A-ჰეპატიტი ასევე ცნობილია, როგორც ბოტკინი. ეს არის გადამდები ღვიძლის ინფექცია, რომელსაც იწვევს A ჰეპატიტის ვირუსი. ინფექციის გადაცემის ძირითადი მექანიზმი ფეკალურ-ორალურია, ანუ დაავადება გადაეცემა წყლის, საკვებისა და საყოფაცხოვრებო ნივთების საშუალებით. ორგანიზმი ინფიცირდება ვირუსით დაბინძურებული წყლისა და საკვების მიღების დროს. ძალზე მნიშვნელოვანია პირადი ჰიგიენაც. A ჰეპატიტს სხვაგვარად „ბინძური ხელების დაავადებასაც“ უწოდებენ. ორგანიზმში მოხვედრილი ვირუსი კუჭ-ნაწლავის ლორწოვანის გზით აღწევს ლიმფურ კვანძებამდე, იქიდან სისხლში ხვდება და უპირველეს ყოვლისა ღვიძლს აზიანებს. შემთხვევები მატულობს ზაფხულის მიწურულსა და შემოდგომაზე.

სხვადასხვა ასაკის ადამიანთა მგრძნობელობა დაავადებისადმი განსხვავებულია. ერთ წლამდე ასაკში A ჰეპატიტი თითქმის არ ვითარდება, რაც თანდაყოლილი იმუნიტეტით არის განპირობებული. ინფექციისადმი მგრძნობელობა განსაკუთრებით მატულობს 2-დან 15 წლის ასაკში. დაავადების გადატანის შემდეგ მყარი იმუნიტეტი გამომუშავდება, ამიტომაც განმეორებითი შემთხვევები პრაქტიკულად არ აღენიშნება. A ჰეპატიტის გადატანის შემდეგ შესაძლებელია B და C ჰეპატიტის ვირუსებით ინფიცირება, ანუ ადამიანი შეიძლება ჰეპატიტის რამდენიმე ვირუსით დაინფიცირდეს.

დამახასიათებელი სიმპტომებია: ადამიანს აციებს, ტემპერატურა 38-40 (1-3 დღე) მატულობს. აღინიშნება სისუსტე, თავის ტკივილი, სხეულის ტეხის შეგრძნება, ხველა, ყელის ტკივილი, რასაც თან ერთვის უმადობა, გულისრევა, ღებინება, სიმძიმის შეგრძნება მარჯვენა ფერდქვეშ მიდამოში, შეკრულობა ან ფაღარათი. აღნიშნული პერიოდის ბოლოს, რომელიც დაახლოებით 5-7 დღეს გრძელდება, შარდი მუქდება, ხდება ქაფიანი. ყოველივე ამას თან სდევს სიყვითლის გამოვლენა, რომლის ინტენსივობა თანდათან მატულობს. A ჰეპატიტის დროს სიყვითლე თანდათან ქრება, გადიდებული ღვიძლი და ელენთა კი უფრო ნელა უბრუნდება ნორმის ფარგლებს. სპეციალურ დიეტას A ჰეპატიტი არ საჭიროებს. A ჰეპატიტის მძიმედ მიმდინარეობისას აუცილებელი ხდება ადამიანის ჰოსპიტალიზაცია. A ჰეპატიტის პროფილაქტიკისათვის მოწოდებულია ვაქცინაცია, დიდი მნიშვნელობა ენიჭება აგრეთვე ჰიგიენური წესების დაცვას.