
popsport.ge