„რამდენად ხშირია ჯირკვლების გადიდება ბავშვებში და რა არის ამის უხშირესი მიზეზი, როდის არის გადიდებული ლიმფური ჯირკვლები საშიში, რას უნდა დავაკვირდეთ და როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ გარკვეული პერიოდის შემდეგ, გადიდებული ლიმფური ჯირკვლები არ ქრება, თუ პირიქით, ზომაში იზრდება და ამასთან, გამოხატულია მტკივნეულობაც…“ – ამ და სხვა თემებზე ნატა ხარაშვილის პოდკასტში „სტუმრად ექიმთან“ „თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის“ პედიატრიული მიმართულების ხელმძღვანელმა, „გივი ჟვანიას სახელობის კლინიკის“ თერაპიული სამსახურის უფროსმა, პედიატრმა – ეკა უბერმა ისაუბრა.
ქალბატონო ეკა, რამდენად ხშირია ჯირკვლების გადიდება ბავშვებში და რა არის ამის უხშირესი მიზეზი?
ძალიან ხშირია მომართვიანობა მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ლიმფური კვანძებია გადიდებული. თავიდანვე მინდა ვთქვა, რომ ბავშვებში ლიმფური კვანძების, ანუ ლიმფური ჯირკვლების გადიდება ძალიან ხშირი მოვლენაა და უხშირეს შემთხვევაში, ის არის თვითლიმიტირებადი, კეთილთვისებიანი, რომელიც უხშირეს შემთხვევაში, განსაზღვრავს ჯანმრთელ, ჯანსაღ იმუნურ რეაქციას გარკვეული გამღიზიანებლების მიმართ, განსაკუთრებით, ბავშვთა, 2-დან 10-წლამდე ასაკში.
მოზრდილებში იმუნური პასუხი ცოტა სხვანაირია და შესაბამისად, ლიმფური ჯირკვლების გადიდება, ანუ ლიმფადენოპათია, ხშირ შემთხვევაში, უფრო მეტად დაკავშირებულია სხვა პრობლემებთან, ვიდრე კეთილთვისებიან, განვლად, თვითლიკვიდირებად პრობლემასთან.

ფაქტია, რომ ბანალურ ვირუსულ ინფექციას ყოველთვის არ ახლავს ლიმფური ჯირკვლების გადიდება, მოხდება თუ არა ამ ტიპის ცვლილება ბავშვის ორგანიზმში დამოკიდებულია იმაზე, თუ რა შტამის ვირუსთან გვაქვს შეხება? როგორ შეიძლება მშობელმა, რომელსაც არ აქვს სამედიცინო განათლება, თავად განსაზღვროს ლიმფური ჯირკვლების გადიდება ნორმის ფარგლებშია და უკავშირდება უკვე წასულ, ელიმინირებულ ვირუსს თუ ეს არის რაიმე უფრო სერიოზული პრობლემა, რომელიც აუცილებლად საჭიროებს ექიმი-პედიატრის ჩარევას?
ძალიან კარგი მინიშნებაა და რატომ?! ლიმფური კვანძების გადიდება, ანუ ლიმფადენოპათია სხვადასხვა მიზეზითაა გამოწვეული. ხშირ შემთხვევაში, ის თავისით ლაგდება, მაგრამ ლაგდება გარკვეული პერიოდის შემდეგ. მისთვის, როგორც წესი, აუცილებელი პირობაა 2-3, მაქსიმუმ 4 კვირის განმავლობაში დაკვირვება. შესაბამისად, ერთჯერადად ლიმფური კვანძების გადიდება, ხშირ შემთხვევაში, საფრთხეს არ წარმოადგენს და აქ ძალიან მნიშვნელოვანია სწორი შეფასება, როგორც მშობლის, ისე ექიმის მიერ და ხშირ შემთხვევაში, ბავშვების დაცვა ზედმეტი, არასაჭირო კვლევებისგან და მათ შორის, ბიოფსიისგან.
ბიოფსიის გაკეთებას თავისი ჩვენება აქვს, ამიტომაც ბიოფსიის გაკეთების პრეროგატივა და არჩევანი მხოლოდ და მხოლოდ ექიმს აქვს და არა – მშობელს.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მშობელმა დროულად დაინახოს განგაშის ნიშნები და დროულად მიიყვანოს ბავშვი პედიატრთან და არა – ჰემატოლოგთან, რადგან ხშირ შემთხვევაში, ლიმფური კვანძების გადიდების მიზეზი გახლავთ ბანალური ყელის ინფექციები, A ჯგუფის (ბეტა-ჰემოლიზური) სტრეპტოკოკი, რომელიც ანგინის, ანუ ჩირქოვანი ტონზილიტის ან ქუნთრუშას გამომწვევი შეიძლება იყო, ასევე ჰერპესის ჯგუფის, ჩუტყვავილას ვირუსი, ციტომეგალო ვირუსი, ეპშტეინ-ბარის ვირუსი. ამ ვირუსებს ახასიათებთ ტროპიზმი ლიმფური კვანძის გადიდებისკენ და ამაში სასწაული, ძალიან მნიშვნელოვანი, სახიფათო არაფერი არ არის.
თუ ლიმფური კვანძის გადიდება ემთხვევა ვირუსის კლინიკურ ნიშნებს ან თუ ვირუსის გადატანის შემდეგ, სწრაფად ჩნდება, თუ ის მოძრავია, ბურთისებურია და ხელს მოჰყვება, თუ არის ნაკლებ მტკივნეული, არ აღემატება 2 სანტიმეტრს, მაქსიმუმ 3-4 კვირამდე ხანგრძლივდება და მერე, თავისით მცირდება ზომებში, დიდი ალბათობით, ეს ნიშნავს, რომ ის არის კეთილთვისებიანი, თვითლიმიტირებადი და მას არა თუ ანალიზები, ჩარევაც, არანაირი სამკურნალო ღონისძიება არ სჭირდება.
ამავდროულად, მინდა აღვნიშნო, რომ არა მხოლოდ ვირუსული ინფექციები, არამედ მიზეზად შეიძლება, დასახელდეს კარიესი, კანის და პირის ღრუს ინფექციები, ე.წ. კატის ნაკაწრის დაავადება, რადგან კატა თავისი ნაკაწრით გადამტანია ბარტონელას ინფექციის, რომელმაც თავის მხრივ, შეიძლება, რომ ლიმფური კვანძების გაჯირჯვება გამოიწვიოს და ესეც ძალიან მნიშვნელოვანია.
ანამნეზის შეგროვება, ვიზუალურად ლიმფური ჯირკვლების შეფასება, ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან ინფორმატიულია, რომ წინასწარ განვსაზღვროთ, ეს არის ინფექციური, თვითლიკვიდირებადი, თვითგანკურნებადი პრობლემა, რომელსაც ჩარევა, მედიკამენტური მკურნალობა, როგორც წესი, არ სჭირდება თუ ეს არის საყურადღებო და საჭიროებს ხანგრძლივ, დროში გაწერილ დაკვირვებას.
მოგვიყევით უფრო მეტი ეპშტეინ-ბარის ვირუსის შესახებ, რას უნდა დავაკვირდეთ, რა თანმხლები სიმპტომები მიგვანიშნებს მის არსებობაზე, რა გართულებები ახასიათებს მას და როგორია მისი გადადების გზები?
ეპშტეინ-ბარის ვირუსის შესახებ მოსახლეობაში ძალიან დიდი შიშებია, თუმცა აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ის ჩვეულებრივ განვლადი ვირუსია. კი ბატონო, გარკვეულ პროცენტში, მაგრამ ძალიან დაბალ პროცენტში შეიძლება, მასთან კავშირში იყოს მალიგნიზაცია, ანუ არაკეთილთვისებიანი გადაგვარება, თუმცა ეს ჯანმრთელ ბავშვებში, როგორც წესი, არ ხდება და უიშვიათესი მოვლენაა.
როგორც ყველა სხვა ვირუსი, ეპშტეინ-ბარის ვირუსიც განვლადია, უბრალოდ, ჩვენ ვისწავლეთ ზოგიერთი ვირუსის და მათ შორის, ეპშტეინ-ბარის ვირუსის, გრიპის ვირუსის, სტრეპტოკოკური ინფექციის დიაგნოსტირება და ლაბორატორიული დადასტურება.
შესაბამისად, ეპშტეინ-ბარის ვირუსზე განსაკუთრებული შიშები და შფოთვები ვფიქრობ, რომ უსაფუძვლოა. უბრალოდ, რა თქმა უნდა, მას სჭირდება მონიტორინგი და დინამიკაში დაკვირვება.
ხშირად მოუმართავთ პაციენტებს მიზეზით, რომ ბავშვს სულ უდიდდება ლიმფური კვანძები, სულ აქვს ჯირკვლები და ხშირ შემთხვევაში, განსაკუთრებით, 5-6 წლამდე ბავშვები, როგორც ვიცით, არიან ხშირად მოავადეები, ეს ხშირი ავადობა კი ნორმად განიხილება და ზოგიერთ ბავშვთან შესაძლებელია, რომ ეს ინფექცია მიმდინარეობდეს რეგიონალური, ანუ ზედა სასუნთქი გზების ლიმფური კვანძების დროებითი, გარდამავალი ტრანზიტორული ჰიპერპლაზიით, რომელიც ინფექციის გასვლასთან ერთად, სამი, მაქსიმუმ ოთხი კვირის განმავლობაში გადის.

მნიშვნელოვანია, თუ 4 კვირაზე მეტად ხანგრძლივდება ლიმფური კვანძის არსებობა, თუ ის არ ემთხვევა ვირუსულ სიმპტომატიკას, ანუ ვირუსული ინფექციის არსებობას, თუ არარეგიონალურია და ის ვრცელდება სხვა ლიმფურ კვანძებზეც.
ბავშვებში ხშირად არის საზარდულის ლიმფური კვანძების გადიდება, რომელიც ასევე ხშირ შემთხვევაში, უსაფრთხოა. ასევე, შეიძლება, იყოს იღლიის ლიმფური კვანძების გადიდება, რასაც ასევე, დიაგნოსტირება და შეფასება სჭირდება.
თუ დიფუზურად არის გადიდებული ლიმფური კვანძები, მაშინ, რა თქმა უნდა, სასურველია, რომ ის პედიატრმა შეაფასოს და განიხილოს, სჭირდება ბავშვს დამატებით კვლევები თუ არა.
ამავდროულად, ლიმფური კვანძების გადიდებასთან დაკავშირებით, არა მარტო ზომას აქვს მნიშვნელობა, 2-3 სანტიმეტრზე მეტია თუ ნაკლები, არამედ მნიშვნელობა აქვს იმასაც, თუ რამდენად მტკივნეულია, რამდენად ე.წ. ქვასავით არის მიმაგრებული, რამდენად იზრდება დინამიკაში, ინფექციის სიმპტომების გასვლასთან მიმართებაში, ასევე რამდენად არის გამოხატული სხვა სიმპტომები, მაგალითად, ჭარბი ოფლიანობა ღამის პერიოდში, მნიშვნელოვანია, რამდენად აქტიურია ბავშვი, როგორია მისი გუნება-განწყობა, მადა, არის თუ არა სხვა ყურადსაღები, ე.წ. წითელი ალმების ნიშნები, რის გამოც ვტეხთ განგაშს, რომ გამოვრიცხოთ ყველა ის სხვა შესაძლო მიზეზი, რის გამოც შეიძლება, რომ ბავშვს ლიმფური კვანძების გადიდება ჰქონდეს.
როგორ ვიქცევით, თუ სახეზეა თქვენს მიერ ნახსენები ე.წ. წითელი ალმები, ანუ თუ არ ქრება ლიმფური ჯირკვლები, თუ ზომაში იზრდება, თუ გამოიხატება მტკივნეულობა? პირველ რიგში რას აკეთებთ ასეთ დროს და რა ტიპის დაავადებებზე, რა ტიპის გართულებებზე გაქვთ ხოლმე ეჭვი, სადამდე შეიძლება მიგვიყვანოს ლიმფურმა ჯირკვლებმა და შიშმა ლიმფურ ჯირკვლებთან მიმართებაში?
პირველ რიგში, შიში არ გვინდა.
მნიშვნელოვანია, მხოლოდ და მხოლოდ სწორი და ადეკვატური შეფასება.
კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ თუ ლიმფური კვანძი 2-3 კვირაზე მეტად გახანგრძლივდა, გადიდდა ან არ გადიდდა, მაგრამ მაგრამ მყარად დგას ერთ ზომაზე, მაშინ აუცილებელია, რომ ექიმმა, პირველ რიგში, პედიატრმა შეაფასოს და ბავშვი მერე გადამისამართდეს კონკრეტულ სხვა სპეციალიზაციაში და არა ჰემატოლოგთან ან სხვა დარგის ვიწრო სპეციალისტთან, რადგან ზოგადი მიზეზები იმდენად ბევრია, გარდა სისხლის სისტემური დაავადებისა, რომ პირველ რიგში, ისინი უნდა გამოირიცხოს.
მას შემდეგ, რაც გამოირიცხება ვირუსული ინფექციები, სპეციფიკური დაავადება, ვგულისხმობ ტუბერკულოზს, შეფასდება სწორად, რამდენად მტკივნეული, რამდენად დიდია ჯირკვალი, რაშიც პირველ რიგში, გვეხმარება პარაკლინიკური მონაცემები, ლაბორატორიული კვლევა, სისხლის საერთო ანალიზი, C რეაქტიული ცილა, ვირუსულოგიური კვლევა, ექოსკოპიური, ინსტრუმენტული გამოკვლევა, ეს ყველაფერი, განსაკუთრებით, ექოსკოპიური კვლევა არის დამატებით ინფორმაციის მომცემი და არა დიაგნოზის დამსმელი.
რაში გვეხმარება ექოსკოპიური კვლევა?! ხდება ჯირკვლის ექოსკოპიური შეფასება, ასევე მისი კიდეების, სისხლის მომარაგების თანაბრობის მხრივ ხდება სწორი შეფასება, ამავდროულად, ფასდება ცხიმოვანი ნაწილი ლიმფურ კვანძში რამდენად არის შეცვლილი ან არ შეცვლილი, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და სპეციფიკური მონაცემია.
თუ ინფექციური პათოლოგია, ანუ მეორადად ბაქტერიული ინფექციის თანდართვა მოხდა და დაჩირქდა ეს ლიმფური კვანძი და თუ სხვა ავთვისებიან დაავადებებზე არ გვეპარება ეჭვი, თუ უბრალოდ ინფექცია დაერთო თან, ქირურგიული დახმარება ან ანტიბიოტიკოთერაპია საკმარისი იქნება ამ პრობლემის მოსახსნელად. ამ შემთხვევას ვეძახით ლიმფადენიტს, ანუ ლიმფური კვანძის ანთებითი პროცესის განვითარება, როცა არის არა ვირუსული, არამედ ბაქტერიული ინფექციით გართულებული. სხვათა შორის, ეს ხშირია ხოლმე ადრეული ასაკის ბავშვებში, ის იწყება ვირუსით, მაგრამ რთულდება ბაქტერიული ინფექციით.
ცალკე აღებული ლიმფური კვანძის გადიდება, როგორც წესი, პრობლემას არ წარმოადგენს. კიდევ ერთხელ გავამახვილებ ყურადღებას იმაზე, რომ ეს არის ორგანიზმის ჯანსაღი ჯანმრთელი იმუნური რეაქცია, განსაკუთრებით ბავშვებში, ნებისმიერ გამღიზიანებელზე, თუ ინფექციაზე.
როცა ლიმფურ ჯირკვალთან მიმართებაში მშობელი დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებას და აკეთებს სისხლის საერთო ანალიზს, თუ სისხლის საერთო ანალიზში ცვლილება არ ფიქსირდება, შეიძლება, რომ ამ მიმართულებით მშვიდად იყოს მშობელი და თქვას, რომ ეს ერთმანეთთან კავშირში და ბმაში არ არის, რომ ლიმფურ კვანძთან, ლიმფურ ჯირკვალთან პრობლემები არ არის?
ამ შემთხვევაში, სამწუხაროდ, არა და რატომ?! შესაძლებელია, რომ პარაკლინიკური მონაცემი ცოტა გვიანი რეაქცია იყოს, ამიტომ აუცილებელი პირობაა, რომ ექიმმა შეაფასოს ლიმფური კვანძების სტრუქტურა, რაობა, მდებარეობა, ზომა და ა.შ.
ლიმფური ჯირკვლის მდებარეობა თუ განსაზღვრავს მის საშიშროებას, ანუ არსებობს თუ არა მდებარეობის მიხედვით უფრო საშიში ჯირკვლები?
ასე ცალსახად ვერ ვიტყვი, მაგრამ ერთ წლამდე ასაკის ბავშვებში კეფის ლიმფური კვანძები, თითქოს, ცერცვის მარცვლის ოდენა, როგორც წესი, განიხილება ნორმად და არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, მაშინ, როცა იგივე ლიმფური კვანძები ცოტა მოზრდილ ასაკში, შესაძლებელია, რომ პრობლემად შეფასდეს.
ყველაზე არასასურველ ლიმფურ კვანძად განიხილება ლავიწზედა ლიმფური კვანძები, თუმცა არაერთხელ გვქონია შემთხვევა, რომ ტრავმის შემდგომ ეს ლიმფური კვანძი ესადაგებოდა ტრავმის მიღებას, რომელიც თავიდან ბავშვმა ვერ გაიხსენა, მაგრამ მერე, დეტალური ანალიზის და სწორი ანამნეზის შეკრების შემდგომ აღმოჩნდა, რომ მას ტრავმა ჰქონდა მიღებული, რომელიც იმდენად მსუბუქი იყო, არ ახსოვდა, მაგრამ ამის შემდგომ ჩამოყალიბდა ეს ლიმფური კვანძი. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, ანამნეზის შეკრება და პარაკლინიკური მონაცემების სწორი შეფასება.

მტკივნეულია თუ არა გადიდებული ლიმფური ჯირკვალი, ეს მშობელს აძლევს რაიმე ინფორმაციას იმის შესახებ, საშიშია თუ არა ის?
გადიდებული და მტკივნეული ლიმფური კვანძის შემთხვევაში, პირველ რიგში, უნდა გამოირიცხოს ინფექციური პათოგენი – „ხომ არ დაჩირქდა, მეორადი ბაქტერიული ინფექცია ხომ არ განვითარდა?“, მით უმეტეს, თუ ამას თან ახლავს ჭირვეულობა, თუ რეგიონალურია და მხოლოდ ერთი ლიმფური კვანძია და სხვა ლიმფური კვანძები გადიდებული არ არის, თუ ეს განსაკუთრებით, ზედა სასუნთქი გზების მიდამოშია, პირველ რიგში, კიდევ ერთხელ ვსაუბრობთ ინფექციურ აგენტზე და შემდგომში, უკვე მალიგნიზაციაზე.
ლიმფური ჯირკვლების გადიდება ხშირად მოავადე ბავშვების პრობლემაა? არსებობენ თუ არა ლიმფური კვანძების გადიდებისკენ მიდრეკილნი ბავშვები, ანუ შეიძლება, რომ ზოგიერთ ბავშვს უფრო მეტად ახასიათებდეს ლიმფური კვანძების გადიდება ავადობის დროს?
არა, იმიტომ, რომ როგორც წესი, ეს არის რეაქტიული ლიმფადენოპათია, რაც ნიშნავს იმას, რომ ის გარდამავალია და ის დაკავშირებულია არა ხშირ ავადობასთან, არამედ იმუნურ რეაქტიულობასთან, რადგან სხვადასხვა ბავშვის იმუნური რეაქცია ინდივიდუალურია, მაგალითად, ერთი და იგივე ვირუსს ზოგიერთი ბავშვი ძალიან მსუბუქად გადაიტანს, ზოგიერთი კი – მწვავედ, მაღალი სიცხით, მწვავე კლინიკური გამოვლინებით. რა თქმა უნდა, ამასთან მიმართებაში მნიშვნელოვანია ბავშვის ასაკი, მაგრამ ინდივიდუალური იმუნო რეაქტიულობაც, ანუ იმუნური სისტემის პასუხი სხვადასხვა გამღიზიანებელზე, ამიტომაც ხშირ შემთხვევაში, ბავშვებთან, რომლებიც ხშირად მოავადეები არიან და რომლებთანაც ამ ხშირ ავადობას თან სდევს ლიმფური კვანძების გადიდება, მშობელს ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ეს ლიმფური კვანძი არასდროს არ გადის და მუდმივად თანმდევია, უბრალოდ, ლიმფური კვანძი ვერ ასწრებს შემცირებას, როცა ამასობაში ახალი ინფექცია მოდის და თითქოს, სულ გადიდებულია ლიმფური ჯირკვლები.
არის სიტუაციები, როცა ლიმფური კვანძების გადიდების გამო, ექიმი ემპირიულად წყვეტს გარკვეული მკურნალობის ჩატარებას და მათ შორის, ანტიბიოტიკოთერაპიას, მაგრამ არა კორტიკოსტეროიდულ თერაპიას, ანუ ჰორმონალურ თერაპიას.
ჰორმონალური თერაპიის ჩატარება, თუ ეს არ არის ზუსტი ჩვენება, თუ ნამდვილად არ არის დაზუსტებული მიზეზი, რის გამოც ჩვენ აუცილებლად გვჭირდება ჰორმონოთერაპია, ის არ არის მისაღები, რადგან შესაძლებელია, ავთვისებიანი და არასასურველი მიზეზების გადაგვარების დიაგნოსტირება გადაავადოს.
შესაბამისად, ექიმი იღებს გადაწყვეტილებას, ბავშვს ჩაუტარდეს თუ არა ანტიბიოტიკოთერაპია ან ჰორმონოთერაპია და არა – მშობელი, მაგრამ ანტიბიოტიკოთერაპია გაცილებით უფრო უსაფრთხოა ამ სიტუაციაში.
არის მკურნალობის და შეფასების ერთ-ერთი ასეთი მეთოდი და ჩვეულებრივად პროტოკოლში წერია, რომ თუ მიზეზს ვერ პოულობთ, შესაძლებელია, რომ პაციენტს ემპირიულად დაენიშნოს სწორი ანტიბიოტიკოთერაპია 2 კვირის განმავლობაში და შეფასდეს, ეს ხომ არ არის ინფექციური აგენტით განპირობებული, რაც პარაკლინიკურად, ანალიზებში ჯერჯერობით არ ჩანს და მხოლოდ და მხოლოდ ლოკალიზებულია. თუ ამის შემდგომ ეფექტი არ არის და ლიმფური კვანძების ზომა და მდებარეობა არ შეიცვალა, შესაბამისად, შემდგომში, ვაფართოებთ კვლევის დიაპაზონს და გადავდივართ უფრო ღრმა კვლევებზე, მათ შორის, ბიოფსიაზე.
როგორც ვხვდები, ეს უფრო იშვიათი შემთხვევების კატეგორიაში ჯდება…
რა თქმა უნდა, ეს უიშვიათესად ხდება.
შესაძლოა თუ არა ლიმფური ჯირკვლების გადიდება დაკავშირებული იყოს ძალიან ბანალურ ვირუსულ ინფექციასთან და შესაძლოა, რომ ლიმფური ჯირკვლები გადიდდეს ან საერთოდ არ გადიდდეს ვირუსული ინფექციის ისეთი გართულების დროს, როგორიცაა პნევმონია?
დიახ, პნევმონია არ არის აუცილებელი პირობა, პნევმონია არ არის ის დიაგნოზი, რის გამოც შეიძლება, რომ ლიმფური კვანძები გადიდდეს. აქ პნევმონიის გამომწვევი ინფექციური აგენტია ყველაზე მნიშვნელოვანი, ეს არის განპირობებული ბაქტერიული ინფექციით თუ ვირუსული ინფექციით. პნევმონია, ანუ ფილტვების ანთება შეიძლება, იყოს როგორც ვირუსული, ისე ინფექციური ან მიქსი, ანუ ვირუსულ-ბაქტერიული ასოციაციის, ამიტომ ეტიოლოგიურ ფაქტორს, გამომწვევ აგენტს აქვს მნიშვნელობა და არა – დაავადებას ან დიაგნოზს, რის გამოც ჩვენ ვფიქრობთ, რომ აქ ლიმფური კვანძები გადიდებული უნდა იყოს.
კი ბატონო, ეპშტეინ-ბარი, ადენოვირუსული ინფექცია, გრიპის ვირუსი, სტრეპტოკოკული ბაქტერიული ინფექცია, მთელი რიგი ვირუსებია, რომელთაც ახასიათებთ ეს ლიმფური კვანძების გადიდება და ეს თანმდევია, ეს ჩვეულებრივი, ბანალური რეაქციაა.
იქიდან გამომდინარე, რაზეც ვისაუბრეთ, ანუ თუ ბავშვმა ვირუსული ინფექცია გადაიტანა, დარჩა გადიდებული ლიმფური ჯირკვალი და ჯერ კიდევ 2-3 კვირა დაკვირვების რეჟიმში ვართ, ასე გამოდის, რომ შეგვიძლია, არ ვინერვიულოთ?
დიახ, შეგიძლიათ, არ ინერვიულოთ, თუ ბავშვის ზოგადი მდგომარეობა ადეკვატურია, თუ ცხელება არ არის, თუ ჭარბი ოფლიანობა, უმადობა არ არის, ზოგადად, აქტიურია ბავშვი.
თუ 3-4 კვირის გავლის შემდგომ, ლიმფური კვანძები იგივე პოზიციაში დარჩა, რომელშიც ამ პერიოდში იყო, მაშინ სასურველია, პედიატრის კონსულტაცია, რომ შეაფასოს, ეს არის ახალი ვირუსული ინფექციის საწყისი თუ უნდა გავაფართოოთ კვლევები.
შესაძლოა, რომ საშიში ლიმფური ჯირკვლების გამოვლენის ტრიგერი ვირუსული ინფექცია გახდეს? შეიძლება, რომ ვირუსულმა ინფექციამ უშველოს სიტუაციას იმ მხრივ, რომ დაგვანახოს, რომ წინ რაღაც უფრო რთული გველის?
დიახ, სამწუხაროდ, ხშირია ისეთი შემთხვევები, როცა თითქოს და ხშირი ავადობა დაიწყო ბავშვმა, თითქოს და საშარდე გზების ინფექცია გადაიტანა… ანუ განსაკუთრებით, სისხლის სისტემური დაავადება მიმიკრირებს ხშირი ავადობით მიმდინარე სიტუაციასთან და აქაც ძალიან მნიშვნელოვანია პარაკლინიკური მონაცემი, როგორია ჰემოგლობინი, საერთო, ზოგადი მდგომარეობა.

ხშირ შემთხვევაში, ჩვენ გვქონია მდგომარეობა, როცა ლიმფური კვანძები საერთოდ არ იყო გადიდებული, მაგრამ დასმულა სისხლის სისტემური დაავადების დიაგნოზი. ეს ლიმფური კვანძები ცოტა მოგვიანებით მოდის ხოლმე, როგორც სიმპტომი.
პედიატრის პრეროგატივაა შეაფასოს ეს არის საშიში სიტუაცია თუ ეს არის ხშირად მოავადე ბავშვის სინდრომი, რომელიც 6-7 წლის ასაკისთვის გადის. 6 წლამდე წელიწადში 8-10-ჯერ ავადობა, როგორც წესი, ნორმად განიხილება ჯანმრთელ ბავშვთა სიაში.
რა შეიძლება გავაკეთოთ იმისთვის, რომ ავადობების რაოდენობა შევამციროთ, რომ ნაკლებად გადამდები, ნაკლებად მიმღები იყოს ბავშვი რაიმე კონკრეტული ვირუსული ინფექციის, რომ თავიდან ავიცილოთ გართულება, ბოლო დროს, რაიმე საინტერესო მიგნება ხომ არ გამოიკვეთა ამ კუთხით? იმუნოდეფიციტზე რომ ვისაუბროთ.
ძალიან კარგი მიგნებაა და გეტყვით, როგორი სტატისტიკური მონაცემი და ალგორითმია ამასთან მიმართებაში, ხშირად მოავადე ბავშვების.
ხშირად მოავადე ბავშვების 50%-ზე მეტი, ეს არის პრაქტიკულად ჯანმრთელი ბავშვები და 6 წლის შემდგომ, ისინი ასრულებენ ამ ხშირ ცხვირის გაჭედილობას, ხველას, სიცხეებს და ა.შ.
10-15 %-ში არა მარტო ვირუსული ინფექციაა ხშირი ავადობის მიზეზი, არამედ ასევე შეიძლება, იყოს ატოპია, ანუ ალერგიული კომპონენტი, რომელიც ხშირად მიმიკრირებს ვირუსული ინფექციის კლინიკურ მიმდინარეობასთან, ანუ ცხვირი ისევ ეჭედება ბავშვს, არის კონიუნქტივიტი, ყელის, ყურის ტკივილი, არის სპაზმური ხველა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არის ვირუსი, ეს შეასძლოა, იყოს ალერგიული რეაქცია სხვადასხვა გამღიზიანებელზე, როგორც ვირუსულზე, ისე არაინფექციურ გამღიზიანებელზე, მაგალითად, მტვერზე, ნესტზე, ზოგიერთ მცენარეზე და ა.შ.
ხშირად, დიფერენცირება, არა თუ მშობელს უჭირს, არამედ ეს ძალიან რთულია ექიმისთვისაც და ერთ-ერთი მკურნალობის ტაქტიკა არის ის, რომ შესაძლებელია, ალერგიის საწინააღმდეგო მედიკამენტების დანიშვნა და თუ ამ მედიკამენტებზე ბავშვს ეს თითქოსდა გაციების სიმპტომები უმცირდება, უმჯობესდება მდგომარეობა, ეს იმას ნიშნავს, რომ აქ ვირუსი კი არ იყო წამყვანი, არამედ ალერგიული კომპონენტი იყო წამყვანი.
ამავდროულად, კიდევ 10-15 % არის სხვა ქრონიკული დაავადებების მქონე ბავშვების, რომლებიც ასევე მიმიკრირებენ თითქოსდა ხშირ ავადობას, მათ შორის, არის ცისტური ფიბროზი და ა.შ.
მხოლოდ 10%-ში უდასტურდებათ ხშირად მოავადე ბავშვებს თანდაყოლილი იმუნოდეფიციტი, რომელიც აუცილებლად ლაბორატორიული კვლევებით უნდა დადასტურდეს. ამ დიაგნოზთან მისასვლელად აუცილებელია, რომ რაღაც კრიტერიუმებს აკმაყოფილებდეს ბავშვი და ეს კრიტერიუმები გაწერილია.
ხშირად ყოფილა, რომ – „ჩემს შვილს იმუნიტეტი აქვს დაქვეითებული და რამე მიშველეთ“. საშველი, ხშირ შემთხვევაში, არაფერი არ არის. ერთ-ერთი აუცილებელი კრიტერიუმი არის ხშირი ავადობა და ანტიბიოტიკების დადასტურებული საჭიროება, წელიწადში 2-ჯერ და მეტჯერ შუა ყურის ანთება, წელიწადში 2-ჯერ ფილტვების ანთება, ანუ მთელი რიგი კრიტერიუმებია, რომლითაც ეჭვი მიიტანება, მაგრამ არ დადასტურდება.
ხშირი შუა ყურის ანთება, ხშირ შემთხვევაში, განპირობებულია ხშირი, გახანგრძლივებული ნაზალური ობსტრუქციით, რომელიც ვირუსულ-ალერგიული ეტიოლოგიისა და დიდი რაოდენობის სეკრეტი, განსაკუთრებით მწოლიარე მდგომარეობაში, ხშირად, გადადის ცხვირიდან შუა ყურში, რაც თავის მხრივ, იწვევს შუა ყურის ანთებას, ბაქტერიული ინფექციის თანდართვას და გართულებას, ამიტომ აქ კიდევ ერთხელ უნდა შეფასდეს, ეს არის ვირუსული, ეს არის ალერგიული კომპონენტით დატვირთული თუ ეს მართლა არის ჭეშმარიტი იმუნოდეფიციტური მდგომარეობა.
კიდევ არ მოიძებნა მედიკამენტი, რომელიც შესაძლოა, რომ გამოვიყენოთ, როგორც იმუნიტეტის გამაძლიერებელი?
იმუნომოდულატორები კი ბატონო და მათ ხშირ შემთხვევაში პლაცებო ეფექტიც აქვთ.
თუმცა ესეც ხომ ეფექტია?
რა თქმა უნდა, ეფექტია და მათი ეფექტურობა რეალურ ცხოვრებაში 10-15 %-ს არ აღემატება.
მშობელი როდის მიდის ექიმთან და როდის სთხოვს იმუნიტეტის გასაძლიერებელი მედიკამენტების დანიშვნას?! მაშინ, როცა პირველი წელი შეხედა თავის შვილს და დაიტანჯა ამდენი ინფექციის შემხედვარე, მეორე წელს კი, ეს ბავშვი ასედაც და ისედაც უფრო ნაკლებად იავადებს, რადგან მთელი რიგი ინფექციების მიმართ იმუნიტეტი უკვე გამოუმუშავდა. შესაბამისად, ყოველ წელს მცირდება ავადობის სიხშირე, ეს ერთი.
მეორე, შეიძლება ბანალურად ჟღერს, მაგრამ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს კვების სწორ რეჟიმს, ნუტრიციული ჩვევების ჩამოყალიბებას. რატომ გაიზარდა პირველი ტიპის დიაბეტის მაჩვენებელი ბავშვებში, რატომ გაიზარდა ჭარბი წონის მქონე ბავშვების რაოდენობა?! კი ბატონო, ზოგ შემთხვევაში შეიძლება, იყოს პათოლოგიური მიზეზები, მაგრამ 95 %-ში ჭარბი წონა არის ეგზოგენური, ანუ ეს მხოლოდ არასწორი უნარ-ჩვევები ბრალია. ენდოკრინული პრობლემა 5 %-ზე ნაკლებ შემთხვევაშია.
რა თქმა უნდა, ჭარბი წონის გამო უნდა მივმართოთ ენდოკრინოლოგს. აღსანიშნავია, რომ ბავშვი იმიტომ კი არ შეიძლება გასუქდეს, რომ მას ენდოკრინოლოგიური პრობლემები აქვს, არამედ პირიქით, ჭარბმა წონამაც შეიძლება გამოიწვიოს მეორადი ენდოკრინოლოგიური პრობლემები.