LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ უფუჭდება ბავშვს კბილები ასე სწრაფად? – სტომატოლოგი ლიკა მანია კარიესის რისკებსა და პრევენციაზე გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“

110
ლიკა-მანია

„რა ასაკში უნდა მოხდეს პირველი ვიზიტი ბავშვთა სტომატოლოგთან, რამდენად მნიშვნელოვანია გენეტიკური განწყობა პირის ღრუს პრობლემებთან მიმართებაში და როგორია რისკჯგუფები, კავშირშია თუ არა კარიესი და ტკბილი საკვები, რას გულისხმობს პირის ღრუს ჰიგიენა“ – ამ და სხვა საკითხებზე ნატა ხარაშვილის გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ ბავშვთა და მოზარდთა სტომატოლოგმა – ლიკა მანიამ ისაუბრა.

ქალბატონო ლიკა, რა ასაკში უნდა მოხდეს პირველი ვიზიტი ბავშვთა სტომატოლოგთან?

რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, პირველი ვიზიტი სტომატოლოგთან უნდა შედგეს ჯერ კიდევ მაშინ, როცა ჯერ შეიძლება, ბავშვს სარძევე კბილი ამოჭრილიც კი არ ჰქონდეს, სადღაც 6 თვიდან 1 წლამდე ვადაში.

ამ დროს, შეიძლება, არანაირი სტომატოლოგიური დაავადება არ ფიქსირდებოდეს ბავშვის პირის ღრუში, მაგრამ პირველი ვიზიტი მაინც აუცილებელია, რადგან ეს არის პერიოდი, როდესაც ხდება რისკების შეფასება, პრევენციული ღონისძიებების დაგეგმარება და ეს პრევენციული ღონისძიებები ხშირად ინდივიდუალურად არის მორგებული ბავშვზე, მისი ცხოვრების წესზე, ასევე ხდება მშობლის პრევენციული განათლება, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ინფორმირებული მშობელი ყოველთვის გეხმარება ბავშვის მართვაში.

თავად პრევენციული ღონისძიებები არის ძალიან მარტივი, ძალიან მინიმალურად ინვაზიური, მარტივი შესასრულებელი და ადაპტირებული ბავშვის ფსიქიკაზე, შესაბამისად, ბავშვს უყალიბდება პოზიტიური დამოკიდებულება სტომატოლოგიური პროცედურების მიმართ.

მეორე მხრივ, რომ გავაანალიზოთ, პრევენციული ღონისძიებების ჩატარების შემთხვევაში, თვითონ ხელმისაწვდომობა სტომატოლოგიური მანიპულაციების მიმართაც უკეთესია, ანუ უფრო იაფი ჯდება პირის ღრუს მოვლა, როცა პრევენციული ღონისძიებები ჩატარებული გაქვს. ამაზე კვლევებიც კი არის ჩატარებული. შეისწავლეს მაღალი რისკის მქონე 1 წლის ბავშვები და მათი შემდგომი პირის ღრუს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ხარჯები, ყველა იმ ბავშვს, ვინც ერთ წლამდე მიმართა ექიმ-სტომატოლოგს და ეს გაწერილი პრევენციული ღონისძიებები გამოიყენა, მათ ძალიან დაბალი ხარჯები ჰქონდათ პირის ღრუს მოვლასთან დაკავშირებით, ხოლო მათ, ვინც გვიანი ვიზიტები დააფიქსირეს სტომატოლოგთან, დავუშვათ, 3-4 წლის ასაკში,  უფრო მეტი ხარჯი ჰქონდათ.

შესაბამისად, როგორც ფსიქოლოგიური, ისე ფიზიკური და ასე ვთქვათ, ბიუჯეტური კუთხითაც, ნაადრევი ვიზიტი სტომატოლოგთან, ერთ წლამდე ასაკში, ყველანაირად უფრო გამართლებული და მომგებიანია.

ახსენეთ მაღალი რისკჯგუფი, რას გულისხმობს აღნიშნული ტერმინი და როგორ შეიძლება განისაზღვროს, მიეკუთვნება თუ არა ბავშვი მაღალ რისკჯგუფს, მაშინ, როცა ჯერ კიდევ არ არის ყველა კბილი პირის ღრუში?

