LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეტროსადგურ ვაჟა-ფშაველაზე ახალი საკონტროლო აპარატები დამონტაჟდა

62

მეტროსადგურ „ვაჟა-ფშაველაზე” ახალი, თანამედროვე სტანდარტების ავტოსაკონტროლო პუნქტის აპარატები დამონტაჟდა, რაც მოქალაქეებს მგზავრობის საფასურის გაცილებით სწრაფად და კომფორტულად გადახდის საშუალებას მისცემს.

თანამედროვე სტანდარტების ავტოსაკონტროლო პუნქტის აპარატები მგზავრთა უსაფრთხოების მაღალი სტანდარტითა და მგზავრთა ნაკადის მაღალი გამტარუნარიანობით გამოირჩევა.

ტურნიკეტები ორმხრივია ანუ საჭიროების შემთხვევაში შესაძლებლობა აქვს გაატაროს მგზავრები საპირისპირო მხრიდანაც. გადახდის აპარატები გამჭვირვალე მინის ბარიერებით არის აღჭურვილი, რაც მუშაობის პროცესში არ იწვევს ხმაურს და დამატებით კომფორტს უქმნის მგზავრებსა და მომსახურე პერსონალს. აპარატების კორპუსი დამზადებულია უჟანგავი ფოლადის მასალისგან და უზრუნველყოფს მის დაცვას ნაკაწრებისა და მექანიკური დაზიანებებისგან.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკმა, მიმდინარე წელს, თბილისის მერიის მიერ საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდის სისტემის მოდერნიზაციისთვის გამოცხადებულ აუქციონში გაიმარჯვა. ფინანსური შეთავაზების მოცულობამ 22,2 მლნ ლარი შეადგინა. სწორედ აუქციონში გამარჯვების ფარგლებში, საქართველოს ბანკი არაერთ ინვესტიციას განახორციელებს და განაგრძობს ავტობუსების მართვისა და დისპეჩერიზაციის ახალი ტექნოლოგიით აღჭურვას. ხსენებულ აუქციონში გამარჯვებით ბანკს აქვს უპირატესობა და შესაძლებლობა, მომხმარებელს მიაწოდოს ყველაზე ოპტიმალური, თანამედროვე, მარტივი გადახდის საშუალებები.

ავტოსაკონტროლო პუნქტის ახალი აპარატების დამონტაჟება მიმდინარეობს საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდის სისტემის მოდერნიზების ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს შემდეგ საკითხებს:

  • თბილისის მეტროში, ავტობუსებსა და საბაგირო გზებზე დაინერგება ყველა ტიპის ქართული და უცხოური ბარათით მგზავრობის სისტემა;
  • მუნიციპალური ტრანსპორტი აღიჭურვება ახალი სალარო აპარატებით და ბარათის წამკითხველი ვალიდატორებით;
  • შეიქმნება სპეციალური მობილური აპლიკაციები მგზავრობის დაგეგმვისა და ბილეთის შეძენის ფუნქციებით;
  • დაინერგება მიწისზედა ტრანსპორტის ადგილმდებარეობის დადგენის ახალი სისტემები, რაც კომპანიას შესაძლებლობას მისცემს გააკონტროლოს მოძრაობის გრაფიკი და ოპერატიულად შეძლოს შესაბამისი რეაგირება;
  • „საქართველოს ბანკი“ შპს „სატრანსპორტო კომპანიას“ ავტობუსების მართვისა და დისპეჩერიზაციის უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვავს.

თანამედროვე სტანდარტების ავტოსაკონტროლო პუნქტის აპარატები თბილისის მეტროს ყველა სადგურში ეტაპობრივად განთავსდება  და ეს პროცესი 2017 წლის ბოლომდე დასრულდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები