5 მაისს მსოფლიო ასთმის შესახებ ცნობადობის ამაღლების დღეს აღნიშნავს, სწორედ ამ თარიღთან დაკავშირებით ნატა ხარაშვილის გადაცემას „სტუმრად ექიმთან“ „ალერგიის და იმუნოლოგიის ცენტრის“ ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მადონა დევიძე სტუმრობდა, რომელმაც ასთმაზე, მის ძირითად სიმპტომებზე, დიაგნოსტიკის და მკურნალობის მეთოდებზე, პაციენტების მხრიდან ყველაზე ხშირად დაშვებულ ისეთ შეცდომებზე ისაუბრა, რაც მათი მდგომარეობის გართულებას იწვევს და არაერთი რეკომენდაცია გაგვიზიარა.
ქალბატონო მადონა, რატომ არის მნიშვნელოვანი ასთმის შესახებ ცნობადობის ამაღლების დღე?
ასთმის მსოფლიო დღე 1998 წლიდან აღინიშნება. არსებობს ასეთი ასთმის გაიდლაინი – „GINA“, ასე ვთქვათ, მთავარი სახელმძღვანელო და მისმა ავტორებმა დააარსეს ეს დღე, რომელიც ყოველწლიურად, მაისის პირველ სამშაბათს აღინიშნება და წელს 5 მაისს უწევს.
ეს დღე მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ, ასე ვთქვათ, ავტეხოთ ხმაური ამ დაავადებასთან დაკავშირებით, რომ კიდევ ერთხელ ყველას შევახსენოთ და მივაწოდოთ ინფორმაცია ასთმის შესახებ, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი მისი დროული დიაგნოსტირება, მკურნალობა, რომ ყველას მივაწვდინოთ ხმა, დაწყებული მედიცინის მუშაკით, სახელმწიფო დაწესებულებით თუ პაციენტით. რაც უფრო მეტ ინფორმაციას გავავრცელებთ, რაც უფრო მეტად მივაწვდენთ ხმას ყველა ამ რგოლს, მით უფრო კარგად შევძლებთ, ვმართოთ ეს დაავადება.
რა არის ასთმა და რა ხდება ადამიანის ორგანიზმში, როცა მას დიაგნოსტირებული აქვს აღნიშნული დაავადება?
დავიწყოთ იმით, რომ საერთოდ, მსოფლიოში 300 მილიონ ადამიანს აქვს ეს დიაგნოზი და ეს რიცხვი კიდევ და კიდევ იზრდება. ამ დაავადებასთან მიმართებაში, კიდევ უფრო შემაშფოთებელია ის, რომ ყოველწლიურად ნახევარი მილიონი ადამიანი იღუპება ამ დიაგნოზით. ძირითადად, სიკვდილიანობა მოდის დაბალ და საშუალოდ განვითარებულ ქვეყნებზე, რაც იმას მიგვანიშნებს, რომ უფრო მეტი ხელმისაწვდომობა მედიკამენტებზე, უფრო მეტი ხელმისაწვდომობა სადიაგნოსტიკო საშუალებებზე და ა.შ. უფრო პრევენცირებადს გახდიდა ამ დაავადებას, უფრო ნაკლები იქნებოდა სიკვდილიანობა და გაუმჯობესებული იქნებოდა ცხოვრების ხარისხიც და ცხოვრების ხანგრძლივობაც.
ასთმა არის ქრონიკული ანთებითი დაავადება, რომლის დროსაც ხდება ბრონქების შევიწროება, თუმცა ეს შევიწროება არ არის ანატომიური, ეს არის ფუნქციური, რაც იმას ნიშნავს, რომ ელასტიკურობა ბრონქს შენარჩუნებული აქვს, ანუ შეტევის დროს, ასთმის გამწვავების დროს ბრონქი ვიწროვდება, თუმცა დროული, სწორი მკურნალობის შედეგად, ის ისევ უბრუნდება თავის ნორმალურ ფორმას. რადგან ეს ანატომიური ცვლილება არ არის, ამიტომ არის, რომ შეიძლება, პაციენტს ჰქონდეს მძიმე შეტევა და მეორე დღეს, ვერც რენტგენოგრაფიით და ვერც რაიმე სხვა ანალიზით ვერ დავინახოთ, რომ იქ რაიმე მწვავე მდგომარეობა იყო. ბრონქი ელასტიკურია, ის ვიწროვდება ასთმის დროს და შემდეგ, ისევ ფართოვდება.
ასთმის ძირითადი სიმპტომები არის – ხველა, მსტვინავი სუნთქვა, შებოჭილობა გულ-მკერდის არეში, სუნთქვის გაძნელება/ქოშინი.
რამ შეიძლება გამოიწვიოს ასთმა და ვინ მიეკუთვნება მოწყვლად ჯგუფს?
ძალიან ვრცელი თემაა, რადგან არ არსებობს მხოლოდ ალერგიული ასთმა, არსებობს ბევრი ტიპის ასთმა, მაგალითად, არაალერგიული ასთმა, შერეული ტიპის, გვიან ასაკში დაწყებული, სიმსუქნესთან ასოცირებული და ა.შ.
ალერგიული ასთმის შემთხვევაში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ გვხვდება ისეთი ძირითადი ალერგენები, როგორიცაა ოთახის მტვერი, ნესტის სოკო, მცენარის მტვერი, ცხოველთა ბეწვი და ა.შ. დანარჩენი მატრიგერირებელი ფაქტორებია – სტრესი, ჰაერის დაბინძურება, მწეველობა, მეორადი მწეველობა, ასევე არსებობს ფიზიკური დატვირთვასთან ასოცირებული ბრონქოსპაზმი, სიცივით განპირობებული და ა.შ.
ზოგადად, ამ ტიპების დადგენა ხდება, რა თქმა უნდა, ექიმის მიერ, თუმცა თქვენ თუ არ გაქვთ ალერგიული ასთმა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ ასთმა არ გაქვთ, შეიძლება, გაქვთ არა ალერგიული ასთმა, რომლის დროსაც ალერგენი არ არსებობს, მაგრამ ანთება ბრონქში მაინც მიმდინარეობს და ეს უკვე შეიძლება, იყოს გენეტიკურ ფაქტორებთან შეჭიდული და არა მხოლოდ, ჰაერის დაბინძურებასთან და სხვა ბევრ ფაქტორთან.

ახსენეთ ხველა, როგორც წამყვანი სიმპტომი, ასევე ქოშინი, თუმცა ეს ორივე სიმპტომი ბევრ სხვა დაავადებასაც ახასიათებს, თუ არსებობს რაიმე ისეთი გამოკვეთილი სიმპტომი ან ხველის იმდაგვარი ტიპი, რომელიც პაციენტს მიახვედრებს, რომ საქმე აქვს ასთმასთან და არა რაიმე სხვა დაავადებასთან?
რა თქმა უნდა, ძირითადი სიმპტომები თანხვედრაშია სხვადასხვა დაავადებასთან, თუმცა მაინც, ალბათ, თუ ხველა გახანგრძლივებული, სპაზმურია, თუ კი მას მოჰყვება მსტვინავი, ხმაურიანი სუნთქვა, სისინის ხმას თუ აყოლებს თქვენი ბრონქები, როდესაც სუნთქავთ ან ახველებთ, ეს უკვე ასთმის საეჭვო ნიშანია, თუმცა ასეთი მსტვინავი სუნთქვა შეიძლება, რომ სხვა მდგომარეობებსაც ახასიათებდეს და რა თქმა უნდა, დიაგნოზს უკვე ექიმი წყვეტს. თუ რომელ დაავადებაში ჯდება ესა თუ ის სიმპტომი, ამის დადგენაში, გარდა კლინიკური გამოვლინებებისა, გვეხმარება დიაგნოსტიკური საშუალებები, პაციენტის შეფასება და ა.შ.
