უეფას ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ”საუთჰემპტონმა” არნემის ”ვიტესს” უმასპინძლა და 3:0 გაანადგურა. უკვე შეიძლება დანამდვილებით ითქვას, რომ ვაკო ყაზაიშვილი და გურამ კაშია ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ვეღარ იასპარეზებენ, თუმცა თეორიული შანსი ჯერ მაინც არის. აღნიშნულ შეხვედრაში გოლები პელემ, ტადიჩმა და ლონგმა გაიტანეს. ”ვიტესის” ათიანი ყაზაიშვილი 67-ე წუთზე შეცვალეს, კაპიტანმა გურამ კაშიამ კი შეხვედრა სრულად ჩაატარა.
გთავაზობთ კაშიას მატჩისშემდგომ კომენტარს.
“ეს მატჩი კარგი გაკვეთილი იყო ჩვენს გუნდში მოთამაშე ახალგაზრდებისთვის. ისინი ასეთი დონის თამაშებით დიდ გამოცდილებას იღებენ.
სამწუხაროდ, სტუმრად გოლის გატანა ვერ მოვახერხეთ. შინ კი შევეცდებით, კარგი შედეგი დავაფიქსიროთ.
დიდ მადლობას ვუხდი გულშემატკივრებს, რომლებიც ბოლო წუთამდე მხარში გვედგნენ”, – განაცხადა 28 წლის მცველმა.
განემორებითი მატჩი არნემში 6 აგვისტოს გაიმართება.
შოთა არველაძის დამოძღვრილმა ”ტრაბზონსპორმა” გასვლით მატჩში ”რაბოტნიჩკთან” 1:0 წააგო. შეხვედრის ერთადერთი გოლი 23-ე წუთზე მაკედონიური კლუბის კაპიტანმა ბლაჟე ილიოსკიმ გაიტანა. მიუხედავად მარცხისა თურქებს შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი მაინც რჩებათ.
“რაბოტნიჩკიმ” ზუსტად ისე ითამაშა, როგორც მოველოდით. ვფიქრობ, ჩვენ უკეთ ვითამაშეთ, მით უფრო მეორე ტაიმში, როდესაც გოლის გატანის რამდენიმე მომენტი შეგვექმნა, თუმცა ვერ გამოვიყენეთ. ამის მიუხედავად, სანერვიულო არაფერია. ვფიქრობ, რომ საპასუხო შეხვედრაში გავიმარჯვებთ და მომდევნო ეტაპზე გავალთ”, – განაცხადა ”ტრაბზონის” ქართველმა დამრიგებელმა შოთა არველაძემ.
განმეორებითი შეხვედრა 6 აგვისტოს ტრაბზონში გაიმართება.