LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძველი ფასები არ იყო რეალური და სხვა გზა არ რჩებოდა: ფასები კიდევ გაიზრდება – დავით მესხიშვილი

108
14468353-801472083329331-6058839781355956622-o

საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომხმარებლებისთვის ულიმიტო მგზავრობის სისტემა და შესაბამისი ტიპის ბარათები შეიქმნება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა და ბუნებრივია უმალ მოყვა გამოხმაურებები. სოცქსელების მიხედვით, ძირითადად უკმაყოფილებას გამოხატავენ, რადგან უმრაველსობა წერს, რომ მგზავრობის საფასური საერთო ჯამში უძვირდებათ. ახალი საბარათე სისტემის შესახებ “ავტორადიო” ესაუბრა არასამთავრობო ორგანიზაცია “ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის” თავმჯდომარე დავით მესხიშვილს.

რა ეღირება მგზავრობა: თბილისში სხვადასხვა ტიპის ბარათები შემოდის

ვისთვის რჩება სამგზავრო შეღავათები

 

 

ბატონო დავით, როგორ შეაფასებდით მერიის ახალ ინიციატივას სამგზავრო ბარათების შემოღებასთან დაკავშირებით?

ამ ინიციატივის დადებითი ნაწილი არის ის, რომ მერიამ ევროპული მოდელი შემოგვთავაზა, არ ვგულისხმობ ფინანსებს. ასეთი გამოცდილება ევროკავშირის ქალაქებში აქვთ და ძალიან მისაღები, მოხერხებული მოდელია. საბარათე სტრუქტურის არსებობას ნამდვილად მივესალმები.
რაც შეეხება ფინანსურ ნაწილს, გაძვირებამ დიდი კრიტიკა გამოიწვია. პირადად მე ამ საკითხთან დაკავშირებით ასეთი დამოკიდებულება მაქვს და ასეთი სცენარის მოლოდინი მრავალი ფაქტორის გამო მქონდა. პირველი – საწვავის ფასები, რომელიც ბოლო სამი წლის განმავლობაში 50%-ითაა გაზრდილი. ასევე ავტონაწილების თუ ავტოსერვისების გამო, რომლის ღირებულებაც 30-50%-ითაა გაზრდილი. შესაბამისად, ძველი ფასები არ იყო რეალური და სხვა გზა არ რჩებოდა. ჩემი ვარაუდით, საქალაქთაშორისო მგზავრობის ფასები, რომელიც უკვე გაზრდილია, კიდევ უფრო მეტად გაიზრდება. ისევე როგორც ტაქსის თუ სადისტრიბუციო, ტვირთის გადაზიდვის სერვისები. ლარის გაუფასურების უწყვეტი პროცესია ის, რაც იწვევს კიდეც ფასების ასეთ ზრდას.

მერის მთავარი ამოცანაა მძღოლები ავტომობილებიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტზე გადასვას, ეს ბარათები რამდენად შეუწყობს ხელს ამ პროცესს?

ერთი კვირის წინ ბუდაპეშტში ვიყავი, სადაც სატრანსპორტო სისტემა კარგად შევისწავლე და არ გამჩენია იმის სურვილი, რომ ქალაქში კერძო ავტომობილით მემოძრავა. ამიტომ მძღოლის საზოგადოებრივ ტრანსპორტზე გადასმა პირველ რიგში ინფრასტრუქტურის გამართვას უკავშირდება. ასევე აუცილებელია საჭირო რაოდენობის ავტობუსები, მეტროს შემადგენლობები და მათი ხელმისაწვდომობის გაზრდა.

საკმარისია თუ არა თბილისში ავტობუსების რაოდენობა?

როგორც ჩემთვისაა ცნობილი, იგეგმება ავტობუსების დამატება. მაგრამ ჩემი აზრით, მხოლოდ ავტობუსებით ფონს ვერ გავალთ, დროა უკვე მეტროსადგურების ბოლო გაჩერებების გაგრძელებაზე ვიმუშაოთ. ასევე საჭიროა სარელსო ტრანსპორტის, მაგალითად, ტრამვაის დანერგვა და ამის ფული ნამდვილად გვაქვს. ის ავტოპარკი, რომელიც სამინისტროებზეა რეგისტრირებული, ყოველწლიურად შეძენილი ჯიპები, საწვავი და ექსპლუატაცია ნახევარ მილიარდზე მეტი უჯდება ჩვენს ბიუჯეტს. ამ თანხით კი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწყობაა შესაძლებელია.

როგორ შეაფასებდით თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკას?

მისასალმებელია, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ინფრასტრუქტურა ვითარდება და პრიორიტეტი ხდება. მაგალითად, “ბასლაინები”, რათა ავტობუსი გადაადგილების სწრაფი საშუალება იყოს და გზაზე შეფერხებაც არ ჰქონდეს. მაგრამ ჯერჯერობით ეს არის ეპიზოდური ხასიათის (მაგალითად, ჭავჭავაძე) და რამდენად ეფექტიანია მთლიანობაში, რთული სათქმელია.

საბარათე სისტემასთან დაკავშირებით მოსახლეობა მიიჩნევს, რომ მგზავრობა ძვირდება. რას ეტყობით თქვენ თბილისელებს, რამდენად ხელსაყრელია მათთვის ამ ბარათების შეძენა?

ლარის გაუფასურებაზე არავის რეაქცია არ ჰქონდა, რადგან მოსახლეობის დიდი ნაწილი გადმორიცხული თანხებით, გზავნილებით ცხოვრობს. როცა ამ საკითხზე არ გვაქვს პროტესტი, უნდა გვესმოდეს, რომ სხვა რაღაცეებიც გაძვირდება. ამიტომ მთავარი პრობლემები უფრო სიღრმეშია, ეკონომიკაში, ინფლაციაში.