ბავშვებზე მინდა გკითხოთ, რადგან ბავშვები, განსაკუთრებით ადრეულ ასაკში, მიდრეკილნი არიან ხშირი ავადობისკენ და ერთ-ერთი სიმპტომი, რომელზეც ძალიან წუხს მშობელთა დიდი ნაწილი არის მსტვინავი სუნთქვა, რომელიც სამწუხაროდ, შემდეგ შეიძლება, რომ ასთმის განვითარების სიმპტომი იყოს ან საერთოდაც, მიუთითებდეს, რომ სახეზე გვაქვს ასთმა. ბავშვებში ყველა მსტვინავი სუნთქვა უკვე წარმოადგენს თუ არა რისკფაქტორს, წელიწადში რამდენჯერ შეიძლება დაფიქსირდეს მსტვინავი სუნთქვა ავადობის პერიოდში, რომ ჩვენ უკვე ვიფიქროთ, რომ აქ რაღაც ტიპის რისკფაქტორი გვაქვს? შეიძლება, რომ მსტვინავი სუნთქვისკენ მიდრეკილი ბავშვი ისე გამოჯანმრთელდეს, ისე მიაღწიოს რაღაც ასაკს, რომ შემდეგ, ეს ყველაფერი ალაგდეს და კვალიც კი არ დარჩეს? ვინ მიეკუთვნება რისკფაქტორს და რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი მსტვინავ სუნთქვაზე აქცენტი?
აქ უფრო კარგი პასუხი მაქვს, რადგან შეიძლება, რომ ბავშვებში მათი ფიზიოლოგიიდან გამომდინარე არსებობდეს ასეთი გარდამავალი ვიზინგი, გარდამავალი მსტვინავი სუნთქვა. თვითონ ბავშვის ბრონქი, სანათური ანატომიურად არის ვიწრო და ნებისმიერმა ვირუსულმა ინფექციამ შესაძლებელია, რომ ეს ხშირი, მსტვინავი სუნთქვა გამოიწვიოს. თანდათან, როცა ბავშვი გაიზრდება, როცა მისი ბრონქები გაიზრდება, მან შეიძლება, რომ ეს მსტვინავი სუნთქვის ეპიზოდები დაკარგოს, თუმცა, რა თქმა უნდა, მსტვინავი სუნთქვა მშობლისთვის შემაშფოთებელია და ყველა ჯერზე, როდესაც ჩვენ მსტვინავი სუნთქვა გვესმის, სპეციალისტს უნდა მივმართოთ და ის გვეტყვის, მივდივართ თუ არა ასთმისკენ.
ასთმის დიაგნოზის დასმა მაინც რთულია ბავშვებში, რადგან იმ გარკვეული სადიაგნოსტიკო საშუალებების, რომელიც ოქროს სტანდარტია ასთმის დიაგნოსტიკაში, ამ ტესტების შესრულება ბავშვებმა შეიძლება, რომ ფიზიკურად ვერ შეძლონ.
ამ შემთხვევაში ჩვენ „ჯინა“ გაიდლაინის, ჩვენი ძირითადი სახელმძღვანელოს კრიტერიუმებით ვსაზღვრავთ ამ ყველაფერს. არის რამდენიმე კრიტერიუმი, რის მიხედვითაც ჩვენ უფრო შეგვიძლია ვთქვათ, ასთმის უფრო მეტი მოლოდინი გვაქვს თუ არა. რა თქმა უნდა, თუ ჩვენ ალერგენი გვიდასტურდება, უფრო მეტი მოლოდინი გვაქვს, რომ ეს ვიზინგი ბმაშია ამ ალერგენებთან.

ნებისმიერი ტიპის ალერგენი?
დიახ, ნებისმიერი ტიპის ალერგენი.
თუ ამ ალერგიულობაში ჩართულია ისეთი ორგანო, როგორიცაა ბრონქი, რა თქმა უნდა, უფრო მეტი მოლოდინი გვაქვს, რომ აქ ასთმის დიაგნოზს დავსვამთ.
არსებობს თუ არა 100%-იანი კვლევა, რომელიც გვეუბნება, რომ დიახ, აქ ასთმის დიაგნოზია, თუ დიაგნოზამდე ანამნეზის და კვლევების ერთობლიობას მივყავართ? ასევე, როგორ დგინდება, თუ რაზე გვაქვს ალერგია, ჯერ ზოგადი ტიპის კვლევა ტარდება და დადებითი შედეგის შემთხვევაში, შემდეგ, გადავდივართ კონკრეტიკაზე თუ როგორია სქემა?
მარტივად რომ ვთქვათ, ოქროს სტანდარტის დიაგნოსტიკა ასთმისთვის არის 2 ასეთი ტესტი, რომელიც აფასებს, გვაქვს თუ არა ანთება.
პირველი კვლევა ეს არის სპირომეტრია, რომელიც გვაჩვენებს დაქვეითებულია თუ არა ბრონქის ფუნქცია. ბრონქის ფუნქცია შეიძლება, რომ სხვა დაავადებების დროსაც იყოს დაქვეითებული, თუნდაც რაღაც გადატანილი ვირუსული ინფექციის შემდეგ, ფქოდის დროს, მაგრამ თუ ბრონქის ფუნქციის დაქვეითების შემდეგ, როდესაც პაციენტს წამალს ვასხურებთ, ჩვენ ეს მონაცემი გვიუმჯობესდება, თუ კი ბრონქის სანათური ფართოვდება და უბრუნდება ნორმალურს, რასაც სამედიცინო ენაზე შექცევადობას ვეძახით, ანუ თუ ბრონქის შევიწროება კვლავ ფართოვდება, ესე იგი, ეს უკვე ასთმაა. რა თქმა უნდა, იქ თავისი პროცენტია, თუ რამდენად უნდა გაუმჯობესდეს ბრონქის ფუნქცია, რომ ჩვენ ასთმის დიაგნოზის დასმის საშუალება მოგვეცეს.
მეორეც, ასევე, ჩასასუნთქი-ჩასაბერი ტესტია, FeNo-ინფლამომეტრია. აქაც რაღაც მონაცემზე მაღალი თუ დაგვიფიქსირდა მაჩვენებელი, ესეც უკვე ასთმის დიაგნოზს გვისვამს.
რა თქმა უნდა, ასე შეშინებული ადამიანი რომ მოვიდეს და ეს ტესტები ჩაიტაროს, ბრონქის ფუნქციები შეიმოწმოს, ამაში დიდი ლოგიკა არ არის. აუცილებლად უნდა იყოს კლინიკური გამოვლინება. იმავეს ვიტყოდი ალერგიის ტესტებთან დაკავშირებითაც.
თუ კლინიკური სიმპტომები არ გვაქვს, ისე ალერგიის ტესტების დადასტურებას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან შესაძლებელია, ჩვენ შეგვხვდეს სენსიბილიზაცია, ანუ ალერგიზაცია კლინიკური სიმპტომების გარეშე და ასეთ პაციენტს არ ვმკურნალობთ. თუ პაციენტს არ აქვს სურდო, ცემინება, ბრონქოსპაზმი, ხველა, კანზე გამონაყარი, ალერგიის არანაირი სიმპტომი, მაგრამ ჩაბარებულმა ტესტმა გვიჩვენა, რომ ალერგიულია რაღაც საკვებზე, რომელსაც ის იღებს, ჭამს და არანაირი სიმპტომი არ აქვს, მაშინ ჩვენ არ ვამბობთ, რომ ამ შემთხვევაში, ის მკურნალობას ან ამ პროდუქტის ამოღებას საჭიროებს. ჯერ, უნდა იყოს კლინიკური სიმპტომები და მერე, ამ შემთხვევაში, აქვს აზრი ტესტებს.
რაც შეეხება ტესტებს, ბევრნაირი ტესტი არსებობს. დღეს, თანამედროვე ტესტები ეს არის მოლეკულური დიაგნოსტიკა, მულტიკომპონენტური, როდესაც შესაძლებელია, 1 წვეთი სისხლით უამრავ ალერგენზე გავიგოთ, გვაქვს თუ არა ალერგია.
დღესდღეობით, ჩვენს ცენტრში 2 ასეთი ტესტი არსებობს, სხვადასხვა ბრენდის ტესტებია და ისინი სხვადასხვა რაოდენობის ალერგენს შეიცავენ, ასევე სხვადასხვა მგრძნობელობა აქვთ, მაგრამ ორივეს აზრი ერთი და იგივეა, ერთი აღებული სისხლით მრავალ ალერგენზე ხდება შემოწმება, იქნება ეს გარემო ფაქტორები, საკვები თუ სხვა.
თუ პაციენტი მოდის და ამბობს, რომ უშუალოდ მტვერზე აცემინებს და შესაბამისად, ჩვენ მეტად გვაქვს ეჭვი, რომ მას მტვერზე აქვს ალერგია, ამ შემთხვევაში, შეგვიძლია, რომ არ ავიღოთ ეს მულტიკომპონენტური ტესტი და უშუალოდ მტვერზე შევამოწმოთ.
სისხლით იქნება ეს თუ კანის სინჯით, თანამედროვე მედიცინაში ორივე აბსოლუტურად მიღებულია, ორივე კარგად მუშაობს და ავლენს ალერგენს.
ასთმა არის დაავადება, რომელიც მუდმივად ცხოვრობს ჩვენთან ერთად თუ შესაძლებელია მისგან საბოლოოდ განკურნება?
ასთმა, როგორც ნებისმიერი ქრონიკული დაავადება, განკურნებადი არ არის, თუმცა დღესდღეობით, მისი კონტროლირება ძალიან თავისუფლად და კარგად შეიძლება, ისე კარგად, რომ როდესაც პაციენტს უნდა ვუთხრა, რომ მას ასთმა აქვს, პირველ რიგში, ვეუბნები, რომ თუ მივყვებით დანიშნულებას, თუ ყველა რეკომენდაციას შევასრულებთ, ის შეძლებს, რომ ნებისმიერი სპორტით დაკავდეს, საერთოდ არაფერში არ შეიზღუდოს, ჩვეულებრივი, ნორმალური ცხოვრებით იცხოვროს.

ყველა ასთმა ერთნაირად რთულად მიმდინარეობს, ერთნაირად რთულად შეიძლება, რომ გამოვლინდეს და ყველა ასთმას ერთნაირი მიდგომა სჭირდება?
ასთმის ფენოტიპებიდან გამომდინარე, მათ შეიძლება, სხვადასხვა მიმდინარეობა ჰქონდეთ, შეიძლება, რომ ზოგი უფრო მძიმედ მიმდინარეობდეს და უფრო რთულად ექვემდებარებოდეს ასთმის სამკურნალო სხვადასხვა ძირითად მედიკამენტს.
ალერგიული ასთმის შემთხვევაში, საქმე უფრო მარტივადაა, რადგან ჩვენ შეგვიძლია, რომ გარდა ასთმის სამკურნალო ძირითადი საშუალებებისა, უშუალოდ ალერგენთან საბრძოლო საშუალებებიც ჩავრთოთ.
ასთმასთან მიმართებაში, ყველაზე ხშირად რა შეცდომებს უშვებენ პაციენტები?
ასთმა არ არის ანატომიური დაავადება, ფუნქციური დაავადებაა, ამიტომ როდესაც ადამიანი უცებ კარგად ხდება და კარგად ხდება დანიშნულების მიცემიდან მეორე-მესამე დღეს და ის საერთოდ ვეღარ გრძნობს ვერანაირ ჩივილს, დროთა განმავლობაში, ის თვლის, რომ კარგად არის და აღარ მიჰყვება რეკომენდაციებს, თვითნებურად ხსნის მედიკამენტს და ასთმა ისევ ნელ-ნელა იწყებს შემოპარვას, ბრონქში ნელ-ნელა ფეხს იკიდებს ანთება… ყველაზე ცუდი რაც აქვს ასთმას, მას შეიძლება, ჰქონდეს მოულოდნელი ბრონქოსპაზმი, შეიძლება, რომ ტრიგერთან შეხებამ ასთმა გაამწვავოს და მძიმე, მწვავე შეტევით გადაუდებელში მოვხვდეთ. ამის გამო, „ჯინაში“, ასთმის ძირითად გაიდლაინში მოხდა გარკვეული ცვლილება მკურნალობასთან მიმართებაში. თუკი ადრე პაციენტს მსუბუქი ასთმით, იმიტომ, რომ მსუბუქი იყო დიაგნოზი, ტოვებდნენ ე.წ. სალბუტამოლის იმედზე, ანუ ინჰალატორის, რომლითაც სპაზმს იხსნიდნენ, აღმოჩნდა, რომ ის უბრალოდ სპაზმს ხსნიდა, ხოლო ანთება ანთებად რჩებოდა და ამიტომ მერე, უფრო და უფრო ხშირად სჭირდებოდათ ამ ინჰალატორის გამოყენება, უფრო ხშირად ემართებოდათ სპაზმი, ვინაიდან ასთმის ძირითადი გამომწვევი რაც არის – ანთება ბრონქში უფრო იკიდებდა ფეხს და შემდეგ, უცებ, პაციენტი გადაუდებელ დახმარებას საჭიროებდა და ასთმის მწვავე შეტევით ხდებოდა სტაციონარში.
აღმოჩნდა, რომ ასთმა მსუბუქი იქნება თუ მძიმე, გამწვავების, დამძიმების რისკი ორივეს თანაბარი აქვს და ამიტომ შეიცვალა მიდგომა. ჩაითვალა, რომ მსუბუქ ასთმასაც თავიდანვე სჭირდება ანთებაზე მომუშავე პრეპარატი და არა მხოლოდ ბრონქის გაფართოება. კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ, რომ არ არის სწორი ნებისმიერი სიმძიმის პაციენტის მხოლოდ სალბუტამოლის იმედზე დატოვება.
რა ეკრძალება ასთმის დიაგნოზის მქონე პაციენტს, რა არ შეიძლება მისთვის, რა არის უკუჩვენება? მაგალითად, აქტიური ფიზიკური დატვირთვა, რაიმე ტიპის საკვები და ა.შ.
პირველი უკუჩვენება ეს არის მწეველობა.
ფიზიკური აქტივობა, პირიქით, ძალიან კარგია, ოღონდ, რა თქმა უნდა, როდესაც ასთმა კონტროლირებულია და არ გვაქვს მისი გამწვავება.
პაციენტებს ფსიქოლოგიური წნეხი რომ მოვუხსნათ, ვეუბნებით, რომ არსებობს მილიონი მაგალითი ოლიმპიური ჩემპიონებისა, რომელთაც აქვთ ასთმის დიაგნოზი, მაგრამ ამან მათ ხელი არ შეუშალა ასეთ მიღწევებში. რამხელა ფიზიკური დატვირთვა არის ხომ?! მაგრამ ისინი ამ ყველაფერს მარტივად უძლებენ, თუმცა როგორც ვთქვით, რა თქმა უნდა, ასთმა უნდა იყოს კონტროლირებული, მედიკამენტი სწორად უნდა იყოს შერჩეული და დანიშნული ექიმის მიერ და პაციენტი პირნათლად უნდა ასრულებდეს რეკომენდაციებს.
რა თქმა უნდა, თუ ჩვენ გვაქვს პოლინოზური, მცენარეებით გამოწვეული ასთმა, ამ შემთხვევაში, შეგვიძლია მათ ვუთხრათ, რომ აქტიურ ყვავილობის სეზონში ბუნებაში არ გავიდნენ, თუმცა მაინც, როცა პაციენტს აქვს საბაზისო მკურნალობა, შეიძლება, მართლაც ისეირნოს და არ ჰქონდეს სიმპტომები, თუმცა მაინც ვაფრთხილებთ მათ… მაინც და მაინც მგლის ხახაში ნუ შევყოფთ თავს…
როგორც მწვავე ალერგიების დროს წარმოადგენს იმუნოთერაპია მკურნალობის ოქროს სტანდარტს, ასთმის შემთხვევაშიც ასეა? ზოგადად, რა არის ასთმის მკურნალობის ოქროს სტანდარტი?
იმუნოთერაპია აზრს იძენს ალერგიული ასთმის შემთხვევაში, სხვა ტიპის ასთმის დროს ჩვენ ალერგენსპეციფიკურ იმუნოთერაპიას ვერ ჩავრთავთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ალერგიული ასთმის შემთხვევაში ალერგენსპეციფიკურ იმუნოთერაპია ჩართული იყოს, ეს ძალიან ეფექტურია. ეფექტურობა, რა თქმა უნდა, დამოკიდებულია პაციენტზე, დაწყების ასაკზე, მკურნალობის დაწყების დროზე, ხანგრძლივობაზე, რადგან იმუნოთერპია სამიდან ხუთ წლამდეა. სამი მინიმალურია, რაც უფრო დიდხანს იმკურნალებს პაციენტი, მით უფრო ხანგრძლივი და მყარი იმუნიტეტი გამოუმუშავდება იმ ალერგენის მიმართ, რომლის მიმართაც სენსიბილიზაცია აქვს. ეფექტურობა ასევე დამოკიდებულია თვითონ ალერგენის ტიპზე, ალერგენსპეციფიკურ იმუნოთერაპია ძალიან კარგად მუშაობს მცენარეებზე, მტვერზე, თუმცა ცხოველებზე ცოტა ნაკლები ეფექტურობა აქვს. როცა პაციენტს ჰყავს საყვარელი ცხოველი სახლში, ჩვენ ყველანაირი საშუალება უნდა გამოვიყენოთ, რომ ამ ცხოველის პაციენტზე ზეგავლენა შევამციროთ და აქ უკვე გვეხმარება იმუნოთერაპია, ვრთავთ ყოველდღიურ მკურნალობასაც, მათ შეიძლება ვურჩიოთ სახლში ჰაერის გამწმენდების დაყენება.
სხვა დანარჩენ შემთხვევაში, მტვერზე, ნესტზე, მცენარეებზე ძალიან კარგად მუშაობს ეს ყველაფერი და ძალიან დიდ რეკომენდაციას ვუწევთ.

ასთამასთან მიმართებაში, ბოლო ერთი წელი რომ შეაჯამოთ, შეიცვალა თუ არა რაიმე? ვგულისხმობ, მიდგომებს, გაიდლაინებს და ა.შ.
ძალიან რთული განსასაზღვრია, ვთქვათ, შეიცვალა თუ არა რაღაც საქართველოს მასშტაბით, თუმცა წლებთან მიმართებაში უფრო შემიძლია, რომ ეს დინამიკა შევაფასო და ვთქვა, რამხელა ცვლილება არის საქართველოს მოსახლეობაში ამ დაავადების მართვასთან მიმართებაში, ცნობიერების ამაღლებაში. ჩვენ „ალერგიის და იმუნოლოგიის ცენტრის“ „ფეისბუქ“ გვერდით მუდამ ვცდილობთ ყველანაირი ინფორმაცია მივაწოდოთ პაციენტს, ყველანაირ ალერგიულ დაავადებაზე. ჩვენ ვხედავთ, პაციენტები რამდენად გათვითცნობიერებულნი გახდნენ.
შეიძლება, ერთ წელიწადში ამის შეფასება გამიჭირდეს, მაგრამ ყოველდღიურ შრომას, ყოველ წვეთს დიდი მნიშვნელობა აქვს და პირადად მე, როგორც ერთმა ექიმმა, ნამდვილად შემიძლია აღვნიშნო, დიდი ცვლილება უკეთესობისკენ, რომელიც წლების მანძილზე შეინიშნება, ქართველი პაციენტების სასარგებლოდ.
რომ შეგეძლოთ, 3 მთავარი რჩევა მისცეთ ადამიანებს, რომლებიც ამ ნაწილში მოწყვლადები არიან, ვისაც ეს დიაგნოზი აქვთ, რას ურჩევდით მათ?
თუ პაციენტს უკვე აქვს ეს დიაგნოზი, აუცილებლად ვურჩევდი, რომ მკურნალობას მიჰყვეს ისე, იმ რეკომენდაციით, როგორც მას ექიმი ურჩევს. რა თქმა უნდა, პაციენტს არ სჭირდება, რომ ყოველ თვეში ექიმთან იაროს და ამისთვის ჩვენ მისი ეტაპობრივი განათლება, მისი კლინიკაში მოსვლის ინტერვალის ეტაპობრივი ზრდა გვჭირდება. თანდათან უნდა ვასწავლოთ, რა დროს როგორ მოიქცეს.
მეორე რჩევაა, რომ შეიმუშაოს თავისი მოქმედების გეგმა, თუ როდის, როგორ იქცევა, როდის მიმართავს ექიმს, ასევე გაათვითცნობიეროს გარშემომყოფი ადამიანები, ასწავლოს, თუ როგორ დაეხმარონ მას.
მესამე რჩევა ტრიგერებისგან თავის არიდება იქნება.