ბრიტანელმა ქალმა მოულოდნელად გერმანულად დაიწყო საუბარი, თანაც ისეთი აქცენტით თითქოს გერმანიაში იყო დაბადებული და გაზრდილი. სინამდვილეში კი გერმანია მას თვალითაც არ უნახავს. უჩვეულო ისტორიას The Sun ავრცელებს.
ლინკოლნშირის საგრაფოში მცხოვრებმა ზოი კოულსმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ 2022 წელს მას ფუნქციონალური ნევროლოგიური სიმპტომატური აშლილობის დიაგნოზი დაუსვეს და ეს დაავადება ტვინისთვის ინფორმაციის გადაცემაზე ახდენს გავლენას. ამ მდგომარეობაში ადამიანებს მოძრავი და სენსორული ფუნქციების დარღვევა აღენიშნებათ, სიმპტომთა შორისაა ასევე – თავის ტკივილი, ძილის დარღვევა და სხვა.
თუმცა, ზოის შემთხვევაში ნამდვილი შოკი იყო ის ფაქტი, რომ 2023 წლის ერთ დილას გაიღვიძა და სხვანაირად ალაპარაკდა. თავიდან ქალი ძლიერი გერმანული აქცენტით საუბრობდა, თანაც გერმანულად. შემდეგ გერმანული უელსურმა დიალექტმა ჩაანაცვლა. ქალის თქმით, ის არასდროს ყოფილა არც გერმანიაში და არც უელსში.
ცოტა ხანში ბრიტანელი მიხვდა, რომ მას უცხოური აქცენტის სინდრომი განუვითარდა – უიშვიათესი დარღვევა, რომლის დროსაც პაციენტები მათთვის უცნობი აქცენტით საუბრობენ.
ამ სინდრომის წარმოქმნის ზუსტი მიზეზების დადგენას ექიმები ჯერჯერობით ვერ ახერხებენ და შესაბამისად არც მკურნალობის მეთოდი არსებობს.