ზოგადად, კარიესი ეს გახლავთ მულტიფაქტორული  დაავადება. ჩვენ ვიცით, რომ კარიესს იწვევს გარკვეული ბაქტერიების ჯგუფი, ბიოფილმი, რომელშიც ერთიანდებიან ეს ბაქტერიები, წარმოქმნიან მჟავებს და ა.შ. , მაგრამ ერთმნიშვნელოვნად, არის უამრავი რისკფაქტორი, რომლებიც მუშაობენ კომბინირებულად, ერთდროულად და ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია.

მე შემიძლია, ჩამოგითვალოთ ყველაზე პოპულარული რისკფაქტორები, ეს არის მშობლის ჯანმრთელობა, მშობლის ორსულობა, ორსულობის დროს გადატანილი დაავადებები, ანტიბიოტიკოთერაპიები, ბავშვის ახალშობილობის პერიოდში გადატანილი დაავადებები, მიღებული მედიკამენტები, მშობლის პირის ღრუს ჯანმრთელობა, მნიშვნელოვანია, თუ როგორი პირის ღრუთი ხვდება მშობელი ახალშობილ ბავშვს, რადგან მოგეხსენებათ, ბავშვი სტერილური პირის ღრუთი იბადება და მისი პირველი დასახლება მიკრობებით ხდება სამშობიარო გზების გამოვლის მომენტში და გარემოსთან კონტაქტში, ანუ კარიესოგენული ბაქტერიების პირველი კოლონიზაცია ხდება მაშინ, როცა დედა კოცნის ბავშვს, როცა კოვზს, მაწოვარას იდებს პირში, როცა საერთო პირსახოცით სარგებლობენ, როცა ლოგინში უწევს ბავშვს, ანუ ნერწყვით პირველი ვერტიკალური ტრანსმისია ხდება მშობლიდან ბავშვზე.

გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია სხვა ოჯახის წევრებიც, ამასაც ყურადღება უნდა მიექცეს, მაგალითად, მნიშვნელოვანია, თუ როგორი პირის ღრუ აქვს ჩვენს ძიძას, რადგან ჰორიზონტალური ტრანსმისიის გზებიც არსებობს და ძიძისგან, ბებია-ბაბუებისგან, და-ძმებისგან, შინაური ცხოველებისგანაც კი შესაძლებელია, რომ კარიესთან ასოცირებული მიკრობები გადაეცეს ახალშობილს.

ახალშობილის იმუნიტეტი ჯერ ხომ არ არის ჩამოყალიბებული და პირველადი დასახლება ხდება პირველი 5 თვის განმავლობაში და ეს პირველი 5-6 თვე არის განსაკუთრებულად კრიტიკული, როცა პირველი ბიოცენოზი ყალიბდება ბავშვის პირის ღრუში.

შესაბამისად, რისკფაქტორად ითვლება მშობლების და ოჯახის წევრების პირის ღრუს ჯანმრთელობა, თუ ისინი აქტიურ სტატუსში არიან, აქტიურ კარიესებს ატარებენ, ეს ძალიან ცუდია.

ასევე, რისკფაქტორებში ერთიანდება მთელი რიგი კლინიკური კლინიკური რისკფაქტორები, სამედიცინო რისკფაქტორები.

რისკფაქტორად შეიძლება, განვიხილოთ მიგრაცია, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა.

რისკფაქტორი შეიძლება, იყოს  ორთოდონტიული მკურნალობის პერიოდი. თუ ბავშვი, მოზარდი იმყოფება  ორთოდონტიული მკურნალობის პერიოდში, ეს უკვე რისკფაქტორად განიხილება, ვინაიდან მას განსაკუთრებული მოვლა, სხვანაირი მონიტორინგი, სპეციალისტთან უფრო ხშირი მომართვიანობა სჭირდება.

ასევე, აღსანიშნავია იგივე კვებასთან და ჰიგიენასთან ასოცირებული რისკფაქტორები.

კვებადი ჰიგიენა არ არის მხოლოდ ის, რომ შაქარი არ მივირთვათ და კბილები დღეში ორჯერ გავიხეხოთ. აქ ძალიან ბევრი სხვა ფაქტორი მუშაობს და ეს ყველაფერი მოიაზრება მშობლის პრევენციულ განათლებაში და ჩვენ ამაზე ბევრს ვსაუბრობთ ხოლმე.

ჩვენ ბავშვობიდან გვესმის ფრაზა – „არ მიირთვა ბევრი ტკბილეული, კარიესი დაგემართება“. მართლაც ასეთი მჭიდრო კავშირია კარიესსა და ტკბილეულს შორის? კიდევ რა კბილებისთვის მავნე პროდუქტები შეგიძლიათ, რომ გამოარჩიოთ?

კვებასთან ასოცირებულ ჩვევებს რაც შეეხება, თუ 6 თვის და 1 წლის ბავშვებზე დავიწყებთ საუბარს, პირველი, რაზეც ამ ასაკში ვსაუბრობთ, მომართვიანობის დროს, ეს არის ძუძუთი კვება, რაც სასურველია, რომ 1 წლის ასაკში უკვე შეწყდეს, ვინაიდან დედის რძე მოიაზრება, როგორც დამტკბარი სითხე  და წოვის პროცესში ეს დამტკბარი სითხე შეხებაშია ბავშვის ფრონტალურ კბილებთან, ვინაიდან ერთი წლის ასაკში მათ გააჩნიათ ფრონტალური კბილები და შესაბამისად, ვითარდება ადრეული ბავშვთა კარიესი.

ერთ წლამდე ასაკში დედის რძით ბავშვს გადაეცემა ყველა ის სასარგებლო ნივთიერება, რაც მას სჭირდება, ერთი წლის შემდეგ, ეს უკვე ფსიქოლოგიური პლაცებოა იმისთვის, რომ მშვიდად ეძინოს ბავშვს.

მშობლები ხშირად წუწუნებენ – „როგორ ჩავხსნა ძუძუთი კვება…“, მაგრამ ეს აუცილებელია პირის ღრუს ჯანმრთელობისთვის.

სამ წლამდე, სასურველია, რომ ბავშვს ტკბილი გასინჯული არ ჰქონდეს. სასურველია, რომ ორ წლამდე ბავშვი არ იღებდეს მჟავე წვენებს, ვინაიდან მჟავე გარემო იწვევს დეკალცინაციას.

მოგეხსენებათ, პირის ღრუში მუდმივად ხდება დემინერალიზაციის და რემინერალიზაციის პროცესები. დემინერალიზაცია ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც გამჟავიანებულია პირის ღრუ და მარტივად ფერმენტირებადი ნახშირწყლები სწორედ ამას აკეთებენ, ამჟავიანებენ პირის ღრუს, ხოლო რემინერალიზაცია ხდება მაშინ, როდესაც ტუტე რეაქციაა პირის ღრუში. ეს პროცესები კი გამუდმებით მიმდინარეობს.

ძალიან მნიშვნელოვანია ხშირი სუსნაობა, კვებებს შორის ინტერვალის არ დაცვა. 3 საათიანი ინტერვალი, რაც უნდა ჰქონდეს ბავშვს კვებებს შორის, თუ არ არის დაცული, ესეც რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, ვინაიდან ნერწყვი, რომელიც აქტიური სისტემა არის და ამ მჟავე გარემოს ანეიტრალებს და ატუტიანებს, ვერ ასწრებს მუშაობას, შესაბამისად, სულ მჟავე გარემოა ბავშვის პირის ღრუში, სულ დეკალცინაცია, დემინერალიზაცია მიდის და რემინერალიზაციას უკვე ვეღარ ასწრებს, შესაბამისად, კარიესი ყოველთვის პროგრესირებს.

ამ პატარ-პატარა ნიუანსების დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია.

ამ ტიპის რეკომენდაციების დაცვა მათთვის არის მნიშვნელოვანი, ვინც კარიესის განვითარების რისკჯგუფში შედის თუ ყველასთვის?

რა თქმა უნდა, ეს უფრო მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც კარიესის განვითარების მაღალ რისკჯგუფში შედის. თუ ბავშვი მაღალ რისკჯგუფშია, რა თქმა უნდა, კატეგორიულად ვკრძალავთ ამ რაღაც-რაღაცებს. თუ საშუალო ან დაბალი რისკის მქონე ბავშვია, მაშინ ცოტა უფრო ლოიალურები ვართ ხოლმე, მაგრამ ამ რისკჯგუფების გათვალისწინება და შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა მნიშვნელოვანია.

რას გულისხმობს ბავშვის პირის ღრუს ჰიგიენა?

მოგეხსენებათ, ეს არის ინდივიდუალური ჰიგიენა, როდესაც ბავშვი დღეში ორჯერ, სახლის პირობებში იხეხავს პირის ღრუს. 6 წლამდე მას მშობელი ეხმარება, 6 წლის შემდეგ კი, მშობლის აქტიური კონტროლით ხდება ეს პროცესი. ასევე, არსებობს პროფესიული ჰიგიენა, როდესაც წელიწადში მინიმუმ ორჯერ ბავშვი მოგვმართავს ჩვენ პროფესიულ ჰიგიენებზე.

აქაც შეიძლება, რომ ჩავშალოთ საკითხები, თუ რა ასაკისაა ბავშვი, როგორ რისკჯგუფს მიეკუთვნება და ამის მიხედვით მოხდეს პროფესიული თუ ინდივიდუალური ჰიგიენის დაგეგმარება.

ჰიგიენას მიეკუთვნება ის ფაქტორიც, რომ მხოლოდ ჯაგრისი საკმარისი არ არის, აქ არის სავლებები, რომლებიც ინდივიდუალურად, ასაკის მიხედვით და ა.შ. ინიშნება.

ასევე, აღსანიშნავია ფტორის შემცველობა, როგორ ეკოლოგიურ ზონაში იმყოფება ბავშვი, ფტორით მდიდარ ქვეყანაში და რაიონში ცხოვრობს თუ პირიქით, ფტორით ღარიბ რაიონში ცხოვრობს. ამის მიხედვით ხდება ფტორის შემცველი პასტების შერჩევა.

დაბადებიდან, როგორც კი პირველი კბილი ამოიჭრება, ჩვენ ვნიშნავთ გარკვეული შემცველობის ფტორის პასტებს, გარკვეული დოზით, რომელსაც ბრინჯის მარცვლის ზომა უნდა ჰქონდეს. ორიდან ექვს წლამდე უნდა ჰქონდეს ბარდის მარცვლისოდენა მოცულობა, რომ საჭირო რაოდენობის ფტორი მიიღოს კბილებმა, შემდეგ კი, უფრო მეტი, ანუ ამის დოზირება ხდება.

ჩვენ ვიზიტებზე ამ თემაზე ბევრს ვსაუბრობთ და ვარჩევთ შესაბამის ჯაგრისებს და პირის ღრუს მოვლის საშუალებებს.

ხშირად, მშობლები თვითნებურად ნიშნავენ მოვლის საშუალებებს, რაც, რა თქმა უნდა, არასწორია. ბავშვისთვის ჰიგიენური საშუალებები სწორი დოზირებებით უნდა შეირჩეს.

რას ვაკეთებთ, როცა პრევენციული ზომები უკვე დაგვიანებულია და სტომატოლოგთან მაშინ მივედით, როცა უკვე გაჩნდა კარიესი ან წამოვიდა ტკივილი? რა ხდება დაგვიანებული ვიზიტის შემთხვევაში, როგორ მართავთ სიტუაციას?

მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრს ვსაუბრობ იმაზე, რომ რაც შეიძლება ადრე უნდა მოხდეს ბავშვის პირველი ვიზიტი სტომატოლოგის კაბინეტში, მაინც არის დაგვიანებული ვიზიტები და მთელი რიგი პროფილაქტიკური ეტაპები არის ამოვარდნილი ბავშვის ცხოვრებიდან. ზოგჯერ, მშობელმა არც იცის, რომ უფრო ადრე უნდა მოეყვანა ბავშვი სპეციალისტთან, რომ უფრო ადრე უნდა მოესმინა ეს პრევენციული ღონისძიებები. ასეთ დროს, ვცდილობთ, რომ გამოვიყენოთ ბავშვის ქცევის მართვის მთელი რიგი ტექნიკები, იმის მიხედვით თუ როგორი დამოკიდებულება აქვს ბავშვს,  ნეგატიური, მკვეთრად ნეგატიური, პოზიტიური თუ მკვეთრად პოზიტიური, სტომატოლოგიური მანიპულაციის მიმართ.

როგორც გითხარით, უამრავი ტექნიკა არსებობს, მათ ყველას თავიანთი ჩვენებები და უკუჩვენებები აქვთ. ჩვენ ამ ყველაფერში ძალიან გვეხმარება ჩვენი ციფრული პროტოკოლები, ჩვენი აპარატურული მზაობა და ა.შ. , მაგრამ თუ ეს ყველაფერი შეუძლებელია და ძალიან დაგვიანებულია, მივმართავთ მკურნალობას ზოგადი ანესთეზიის ქვეშ, რაც „მკურნალობა ძილში“ ასე მოიხსენიება ლიტერატურაში და რაც გარკვეულ შემთხვევებში მართლაც ერთადერთი გამოსავალია.

რა შემთხვევაში იღებთ ანესთეზიის გამოყენების გადაწყვეტილებას და როგორ ხდება ბავშვის ანესთეზიისთვის მომზადება? ასევე, მინდა, ყურადღება გავამახვილოთ ბავშვის ქცევაზე სტომატოლოგის კაბინეტში, რადგან მშობლები ხშირად აღნიშნავენ, რომ ძალიან რთულია ბავშვის სტომატოლოგის კაბინეტში გაჩერება, რადგან ბავშვისთვის დიდია შიშის ფაქტორი.

აქ მშობლის როლი ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ ვესაუბრებით მშობლებს იმაზე, რომ ეს მეორე, მესამე ბავშვთან გაითვალისწინონ, რომ იქ უფრო სწორი მართვა წარიმართოს.

თუ მშობელი თვითონ არის შიშებით, ფობიებით განწყობილი სტომატოლოგიური მანიპულაციების მიმართ, თუ ბავშვს ადრეული ასაკიდანვე ესმის, რომ „ვაიმე, ნემსი მაქვს გასაკეთებელი“, „მეზარება სტომატოლოგთან მისვლა“ და ეს ნეგატიური განწყობები, ის პირველივე ვიზიტზე უკვე ნეგატიურად განწყობილი მოდის სტომატოლოგთან, ანუ ფსიქოლოგიური სტატუსის უკან რაღაც ბექგრაუნდი არის, ეს უბრალოდ მოწმენდილ ცაზე არ ხდება, მოწმენდილ ცაზე არ ეშინიათ.

თუ ბავშვი პირველად მოდის ჩვენთან და მას ოჯახში ძალიან დადებითი განწყობები აქვს, მას არაფრის არ ეშინია.

ჩვენ ვცდილობთ, ნელ-ნელა მივყვეთ პროცესს, ნელ-ნელა შევაპაროთ პროცედურები, რომ ეს ბავშვისთვის მტკივნეული არ იყოს და რომ მან ადაპტაცია მოასწროს.

ხშირად, პირველი შეხვედრა არის მხოლოდ ადაპტაციის ვიზიტი, მხოლოდ გაცნობა აპარატურის, უბრალოდ, რაღაც მულტფილმს ვაყურებინებთ ბავშვს, ვხვდებით მოსაცდელ ოთახში, რომ პირდაპირ აპარატურასთან არ ჰქონდეს ბავშვს შეხება და არ შეეშინდეს.

არსებობს „Tell-Show-Do“ ტექნიკა, როცა ჩვენ ვუყვებით ბავშვს, თუ რა უნდა გავაკეთოთ, ვაკეთებინებთ ამას მულაჟებზე, მერე კი უკვე თვითონ ვუკეთებთ პირის ღრუში. როცა ის უკვე ინფორმირებულია, თანახმაა ამ ყველაფერზე. მას ვაძლევთ არჩევანის უფლებას და ის თავს ლიდერად გრძნობს, რადგან თვითონ აკეთებს არჩევანს. შესაბამისად, ბავშვის მხრიდან არის მეტი ნდობა.

ბავშვის ქცევის მოდელირების მთელი რიგი ტექნიკები არსებობს და ხშირად ვთხოვ ხოლმე მშობლებსაც, რომ სახლშიც აყურებინონ შესაბამისი ვიდეოები, ისაუბრონ მხოლოდ პოზიტიურ ჭრილში და არა იმაზე, რომ „ნემსს გაგიკეთებენ“. შეშინება ყოვლად წარმოუდგენელი და დაუშვებელია.

იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი სამ წელზე ქვემოთ ასაკისაა და მას მრავლობითი დაზიანება აქვს პირის ღრუში, მაგალითად, აქვს 14- 16 კარიესი, ეს არის ადრეული ასაკის ბავშვთა კარიესი, რაც ცალკე დიაგნოზია და რაც ძალიან სწრაფი პროგრესით გამოირჩევა. ასეთ შემთხვევაში, უკვე გვიწევს, რომ ზოგადი ანესთეზიის ქვეშ ვუმკურნალოთ ბავშვს, დავაძინოთ და მივიღოთ მაქსიმალურად კარგი ხარისხი, ისეთი ხარისხი, რომ ეს კბილები ბავშვს ჰქონდეს მოცვლის ფიზიოლოგიურ ვადამდე.

ვიზიტზე ვარიგებთ მშობელსაც, თუ როგორ შეინარჩუნოს ეს ნამკურნალევი კბილები და როგორ მიიყვანოს მოცვლის ფიზიოლოგიურ ვადებამდე. 

თუ ბავშვს კარიესის მაღალი რისკფაქტორები აქვს, თუ აქვს გენეტიკური განწყობა, თუ ბავშვთა ასაკში ხშირად უფიქსირდება კარიესი, ეს ნიშნავს თუ არა იმას, რომ ცხოვრების შემდგომ ეტაპზე, მას მუდმივად ექნება კბილებთან დაკავშირებული პრობლემები?

დიახ, ნიშნავს.

თუ სარძევე თანკბილვაში კარიესის მაღალი ინტენსივობა ასოცირდება, არის მაღალი რისკის ფაქტორი იმისთვის, რომ მუდმივ თანკბილვაშიც მას ჰქონდეს კარიესები დიდი რაოდენობით, რადგან ბავშვს უკვე ჩამოყალიბებული აქვს შესაბამისი პათოლოგიური მიკრობები, შესაბამისი ბიოცენოზია პირის ღრუში ჩამოყალიბებული და აი ამ ფლორით ხვდება ბავშვი ახალ ამოჭრილ მუდმივ კბილს, შესაბამისად, ეს მიკრობი მიგრირდება და ასე ვთქვათ, სახლდება ამ ახალ ამოჭრილ კბილზეც და მასაც უქმნის საფრთხეს.

გარდა ამისა, ძალიან ხშირად, როცა ბავშვს პირის ღრუში აქვს ინფექციის კერები, ფისტულები, დაზიანებული სარძევე კბილები, ეს რისკია მთელი ორგანიზმის ჯანმრთელობისთვის, რევმატოიდული დაავადებების თვალსაზრისით, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების თვალსაზრისით, რადგან ის მთელს ორგანიზმში ვრცელდება, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი რისკია კუჭ-ნაწლავის სისტემისთვის, ზედა სასუნთქი გზებისთვის, ანუ ადგილობრივი, ქრონიკული ინფექციის კერა ბავშვის პირის ღრუში, ზოგადად, ითვლება, რომ დაუშვებელია.

უფრო მეტი რომ გვითხრათ ანესთეზიასთან დაკავშირებით…

ზოგად ანესთეზიას, ნარკოზს რომ ვახსენებთ, მშობლებს ეშინიათ, მაგრამ ეს ასე არ არის… პროცესი შემდეგნაირად არის აწყობილი, როცა ბავშვი მოდის კონსულტაციაზე ჩვენთან, კლინიკა „ბლიც დენტალში“, თუ ჩვენებებს აკმაყოფილებს და მას სჭირდება ზოგადი ანესთეზიის ქვეშ მკურნალობა, ჩვენ გვყავს კოლაბორაციული კლინიკები, „სტატუსი“ და „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი“, რომ მშობელს მეტი არჩევანის უფლება, მეტი კომფორტი ჰქონდეს. ზოგადი ანესთეზიის ქვეშ მკურნალობა სტაციონარულ პირობებში ტარდება. პაციენტი იგზავნება სტაციონარში, სადაც იკეთებს წინასაოპერაციო კვლევებს. უკვე აბსოლუტურად გამოკვლეული ბავშვისთვის ინიშნება ზოგადი ანესთეზიის ქვეშ ვიზიტი, რომელიც მთავრდება 2-3 საათში. შემდეგ, პოსტოპერაციული მონიტორინგი სადღაც 4-6 საათის განმავლობაში გრძელდება და საღამოს ბავშვი უკვე ეწერება ბინაზე. ანუ საკმაოდ კარგად აწყობილი სერვისია და ჩვენი პაციენტები ძალიან ხშირად სარგებლობენ ამ სერვისით, ყველანაირი გართულების გარეშე მიმდინარეობს, ანუ როგორც წესი, პოსტოპერაციული ტკივილები ბავშვს არ აქვს და მშობლები ძალიან კმაყოფილები არიან იმ კუთხით, რომ ერთ დღეში ხდება პრობლემის მოგვარება, მოწესრიგება და შემდეგ, რეკომენდაციების გაწევა, რომ ეს ეფექტი დიდხანს,  სარძევე კბილების მოცვლის ვადამდე შეინარჩუნონ. ეს ძალიან კომფორტული სერვისია, როგორც 3 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, ასევე იმ ბავშვებისთვის, რომელთაც აქვთ ნეგატიური გამოცდილება სტომატოლოგიური პროცედურების მიმართ, ასევე სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვებისთვის… ან ალერგიული ბავშვები, რომლებიც ადგილობრივ ანესთეზიას ვერ იკეთებენ. 

მოვლილი პირის ღრუ, ლამაზი კბილები მატებს თუ არა ბავშვებს თავდაჯერებულობას?

ნამდვილად.

ბავშვებს ძალიან სენსიტიური ფსიქიკა აქვთ, ძალიან მოწყვლადები არიან და ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ თავიანთ ვიზუალს.

ალბათ, გინახავთ, როგორ უხარიათ, როცა ეუბნებით „რა ლამაზი კაბა გაცვია“, „რა კარგად გამოიყურები“, ასევე უხარიათ, როცა ეუბნებით „რა ლამაზი, თეთრი კბილები გაქვს“, ალბათ, ესეც დადებითად მოქმედებს.

ბავშვები ძალიან ხშირად განიცდიან ბულინგს საბავშვო ბაღებში, პრე-სქულებში, სკოლაში იმის გამო, რომ მეგობარმა მიუთითა, თუ რატომ აქვს ასეთი შავი კბილები, ასეთი არასწორი თანკბილვა და სამწუხაროდ, ეს შეიძლება იყოს დაცინვის საგანიც კი, სოციუმში ინტეგრაციისთვის სავიზიტო ბარათი. ბავშვებს უჭირთ სოციალიზაცია, როცა ისინი განყენებულები და სტიგმატიზირებულები არიან იმის გამო, რომ გაშავებული კბილები აქვთ. მათ მენტალურ და ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობაზე ეს მნიშვნელოვნად მოქმედებს და ჩვენ ვინ ვართ?! ჩვენ ვართ ჩვენი ბავშვობა და მერწმუნეთ, ეს განწყობები და ეს დაბალი თვითშეფასება ამ ბავშვებს მერე მთელი ცხოვრების განმავლობაში გაჰყვებათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები