დღის რეკომენდაციები – დღე რთული, ტრავმული და ავარიულია, ამიტომ ეცადეთ მაქსიმალური სიფრთხილით იმოქმედოთ. გეომაგნიტური დღე ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს და დისკომფორტს იწვევს უგუნებობისა და თავის ტკივილის სახით. ეს უკავშირდება იმ ფაქტს, რომ დღეს სავსემთვარეობაა და ამავდროულად მთვარის სრული დაბნელება ხდება.
მძიმე კოსმიური ენერგიების დღეა, რაც ასრულებს ორკვირიან დაბნელებების დერეფანს – ორი კვირის წინ გვქონდა მზის დაბნელება, ახლა კი მთვარის დაბნელებაა.
მზისა და მთვარის ენერგიათა დაპირისპირება დღეს ხდება თევზებისა და ქალწულის ზოდიაქალურ ღერძზე, რაც განაპირობებს ადამიანებში აგრესიის, დეპრესიისა და კონფლიქტურობის ზრდას, ასევე ჯანმრთელობის გაუარესებას. ძლიერდება ცდუნებები და შეცდომების დაშვების ალბათობა. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ კუჭ-ნაწლავის ზონას. ნუ იქნებით ხისტი, მეწვრილმანე და ზედმეტად პირდაპირი. აკონტროლეთ ემოციები და არ აჰყვეთ პროვოკაციებს, რომელთა ალბათობა მაღალია. ახალ საქმეს ნუ დაიწყებთ. კარგი დღეა მავნე ჩვევებისგან გათავისუფლებისთვის. ეცადეთ დღე მშვიდ გარემოში გაატაროთ. ხელსაყრელია პატიება.
ჯანმრთელობა – ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება ნაწლავთა სისტემა, ელენთა და კუჭქვეშა ჯირკვალი. აღნიშნულ ორგანოებთან დაკავშირებული ოპერაციები და ნებისმიერი სამედიცინო ჩარევა რეკომენდებულია მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში. აკონტროლეთ საკვებისა და სასმელის ხარისხი, რადგან იზრდება მოწამვლის ალბათობა.
დღის ნეგატიური ტენდენციები – არ არის სასურველი ყიდვა-გაყიდვა, ფულის სესხება ან გასესხება, ქორწინება, ახალი ნაცნობობის დაწყება და გამოცდების ჩაბარება. მოერიდეთ უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება დღეს არ არის რეკომენდებული. თავი აარიდეთ სარისკო მოქმედებებს.
დღის მინერალები და ფერები – დადებით კოსმიურ ენერგიებსა და ახალ შესაძლებლობებს მოიზიდავს ყვითელი და მწვანე იასპი, მალაქიტი, გიშერი და აქატი. ფერებიდან სასურველია ყვითელი, ბეჟი, მწვანე და თეთრი ტონები, რომლებიც გააძლიერებენ თქვენს შარმსა და მიზიდულობას.
ზოდიაქოს ნიშნები – დღე დადებითად აისახება თხის რქისა და თევზების ნიშნებზე. შედარებით დაძაბულია ვერძის, ტყუპების, ლომისა და სასწორის წარმომადგენლებისთვის, რომელთაც განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ როგორც ჯანმრთელობის, ისე დღის სხვა ნეგატიური ტენდენციების მიმართ. დანარჩენი ზოდიაქოს ნიშნებისთვის დღე წარმატების თვალსაზრისით საშუალო შედეგებით წარიმართება.