ჩემპიონთა ლიგის პირველი ორი ნახევარფინალისტი ცნობილია ”რეალი” და ”სიტი”.
მიუხედავად იმისა, რომ მადრიდის ”რეალს” ორბურთიანი ჩამორჩენა ქონდა, მაინც რთული იყო მასთან დაპირისპირებაში ”ვოლფსბურგის” ფავორიტად მიჩნევა. ასეც მოხდა, ”სამეფო კლუბმა” და უპირატესად დიდებულმა კრიშტიანო რონალდომ ერთხელაც დაამტკიცეს მაღალი კლასი და სასურველი ანგარიშით – 3:0 დაამარცხეს მეტოქე. ყველა გოლი რონალდოს ანგარიშზეა.
”ვიცოდით, რომ ორ გოლზე მეტი გვჭირდებოდა. თამაშის მსვლელობას ვაკონტროლებდით და ბევრი მომენტი შევქმენით. “რეალი” საუკეთესო იყო.
გულშემატკივრების მხარდაჭერამ ძალა მოგვცა, რომ ამ რთულ შეხვედრაში მოგვეგო. ეს ჯადოსნური საღამო იყო.
ახალი მიზნები თავისთავად ჩნდება. რა თქმა უნდა, მინდა ჩემპიონთა ლიგაში გატანილი გოლების ჩემივე რეკორდი მოვხსნა. მიუხედავად ჰეთ თრიკისა, ეს ჩემი საუკეთესო თამაში არ იყო.
ხალხმა იცის, რომ მოედანზე ბოლომდე ვიხარჯები. ღმერთი ეხმარება იმას, ვინც მუდმივად შრომობს.
მოვიტყუები, რომ ვთქვა არ მიხარია გატანილი გოლების რაოდენობა, მაგრამ მთავარი გუნდის გამარჯვებაა”, – თქვა მატჩის გმირმა რონალდომ.
“ფეხბურთში ჯობია იწვალო, მაგრამ მოიგო. ეს დღესასწაულია კლუბისთვის, ყველა ბედნიერია, რომ შემდეგ ეტაპზე შევძელით გასვლა.
არ არსებობს ადვილი გამარჯვება. პირველ შეხვედრაში მარცხის შემდეგ ხასიათი გამოვავლინეთ და ბოლომდე ვიბრძოლეთ. ვამაყობ ჩემი ფეხბურთელებით.
რონალდო განსაკუთრებულია მოთამაშეა. მისი ქმედებები გადამწყვეტი იყო. ჰეთ თრიქის შესრულებით რონალდო კლუბს მაშინ დაეხმარა, რომ ეს ყველაზე მეტად სჭირდებოდა”, – თქვა ”რეალის” თავკაცმა ზინედინ ზიდანმა.
რეალი-ვოლფსბურგი 3:0 (0:2)
გოლები: 1:0 რონალდო (16), 2:0 რონალდო (17), 3:0 რონალდო (77)
რეალი: ნავასი – კარვახალი, პეპე, რამოსი, მარსელო – მოდრიჩი (90+2. ვარანი), კაზემირო, კროოსი – ბეილი, რონალდო, ბენზემა (84. ხესე)
ვოლფსბურგი: ბენალიო – ვიეირინია, ნალდო, დანტე, რ. როდრიგესი – გილავოგი (80. დოსტი), ლუის გუსტავო – დრაქსლერი (32. კრუზე), არნოლდი, ბრუნო ენრიკე (72. კალიჯური) – შურლე
გაფრთხილება: რონალდო – არნოლდი, ლუის გუსტავი, დანტე, ვიეირინია
ისტორიულ შედეგს მიაღწია ”მანჩესტერ სიტიმ”. ეს ინგლისური გუნდი არსებობის ისტორიაში პირველად გავიდა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში.
პსჟ-თან დაპირისპირებაში მხოლოდ ერთი გოლი გავიდა, ის ბელგიელმა დე ბრიუნმა გაიტანა (პირველ ტაიმში აგუერომ პენალტი გააფუჭა) და თითქოსდა ამ წყვილში უფრო მეტად ფავორიტად შერაცხული ფრანგული გრანდი კვლავ ევროპული ტიტულის გარეშე დარჩა.
“ძალიან კარგი თამაში ვაჩვენეთ. პსჟ-მა ბევრი მომენტის შექმნა ვერ შეძლო და ვფიქრობ, შემდეგ ეტაპზე გასვლა დავიმსახურეთ.
ნახევარფინალში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. რთული იქნება, მაგრამ ამას მოუთმენლად ველით”, – თქვა დე ბრიუნმა.
სიტი-პსჟ 1:0 (2:2)
გოლი: 1:0 დე ბრუინი (76)
სიტი: ჰარტი – სანია, ოტამენდი, მანგალა, კლიში – ფერნანდო, ფერნანდინიო – ნავასი, დე ბრუინი (84. ტურე), სილვა (87. დელფი) – აგუერო (90. იჰეანაჩო)
პსჟ: ტრაპი – ორიე (61. პასტორე), ტიაგო სილვა, მარკინიოსი – ვან დერ ვილი, რაბიო, მოტა (44. ლ. მოურა), დი მარია, მაქსველი – იბრაჰიმოვიჩი, კავანი
შენიშვნა: აგუერომ ვერ გაიტანა პენალტი (30)
გაფრთხილება: ფერნანდინიო – ტრაპი, ვან დერ ვილი, პასტორე