LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში 18-მეტრიანი ავტობუსები გამოჩნდა

185
TCH44323

დღეიდან, N302 მარშრუტზე MAN-ის მარკის 9 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი იმოძრავებს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ავტობუსები დიდი დიღმიდან უნივერსიტეტის ე.წ. მაღლივი კორპუსის მიმართულებით იმოძრავებენ და ამ მარშრუტზე აქამდე მოძრავ 12-მეტრიან ავტობუსებს ჩაანაცვლებენ.

„ჩვენ შევისყიდეთ 18-მეტრიანი ავტობუსები. ეს იმ მნიშვნელოვანი სატრანსპორტო პოლიტიკის ნაწილია, რაც გულისხმობს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი იყოს ყველაზე კომფორტული და ხელმისაწვდომი. დღეს დილიდან N302 მარშრუტზე MAN-ის მარკის 9 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი გავიდა. საზოგადოებამ იცის, რომ არასდროს ამირიდებია თვალი ქალაქში არსებული პრობლემებისთვის. კარგად ვიცით, რომელი უბანი რა გამოწვევების წინაშე დგას. შემთხვევითი არ არის, რომ პირველ რიგში, დიდი დიღმის მარშრუტზე შევიყვანეთ 18-მეტრიანი ავტობუსი. ახალი ავტობუსები დიდი დიღმიდან სახელმწიფო უნივერსიტეტის ე.წ. მაღლივი კორპუსის მიმართულებით იმოძრავებენ და ამ მარშრუტზე აქამდე მოძრავ 12-მეტრიან ავტობუსებს ჩაანაცვლებენ“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, დედაქალაქის მერია სამომავლოდ კიდევ 40 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შესყიდვას აპირებს.

„18-მეტრიანი ავტობუსების შემოყვანა გასული წლის დეკემბრიდან დაიწყო. 50 ერთეული უკვე თბილისშია, მათი აღჭურვა და მოწესრიგება მიმდინარეობს და ეტაპობრივად ხაზებზე გავა. მთლიანად 160 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი გვაქვს ნაყიდი. თავიდან 200 ერთეული გვინდოდა, მაგრამ რისი საშუალებაც გვქონდა, იმდენი შევიძინეთ. სამომავლოდ ვაპირებთ კიდევ 40 ერთეულის ყიდვას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომპრესირებულ ბუნებრივ გაზზე (CNG) მომუშავე ახალი ავტობუსები გათვლილია 162 მგზავრზე, აქედან 43 დასაჯდომი ადგილით. ავტობუსები სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის, დამონტაჟებულია თანამედროვე სტანდარტის, ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემა, რომელიც გათვლილია თბილისის კლიმატურ პირობებზე. ავტობუსები აღჭურვილია ხმოვანი საინფორმაციო სისტემით, ვიდეომონიტორინგის სისტემით, მობილურის დასატენი წერტილებით, მართვისა და უსაფრთხოების სხვა თანამედროვე სისტემებით.