„როგორ მივხვდეთ ბავშვს რეალურად აქვს დასწავლის პრობლემები თუ უბრალოდ ინტერესის, მოტივაციის არქონასთან, სიზარმაცესთან გვაქვს საქმე, როგორ უნდა მივუდგეთ ჰიპერაქტივობისა და ყურადღების დეფიციტის სინდრომის მქონე ბავშვებს, როგორ დავითანხმოთ ბავშვები მეცადინეობაზე, რა სასიგნალო ნიშნებს უნდა მიაქციოს მშობელმა ყურადღება და დაუყოვნებლივ როდის უნდა მიმართოს სპეციალისტს“ – ამ და სხვა საინტერესო თემებზე ნატა ხარაშვილის გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ მედიცინის დოქტორმა, ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიატრმა – მედეა ზირაქაშვილმა ისაუბრა.
მედეა, როდესაც ბავშვს უჭირს სწავლა, მშობელთა ნაწილი ამას აფასებს, როგორც სიზარმაცეს, მასწავლებელთა ნაწილი, როგორც ქცევის სერიოზულ პრობლემას, როგორ უნდა მივხვდეთ რეალურად რასთან გვაქვს შეხება, ეს არის ინტერესის პრობლემა, ქცევის თუ ბავშვს მართლა უჭირს სწავლა?
როდესაც ბავშვს უჭირს დასწავლა, ძალიან მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ პრობლემების მიზეზი შესაძლოა რამდენიმე განსხვავებული წყაროდან მოდიოდეს, შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანია მშობლის მხრიდან დაკვირვება დასწავლის პროცესზე როგორც სახლის, ასევე სასკოლო გარემოში, ბავშვის ემოციური მდგომარეობაზე დაკვირვება მეცადინეობის დროს და ჩარევის და დახმარების ფონზე დასწავლის შესაძლებლობების პროგრესზე მეთვალყურეობა.
როცა ვსაუბრობთ იმაზე, როგორ შეიძლება მშობელმა შეამჩნიოს დასწავლის სირთულე, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ ეს იშვიათად ვლინდება ერთი ნიშნით. ყურადღებას განსაკუთრებით მაშინ საჭიროებს, როცა რამდენიმე საყურადღებო ნიშანი ერთდროულად და ხანგრძლივად გვხვდება.
ხშირად პირველი, რასაც მშობელი ამჩნევს, სკოლასთან დაკავშირებული მუდმივი სტრესია – ბავშვი ამბობს, რომ ვერ ხვდება მასალას, გაკვეთილების წინ ნერვიულობს, თავს არიდებს მეცადინეობას ან სკოლაზე საუბარს. ასეთ დროს ძალიან მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ მარტივად სიზარმაცის მიწერამდე, მნიშვნელოვანია ყურადღება მივაქციოთ გარკვეულ გარემოებებს…
ასევე ხშირია, როდესაც ბავშვის შედეგი არ შეესაბამება მის ძალისხმევას. ის ბევრს მეცადინეობს, მაგრამ პროგრესი მაინც მცირეა, ერთსა და იმავე შეცდომებს ხშირად იმეორებს და ნასწავლი მასალა სწრაფად ავიწყდება. ეს ხშირად მიუთითებს არა მოტივაციის ნაკლებობაზე, არამედ თავად დასწავლის პროცესის სირთულეზე.
ზოგ შემთხვევაში სირთულე განსაკუთრებით ერთ კონკრეტულ სფეროში ჩანს – მაგალითად, კითხვა ძალიან ნელია ან შეცდომებით მიმდინარეობს, წერისას ერევა ასოები ან უჭირს აზრების ორგანიზება, ხოლო მათემატიკაში ელემენტარული ოპერაციების დამახსოვრება პრობლემურია. ასეთი გამოკვეთილი სირთულეები ყოველთვის საყურადღებოა.
მშობლები ხშირად ამჩნევენ ყურადღებისა და ორგანიზების პრობლემებსაც – ბავშვს უჭირს დავალების დაწყება, ინსტრუქტაჟის მიცემისას იბნევა, დროს ვერ ანაწილებს, ვერ ასწრებს მეცადინეობას, მიუხედავად იმისა, რომ მთელი დღე მეცადინეობს, ან ავიწყდება, რა ჰქონდა გასაკეთებელი. ეს აუცილებლად არ ნიშნავს ყურადღების დეფიციტს, თუმცა დაკვირვებას ნამდვილად საჭიროებს.
განსაკუთრებით სერიოზული სიგნალია ბავშვის თვითშეფასების დაქვეითება – როცა ამბობს, რომ „სულელია“, „ვერასდროს ისწავლის“, ერიდება კითხვებზე პასუხს და მუდმივად საკუთარ თავს ნეგატიურ ჭრილში აღიქვამს.
ზემოთ ჩამოთვლილი ნიშნების შემჩნევისას, მშობლის მთავარი ნაბიჯებია დაკვირვება მთელ სასწავლო პროცესზე, ბავშვის ემოციურ მდგომარეობაზე, ქცევებზე, კლასში, თუ სახლის გარემოში.საჭიროების შემთხვევაში მულტიდისციპლინურ გუნდთან დროული გადამისამართება კი ბავშვს, არა მხოლოდ სწავლაში, არამედ საკუთარი თავის რწმენის შენარჩუნებაშიც ძალიან დაეხმარება, რაც დასწავლის სირთულეების თანმდევი არანაკლები პრობლემაა.
უკვე სპეციალისტთან მომართვიანობის დროს, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია დეტალური ანამნეზის შეკრება ბავშვის სირთულეების შესახებ და დასწავლის სირთულეების ჭეშმარიტი მიზეზის დადგენა.პრობლემის იდენტიფიკაციას პირველ რიგში რამდენიმე მნიშვნელოვანი სირთულის გამორიცხვით ვიწყებთ. ესენია:
პირველ რიგში, აუცილებელია გამოვრიცხოთ დასწავლის სირთულეების ნეიროგანვითარებითი დარღვევები, (უფრო რთული მიზეზები, რომლებიც აუცილებელ ჩარევას საჭიროებს ) და მხოლოდ ამის შემდეგ ვიფიქროთ იზოლირებულად გარემო ფაქტორებით განპირობებულ სწავლის სირთულეებზე. როგორც წესი სიზარმაცე, ოპოზიციურობა/პროტესტი უბრალოდ შედეგია, თავის არიდების მცდელობებია იმაზე რაც ბავშვს უჭირს.
ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელი ჩვენი გადაცემის საშუალებით რამოდენიმე მნიშვნელოვანი გზავნილი გავუგზავნოთ საზოგადოებას:
ყოველ ბავშვთან, სკოლაში წასვლამდე, აუცილებელია შეფასდეს როგორია მისი სასკოლო მზაობა?
რისთვისაც აუცილებელია ბავშვი შეფასდეს რამოდენიმე მიმართულებით:
საბოლოოდ : როგორია ინტელექტის საერთო ქულობრივი მაჩვენებელი?
აუცილებელია შეფასდეს ბავშვის რეცეპტული და ექსპრესიული ენობრივი განვითარების უნარები, პრაგმატული ენის განვითარების დონე:სოციუმში ენობრივი უნარების გამოყენების შესაძლებლობა, სოციალური კონტექსტის გაგება, ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის ერთობლივი გამოყენების ადეკვატურობა.მეტყველების დონე, რამდენად გასაგებია, ნათლად წარმოთქმულია სიტყვები საუბრისას.
შეუძლია თუ არა ბავშვს ემოციების კონტროლი? ემოციების იდენტიფიცირება? ითავისებს სხვების ემოციებს? ახერხებს საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეების განსაზღვრას, როგორი მოლოდინები აქვს საკუთარ თავთან მიმართებაში (რა თქმა უნდა იგულისხმება ასაკის შესაბამისი წარმოდგენები).

როგორ ურთიერთობს თანატოლებთან? იჩენს თუ არა ინიციატივას, ელოდება თავის რიგს? როგორ რეაგირებს მარცხზე?
როგორია თავის მოვლის უნარ-ჩვევები? (ტუალეტის ჩვევა და თავის მოწესრიგება, ჩაცმა, ნივთების მოვლა, თასმების შეკვრა)
შეუძლია წესების დაცვა?
კონცენტრირდება სამუშაო პროცესზე?
რამდენად შეუძლია ცვლილებებთან შეგუება?
რატომ არის ეს ყველაფერი მნიშვნელოვანი?
შეფასება ეხმარება მშობლებს და მასწავლებლებს:
აღნიშნული შეფასება არ იქნება იმისთვის, რომ ჩვენ, მაგალითად, გადავდოთ ბავშვების სკოლაში მისვლის პროცესი. ბავშვი აუცილებლად წავა სკოლაში, უბრალოდ, მოსამზადებელ პერიოდს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ ჩამოვაყალიბოთ გარკვეული უნარები, რომლებიც შემდგომ კარგი აკადემიური მოსწრების წინაპირობა უნდა გახდეს.
თუ ჩვენ ვნახულობთ, რომ ბავშვს ინტელექტუალური პრობლემები არ აქვს, შედეგ, სხვა სახის მიზეზებს ვიკვლევთ და პირველი მიზეზი, რაც გამოსარიცხია, გახლავთ დასწავლის სპეციფიკური სირთულეები, რაშიც შედის, მაგალითად, დისლექსია, დისგრაფია, დისკალკულია.
ყველაზე გავრცელებული ფარული დასწავლის სირთულე გახლავთ დისლექსია.რა ნიშნებით ხასიათდება დისლექსია? ბავშვს შესაძლოა აღენიშნებოდეს:
• ბგერებისა და ასოების დამახსოვრების სირთულე : ვერ იმახსოვრებს, რომელი ასო რომელ ბგერას აღნიშნავს.ხშირად ერევა მსგავსი ბგერები, შეიძლება ერთი და იგივე ასო ყოველ ჯერზე სხვადასხვანაირად წაიკითხოს.
• წერის დროს ასოების აღრევის ან არათანმიმდევრულად წერის გამოვლინება : ხშირად წერს შებრუნებულად, სიტყვაში ასოების მიმდევრობა ეშლება, შესაძლოა საერთოდ გამოტოვოს ასოები – წერს ისე, როგორც ესმის.
• წაკითხული სიტყვის ვერ ამოცნობა: სიტყვას ხან ერთხელ კითხულობს სწორად, მაგრამ შემდეგ ვერ ცნობს იმავე სიტყვას. არ შეუძლია სიტყვების შემადგენელი მარცვლების გარჩევა, მარცვლებად დაყოფა,
• წაკითხულის გაგების სირთულე: იმხელა ძალისხმევას ანდომებს ამოკითხვას,რომ წაკითხულის შინაარსზე ვეღარ ორიენტირდება და ვეღარ ხვდება, რას ამბობს ტექსტი.
• სიტყვას “ამოკლებს” ან მხოლოდ ნაწილს გამოთქვამს: სიტყვას კითხულობს ისე, თითქოს ნაწილობრივ ესმის ან ვერ ამთავრებს.
• უჭირს სიტყვების გახსენება, დამახინჯებულად გამოთქვამს: ხშირად ეძებს სიტყვებს, ერევა თანხმოვნები. შეიძლება ჰქონდეს მდარე არტიკულაცია – თითქოს არ აყალიბებს გარკვეულ ბგერებს სწორად.
• დაბნეულობა მიმართულებასა და სივრცეში: ხშირად ერევა მარჯვენა და მარცხენა. ვერ მიჰყვება ხაზებს წერისას,
• დაბალი თვითშეფასება: ადვილად ნებდება. ხშირად ამბობს, რომ ყველაფერი ურჩევნია მეცადინეობის პროცესს.
• ხშირად ავიწყდება ინსტრუქციები და დავალებები: ყურადღებით მოუსმინა, მაგრამ სწრაფად ივიწყებს ან ერევა. მასწავლებელს სჭირდება გამეორება და დამხმარე ინსტრუქციები.
თუ ეს ყველაფერი უკვე გამოვრიცხეთ, მაშინ სხვა მიზეზების ძიებაზე გადავდივართ.
დასწავლის სირთულის მიზეზებს შორის აუცილებლად გამოვრიცხავდი ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტივობის სინდრომს.ამ შემთხვევაში დასწავლის სირთულე არაპირდაპირი მიზეზითაა განპირობებული. მიუხედავად იმისა,რომ ამ მდგომარეობის დროს ინტელექტუალური პრობლემები არაა, ყურადღების კონცენტრირების სირთულემ, ადვილად გადართვადობამ, მუშა მეხსიერების პრობლემებმა, მოტივაციის დეფიციტმა, დაგეგმარების პრობლემებმა, „კოგნიტიურმა ქარიშხალმა“- ყველაფერმა ერთად შესაძლოა გამოიწვიოს დასწავლის სირთულეები და არა ინტელექტუალურმა სირთულეებმა, რაც ADHD-ის დროს ყველაზე ნაკლები პრობლემაა და ძალიან იშვიათად გვხვდება.
დასწავლის სირთულის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზი შესაძლებელია გახდეს მიუხედავი( გამორჩა მშობელს ადრეულ პერიოდში) ენობრივი განვითარების დარღვევები. საქართველოში ენობრივ განვითარების დარღვევები ნაკლებად ამოცნობადი კატეგორიაა. ენობრივი განვითარების შეფერხებას, საუბრის დაგვიანებას ყოველთვის სხვადასხვა უმნიშვნელო და რეალობასთან შეუსაბამო მიზეზით ხსნიან და არ აქცევენ ყურადღებას ენობრივი განვითარების ასაკობრივ ნიშანსვეტებს, რომლებიც განვითარების სხვადასხვა ეტაპზე უნდა შეიძინოს ბავშვმა. თუ ასაკობრივად არ მოხდა მათი შეძენა, ბავშვს მომავალში აუცილებლად ექნება დასწავლასთან დაკავშირებული სირთულეები.
ენის განვითარებითი დარღვევები,სხვადასხვა სირთულეებით ვლინდება. თუ ბავშვს უჭირს შინაარსობრივად გაიგოს ვერბალურად გაშუალებული ინფორმაცია, დასმული შეკითხვის შინაარსი, მიცემული დავალების შინაარსი, რაც პატარა ასაკში შეუმჩნეველი შეიძლება იყოს, ეს სირთულე ათმაგი სიმწვავით იჩენს თავს ასაკის მატებასთან ერთად,როგორც კი ბავშვის მიმართ საზოგადოების მოთხოვნები გაიზრდება, რაც უფრო დიდია ბავშვი მით უფრო რთული ლექსიკით ვესაუბრებით და მეტად რთული დავალებების შინაარსის გაგებასაც მოვითხოვთ მათგან. არ მესმის შინაარსი, ვერ გავცემ ადეკვატურ პასუხს, ვერ შევასრულებ დაკისრებულ დავალებას, გამიჭირდება ამოცანის პირობის გაგება, წაკითხულის შინაარსის გააზრება. ასევე თუ ექსპრესიული ენის თვალსაზრისით მაქვს სირთულეები: არ მაქვს საკმარისი ლექსიკური მარაგი, ვერ ვიყენებ გრამატიკის წესებს, გამიჭირდება თხრობა, ვერ მივყვები ლოგიკურ ჯაჭვს, ჩემი პასუხების შინაარსი, ასაკის შესაბამისი სირთულის ვერ იქნება.
ძალიან ხშირადაა, ენის განვითარების სირთულეები შერწყმულია დასწავლის სპეციფიკურ დარღვევების ჯგუფთან, რაც კიდევ უფრო ართულებს დასწავლის პროცესს.
მაშინ, როცა ხშირია დასწავლის სირთულეები, ქცევითი პრობლემები, მასწავლებელი ამბობს, რომ ეს ბავშვის ბრალია, ბავშვის მშობელი კი ამბობს, რომ ეს მასწავლებლის ბრალია, რადგან მაგალითად, ის საკმარისად ვერ ახერხებს ბავშვების გაკვეთილით დაინტერესებას, ასევე, მშობელი შეიძლება, არ აღიარებდეს, არ იღებდეს იმას, რომ ბავშვს გარკვეული პრობლემა აქვს და ა.შ. ასეთ დროს, საიდან უნდა დავიწყოთ პრობლემაზე მუშაობა, რომ ვიპოვოთ გამოსავალი და მივიღოთ შედეგი?
კი ბატონო, თქვენ ბანალური მანკიერი წრის შემთხვევებს აღწერთ, როდესაც არასწორი კომუნიკაციის გამო პრობლემა ვერ გვარდება და საბოლოო ჯამში მანკიერი წრის გარღვევას შესაძლოა წლები დასჭირდეს, არადა რაც უფრო გვიან დავადგენთ მიზეზს და რაც უფრო დავაგვიანებთ ბავშვისთვის დახმარების გაწევას, მით მეტი სირთულეა მოსალოდნელი და არა მხოლოდ სწავლასთან, არამედ უკვე ქცევის მართვასთან დაკავშირებითაც.
როგორი კონფლიქტური სიტუაციაც არ უნდა იყოს, მნიშვნელოვანია კონსენსუსი, რომ ბავშვი გადამისამართდეს შეფასებისთვის ნეიტრალურ სივრცეში,სადაც კომპეტენტური სპეციალისტებისგან დაკომპლექტებული მულტიდისციპლინური გუნდი მოახდენს ბავშვის შეფასებას, დაადგენს სირთულეების მიზეზს/მიზეზებს და სკოლისა და სახლის გარემოსთვის შეიმუშავებს პრობლემის მართვის რეკომენდაციებს. რეკომენდაციების ეფექტურად შესასრულებლად პედაგოგების და მშობლების ურთიერთთანამშრომლობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ურთიერთშეთანხმებული კომუნიკაციის გარეშე როგორი უმნიშვნელო მიზეზიც კი არ უნდა იყოს, მისი აღმოფხვრა გაჭირდება ბავშვთან მიმართებაში.
კიდევ ერთი დიდი სირთულეა ბავშვის მეცადინეობაზე დათანხმება. კი, მშობლების ნაწილი ამბობს, რომ ბავშვს აქვს პასუხისმგებლობა, რომ ის სკოლაში მოუმზადებელი ვერ წავა, მიუხედავად იმისა, რომ სწავლა მაინც ყველა ბავშვს ეზარება, თუმცა არსებობს ბავშვთა ნაწილი, რომლებთანაც ძალიან რთულია მოლაპარაკება მეცადინეობაზე, მათთვის არ არსებობს მოტივატორი, თუნდაც მაღალი ქულები და სხვა. აქ რა ტიპის პრობლემასთან გვაქვს საქმე?
მგონი, ძალიან ბევრი ადამიანის პრობლემას შევეხეთ…
დამეთანხმებით ალბათ,რომ ნებისმიერი აქტივობა, რომელიც ჩვენგან განსაკუთრებული ძალისხმევის ჩადებას მოითხოვს, ავტომატურად იწვევს ნეგატიურ განწყობას. ბავშვიც და ზრდასრულიც — ცდილობს თავი აარიდოს ისეთ აქტივობებს, სადაც დიდი ენერგიის დახარჯვა სჭირდებათ. სწავლა სწორედ ასეთი პროცესია. ბავშვს აქვს ბევრი უფრო სასიამოვნო ალტერნატივა და სრულიად ლოგიკურია, რომ სწავლა მისთვის მიმზიდველი არ იყოს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ის რთულია ან მოსაბეზრებლად აღიქმება.
ამას ემატება წინა გამოცდილება. თუ ბავშვს არაერთხელ ჰქონია განცდა, რომ რაც არ უნდა ეცადოს, მაინც ვერ გამოსდის, ცუდ ნიშანს იღებს ან სხვებზე უარესად გამოსდის, ნელ-ნელა უყალიბდება დამოკიდებულება – „რა აზრი აქვს?“. ასეთ დროს მცდელობა კარგავს მნიშვნელობას, სწავლა კი მარცხის წყაროდ აღიქმება. ეს არ არის სიზარმაცე – ეს არის დასწავლილი უსუსურობა და საკუთარი შესაძლებლობებისადმი რწმენის დაკარგვა.
ძალიან დიდ როლს თამაშობს ისიც, როგორი ემოციები ახლავს მეცადინეობის პროცესს. როცა სწავლა დაკავშირებულია ყვირილთან, ნერვიულობასთან, გაღიზიანებასთან და მუდმივ კრიტიკასთან, ბავშვისთვის მეცადინეობა ემოციურად საფრთხის შემცველ სივრცედ იქცევა. ასეთ პირობებში ბავშვი სწავლას გაურბის არა იმიტომ, რომ არ უნდა, არამედ იმიტომ, რომ თავს იცავს. თავის არიდება ხდება შფოთვის შემცირების გზა.
რაც უფრო მეტად უჭირს ბავშვს სწავლა, რაც უფრო მეტ ძალისხმევას მოითხოვს პროცესი და რაც უფრო მეტი ნეგატიური გამოცდილება აქვს დაგროვილი, მით უფრო აჭიანურებს მეცადინეობის დაწყებას.
ამ ფონზე მშობელი ხშირად ამბობს, რომ ყველაფერს აკეთებს – უხსნის, ცდილობს მოტივაცია შეუქმნას, მაგრამ თუ ამას ზედმეტად აქტიურად და გადაჭარბებულად აკეთებს, პროცესი ხშირად არაეფექტურია და ბავშვის მხრიდან წინააღმდეგობასაც აძლიერებს.
აქ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სტრუქტურას. როდესაც ოჯახს აქვს დაწესებული სამეცადინო დრო ბავშვისთვის – მაგალითად, ყოველდღე 4-დან 6 საათამდე და ეს წესი დაცულია მიუხედავად გარემოებებისა, ბავშვს უჩნდება პროგნოზირებადი და უსაფრთხო ჩარჩო. ეს არ ნიშნავს, რომ პროცესი ყოველთვის მარტივი ან იდეალური იქნება, მაგრამ სისტემატურობა და თანმიმდევრულობა არის აკადემიური წინსვლის აუცილებელი პირობა.
რომ შევაჯამოთ: როცა ბავშვს ვერ ვსვამთ სამეცადინოდ, უმეტეს შემთხვევაში საქმე გვაქვს ნეგატიურ სასწავლო გამოცდილებასთან და არასტრუქტურირებული პროცესისგან თავის არიდებასთან!!!

ბავშვებთან, რომელთაც გვიან დაუდგინდათ ჰიპერაქტივობის სინდრომი, ყურადღების დეფიციტი ან ჯერ არც დადასტურებიათ, არსებობს თუ არა რაიმე ტიპის გამოსავალი სასწავლო პროცესში აქტიური ჩართულობის ნაწილში? კავშირშია თუ არა ეს პრობლემა ინტელექტთან, რომლის შეფასების აუცილებლობაზეც ისაუბრეთ ?
რომ შევაჯამოთ,ზემოთამოთვლილის გათვალისწინებით: ბავშვებს და მოზარდებს ერთმნიშვნელოვნად ექმნებათ პრობლემები აკადემიური მოსწრების თვალსაზრისით, ემოციური დისრეგულაციის და იმპულსურობის გამო უჭირთ ურთიერთობები თანატოლებთან.ავლენენ ოპოზიციურ-გამომწვევ ქცევებს,ხდებიან მუდმივი შენიშვნის ობიექტები გარშემომყოფების მხრიდან, შესაბამისად აქვთ დაბალი თვითშეფასება.მათ უჭირთ ორგანიზებული და მიზან-მიმართული მოქმედებების შესრულება, აქვთ მომატებული შფოთვა. შესაბამისად ათმაგი ძალისხმევა სჭირდება საქმეში წარმატებულობისთვის.
თქვენ შეკითხვაზე პასუხად: ამ ბავშვებს ინტელექტის მხრივ სირთულეები ძირითადად არ აქვთ.
მათი თავის ტვინი განსხვავებულად მუშაობს, შესაბამისად ადეკვატური განვითარებისა და ეფექტური სწავლებისთვის სჭირდებათ მოდიფიცირებული გარემო. ამ სინდრომის დროს სირთულეები ფონად გასდევს ადამიანის ცხოვრებას და სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი ისწავლოს საზოგადოებამ თანაცხოვრება ნეირომრავალფეროვნებით ადამიანებთან ერთად. ADHD ( ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტივობის სინდრომი)-ის დროს ოჯახის წევრების და სასკოლო პერსონალის ინფორმირება მდგომარეობის შესახებ, ფსიქოგანათლება მდგომარეობის შინაარსთან დაკავშირებით, გარემოს ადეკვატური მოდიფიცირება სამეცადინო პროცესის და მათი ქცევის ადეკვატურად სამართავად უაღრესად მნიშვნელოვანია.
რა უნდა იყოს მთავარი ინდიკატორი მშობლისთვის, რომ მან აღარ გადადოს სპეციალისტთან ვიზიტი და დროულად მოახდინოს ბავშვის შეფასება, მასწავლებლის ხშირი საყვედურები თუ მაგალითად, დაბალი ქულები?
რეალურად, ყველაფერი ერთად. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი მარკერი დაბალი ქულებია, თუმცა ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია პედაგოგის ჩივილიც, ბავშვის მდგომარეობასთან დაკავშირებით, რადგან ის ბავშვს განიხილავს სხვა კლასელებთან მიმართებაში. მესამე მნიშვნელოვანი მარკერი არის ქცევა და ის ემოციური ფონი, რომელიც სამეცადინო პროცესს უკავშირდება. ძალიან მნიშვნელოვანია, მშობელი დააკვირდეს, ბავშვი ხშირად ხომ არ ამბობს უარს სკოლაში წასვლაზე, რამდენად სტრესული და ემოციურია, როდესაც სწავლაზე მსჯელობენ, რატომ გადაავადებს ბავშვი მეცადინეობის პროცესს. ბევრი ისეთი დეტალია, რომელზეც მშობელმა ყურადღება უნდა გაამახვილოს.
სამწუხაროდ, არის შემთხვევები, როდესაც თავად მასწავლებელს უჭირს ბავშვისთვის მოტივაციის მიცემა, ძალიან უჭირს თემის სწორად გადმოცემა, მიწოდება, აქვთ არასწორი კომუნიკაცია, არასწორი შეფასებები და ა.შ. ასეთ შემთხვევაში, როგორ უნდა მივხვდეთ, მასწავლებელი აჭარბებს თუ ბავშვს მართლაც აქვს პრობლემები? როდის შეიძლება ვთქვათ, რომ მასწავლებელსაც აქვს გარკვეული პრობლემები?
ჩვენ უკვე ვისაუბრეთ დასწავლის სირთულეების შესაძლო მიზეზებზე და წინაპირობებზე და თუ შევაფასებთ ბავშვს და ამ ჩამოთვლილ მიზეზთაგან უბრალოდ არცერთი გამოვლინდება, მაშინ უკვე საკლასო პროცესში გარემოებების განხილვამდე მივდივართ და ზუსტად აქ ჩნდება კითხვა, რატომ არ არის მოტივაცია, რატომ არის ასეთი ნეგატივი სკოლასთან დაკავშირებით, რატომ არის გარკვეული სირთულეები…
ცალკე თემაა მოტივაციის, ყურადღების დეფიციტის არადიაგნოსტიკური მიზეზები, ასევე საკლასო გარემოს მოდიფიცირების აუცილებლობა.
ზოგადად, სკოლის ასაკის ბავშვები საურთიერთოდაც საკმაოდ რთულნი არიან, ყველასთან მარტივი არ არის მოლაპარაკება, მოტივაცია და ა.შ. თქვენი გადმოსახედიდან, რა აძლევს ამ ბავშვებს ყველაზე დიდ მოტივაციას, რა არის მათთან მუშაობის საუკეთესო სტრატეგია, რომ ჩვენ თან ვიმეგობროთ მათთან და თან მოვერიოთ პრობლემებს?
ალბათ, არაფერს ახალს არ ვიტყვი ამ შემთხვევაში, უბრალოდ ხაზგასმით გამოვყოფ ჩემთვის მნიშვნელოვან ორ ძირითად ფაქტორს, პირველი, სტრუქტურა, რომელიც უნდა არსებობდეს საკლასო გარემოში, მკაფიო და თანმიმდევრული წესები ბავშვებისთვის უსაფრთხოების განცდას ქმნის. როცა ბავშვმა ზუსტად იცის, რა არის ნებადართული, რა – არა და რა შედეგი მოჰყვება მის ქცევას, მისი შფოთვა იკლებს და კონცენტრაცია იზრდება. ასეთ გარემოში ქცევითი პრობლემებიც ნაკლებად ჩნდება.
და მეორე, როგორი მრავალფეროვანიც არ უნდა იყოს კლასი, მაინც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პედაგოგმა მეტ-ნაკლებად გაითვალისწინოს ბავშვის ინდივიდუალური შესაძლებლობები და მოთხოვნები. მხოლოდ წესები საკმარისი არ არის. მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი ნაწილი ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებაა. ბავშვებს სჭირდებათ სამი ძირითადი რამ: არჩევანის განცდა, საკუთარი შესაძლებლობების რწმენა და პოზიტიური ემოციური კავშირი მასწავლებელთან. როცა მასწავლებელი ან აღმზრდელი ბავშვს აძლევს არჩევანს, ამჩნევს მის პროგრესს და არა მხოლოდ შეცდომებს, ბავშვი ბევრად უფრო ჩართული და მოტივირებული ხდება.როცა ზრდასრულები ყურადღებას ამახვილებენ ბავშვის ძალისხმევაზე და არა მხოლოდ შედეგზე, ბავშვები უფრო მედეგნი ხდებიან სირთულეების მიმართ. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია განსხვავებული დასწავლის ტემპისა და შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის.
ამ ყველაფრიდან გამომდინარე, საუკეთესო შედეგს სწორედ ბალანსი იძლევა – მკაფიო სტრუქტურა და წესები ერთის მხრივ და ინდივიდუალური მიდგომა და ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინება მეორე მხრივ. ერთი შეხედვით ეს ყველაფერი ბანალურად ჟღერს, თუმცა უკვე გამოგონილ ველოსიპედს ხელახლა ვერ გამოვიგონებთ.