ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით ზედიზედ ხუთი გეომაგნიტური დღეა. ამ პერიოდში განსაკუთრებული ყურადღება მართებთ მათ, ვისაც სუსტი გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემა აქვს, ასევე ასაკოვან ადამიანებს. თუ ამ დღეებში შეგეცვალათ გუნება-განწყობა, დაგეწყოთ თავის ტკივილი ან სხვა დისკომფორტული ტენდენციები, აუცილებლად გაიზომეთ და აკონტროლეთ წნევა. საჭიროების შემთხვევაში, გამოიყენეთ პროფილაქტიკური მედიკამენტები და მეტი დაისვენეთ.
ამავდროულად, განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვს მიმართულებადაკარგული (უკურსო) მთვარის პერიოდი, რომელიც დაიწყება 11:31 საათზე და გასტანს შუაღამემდე (24:00 საათამდე). ამ მონაკვეთში მთვარის ენერგია ზედმეტად ადუნებს ადამიანების ყურადღებას, რაც შესაძლოა არასასურველი ტრავმებისა და ავარიების მიზეზი გახდეს. ეს დრო უდიდეს სიფრთხილეს მოითხოვს როგორც მძღოლებისგან, ისე ქვეითად მოსიარულეებისგან.
დღის რეკომენდაციები:
დღეს ადამიანებში მოიმატებს ინტუიცია, წინდახედულობა, შემოქმედებითი უნარები და ნიჭი. მოსალოდნელია მეგობრებისგან დახმარების მიღება. საღამოს საათებში შეთანხმებების მიღწევა ოდნავ გაძნელდება, თუმცა საერთო მეგობრებთან კომუნიკაცია გააუმჯობესებს თქვენს პარტნიორულ ურთიერთობებს.
დღე სასიკეთოა ბიზნესკავშირების დასამყარებლად, ხელშეკრულებების გაფორმებისთვის, ტანსაცმლისა და აქსესუარების შესაძენად. ხელს უწყობს ოჯახური ურთიერთობების გამყარებას, ვაჭრობას, საყიდლებსა და სასამართლო პროცესების სწორად წარმართვას. ძალიან ნაყოფიერია კულინარიის, ფოტოგრაფიის, ხალხური შემოქმედებისა და მის ნიმუშთა შეძენისთვის.
მოერიდეთ ქორწინებას, სახლის მშენებლობის დაწყებას, დაპირებების გაცემას, საცხოვრებელი ბინის შეცვლასა და სესხის აღებას – ამ პროცესებს შესაძლოა უამრავი პრობლემა მოჰყვეს. დღეს მაღალია საფინანსო შეცდომების დაშვების ალბათობა, ამიტომ ხელის მოწერამდე ყურადღებით გადაამოწმეთ ნებისმიერი დოკუმენტი. დღევანდელი სიზმრები შემდგომში აუცილებლად ახდება.
ჯანმრთელობა:
სუსტდება კუჭის არე, მკერდი, ღვიძლი და ნაღვლის ბუშტი. ამ ორგანოებთან მიმართებაში ოპერაციების ჩატარება (განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა) რეკომენდებული არ არის. სამაგიეროდ, დღის განმავლობაში შედეგიანია კბილების, ხერხემლის, ძვლების, სახსრებისა და მუხლების მკურნალობა. ასევე სასარგებლოა დიეტის დაცვა.
დღის მინერალები და ფერები:
სასიკეთო კოსმიური ენერგიებისა და წარმატების შანსების მოსაზიდად მინერალებიდან ეფექტურია ზურმუხტი, ტოპაზი, აქატი, ოპალი და მარჯანი. ფერები, რომლებიც მიმზიდველობასა და შარმს აძლიერებს (როგორც ცალ-ცალკე, ისე კომბინაციაში), არის მწვანე, თეთრი, ბეჟი, ლურჯი და იისფერი ტონები.
ზოდიაქოს ნიშნები: დღე საუკეთესოა კუროს, კირჩხიბისა და თევზების ზოდიაქოს ნიშნებისთვის. შედარებით ნეგატიურია ლომის, სასწორის, მშვილდოსნისა და მერწყულის ნიშნებისთვის, რომელთაც მეტი ყურადღება მართებთ საკუთარი ჯანმრთელობისა და მიმდინარე ნეგატიური გამოვლინებების მიმართ. დანარჩენი ნიშნებისთვის დღე წარმატების თვალსაზრისით საშუალო მაჩვენებლით ხასიათდება.