LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„7 წელია, არაფერი დამიწერია, ალბათ, სათქმელი არ მქონდა… ჩემი სიმღერები არ არის დაკვეთით დაწერილი, ვუყურებ ცხოვრებისეულ თემებს და სიმღერაც თავისთავად იბადება“ – ნინო ღავთაძე

313
ნინო

9 თებერვალს რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „რადიო დუეტი“ მომღერალი ნინო ღავთაძე სტუმრობდა, რომელმაც მსმენელს ახალი სიმღერა „შენთან ცხელა“ წარუდგინა.

ნინო, ალბათ, ბევრს უთქვამს შენთვის, რომ ყველა შენი სიმღერა განსხვავებულია…

კი და თავის დროზე, რაღაც პრობლემებიც მქონდა ამასთან დაკავშირებით… იმდენად არანაირ ფორმატში არ ჯდებოდა ჩემი სიმღერები, რომ არ იღებდნენ (იცინის). ერთის მხრივ, ალბათ, კარგია განსხვავებული რომ ხარ. დღეს, მით უმეტეს, ძალიან ბევრი ერთმანეთის მსგავსი სიმღერა იწერება.

ეს უცნაური და ორიგინალური ტექსტები საიდან მოდის, კონკრეტულ ისტორიებს ეხება ხოლმე?

ჩემი სიმღერები არ არის დაკვეთით დაწერილი… ვუყურებ ცხოვრებისეულ თემებს და იქიდან გამომდინარე, სიმღერაც თავისთავად იბადება.

რა სიხშირით მოდის ხოლმე ეს საინტერესო იდეები შენს ცხოვრებაში?

გამოგიტყდებით, ბოლო 7 წელია, თითქმის არაფერი დამიწერია ინსტრუმენტთან. საჩემო, გულიდან წამოსული არაფერი ყოფილა… ალბათ, სათქმელი არ მქონდა არაფერი.

ალბათ, სტიმულის არ ქონაც მოქმედებს ამ ყველაფერზე…

ასეა. კი, მოისმენენ, იტყვიან, რა კარგი სიმღერაა, რაღაც პერიოდი იქნება და მერე რა?! ვიფიქრე, საერთოდ დავანებებ თავს სიმღერების წერას-მეთქი. მერე, პანდემია რომ მთავრდებოდა, სვანეთში სამუშაოდ წასვლა შემომთავაზეს. რა თქმა უნდა, დავთანხმდი. ამ დროს თქვენმა გულბათმა დამირეკა და შემდეგ, დილის გადაცემაში ჩამრთო. ჩართვისას მკითხა, ახალს არაფერს წერო და შემდეგ, მოვილაპარაკეთ, რომ დუეტი გაგვეკეთებინა. აქედან გამომდინარე, დავფიქრდი, რა შეიძლებოდა დამეწერა. საღამოს ვიღაცამ გაიარა და თქვა, როგორ ცივა და ბნელაო და აქედან წამოვიდა მისამღერი –  როცა ცივა, როცა ბნელა, შენთან მინდა, შენთან მცხელა.

რომელ სტუდიაში ჩაიწერა აღნიშნული სიმღერა?

სიმღერა მარიკა ქაცარავასთან ჩაიწერა და უდიდესი მადლობა მას. დიდ მადლობას ვუხდი ჩემს მეგობარს, დავით ცერცვაძეს, რომელმაც ფაქტობრივად დამაძალა ამ სიმღერის ჩაწერა.

როგორია სამომავლო გეგმები?

იმისთვის, რომ საინტერესოები ვიყოთ, კიდევ ახალი სიმღერები უნდა ჩავწეროთ და აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ კიდევ შევქმნი რაღაც ახალ სიმღერებს.

ნინო ღავთაძე – შენთან ცხელა

გადაცემის აუდიოჩანაწერი

ნინო ღავთაძე – მაჩუქე გული. Live

ნინო ღავთაძე. ვიდეო კოლაჟი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები