LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ გვაქვს ამდენი პრობლემა მოზარდებთან – ფსიქოლოგი ირინა ნიკოლაიშვილი გვასწავლის, სად ვუშვებთ მშობლები შეცდომებს – „სტუმრად ექიმთან“

275
ირინა-ნიკოლაიშვილი1

„რა განსხვავებაა ბავშვის გაზრდასა და აღზრდას შორის, სად გადის ზღვარი მშობლის რიდსა და შიშს შორის, უნდა მივცეთ თუ არა ბავშვს შენიშვნა, რამდენად მნიშვნელოვანია შეცდომების აღიარება“ – ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე ნატა ხარაშვილის გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ ბავშვთა ფსიქოლოგმა, ირინა ნიკოლაიშვილმა ისაუბრა.

გაზრდა და აღზრდა, ორი, თითქოს, ერთმანეთის მსგავსი, მაგრამ რეალურად, საკმაოდ განსხვავებული ტერმინებია, რა ძირითადი განსხვავებაა ამ ორ სიტყვას შორის?

კარგი ფორმულირებაა ბავშვთა ფსიქოლოგისთვის და მით უმეტეს, მშობლებისთვის, რომლებიც იღებენ პასუხისმგებლობას, რომ იყოლიონ შვილი, ჯანმრთელი, ჯანსაღი, როგორც ფსიქოლოგიურად, ისე ფიზიკურად, რომ შვილი აღზარდონ ისეთ სრულფასოვან პიროვნებად, რომელსაც ექნება დამოუკიდებლობის განცდა, იქნება ემოციურად გაწონასწორებული, ექნება სოციუმში თავის დამკვიდრების საშუალება, თავის სურვილების გამოვლინების საშუალება და ამ ყველაფერს, რაც მთავარია, უდიდესი სიყვარულით შეძლებს, ანუ იქნება მოქალაქე, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ სიკეთით საქმის კეთებაზე იქნება ორიენტირებული.

მინდა აღვნიშნო, რომ ასეთი ადამიანის აღზრდისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, თუ რა მაგალითს ვაძლევთ ჩვენ, თუ რა გარემოში, ატმოსფეროში იზრდება ბავშვი.

ძველ პერიოდში, ხშირად, ბავშვებს მრავალრიცხოვან ოჯახებში უწევდათ აღზრდა და ამას გარკვეულ წილად, თავისი განსაკუთრებულობა ახლდა და ისინი სწავლობდნენ ურთიერთობებს, ხედავდნენ ასაკოვანი ადამიანების დამოკიდებულებას ერთმანეთთან, მათ მიმართ განსაკუთრებულ სიყვარულს მშობლების მხრიდან, ასევე შეჩვეულნი იყვნენ მშობლების მეტ თავისუფლებას, რადგან როცა უფროსი თაობის წარმომადგენლები სახლში იმყოფებოდნენ, მშობლებს მეტი მოქნილობა და თავისუფლება ჰქონდათ და ბავშვებისთვის ასე თუ ისე ტრავმული არ იყო მათთან განშორება. ეს სიამტკბილობა ძალიან ჰარმონიულად იყო შერწყმული ყოველდღიურობასთან.

დღესდღეობით, გამომდინარე იქიდან, რომ გვიწევს, ძალიან აქტიურად ვიყოთ ჩართულნი ყოველდღიურ ცხოვრებაში, რათა შევძლოთ, ის პასუხისმგებლობები, ის ტვირთი ვზიდოთ, რაც გვაკისრია, ახალგაზრდები ცდილობენ, რომ თუ ახალგაზრდა მშობლები ჰყავთ ისინი დაიხმარონ, მაგრამ თუ ისინიც დაკავებულნი არიან, დამხმარეებს ირჩევენ. ეს ის მტკივნეული თემაა, როდესაც ყველა ადრეული ასაკიდან ცდილობს, რომ მისია ჩართულობის და აღზრდის დამხმარეს გადააბაროს, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ზოგჯერ გარკვეულ სირთულეებს აწყდებიან, ხშირად ცვლიან აღმზრდელებს, რაც ძალიან რთულად აისახება ბავშვზე, რადგან სინამდვილეში, ეს არის პერიოდი, როდესაც ბავშვი უნდა იზრდებოდეს დიდი სიყვარულის, დიდი მხარდაჭერის ფონზე, მასზე ზრუნვით, მისით აღფრთოვანებით, მის გვერდით დგომით, მისთვის მრავალი შეცდომის პატიების და მრავალი მაგალითის მიცემის ფონზე, რისი საშუალებაც, რეალურად, მათ არ აქვთ. ამდენად, დღევანდელ დღეს, იმედია, საწყენად არ მიმიღებენ, თუ ვიტყვი, რომ ახალგაზრდები უფრო ყოფით აუცილებლობაზე არიან გადართულნი, მათ უფრო უწევთ ბავშვების გაზრდა და არა აღზრდა, რადგან ამის დრო და ამის საშუალება არ გააჩნიათ. ისინი შემოიფარგლებიან მხოლოდ იმით, რომ მაგალითად, არ დაიგვიანოს ბავშვმა, რომ დასუფთავებული იყოს მისი გარემო, დროულად მოწესრიგდეს სკოლაში წასასვლელად და ა.შ. ეს ის კომუნიკაციის ფორმაა, რომელიც, რეალურად, აღზრდის მომენტებს არ შეიცავს.

სად გადის ზღვარი მშობლის შიშსა და რიდს შორის?

ზოგადად, შიში მოიაზრებს იმას, რომ ბავშვმა შეძლოს თავისი უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ანუ უნდა არსებობდეს რაღაცები, რისიც აუცილებლად უნდა ეშინოდეს, დავუშვათ, ელექტროობასთან, სიმაღლესთან შეხება, ცეცხლთან ურთიერთობა, სტიქიასთან სითამამე და ა.შ. ეს შიში გარკვეულწილად მოიაზრებს რაღაცის აკრძალვას და ისეთ საქციელებს, რომელიც მას უსაფრთხოდ ამყოფებს.

მშობლებს ხშირად უწევთ, რომ მუქარის, აკრძალვის ფონზე ხელი შეუშალონ თვითნებური ქცევების განვითარებას, ხელშეწყობას, სინამდვილეში, ეს მათ ბავშვებთან აკარგვინებთ იმ რიდს და მოწიწებას, რომელიც უნდა არსებობდეს, რეალურად, მშობელმა ბავშვს უნდა მიაწოდოს ინფორმაცია, რომ ეს მის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს, რომ ეს მის თავისუფლებას და არჩევანს კი არ ზღუდავს.

ბავშვს გამოცდილებაში უნდა ჰქონდეს დაგროვილი არა ბევრი უარი მის გადაწყვეტილებაზე. ყველაფერზე, პატარა უმნიშვნელო რამეზეც, როცა მშობლისგან მოდის – „არა, ახლა ამას ჩვენ ვერ გავაკეთებთ“, „ახლა ამის დრო არ არის“ – აქ უკვე ჩნდება რისკის სურვილი, რადგან ეს ის ასაკია, როდესაც მათთვის ჩანაფიქრის განხორციელება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე უსაფრთხოებაზე ფიქრი.

თუ ბავშვს უგროვდება გამოცდილება, რომ მისი სურვილები მეტ-ნაკლებად რეალიზებულია, რომ მას ეძლევა თავისი სურვილების დამოუკიდებლად განხორციელების საშუალება, მაშინ ის გარკვეულ მითითებას, რომელიც უფროსისგან მოდის-, რომ „ეს დღეს არ მოხდება, დღეს ამას ვერ გააკეთებ“,  უფრო ადვილად იღებს, რადგან მას აქვს იმის გამოცდილება, რომ როცა რამე ნდომებია, ის განუხორციელებიათ.

რაც შეეხება რიდს, აუცილებლად მინდა აღვნიშნო, რომ დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, ხშირად მოიშველიებენ ხოლმე ერთ-ერთ ავტორიტეტულ მშობელს მუქარის სახით, მაგალითად, „მამამ არ გაიგოს“ ან „ეს რომ დედაშენმა გაიგოს, ცუდად გექნება საქმე“, რაც ყოვლად დამღუპველია და მერწმუნეთ, რომ ძალიან ცუდ რამეს აკეთებენ, როდესაც ამ ფორმას მიმართავენ, რადგან ყველა ბავშვს იმ კონკრეტულ სიტუაციაში უჩნდება სურვილი, რომ ის თავისი ჩანაფიქრი თუ მიზანი მიაღწიოს და ინტერესი დაიკმაყოფილოს, მეტი სიამოვნება მიიღოს. როდესაც ამ წინააღმდეგობაში შენ მას აძლევ ბიძგს, იმ პატარა მოტყუებით, თვალის ახვევით თუ რაღაც გამოსავლის ძიებით იმ ავტორიტეტს ულახავ, რომელიც მისთვის იდეალი უნდა იყოს, რომლის რიდიც უნდა ჰქონდეს მთელი ცხოვრება, ის ამ პატარა გასაძრომში, რა თქმა უნდა, გაძრომას ამჯობინებს და ეს ძვირფასი ხატი დაიმსხვრევა. აქედან გამომდინარე, ეცადეთ, რომ თუ გასაწყრომია, იმ კონკრეტულ შემთხვევაზე გაუწყერით და ერთმანეთის ავტორიტეტს ასე უარყოფითად ნუ გამოიყენებთ, რადგანაც ბავშვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თუ რა ფორმით აძლევთ აკრძალვას.

შენიშვნა და მინიშნება – რა დროს რომელი უნდა გამოვიყენოთ, საერთოდ, საჭიროა თუ არა შენიშვნის მიცემა, მინიშნება უფრო სწორი ფორმა ხომ არ არის? ასევე, დარიგებასა და რჩევაზე მინდა გკითხოთ, აქვს თუ არა ბავშვისთვის ფსიქოლოგიურად მნიშვნელობა, თუ რა ფორმულირება ექნება ამ ყველაფერს, დარიგების თუ კლასიკური რჩევის?

ერთი, რაც არ უნდა დაგვავიწყდეს, ბავშვები ვერასდროს იცხოვრებენ ჩვენი გამოცდილებით და მათ თავიანთი ცხოვრების განმავლობაში ბევრჯერ მოუწევთ შეცდომის დაშვება, რაღაც სიახლესთან გადაკვეთა, პრობლემის დაძლევა. ამ ყველაფრის თავიდან არიდება და პრევენცია შესაძლებელი რომ იყოს, უინტერესოც იქნებოდა ცხოვრება, არა მარტო მათთვის, მშობლებისთვისაც.

მშობელი იმისთვის არის, რომ შეძლოს და უზრუნველყოს უსაფრთხოება, მრავალმხრივ განვითარების მეტი შესაძლებლობა მისცეს ბავშვს და ა.შ. , მაგრამ ეს არანაირად არ გამორიცხავს იმას, რომ როდესაც მათ შეცდომის დაშვება მოუწევთ, ამის მიმღებლობა ჩვენ არ გაგვაჩნდეს.

რა თქმა უნდა, შენიშვნის მიცემას ყველა ასაკში სხვადასხვა სახით ვიყენებთ. ზოგჯერ, იმაზე მეტი დრო არ უნდა დავუთმოთ შენიშვნის მიცემას, ვიდრე წინასწარ ახსნას, რადგან არის პერიოდი, როდესაც ელაპარაკები ბავშვს და ის აბსოლუტურად შუშის თვალებით გიყურებს, შენ კი მთელი გულით იხარჯები, რომ მიახვედრო, რა დააშავა, მაგრამ მის თვალებში კითხულობ, რომ ის ჯერ კიდევ იმ დაუსრულებელი სურვილის განხორციელების ფიქრში არის, მაგალითად, როგორ მოიპოვოს ესა თუ ის აკრძალული შოკოლადი, სათამაშო.

მშობელი უნდა იყოს მზად იმისთვის, თუ როდის რა ფორმით დაიხარჯოს, რომ სასურველი მიზანი მიიღოს. მაგალითად, თუ ჩვენ რაღაც ნივთი გაგვიტყდება და მას დავუძახებთ, გავუზიარებთ ტკივილს, სინანულს, რომ საყვარელი ნივთი გაგვიტყდა, ვასწავლით სინანულს, თანაგრძნობას და მოფრთხილებას, ასევე, ვასწავლით, რომ ნატეხი არ უნდა შეერჭოს, თუ როგორ უნდა დაიმუშაოს ჭრილობა, ეს უფრო სწორი იქნება, ეს ასე უნდა მოხდეს და არა მაშინ, როცა ის რაღაცას გატეხს, როცა ის რამეს იტკენს და მოგვინდება, რომ იყოს მორჩილი, არ მოიქცეს ასე შემარცხვენლად ექიმთან, გააჩეროს ხელი და მშვიდად, დიდი ადამიანივით დაამუშავებინოს ჭრილობა, ეს ასე არ ხდება.

ვეცადოთ, რომ ყველა ფაქტი, რომელსაც ჩვენ მათ ვუზიარებთ, ახსნილიც, აკრძალულიც და განმარტებულიც იყოს მანამ, სანამ ეს ყველაფერი მოხდება. აქვე შეიძლება, გვითხრან და გვისაყვედურონ, ასე ყველაფერს ხომ ვერ მივაწვდითო, რა თქმა უნდა, შეიძლება, ყველაფერს ვერ მივაწვდით, მაგრამ, აბა, წარმოიდგინეთ, როდესაც გაქცევას გეგმავს, სადღაც ხეზე აძრომას და მას მუდმივად თან სდევს თქვენი გაჟღერებული ფრაზები – „არ აძვრე, ჩამოვარდები, თავს გაიტეხ და მერე, ექიმთან არ წაგიყვან... შენ იქნები დამნაშავე, მე გაგაფრთხილე და შენ ეს მაინც გააკეთე“, ანუ ეს აპრიორი განაწყობს ბავშვს იმისთვის, რომ ყველა მისი დამოუკიდებლად მიღებული გადაწყვეტილება, ქცევა კრახით, სავალალო შედეგით დასრულდება, რაც მას სამომავლოდ რაღაც სირთულეების დაძლევის სურვილს უკარგავს და მერე, ვფიქრობთ, საიდან მოდის ამ ბავშვში ამდენი უინიციატივობა, არათავდაჯერებულობა, ამდენი აკრძალვა… მოდის იქიდან, რომ ჩვენ ვიყავით ზედმეტად მშფოთვარე და ზედმეტად მზრუნველი მშობელი. რა თქმა უნდა, აქ არ ვგულისხმობ იმას, რომ ბავშვს თავის გატეხის და დამწვრობის საშუალება მივცეთ, უბრალოდ, ყველაფრის წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია. ყველა, ნებისმიერ ქმედებას აქვს უარყოფითი და დადებითი მხარე და თუ ასე მივუდგებით, საერთოდ არაფერი არ უნდა გააკეთოს ადამიანმა და მით უმეტეს, ბავშვმა, რომელიც დავუშვათ, პირველად კიდებს ხელს მჭრელ ნივთს და პირველად იყურება სიმაღლიდან, რადგან ეს არ იგივდება იმასთან, რომ აუცილებლად უნდა გაიჭრას ხელი და აუცილებლად უნდა შეეშინდეს სიმაღლის.

თხოვნა თუ მოთხოვნა, თუნდაც გაკვეთილების შესრულების კუთხით, მე უნდა მოვითხოვო, რომ ბავშვმა გაკვეთილები შეასრულოს თუ უნდა ვთხოვო მას ამის გაკეთება და რაზეა დამოკიდებული გამომყვება თუ არა ის ამაში?

სანამ სასკოლო ასაკამდე მიხვალთ და სანამ გაკვეთილების მომზადებაზე მოგიწევთ შვილთან საუბარი, მანამ უწევს ძალიან ბევრი წინაპირობა, როცა თქვენ წესით და რიგით, უნდა ფლობდეთ ინფორმაციას თქვენი შვილის შესახებ, არის თუ არა ის დავალების შემსრულებელი, აქვს თუ არა მას იმის უნარი, რომ თუნდაც მცირედი, რაღაც უმნიშვნელო დავალება დამოუკიდებლად შეასრულოს.

თუ მას დამოუკიდებლად არასდროს აუწყია რაიმე ასაწყობი, თუ დამოუკიდებლად არ თამაშობდა, თუ არ აწესრიგებდა თავის საყვარელ სათამაშოებს, არ ანიჭებდა მათ ისეთ მნიშვნელობას, რომ განცალკევებული ჰქონოდა და მეტი პასუხისმგებლობით მოჰკიდებოდა, ეზრუნა მათზე, თუ დავუშვათ, თქვენს მიერ ნათქვამ მოთხოვნას ვერ ასრულებდა, თუნდაც მარტივს, მაგალითად, როგორიცაა ფურცლების აკრეფვა, ფანქრების ჩაწყობა თუ რაღაც უმნიშვნელო დავალებასაც არ გისრულებდათ თავიდან ბოლომდე დამოუკიდებლად, ეს უკვე ქმნის იმის მოლოდინს, რომ შეუძლებელია ამ ყველაფრის ფონზე პირველ კლასელი ბავშვი დაჯდეს და ორ ხაზს შორის წერტილებით შეაერთოს და დამოუკიდებლად ასოების გამოწერა შეძლოს.

თუ ბავშვი დამოუკიდებელ ქმედებებს, დავალებებს ასრულებდა, მისი განვითარების ყველა საფეხურზე შესაბამისად იქცეოდა, მაგალითად, როცა ჩალაგება ევალებოდა, ალაგებდა, როცა ასაწყობს აძლევდით, ინტერესდებოდა და აწყობდა, როცა რაღაცას ასწავლიდით, მეორე ჯერზე დამოუკიდებლად აკეთებდა, მაშინ, როცა ის 6 წლის იქნება, თქვენ აღარ მოგიწევთ თქმა – „დე, ხომ იცი, ახლა შევჭამთ და მერე, უნდა დაჯდე, ასოები გამოწერო“, რადგან ის იმდენად ჩართული იქნება იმ ცვლილებებში, რასაც სკოლაში სოციალიზაცია, თავის გამოჩენა, მასწავლებლის წახალისება, თავის დამკვიდრება და შექებისთვის ბრძოლა ჰქვია, რომ ის ამისთვის დამოუკიდებლად გამოიჩენს ინიციატივას.

არის ისეთი შემთხვევებიც, როცა ადრე, ბავშვი კიდევაც აკეთებდა ჩვენს დავალებას, კიდევაც ალაგებდა, მაგრამ ახლა შეიცვალა და ჩვენ ვიწყებთ ფიქრს, ახლა, რა მოუვიდა, რატომ არის ასე და ჩვენ უკვე ვაქცევთ ყურადღებას იმას, თუ რამ, რა ფსიქოლოგიურმა ფაქტორებმა განაპირობა ამ ბავშვის ნაკლები პასუხისმგებლობის ქონა. ვიწყებთ ძიებას, ხომ არ არის ოჯახში ახალი, პატარა წევრი, მასზე ხომ არ ნაწილდება ყურადღება, ამგვარი ქცევით მეტ ყურადღებას ხომ არ ითხოვს ბავშვი, ხომ არ არის ოჯახში რაიმე პრობლემა, ჯანმრთელობის, ურთიერთობის, დაშორების, ხომ არ არის ვინმეს გარდაცვალება და ა.შ. პატარა დეტალებსაც კი ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

ყველა ყურადღებიანი მშობელი ყველა ჩვენგანზე საუკეთესო ფსიქოლოგია შვილისთვის. მე ხშირად ვეუბნები მშობლებს, ჩაფიქრდით და მითხარით, თქვენ უკეთ იცით, თუ რამ გამოიწვია ეს ყველაფერი-მეთქი და დასმულ კითხვებზე ისე სხარტად მპასუხობენ, თითქოს, თვითონ იყვნენ პატარა მოსწავლეები და ამბობენ, ახლა მიხვდი, თუ სად იყო შეცდომა დაშვებულიო. ესე იგი, დღესავით ნათელია ის ცვლილება, რაც პროტესტის ასეთ ფორმას იწვევს.

მოდით, ვთქვათ ისიც, რომ ბავშვებიც ისეთივე ადამიანები არიან, როგორც ჩვენ და არის რაღაცები, რაც ზოგჯერ, ჩვენც გვეზარება. ხშირად, ჩვენც გადავდებთ, გადავდებთ საქმეს, მაგრამ შემდეგ, ჩვენ ზრდასრულებს გვაქვს იმის უნარი, რომ გავათენოთ ღამე და მაინც დავდოთ შედეგი სასურველ დროს. ბავშვი ზუსტად იმით განსხვავდება ჩვენგან, რომ მას ეს დროის შეგრძნება არ აქვს, ის ერთი საათი თამაშობს, 10 თუ 4 დღე, საერთოდ ვერ საზღვრავს. აქედან გამომდინარე, კიდევ იქ მივდივართ, რომ თუ შენ პატარა ქმედებებით ბავშვს უმუშავებ პასუხისმგებლობის გრძნობას, მაგალითად, თუ ჰპირდები საჩუქარს, გასეირნებას, ერთად თამაშს და ამას უსრულებ, როდესაც ასეთი დამოკიდებულება უდევს საფუძვლად თქვენს თხოვნას, ქმედებას, მაშინ მისთვის გასაკვირი აღარ იქნება, რომ ეტყვით – „დე, ჩვენ ახლა უნდა ვიმეცადინოთ“, მაგრამ თუ ატყობთ, რომ ბავშვს ამის მზაობა არ აქვს, მაშინ შემდეგნაირად შესთავაზეთ, რომ თავად გადაწყვიტოს – „ისადილებ და მერე იმეცადინებ თუ ჯერ თამაში გინდა და მერე იმეცადინებ?“, ანუ რაღაც ჩარჩოს მაინც ვარგებთ, რადგან ჩვენ ვართ მშობლები.

განათლებაზე და ცოდნაზე მინდა გკითხოთ, თანამედროვე სამყაროში რას ნიშნავს განათლებული ბავშვი, ეს არის ბავშვი, რომელიც სწავლობს, მიჰყვება იმ პროგრამას, რომელიც მისი ასაკისთვის არის გათვალისწინებული თუ არის კიდევ სხვა რამ, რაც გვჭირდება იმისთვის, რომ საბოლოოდ, ბავშვი ჩამოყალიბდეს ისეთ ადამიანად, მსოფლიოს, საკუთარ თავს რომ გამოადგეს, რომ თავად იყოს სრულფასოვანი და ბედნიერი?

დავიწყოთ იქიდან, რომ ბავშვები ცოდნას ყოველდღიურად, გაჩენის წუთიდან ჩვენთან, სამყაროსთან ურთიერთობით იღებენ, აკვირდებიან, შეისწავლიან სამყაროს და ყოველდღიურობაში იძენენ ცოდნას.

რა არის განათლება?! განათლება უკვე ამ ცოდნის, ასე ვთქვათ, გამოყენება, შევსება, გააზრება, კონკრეტულ მომენტებში შესატყვისად მორგება, გაღრმავება, ანალიზი, ასოციაციის აღძვრაა.

ალბათ, ძალიან ბევრი ისეთი ადამიანი იცით, რომელიც უზომოდ ნაკითხია, მაგრამ აკვირდებით და რაღაც შეუსაბამობებს აწყდებით. ასეთი განათლება აქვს მიღებული და რაღაც მარტივ კითხვას სვამს ან რაღაც მარტივ საკითხს ვერ წყვეტს და ახლა ზუსტად იქ მივდივართ, რომ ცოდნა არის ერთი, განათლება – მეორე და ყოფით სიტუაციაში, ყოველდღიურობაში, ცხოვრებაში ამის სინთეზი – მესამე.

და ეს ნიჭია?

არა, ეს უკვე არის აზროვნების უნარი, რომელსაც ამ ცოდნის ფონზე განათლება ერთვის თან, განათლება აღრმავებს ამ ცოდნას და სძენს უნარს მოირგოს ეს ცოდნა ყოველდღიურობაში.

ჩვენ ძალიან ხშირად შვილებს ვასწავლით კონკრეტულ დავალებებს, ის მიდის სკოლაში, მონიშნული აქვს გეოგრაფიული ნიშნულები ან არითმეტიკული და ტრიგონომეტრიული ნორმები, ფიგურების სახელები, მაგრამ ყოფით ცხოვრებაში როდესაც აწყდება მათ, ვერაფრით ვერ ავლებს პარალელს, არსებულ ცოდნასა და კონკრეტიკას შორის, ანუ რა შუაში შეიძლება იყოს სკოლაში ნასწავლი ფიგურის განმსაზღვრელი ფაქტორები ყოველდღიურობასთან, როგორ შეიძლება ისინი ყოველდღიურობაში გამოიყენოს.

მე ჩემს მოზარდ ე.წ. პაციენტებს სულ ვეუბნები, ნურასდროს ნუ სწავლობთ რაიმეს მხოლოდ იმიტომ, რომ იმ კონკრეტულ დღეს მიიტანოთ მასწავლებლამდე, რვეულში დაწეროთ და დაფასთან მოჰყვეთ. არცერთ გაკვეთილს არ აქვს აზრი და მნიშვნელობა, თუ მხოლოდ იმიტომ ასწავლი ბავშვს, რომ მარტო იმ დღეს შეძლოს კითხვებზე პასუხის გაცემა, ეს ყოველდღიურობასთან უნდა იყოს შესაბამისობაში და აქ მშობლის ჩართულობა მჭირდება, აქ მჭირდება ზუსტად ის, რომ მშობელი დაინტერესდეს. მერწმუნეთ, ძალიან დიდ პროცენტს წარმოდგენაც არ აქვს, თუ რას სწავლობენ მათი შვილები. ჩვენ მათგან ხშირად გვესმის, „მე ისე დავამთავრე სკოლა, რომ დედაჩემს არ გაუგია… ვიყავი მოწესრიგებული…“ და ა.შ. დღეს, სულ სხვა დროა. მოდით, ვიყოთ გულწრფელები და ვთქვათ, რომ ასეთი დაკავებულები, ასეთი ქაოტურები, ასეთი დროში შეზღუდულები,  არ მინდა, ვთქვა გატანჯულები, მაგრამ რეალურად ასეა, არ ვყოფილვართ, თუ ტრანსპორტით გადაადგილების გამო, თუ დროის დეფიციტის გამო, თუ დატვირთვის გამო… ბავშვებისგან ვითხოვთ იმაზე მეტს, ვიდრე მათ ამის რესურსი გააჩნიათ, ვთხოვთ აურაცხელი ინფორმაციის გადამუშავებას და არ ხდება ამის განზოგადება, ბავშვი იზუთხავს ქვეყნებს, ტერიტორიებს, მდინარეებს, ოკეანეებს და რეალურად, არასდროს შეხება არ ჰქონია არც მდინარის კალაპოტთან, არც ნაპირთან, არც ტელესკოპში ჩაუხედავს, არც ვიდეო უნახავს მსგავსი, ანუ მშრალად არის ეს მიწოდებული და ზუსტად ამ დროს მინდა მშობლის მხარდაჭერა, რომ პატარა, საკუთარი მაგალითებით, მონათხრობით გაუიოლონ სწავლა, დამერწმუნეთ, ასე მეტად დასამახსოვრებელია, მეტად აღქმადია, სწორედ ასე სწავლობს პარალელის გავლებას, იწყებს თავის ცნობიერებაში მსგავსი ფენომენის მოძიებას. ეს არის ის ცოდნის ანალიზთან ბმა, რაც გინდა, რომ შემდგომ ასაკში თვითონ გააკეთოს. თუ გამოცდილებას არ მისცემ ყოველდღიურობაში, თუ სახლიდან სკოლამდე ყოველ დღე ერთი და იგივე გზით ივლის შენთან ერთად, თუ სულ პატარა ცვლილებებს მაინც არ განაცდევინებ… პირველ კლასელიც იმავენაირად უნდა მიდიოდეს სკოლაში, როგორც მეოთხე კლასელი და მეშვიდე კლასელი?! ყოველ დღე ერთნაირად უნდა აცილებდე შვილს?! თუ ეს დინამიკა არ მიჰყვება მის განვითარებას, რატომ ველოდებით იმ ერთბაშად მიღებულ დამოუკიდებლობას, საიდან მოვა ეს გამოცდიელაბა?! ისევ და ისევ იქ მივდივართ, რომ გქონდეთ მეტი სიახლოვე შვილებთან, თუნდაც 10 წუთი. ყველა ცნობილი ფსიქოლოგის, ყველა ქვეყნის ცნობილი პედაგოგის და მეცნიერის რჩევაა, რომ მანქანაში თუ ხართ, ტრანსპორტის თემაზე, მგზავრობაზე ესაუბრეთ მათ, თუ სამზარეულოში ხართ, კულინარიაზე, გემოვნებაზე, თუ მეცადინეობთ, თქვენ იყავით მაგალითის მიმწოდებელნი.

ჩვენც ხომ გვაქვს რაღაც პასუხისმგებლობა, ხან ლექცია გვაქვს მოსამზადებელი, ხან სემინარი და ჩვენს მაგალითზე ხომ შეიძლება ვაჩვენოთ, რომ პასუხისმგებლობას რომ იღებ რაღაცაზე, როგორ ხდება მისი განხორციელება. თუ ამ შენი სირთულის დაძლევის დროს მეტ თანადგომას აჩვენებ და ამ მაგალითებზე გაზრდი, მერწმუნეთ, არ არის აუცილებელი, რომ ბავშვი ათივე საგანში ერთნაირი იყოს, კარგი მშობელი ზუსტად იმას ნიშნავს, რომ კარგად შეაფასოს მისი შვილის შესაძლებლობები, რა უფრო გამოსდის, სად არის უფრო მეტად თავდაჯერებული, სად უნდა დახუჭოს თვალი, სად არ უნდა მისცეს შენიშვნა, სად უნდა დაეხმაროს უფრო მეტად, რომ უკეთესი შედეგი მიიღოს.

უნდა იყოს თუ არა წესრიგი ვალდებულება ბავშვისთვის, ერთგვარი რუტინა?

როგორც ყველა ორგანოს ჯანსაღად მუშაობა არის აუცილებელი, იმისთვის, რომ ადამიანის ორგანიზმი სრულფასოვნად მუშაობდეს, რომ დავუშვათ, არ ჰქონდეს სუნთქვის უკმარისობა, მოტორიკის შეზღუდვა, აზროვნების ან მხედველობის პრობლემა, ასეთივე აუცილებელ პირობას წარმოადგენს ადამიანის შინაგანი მოწესრიგებულობა.

მოწესრიგებულობაში ვგულისხმობ, თუ როგორ ანაწილებს ის დღის განრიგს, როგორი რეჟიმით ცხოვრობს, როდის ისვენებს, როდის იტვირთება, იმ ემოციურ მოწესრიგებულობასაც ვგულისხმობ, რომელიც აუცილებელია, არ უნდა იყოს მუდმივად დადებითი ემოცია ან მუდმივად უარყოფითი და ა.შ. ამ წესრიგში ძალიან ბევრი რამ იგულისხმება.

რაც შეეხება იმას, თუ როდის იწყება ამ ჩვევის გამომუშავება და რომელ წესრიგზე გვაქვს საუბარი, ეს ეხება იმ მშვიდი გარემოს შექმნას, რომელიც ახალშობილობიდან კი არა, მუცლად ყოფნის პერიოდიდან იწყება. ეს მოწესრიგებულობა მოწესრიგებული მშობლებიდან გადადის ბავშვზე. თუ ის შფოთვა, რომელიც მას მუცლად ყოფნიდან დაჰყვება, არ იქნა დროულად ალაგებული, მერწმუნეთ, რომ წითელი ზოლივით გასდევს მის განვითარებას და ამას დიდ გამოცდილებაზე დაყრდნობით ვამბობ.

მრავალი წელია,  ჩემთან მოსულ ადამიანს ზედმიწევნით არ ვეძიები, თუ სად, როგორ, რომელ ეტაპზე რანაირად გაიარა ფეხმძიმობის ყველა საფეხური, როგორ განვითარდა მუცლად ყოფნის პერიოდიდან ნაყოფი, ყველა განვითარების საფეხურზე როგორი იყო მისი ემოციური მდგომარეობა, აკმაყოფილებდა თუ არა განვითარების ყველა ნორმას და ამის მერე ვწყვეტ, შევძლებ თუ არა მათ დახმარებას, იქნება თუ არა ეს პროცესი შედეგზე ორიენტირებული.

ვთვლი, რომ ამის თქმის უფლება უკვე მაქვს, რადგან მრავალი წლის დაკვირვების შედეგად მივედი ამ დასკვნამდე და მერწმუნეთ, რომ 90, შეიძლება 95 %-ში ყველაფერი მუცლად ყოფნის პერიოდიდან იღებს სათავეს. რა თქმა უნდა, გარემო ფაქტორები ვიღაცასთან მეტად აჩქარებს პროცესს, ვიღაცასთან სტრესი საერთოდ ცვლის სიტუაციას, ვიღაცასთან მოულოდნელი ცვლილებები, მაგრამ ეს მეტწილად უფრო კონტროლირებადია. აქედან გამომდინარე, მოწესრიგებულად ფეხმძიმობა, მოწესრიგებულად მოვლინება, მოწესრიგებულ გარემოში ყოფნა და შემდეგ აღზრდის აუცილებლობა, ზუსტად ასე შემოსაზღვრულ, წინასწარ მოფრთხილებულ და შერჩეულ გარემოში ყოფნა, გვაძლევს იმ ჩვევების განვითარების საშუალებას, რაც თავისთავად ქმნის ასეთ ადამიანს მშვიდს, წყნარს, გაწონასწორებულს, მოსიყვარულეს, დაკვირვებულს, აუღელვებელს, მიმღებლობის უნარიანს.

როგორც კი არის გაძლიერებული შფოთვა, როგორც კი არის სტრესი, აგრესია, როცა არის დისკომფორტი სოციალური პირობების გამო, არის არასრულფასოვანი ოჯახი, ხშირი კონფლიქტები, მუდმივი შეურაცხყოფა, სტრესი, იგნორი, იქ ვიღებთ შინაგანად არა მოწესრიგებულ, დაკარგულ, სოციუმში გაბნეულ, არა მობილიზებულ, არა თავდაჯერებულ პატარას, რომელსაც ისედაც ამდენი სირთულის დაძლევა უწევს, რომელი ასაკიც გინდათ აიღეთ, გნებავთ საბავშვო ბაღის, გნებავთ სკოლის, თინეიჯერობის. ასეთ არამყარ საფუძველზე გაზრდა, აშენება, აღმოცენება უკვე ძალიან უჭირს ბავშვს, ძალიან დიდი ტვირთი ადევს, რომ წამოდგეს და გაშალოს ფრთები, ამიტომ ჩვენ ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ ჩასახვის სურვილს, ჩასახვის პირობებს, სრულფასოვან ჩასახვას, სრულფასოვანი 9 თვის განვითარებას, ეს არის გარანტი ჯანსაღი, ჯანმრთელი, მოწესრიგებული, გაწონასწორებული, მშვიდი არსების მოვლინებისა.

თუ რაიმე პრობლემას ვაწყდებით იმ ადრეულ ასაკშივე, რა თქმა უნდა, აქ არ მოვიაზრებ, იმას, რომ 3 და 5 თვის ბავშვს სეანსებზე ვატარებთ და მათზე ვმუშაობთ, მაგრამ აქ მშობლებზე ვმუშაობთ, რომ ისინი იყვნენ მეტად ყურადღებიანები და არ გამოეპაროთ ის დეფიციტები, რომლებიც უქმნის საშიშროებას შემდგომში მის მოწესრიგებულობას, ყურადღებიანობას, აკადემიურ მოსწრებას.

ეს მოწესრიგებულობა, რომელზეც თქვენ მკითხეთ, რომ ის იყოს თავის პატარა ამოცანის დამძლევი, რომელიც გარკვეულ ასაკში ევალება, მოდის, როგორც გითხარით, ადრეული ასაკიდან და ეს უნდა ვასწავლოთ, გამოვუმუშაოთ, რადგან მერე, ასეთ ლიანდაგზე დამდგარი მატარებელი სულ სწორად, კარგად ივლის.

ჯანსაღ ინდივიდუალიზმზე მინდა გკითხოთ, შესაძლებელია ბავშვში ჯანსაღი ტიპის ინდივიდუალიზმის ჩამოყალიბება იმ ფონზე, როცა ეგოიზმიც რაღაც მომენტში იჩენს თავს ჩვენი ცხოვრების ყველა ეტაპზე, განსაკუთრებით ბავშვებში, რომელთაც ამის მიმართ მიდრეკილება არა, მაგრამ ხელშეწყობა აქვთ?

ალბათ, შეგიმჩნევიათ, რომ ვიღაცას ყველაფრის უფლებას აძლევენ, ვიღაცა არის ზედმეტი სიმკაცრის ქვეშ, ვიღაცა საერთოდ უგულებელყოფილია, ანუ მაინც და მაინც არ ექცევა ყურადღება არც მის წარმატებას და არც მის უმსგავსო ქცევას. შესაბამისად, ზუსტად იმ ოქროს შუალედთან მივდივართ, რომ ბავშვურ ეგოიზმსაც, ბავშვურ ინდიფერენტიზმსაც და ბავშვურ დაუცველობასაც ჩვენს მიერ სწორად მიწოდებული აღზრდის მეთოდები განაპირობებს, არც ზედმეტი თავისუფლება ვარგა, არც ზედმეტი უპასუხისმგებლობა, ანუ მიდგომა, რომ გატეხს, გააფუჭებს, არ დაიცავს სოციალურ წესებს, ჩვენ აბსოლუტურად მშვიდი, აუღელვებელი სახით შევხვდებით ამას, რადგან მისგან შემდგომ, ცოტა მოზრდილ ასაკში არ უნდა ველოდოთ ძალიან მშვიდ და სწორ გადაწყვეტილებას, არაეგოისტურს. თუ მას ეს მოდელი გამყარებული აქვს, თუ მთელი ცხოვრება დედამიწა მის გარშემო ბრუნავდა, მას უკვე უჭირს სოციუმში უცხო ადამიანების აღქმა, მათ სურვილებზე მორგება, მათთან თანაცხოვრება.

თუ ბავშვს პატარაობიდანვე ვასწავლით მოხუცის მიმართ რიდს, საკვების თუ ნივთის მეგობართან, ახლობელთან გაზიარებას,დათმობას, საკუთარი სურვილების არსებულ სიტუაციაზე მორგებას და ა.შ. მას ეს ყველაფერი თანდათან გამოუმუშავდება.

თუ მშობელი ამჩნევს პრობლემას და ის უკვე ვერ უმკლავდება ამას, მაშინ არ უნდა დააგვიანოს და მიმართოს სპეციალისტს. სულ ცოტა, ინფორმაცია მაინც უნდა მოიძიოს თუ როგორ მოიქცეს სწორად, მით უმეტეს, დღეს, როცა არსებობს ინტერნეტი, ხელოვნური ინტელექტი.

ჩვენს გარშემო ძალიან ბევრ ბავშვს უჭირს შეცდომების აღიარება. როგორ უნდა ავუხსნათ ბავშვს, რომ კარგია შეცდომის აღიარება, როცა მისი მეგობრების 90% ამას არ აკეთებს?

ისევ მივდივართ იქ, რომ ეს ყველაფერი ხდება ჩვენს მიერ მიწოდებულ მაგალითებზე. ელემენტარულ მაგალითს გეტყვით, რეკავს ტელეფონი და შენ რაღაც მიზეზის გამო არ გცალია, რომ ისაუბრო და აქედან ანიშნებ, რომ უთხრან, თითქოს, იქ არ ხარ, თითქოს, არაფერი, ისეთი უმტკივნეულო ფაქტია, მაგრამ ტყუილის ერთი პრეცედენტიც კი საკმარისია, რომ ბავშვმა დაინახოს და იფიქროს, რომ ეს დასაშვები ფაქტია.

ასევე, მაგალითად, ბავშვს ეუბნები, რომ ჩუმად იყოს, რადგან მამას სძინავს, ის კი წავა, ოთახში შეიხედავს და ხედავს, რომ მამას ტელეფონი უჭირავს. შეიძლება, მართლაც იმ წუთის გაღვიძებული იყოს მამა, მაგრამ ამ დროს, ბავშვი უკვე ტყუილში გიჭერს, ეს უკვე იმედგაცრუებაა, ანუ ის ნდობას კარგავს შენს მიმართ.

ყველაზე მთავარი სწორი აღზრდის პრინციპი შვილთან ნდობის არ დაკარგვაა.

სამწუხაროდ, ხდებოდა ისე, რომ ჩვენი მშობლების, ბებია-ბაბუების თაობის დროს, არსად, არასდროს გვსმენია, რომ მათ რამე ეშლებოდათ, თითქოს, მოთხოვნა იყო, რომ პედაგოგი, ლექტორი შეუცდომელი ყოფილიყო, როგორ შეიძლებოდა მამას, ბებიას ან ბაბუას რამე არ სცოდნოდა?! დღეს, ეს შეხედულება დამსხვრეულია და ჩვენ უნდა შევძლოთ, გამოვიმუშაოთ უნარი, რომ რაღაც შეიძლება, არც ჩვენ არ გამოგვდიოდეს, არ ვიცოდეთ, ვაღიაროთ, რომ თუ ჩვენ რაიმეში სუსტი ვართ ამის თქმის არ გვრცხვენოდეს. სწორი აღზრდის დროს, ყველაზე მნიშვნელოვანია, როცა ბავშვს შენი მხარდაჭერის იმედი აქვს, მერე რა, რომ რაღაცას ვერ გაიგებს, არ დაწერს… შეცდომაა, როცა მშობლები ბავშვს ეუბნებიან – „შენ ყველა გაჯობებს, შენ არ გექნება დავალება და სხვებს ექნებათ“ და ა.შ. ეს ასე არ არის, ჩვენ ყოველდღიურად გვაქვს უფლება, რომ რაღაც არ ვიცოდეთ, ვერ შევძლოთ, შეგვეშალოს, შემდეგ, მოვინდომოთ, გამოვასწოროთ.

მინახავს ბავშვები, რომლებიც, მაგალითად, თუ 10-იანს არ მიიღებენ, სახე ეცვლებათ, საქციელს კარგავენ, ურთიერთობაში იკარგებიან. ჩვენ მათ უნდა ვასწავლოთ, რომ მისი მჯობნი ყოველთვის იქნება, რომ ყოველთვის ის ვერ იქნება პირველ ადგილზე, რომ სადღაც დამარცხებული, შემცდარიც იქნება, სადღაც ბოდიშიც ექნება მოსახდელი. თუ ფეხი არ გადაგიბრუნდა, წინ ყურებად და დაკვირვებულობას ვერასდროს ისწავლი. ისე არ ხდება, რომ სულ ხელჩაკიდებულმა, ვიღაცამ გაგიკონტროლოს ყველა ნაბიჯი. ვეცადოთ მეტი მაგალითი მივცეთ ბავშვებს.

სად და როდის იგეგმება თქვენი ლექციების სერია, შეხვედრები მშობლებთან, რომელთაც პერიოდულად ატარებთ?

დიახ, „სწორი აღზრდის საიდუმლოება“. მე მაქვს ჩემი ფეისბუქ გვერდი, მყავს ძალიან ბევრი გამომწერი და საზოგადოებას მოვუწოდებ, ვისაც სურვილი ექნება, დაგვიმეგობრდეს, რადგან იქ ვაანონსებ ჩემს შეხვედრებს. მინდა გითხრათ, რომ ეს, დედებთან შეხვედრა ქართულ რეალობაში სიახლეა. ხაზს გავუსვამ და დავაკონკრეტებ, რომ ეს არ არის მშობიარობის წინ რომ ფეხმძიმეებს ამზადებენ, რჩევებს რომ აძლევენ და გაკვეთილებს უტარებენ, ეს არის ყველაფერი ის, რაც შემდგომში დაშვებულ შეცდომებს აგარიდებთ. მე გიზიარებთ ჩემს ცოდნას, რომელიც 35 წლის განმავლობაში დამიგროვდა შეცდომა დაშვებულ მშობლებთან ურთიერთობით.

უმთავრესია იმის აღნიშვნა, რომ ორივე მშობელი ერთი უფლებით სარგებლობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები