აგრესია ლათინური სიტყვაა და თავდასხმას ნიშნავს. ფსიქოლოგიაში ტერმინი “აგრესია” განიმარტება როგორც სხვისთვის ზიანის მიყენებისკენ განზრახ მიმართული ქცევა. სპეციალისტები ერთმანეთისგან განასხვავებენ ბრაზის ემოციას და აგრესიას. ადამიანი შესაძლოა გაბრაზდეს, მაგრამ ამ ემოციის შესაბამისად არ მოიქცეს. როგორც იტყვიან, “ემოციას არ აჰყვეს”, და პირიქით – შესაძლოა, სულაც არ ბრაზობდეს, მაგრამ სხვას მაინც მიაყენოს ზიანი. თუ ადამიანმა ვინმეს წინასწარი განზრახვის გარეშე, შემთხვევით, გაუფრთხილებლობით, უნებურად მიაყენა ზიანი`ტკივილი, ეს აგრესიად არ განიხილება, ყველა დანარჩენი შემთხვევა კი კვალიფიცირდება როგორც აგრესიული. აუცილებლად უნდა ითქვას ისიც, რომ აგრესიული ქცევა განსხვავდება ქცევისგან, რომელიც საკუთარი სიცოცხლის, ჯანმრთელობის, უსაფრთხოების, უფლების დაცვას ისახავს მიზნად.
აგრესიის მიზეზების შესწავლისას სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ აგრესიული ქცევა, ერთი მხრივ, შესაძლოა თან ახლდეს ფსიქიატრიულ ან ნერვულ აშლილობას, მეორე მხრივ კი – ქვემოთ ჩამოთვლილ რომელიმე პუნქტს: ალკოჰოლური ან ნარკოტიკული დამოკიდებულების ამა თუ იმ ფორმას, რომელიც საკმაოდ ხშირად უწევს პროვოცირებას არაადეკვატურ ქცევას; პირად პრობლემებს, ნეგატიური ემოციების მოზღვავებას, გამაღიზიანებელ ფაქტორებს ან მათ ერთობლიობას; იმედგაცრუებას ან შფოთვის ძლიერ განცდას; არარეალიზებულ გეგმებს, მოლოდინებს; კონფლიქტებს, კონფლიქტური სიტუაციებისადმი მაღალ მგრძნობელობას; საზოგადოებისგან გარიყულობის განცდას, უარყოფას თანატოლების, ოჯახის წევრების, სოციუმის მიერ; ძალადობრივ გარემოს – ძალადობის მსხვერპლი ხშირად თავადაც მოძალადედ ყალიბდება; ფსიქოლოგიურ ტრავმას; მკაცრ აღზრდას, ძალადობისკენ მიდრეკილ ოჯახურ გარემოს; გადაღლილობას, არაჰიგიენურ სამუშაო რეჟიმს, გადამეტებულ ფიზიკურ დატვირთვას; ძალადობის შემცველი ინფორმაციის ჭარბ მიღებას უმთავრესად – მცირე ასაკში; აღზრდას, კულტურულ-სოციალურ გარემოს, სხვა გარემო პირობებს;
არსებობს თეორიები, რომლებიც ძალადობას განიხილავს როგორც ერთგვარ თანდაყოლილ ინსტინქტს, რომელიც ადამიანს, სხვა ცოცხალი ორგანიზმების მსგავსად, წინააღმდეგობათა დაძლევის, თავდაცვისა და თვითგადარჩენის დროს უაქტიურდება. ძალადობის გამომწვევი ერთ-ერთი ფაქტორია მძიმე სოციალური ვითარება: პრობლემები დასაქმების ბაზარზე, ახალგაზრდების ფინანსური დამოუკიდებლობის დაბალი ხარისხი, ბავშვებისთვის სახლის გარეთ სათამაშო სივრცის ნაკლებობა, საოჯახო საქმეებში ქალის ტრადიციული როლის დომინირება.
აგრესია და ძალადობის სიჭარბე თანამედროვე საზოგადოების გამოწვევად იქცა. მიუხედავად იმისა, რომ იგი გავრცელებული და კომპლექსური პრობლემაა, მისი თავიდან აცილება, შემცირება და მასზე ადეკვატური რეაგირება შესაძლებელია. საუკეთესო გამოსავალი კი არა დასჯა და პოსტ-ფაქტუმ მოქმედებაა, არამედ პრევენცია რიგი მიზეზების გააზრებითა და გაცნობიერებით.