დიდ ბრიტანეთში 70 წლის მარია პირსონი პირობით ვადამდე გათავისუფლების გადაწყვეტილებით ციხეს დატოვებს. მან 39 წელი გაატარა პატიმრობაში, რაც ქვეყნის ისტორიაში ქალის მიერ მკვლელობისთვის მოხდილი ყველაზე ხანგრძლივი სასჯელია.
პირსონი 1986 წელს დააკავეს მას შემდეგ, რაც ყოფილი პარტნიორის ახალ საცოლეს, ჯანეტ ნიუტონს, დანით 17 ჭრილობა მიაყენა და მოკლა. სასამართლომ მას უვადო პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა 12 წლის შემდეგ პირობით გათავისუფლების მოთხოვნის უფლება ჰქონდა.
მიუხედავად ამისა, 1998 წლიდან დაწყებული ყველა მოთხოვნა უარყოფილი იყო, რადგან შესაბამისი კომისია მიიჩნევდა, რომ პირსონი საზოგადოებისთვის კვლავ საფრთხეს წარმოადგენდა.
ბოლო განხილვისას კომისიამ დაასკვნა, რომ ის აღარ წარმოადგენს საფრთხეს და მისი გათავისუფლება დასაშვებია. გადაწყვეტილებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა მოკლული ქალის ოჯახი, თუმცა კომისიამ მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

გამოძიების ინფორმაციით, მარია პირსონი 1986 წელს მალკოლმ პირსონზე დაქორწინდა, თუმცა მალევე გაირკვა, რომ იმ დროს უკვე სხვა მამაკაცზე იყო ოფიციალურად დაქორწინებული. ქორწინება გაუქმდა, წყვილი დაშორდა, ხოლო მათი შვილი მეურვეობის ორგანოებმა ოჯახიდან გაიყვანეს. მოგვიანებით მალკოლმმა ურთიერთობა 23 წლის ჯანეტ ნიუტონთან დაიწყო, რასაც პირსონის მხრიდან მუქარები და საბოლოოდ მკვლელობა მოჰყვა.
მანამდე ქალთა შორის ყველაზე ხანგრძლივი პატიმრობის რეკორდი ეკუთვნოდა მაირა ჰინდლის, რომელმაც თანამზრახველთან ერთად ხუთი ბავშვის მკვლელობისთვის 36 წელი გაატარა ციხეში და 2002 წელს იქვე გარდაიცვალა.