LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პორტუში საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასო გახდა

110
ქირიას NEWS შაბლონი (2)

პორტო პორტუგალიის პირველი ქალაქი გახდა, სადაც ადგილობრივი მოსახლეობისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტი სრულად უფასოა. ქალაქის ხელისუფლება იმედოვნებს, რომ ეს ნაბიჯი მოსახლეობას პირადი ავტომობილების ნაცვლად ავტობუსების, ტრამვაისა და მეტროს გამოყენებისკენ უბიძგებს.

ამჟამად პორტოში ყოველდღიური გადაადგილებების 56,8% ავტომობილით სრულდება, ხოლო საზოგადოებრივ ტრანსპორტზე მხოლოდ 23,5% მოდის.

უფასო მგზავრობა მხოლოდ პორტოში ოფიციალურად რეგისტრირებული მცხოვრებლებისთვის მოქმედებს და მოიცავს Andante-ის სატრანსპორტო ქსელის ყველა ძირითად სერვისს – მეტროს, ავტობუსებს, ტრამვაისა და საგარეუბნო მატარებლებს. მოგვიანებით პროგრამას პორტოსა და ვილა-ნოვა-დი-გაიას შორის მოძრავი ბორანებიც დაემატება.

ტურისტებისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტი კვლავ ფასიანი დარჩება. ამასთან, ქალაქის მერია განიხილავს ტურისტული გადასახადის 3 ევროდან 4 ევრომდე გაზრდას, რათა ადგილობრივებისთვის უფასო ტრანსპორტის პროგრამა ნაწილობრივ სწორედ ამ შემოსავლებით დაფინანსდეს.

პარალელურად, ქალაქი საზოგადოებრივი ტრანსპორტის ინფრასტრუქტურის განვითარებასაც გეგმავს. წლის ბოლომდე ავტობუსებისთვის განკუთვნილი სპეციალური ზოლების სიგრძე 16 კილომეტრიდან 22 კილომეტრამდე გაიზრდება.

პორტუ შეუერთდა იმ ევროპულ ქალაქებს, რომლებმაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასო გახადეს. მსგავსი პროგრამები უკვე მოქმედებს საფრანგეთის სულ მცირე 39 ქალაქსა და მუნიციპალიტეტში, მათ შორის მონპელიეში, სადაც უფასო მგზავრობის ამოქმედების შემდეგ ავტობუსებისა და ტრამვაის მგზავრთა რაოდენობა დაახლოებით ერთ მესამედით გაიზარდა.

უფასო საზოგადოებრივი ტრანსპორტი ასევე ხელმისაწვდომია ესტონეთის დედაქალაქ ტალინის რეგისტრირებული მოსახლეობისთვის, ხოლო ლუქსემბურგში 2020 წლიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტით როგორც ადგილობრივები, ისე ტურისტები უფასოდ სარგებლობენ.