LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

განვითარების ეტაპების შეფერხება ბავშვებში – გვანცა არველაძე „მზიური მედ ნეირო ქიდსის“ შესახებ

942
გვანცა-არველაძე

ნატა ხარაშვილის გადაცემას „სტუმრად ექიმთან“ „მზიური მედ – ნეირო ქიდსის“ კლინიკური დირექტორი, ბავშვთა ნევროლოგი, გვანცა არველაძე სტუმრობდა, რომელმაც ბავშვთა ადრეულ განვითარებაზე, სხვადასხვა ტიპის განვითარების ეტაპების შეფერხებაზე, შეფასებისა და მკურნალობის მეთოდებზე ისაუბრა.

გვანცა, მოგვიყევით „ნეირო ქიდსის“ შესახებ, რომელიც მთლიანად ბავშვთა ადრეულ განვითარებაზეა მიმართული. რატომ გახდა საჭიროება, რომ „მზიური მედის“ ბაზაზე ამ ტიპის ცენტრი ჩამოყალიბებულიყო და რა ტიპის სირთულეების მქონე ბავშვებს ემსახურება ის?

„ნეირო ქიდსი“ ეს არის „მზიური მედთან“ არსებული მულტიდისციპლინური ნეირო განვითარების ცენტრი, რომლის ძირითადი მიზანიც ერთ სივრცეში ბავშვების განვითარებაზე მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვა გახლავთ. მისი შექმნის იდეა რამდენიმე წლის წინ წამოვიდა. მომართვიანობის მაღალი სტატისტიკური მაჩვენებლის გამო, გადაწყდა, რომ უმჯობესი იქნებოდა, რომ ეს სერვისები ერთ სივრცეში ყოფილიყო. საწყის ეტაპზე რამდენიმე სერვისი იყო, ნეიროფსიქოლოგის სკრინინგი, მეტყველების თერაპია და ქცევითი თერაპია, თუმცა კიდევ უფრო მეტი საჭიროება დადგა და ამის შემდგომ, სულ რამდენიმე თვეა, რაც ეს ცენტრი დაარსდა და ის ძირითადად ისეთი ბავშვების ჩართულობაზეა მიმართული, რომელთაც სხვადასხვა სახის მხარდაჭერა ესაჭიროებათ განვითარების მიმართულებით, იქნება ეს მეტყველება, კოგნიტური სფერო, კომუნიკაცია, ქცევა, ემოცია თუ ა.შ.

ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სწრაფ დიაგნოსტიკას, როცა დიაგნოსტიკის შემდგომ სპეციალისტი უყურებს, როგორ მართავს მისი სხვადასხვა დამხმარე სპეციალისტი, ნეიროფსიქოლოგი, ქცევის თერაპევტი, მეტყველების თერაპევტი სიტუაციას, აკვირდება პაციენტს დინამიკაში და ეს პაციენტი არ იკარგება, ეს არის უმნიშვნელოვანესი, რადგან ასეთი ტიპის პაციენტს ძალიან ხშირად სჭირდება შეფასება, გადაფასება და თვითნებური გადაწყვეტილებები მშობელმა არ უნდა მიიღოს, რადგანაც ამან შესაძლოა, ნაკლები შედეგისკენ მიგვიყვანოს.

როდის დგება ჩარევის საჭიროება? მშობელმა თავად უნდა გადაწყვიტოს ბავშვის „ნეირო ქიდსში“ მოყვანა თუ ეს პედიატრის პრეროგატივაა, მან უნდა მისცეს მშობელს მიმართულება და გადაამისამართოს სპეციალისტთან?

ვიტყოდი, რომ ორივე შემთხვევა მისაღებია, რა თქმა უნდა, მშობელსაც შეუძლია, მიიღოს ეს გადაწყვეტილება, რადგან უმრავლეს შემთხვევაში, მშობელი ატყობს თავის შვილის სხვადასხვა სახის სირთულეს, სიძნელეს, მით უმეტეს, რომ ახლა საკმაოდ მაღალი ცნობადობაა და მშობელმა იცის, თუ რას უნდა დააკვირდეს.

მოგეხსენებათ, ბავშვი სანამ სხვადასხვა სპეციალისტთან მოხვდება, პირველი რგოლი პედიატრია. გარდა შეფასებისა, პედიატრის პირველი მოვალეობა დაკვირვება და ანამნეზის შეკრება გახლავთ. ახლა, ყველა პედიატრი სვამს კითხვას ბავშვის ქცევის, მეტყველების, განვითარების ეტაპების შესახებ და თუ ის ატყობს გარკვეული ტიპის შეფერხებას, ხდება გადამისამართება ნევროლოგთან და ნევროლოგი განსაზღვრავს, დამატებით რა მიმართულებები არის საჭირო, იქნება ეს ნეიროფსიქოლოგი, ფსიქიატრის კონსულტაცია თუ სხვა სპეციალისტების ჩართულობა.

ზოგჯერ, პირდაპირ მშობელი მოდის ნევროლოგთან, რადგან ის ამჩნევს გარკვეულ სიძნელეს საკუთარ შვილს, ზოგჯერ კი, პედიატრი ამისამართებს სპეციალისტთან.

რა ასაკში შეიძლება გაკეთდეს პირველი შეფასება, როგორ უნდა შეფასდეს და განისაზღვროს საიდან იწყება პრობლემა და რა არის ის დამატებითი პრობლემები, რომლებიც საწყის პრობლემას ახლავს თან?

ძირითადი სირთულე, რომელსაც მშობელი ამჩნევს, ეს არის მეტყველებასთან დაკავშირებული სირთულე.

მეტყველება ეს არის კომუნიკაციის საშუალება და აქ ჩვენ შეიძლება, ორი ტიპი გამოვყოთ, ვერბალური და არავერბალური. ვერბალური სირთულეები გულისხმობს სიტყვების წარმოთქმასთან, გაგებასთან დაკავშირებულ სირთულეებს, არავერბალური სირთულეები ეს არის – მითითებების შესრულების დეფიციტი, გარკვეული მინიშნებების, ჩვენების, მშობლის მიმიკის, ჟესტიკულაციის ვერ გაგება და ამას ჩვენ აუცილებლად უნდა მივაქციოთ ყურადღება.

ჩვენ ამას ვეძახით სოციალური კომუნიკაციის სირთულეს ანუ ეს ყველაფერი, მეტყველების სირთულე, თავისთავად, იწვევს უკვე სოციალიზაციის სირთულეს, ბავშვი ვეღარ კონტაქტობს თანატოლთან ან მოზრდილ ადამიანთან და ამან შეიძლება, გამოიწვიოს აგრესია, ქცევის დარღვევა და სხვადასხვა მოვლენები.

როდესაც მეტყველების დარღვევით მოდის პაციენტი, უმრავლეს შემთხვევაში მას აქვს სხვადასხვა სახის დარღვევებიც. ძალიან იშვიათია, რომ სპეციფიკურად, მარტო მეტყველება გვქონდეს დარღვეული, თუმცა არის ასეთი შემთხვევებიც, რადგან მეტყველება იყოფა ორ ტიპად, ერთი – ექსპრესიული, ანუ სიტყვების წარმოთქმა, რაოდენობა, ლექსიკური მარაგი და მეორე – რეცეპტორული, ანუ რამდენად ვიღებ, რამდენად ვიგებ მნიშვნელობას.

დაახლოებით რომ განვსაზღვროთ, ერთი წლის ბავშვს აუცილებლად უნდა ესმოდეს ჩვენი საუბრის 25 %, 2 წლის ბავშვს ნახევარი მაინც და 3 – 4 წლის ასაკისთვის თითქმის სრულყოფილად უნდა იგებდეს საუბარს, რა თქმა უნდა, აქ არ იგულისხმება გარკვეული რთული სიტყვები, იგულისხმება სიტყვები, რომელთაც ყოველდღიურობაში ვიყენებთ.

იმპრესიული მეტყველების დარღვევა, თავისთავად, შეიძლება გახდეს ექსპრესული მეტყველების დარღვევის მიზეზი.

თუ თქვენ ატყობთ, რომ არის მხოლოდ მეტყველების დარღვევა, არ აქვს თქვენს შვილს სირთულე კომუნიკაციაზე, დაძახებაზე, თუ ასრულებს მითითებას, ემოციურია, არ გვაქვს ყურადღების დეფიციტი, არ არის ჰიპერაქტიური, არ არის ქცევის დარღვევა, აქ უფრო მეტყველების დარღვევასთან გვაქვს საქმე, მაგრამ აუტიზმს, განვითარების დარღვევებს ახასიათებს განვითარების რეგრესი, გვხვდება ასეთი მდგომარეობაც, რომ გარკვეული რაოდენობის სიტყვებს იწყებს ბავშვი, მაგრამ შემდგომ, აჩერებს. თუ ამ მეტყველების დარღვევასთან ერთად, ჩვენ შევნიშნეთ, რომ ბავშვს აქვს ემოციის გაზიარების ნაკლებობა,  აღარ ინტერესდება დედის სიყვარულით, ურჩევნია მარტო თამაში, აქვს განმეორებითი, ძალიან ვიწრო, სპეციფიკური ინტერესები და ქცევები, ეს საყურადღებოა. მაგალითად, ექოლალია, როცა ეკითხები და გპასუხობს, ესეც კომუნიკაციის საშუალებაა, ანუ ვერ გპასუხობს სათანადოდ, მაგრამ მას სჭირდება შენთან კომუნიკაცია. აუტიზმის შემთხვევაში, ცოტა სხვანაირად რეაგირებენ იმ პროცესებზე, რომლებიც ჩვენთვის აბსოლუტურად ადეკვატურია. ეს უფრო სპექტრისთვის დამახასიათებელი ნიშნებია.

ძალიან ხშირია და ნეიროგანვითარების დარღვევებს შორის ყველაზე მეტია ADHD, ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტივობის სინდრომი და აქაც შესაძლოა, რომ გვქონდეს გარკვეული სირთულეები მეტყველებასთან დაკავშირებით, თუმცა ძირითადად აქ მოდის ქცევა, ბავშვი არის ჰიპერაქტიური, იმპულსური, ძალიან უჭირს კონცენტრირება. ჩვენ ამ დროს აუცილებლად ვამახვილებთ ყურადღებას იმაზე, არის თუ არა ეს მდგომარეობა რამდენიმე გარემოში, რომ არ გამოგვრჩეს რაიმე, რადგან შესაძლოა, არასწორი აღზრდის მეთოდის გამო სახლში იქცეოდეს ასე, მაგრამ თუ ჩვენ აღნიშნულ მდგომარეობაზე ვსაუბრობთ, მაშინ ეს მდგომარეობა, რა თქმა უნდა, სხვა გარემოშიც იქნება, რადგან ეს განპირობებულია გარკვეული ტიპის ცვლილებებით თავის ტვინში, რადგან გარკვეული უბნები ვერ ასრულებენ იმ ფუნქციას, რომელიც ჩვენ ნორმად მიგვაჩნია, მათი თავის ტვინი რეაგირებს ქცევაზე, კომუნიკაციაზე და მეტყველებაზე შედარებით უფრო განსხვავებულად და ამიტომ აქ საჭიროა სპეციალისტების ხანგრძლივი მუშაობა, რომ გაუმჯობესება მოხდეს.

„ნეირო ქიდსის“ მაგალითზე რომ გვითხრათ, როგორია შეფასების პროცესი, რამდენი ადამიანი მუშაობს?

როდესაც ნევროლოგთან მოდის პაციენტი, რა თქმა უნდა, ხდება ჩივილების განხილვა, ანამნეზის შეკრება, ბავშვის შეფასება, ანუ ნევროლოგიური გასინჯვა. თუ ნევროლოგი ატყობს, რომ აქ რაღაც ტიპის დარღვევაა, რა თქმა უნდა, ბავშვი ნეიროფსიქოლოგთან უნდა გადამისამართდეს.

ამ ეტაპისთვის, ჩვენთან, ნეიროფსიქოლოგთან მიმდინარეობს სკრინინგი და კონსულტაცია. თუ ნეიროფსიქოლოგი ჩათვლის, რომ აქ კიდევ უფრო მეტად არის გასაღრმავებელი ტესტები, ტარდება, მაგალითად, დასწავლის უნარის ტესტი, აკადემიური ტესტი, ვექსლერის ტესტი. ხდება კვლევა და სრულყოფილი ნეიროფსიქოლოგიური შეფასება.

მაგალითად, აუტიზმის შემთხვევაში ჩვენ ვიყენებთ სპეციალურ ჩექლისთებს და თუ ქულა აღემატება რისკფაქტორს, შესაძლოა, პირდაპირ მოხდეს გადამისამართება აუტიზმის სპეციფიკურ ტესტზე, ADOS-ზე, რომლის სპეციალისტიც ასევე გახლავთ მზიური მედში. სპეციალისტი სვამს დიაგნოზს, უფრო სწორად, ასე რომ ვთქვათ, გარკვეულ ქულებში აჯენს პაციენტს, რადგან მოგეხსენებათ, აუტისტური სპექტრის დარღვევა არ არის საბოლოო დიაგნოზი, აქ გვჭირდება გადაფასება, რადგან ის შეიძლება, გადაიხედოს, გაუმჯობესდეს, მოიხსნას ან შეიცვალოს, რადგან ამ დარღვევის ქვეშ ბევრი სხვადასხვა დარღვევის კვეთაა და ამას მუდმივად სჭირდება დაკვირვება. დამეთანხმეთ, საკმაოდ რთულია დაყოფა, რადგან ძალიან ბევრი ისეთი მდგომარეობაა, რომელიც ერთმანეთს ჰგავს და ამიტომ ამას სჭირდება ძალიან მაღალი დონის, გამოცდილი ნეიროფსიქოლოგი, რომელიც ზუსტად განსაზღვრავს, თუ სად გვაქვს სირთულე, რომ ზუსტად იმ მიმართულებით მოხდეს მუშაობა. 

გარდა ამისა, ხდება სენსორული სისტემის შეფასება. მოგეხსენებათ, ასეთ პაციენტებში სენსორო მგრძნობელობა, მიღება, შეხება, ხმაური, უმნიშვნელოვანესი ფაქტორია.

შეიძლება, შეფასდეს სენსორული სისტემა, მეტყველება, ქცევა, გააჩნია მიმართულებას, თუ რა საჭიროებებია. ამ შეფასების შემდგომ, ჩვენ უკვე ერთობლივად ვწყვეტთ, თუ რა ტიპის თერაპია უნდა დაიწყოს პაციენტთან.

მთავარი, რაზეც მშობლები ყველაზე მეტად ღელავენ, ეს არის ბავშვის მეტყველება, მეტყველებს დაგვიანება. როდის უნდა ვიყოთ ფრთხილად, რა ასაკში უნდა მივაქციოთ ყურადღება აღნიშნულს? ხომ არ შეიცვალა მიდგომები, ხომ არ გადმოიწია ვადებმა და ის, რაც ერთი წლის ვადაზე იყო მისაღები, ახლა, მაგალითად, წლინახევრის ვადაზეა მისაღები, რა მიმართულებით შეიცვალა დამოკიდებულება მეტყველების მიმართ?

მოგეხსენებათ, ჩვილობის პერიოდში, დაბადებიდან 1 წლამდე ასაკში ბავშვის ექსპრესიული მეტყველება ძალიან მწირია და ამას ჩვენ ვეძახით ტიტინის პერიოდს, როცა არის გარკვეული ბგერები, მარცვლები და ამასაც უნდა მიაქციოს ყურადღება მშობელმა. ამ პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანია, თუ რამდენად იზიარებს ბავშვი ჩვენს ემოციას, რამდენად გვიღიმის, ღუღუნებს და რეაგირებს.

დაახლოებით, 8 თვის ასაკიდან ბავშვს შეუძლია გარკვეული სიტყვის მნიშვნელობის გაგება და წლისთვის ამ მარცვლებთან, ბგერებთან ერთად, წამოსული უნდა იყოს ხმოვანი და თანხმოვანი, ორი ხმოვანის კომბინაცია და თუ იქნება ერთი სიტყვა, „ერთი წელი ერთი სიტყვა“ – ასე ვეძახით ხოლმე, ძალიან კარგია. იმპრესული მეტყველება, ანუ გაგება, ემოციის გაზიარება და ამასთან ერთად უკვე ახალი სიტყვის დამატება, ეს ნორმალურია.

რაც შეეხება იმას, თუ რას უნდა მივაქციოთ ყურადღება წლამდე, რა თქმა უნდა, ჩვენ აქ ექსპრესიულ მეტყველებაზე ვერ ვისაუბრებთ, უფრო მეტად ბავშვის საკომუნიკაციო უნარებს, მის კომუნიკაციას ჩვენთან, რეაქციას ღიმილზე უნდა მივაქციოთ ყურადღება,

წლის ასაკის შემდგომ, წლინახევრის ასაკისთვის თანდათანობით ხდება სიტყვების დამატება.

რა თქმა უნდა, ახლა ისეთი პერიოდია, რომ არის გაჯეტების აქტიური გამოყენება და ჩვენ ძალიან ბევრჯერ გვისაუბრია, რომ გაჯეტი აფერხებს მეტყველებას, შეიძლება, არ იწვევს ისეთ დაავადებებს, როგორიცაა აუტისტური სპექტრის აშლილობა, ყურადღების დეფიციტი, ჰიპერაქტივობა, თუმცა მეტყველებას აფერხებს და არის რამდენიმე კვლევა სიტყვების წარმოთქმასთან დაკავშირებით, რომ ვადები ცოტა უფრო გადაწეულია, მაგრამ, საშუალოდ, სადღაც, წლის და 3 თვის, წლის და 6 თვის ასაკამდე, კარგია, თუ მინიმუმ 3 და მაქსიმუმ 20 სიტყვის ფარგლებში ეცოდინება ბავშვს.

გარდა ამისა, თანდათანობით ვაქცევთ ყურადღებას, თუ რამდენად შეუძლია მას ჩვენი მითითებების შესრულება, ტაშის დაკვრა, მიბაძვა, ხმის გამოცემა, მარცვლები, ბგერები, ყველაფერი უნდა ესმოდეს.

2 წლის ასაკისთვის, რა თქმა უნდა, სიტყვათა მარაგი უფრო მრავალფეროვნდება, იზრდება და 2 წლის შემდგომ ფრაზული მეტყველება, მარტივი წინადადება, ანუ ორი სიტყვის ერთმანეთთან გადაბმა იწყება.

თუ ატყობთ რომ არის გარკვეული დაყოვნება, მაგრამ ესმის დავალება, აბსოლუტურად ადეკვატურად ასრულებს მას, გვითითებს, ეს არ არის ასეთი საგანგაშო წლის და წლინახევრის ასაკისთვის, მაგრამ თუ ამ მეტყველების დარღვევას დაემატა ინსტრუქციის შესრულების დარღვევა, სახელზე, დაძახებაზე რეაგირების დარღვევა, ეს უკვე, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი და საყურადღებოა.

არიან პაციენტები, რომლებიც მოგვიანებით იწყებენ მეტყველებას, ანუ შეიძლება, გარკვეულ ეტაპზე შეაჩერონ და შემდგომ დაიწყონ.

არის მეტყველების დარღვევები, დისლექსია, როცა ბგერათა წარმოქმნის დარღვევაა, დიზართრია, როდესაც არის გარკვეული სიტყვების დანაწევრება, ანუ სიტყვების წარმოთქმის დარღვევა და სიტყვათა მარაგის გამრავალფეროვნების შემდგომ, შეიძლება ჩვენ დაგვრჩეს და შეგვხვდეს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა ენაბორძიკი, ლოგონევროზი, თხრობის სირთულეები, კომუნიკაციის სირთულეები და ამან, რა თქმა უნდა, შეიძლება, გამოიწვიოს აკადემიური უნარების დარღვევა.

შესაბამისად, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ მეტყველებაზე, საწყის ეტაპზე არის იმპრესიული, ანუ გაგების სირთულე, შემდგომ, სიტყვათა რაოდენობის და წარმოთქმის სირთულე, მერე, უფრო მეტად ვხვდებით თხრობის, კომუნიკაციის სირთულეებს, რაც აკადემიური უნარების დარღვევას იწვევს, ამიტომ აქ ჩვენ ხანგრძლივი შეფასება და ბავშვის მდგომარეობაზე დაკვირვება გვჭირდება.

რა ასაკიდან შეიძლება გამოვლინდეს ჰიპერაქტივობა და რა შეიძლება გახდეს ამ ტიპის პრობლემის განვითარების მიზეზი და რა შეიძლება, რომ მას მოჰყვეს?

ყურადღების დეფიციტი და ჰიპერაქტივობის სინდრომი ეს გახლავთ ნეიროგანვითარების დარღვევა, რომელიც თავისი სპეციფიკური მიზეზით არის გამოწვეული და მისი ძირითადი მიზეზი გახლავთ გარკვეული გენეტიკური ცვლილებები, რაც იწვევს თავის ტვინის სტრუქტურულ და ფუნქციურ შეცვლას, ანუ სხვადასხვა ფაქტორებით, მაგალითად, პერინატალური, მუცლად ყოფნის ან სხვა გარემო ფაქტორებით, გენეტიკური ფაქტორებით, შეიძლება, გამოვლინდეს თავის ტვინის უბნის ცვლილება. ამის მიზეზად განიხილება ერთ-ერთი ნივთიერების, ნეიროტრანსმიტერის, დოფამინის დეფიციტი, რომელიც იწვევს ქცევის დარღვევას, ანუ ბავშვი ვერ აკონტროლებს მის ქცევას, რაც გამოიხატება ჰიპერაქტიურობაში, იმპულსურობაში, კონცენტრაციის მატებაში.

გარდა ამისა, აქ ჩვენ გვაქვს გარკვეული ფაქტორები, თავის ტვინში არის სენსორული წილი, ანუ წილი, რომელიც პასუხისმგებელია ინფორმაციის მიღებაზე, გადამუშავებაზე და როდესაც ასეთი ბავშვი იღებს ინფორმაციას, ადეკვატური პასუხი გარკვეული სხვა უბნიდან, რომელსაც პრეფრონტალური წილი ეწოდება, შეზღუდულია, არ არის ისეთი, როგორიც იმ ბავშვებში, რომელთაც არ აქვთ აღნიშნული პრობლემები.

ყურადღების დეფიციტი და ჰიპერაქტივობის სინდრომი, არ არის მდგომარეობა, რომელიც არ მოითხოვს ყურადღებას. ის ძალიან ხშირად ასოცირდება სიცელქესთან, ცუდ ქცევასთან, რაც ასე ნამდვილად არ არის, ეს არის გარკვეული სამედიცინო მდგომარეობა თავისი სამედიცინო მიზეზებით, რომელსაც სჭირდება დიაგნოსტიკა, რომელიც არ არის ხანმოკლე.

რაც შეეხება კითხვას, თუ როდის იჩენს თავს აღნიშნული პრობლემა, თავს იჩენს მაშინ, როცა ბავშვი მიდის სკოლაში, საბავშვო ბაღში, რადგან ამ დროს უკვე გარკვეულ წესებში უნდა ჩაჯდეს ბავშვი, უნდა დაჯდეს და გარკვეული დავალება შეასრულოს, მას კი არ აქვს თავისი ქცევის, ემოციის გაკონტროლების უნარი და შესაბამისად, იწყება მასწავლებლის მხრიდან ჩივილიც. დიაგნოსტიკაში ერთ-ერთი ფაქტორი არის, თუ რას ამბობს სკოლის ან საბავშვო ბაღის მასწავლებელი, არის ისეთი სიტუაცია, რომ ბავშვი არის უმართავი, როცა ბავშვი ფეხზე ადგება, უკითხავად გაივლის, ისეთ დავალებას ასრულებს, რომელსაც მასწავლებელი არ უთითებს. სკოლის პერიოდში ძალიან აქტიურად ხდება ყურადღების გამახვილება კონცენტრირების სირთულეებზე, რადგანაც ბავშვმა უნდა წაიკითხოს, დაწეროს დავალება, მას კი არ შეუძლია ხანგრძლივად კონცენტრირება. მოზრდილობის ასაკში ეს გადადის ისეთ მდგომარეობაში, რასაც ჩვენ იმპულსურობას ვეძახით, როცა ადამიანს არ შეუძლია მოთმენა, რიგში დგომა, წესების დაცვა.

გვანცა, როდესაც „ნეირო ქიდსის“ ბაზაზე ახდენთ ბავშვის შეფასებას და როდესაც უკვე სახეზე გვაქვს დიაგნოზი, როგორ წყდება კონკრეტული თერაპიის ჩატარების აუცილებლობა, რა სიხშირე უნდა ჰქონდეს ამ თერაპიას, ეს ინდივიდუალურია თუ არა ყველა შემთხვევაში, განსხვავდება თუ არა ერთი და იგივე დიაგნოზის მქონე ბავშვებისადმი მიდგომა?

თუ ყურადღების დეფიციტს და ჰიპერაქტივობას განვსაზღვრავთ, ამ შემთხვევაში, არის მკურნალობის ორი მეთოდი, მედიკამენტური და არამედიკამენტური. 5-6 წლამდე ასაკის ბავშვთან მედიკამენტს არ განვიხილავთ, ეს უფრო მოზრდილი ასაკის ბავშვებში შეიძლება, რომ იყოს განხილული. საქართველოში მხოლოდ 1 რეგისტრირებული მედიკამენტია, რომელიც მიმართულია კონცენტრაციის გაუმჯობესებისკენ და ეს შეიძლება სასკოლო ასაკში, თუმცა იქამდე, ჩვენ აუცილებლად ვიყენებთ თერაპიას, ქცევით, მეტყველებით თერაპიას, შეიძლება, იყოს სენსორული თერაპიაც. ამ თერაპიების ხანგრძლივობა ბავშვის მდგომარეობიდან გამომდინარე განისაზღვრება. თერაპიაში სკოლამდელ ასაკში უფრო აქტიურად არიან ხოლმე ბავშვები ჩართულები, რადგანაც მშობლები სკოლისთვის ამზადებენ ბავშვს, რომ გარკვეული მეტყველების, კომუნიკაციის უნარი წამოვიდეს, მოწესრიგდეს ქცევა და ძირითად შემთხვევაში, შემდგომ, ნაკლებად აგრძელებენ თერაპიას, თუმცა, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი საჭიროებაა, რომ სასკოლო პერიოდშიც იყოს მიწოდებული გარკვეული თერაპიები. მაგალითისთვის, აუტისტური სპექტრის დარღვევის დროს, შესაძლოა, მთელი სასკოლო პერიოდი გვჭირდებოდეს ბავშვისთვის გარკვეული ტიპის თერაპიის ჩატარება, ასეთივე მდგომარეობა შეიძლება იყოს ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტივობის სინდრომის დროს, რადგან ეს ბავშვები შემდგომ ძალიან ექცევიან სტრესის ქვეშ, რადგან ისინი შეიძლება მუდმივად იყვნენ კრიტიკის, თანატოლისგან უკურეაქციის და ა.შ. ობიექტი. როდესაც ერთი ბავშვი ვერ მართავს ემოციას, ქცევას, ამან შეიძლება, გამოიწვიოს დისკომფორტი მასწავლებელში, რომელსაც 30 ბავშვი უზის კლასში, ამიტომ ასეთი ბავშვებისთვის განსაკუთრებით მგრძნობიარეა სკოლის ასაკი. ვფიქრობ, რომ აუცილებლად უნდა იყოს სპეც-პედაგოგი, გაწერილი პროგრამით, ბავშვთან ახლოს მყოფი ადამიანი, რომელიც მუდმივად მასთან იქნება და მუდმივად დაეხმარება სკოლის პედაგოგს ბავშვის მართვაში და ადაპტირებაში. როდესაც ხანგრძლივად ვიყენებთ თერაპიას, ძალიან კარგი შედეგები გვაქვს, ხდება ისე, რომ აბსოლუტურად უპრობლემოდ ადაპტირდება ადამიანი და განაგრძობს თავის საქმიანობას, სწავლობს, როგორ მოიხმაროს გარკვეული საგნები და ყოველდღიურობაში როგორ დაეხმაროს საკუთარ თავს. რადგან ჩემი თავის ტვინს უჭირს ამ ყველაფრის რეგულირება, მე უნდა ვისწავლო, რომ შევძლო ადაპტაცია და კიდევ უფრო მეტად რთულ სიტუაციაში არ აღმოვჩნდე, ეს არის ამ თერაპიების ძირითადი არსი და საჭიროება.

თერაპიის დაწყების შემდეგ, როდის დგება შედეგი?

ძალიან რთული კითხვაა და ეს კითხვა საკმაოდ ხშირად მოდის მშობლების მხრიდან. ზუსტ პერიოდს, ეს იქნება 1 წელში, 2 წელში თუ უფრო ხანგრძლივ პერიოდში, ნამდვილად არ შემიძლია, რომ ვუპასუხო. რა თქმა უნდა, როდესაც აფასებ ბავშვს, თუ მსუბუქი დარღვევებია, ხვდები, რომ უფრო ხანმოკლე პერიოდი იქნება საჭირო, მაგრამ, მოდით, ასე ვთქვათ, რომ თუ ჩვენ განვითარების ეტაპების დაყოვნებაზე ვსაუბრობთ, მინიმუმ ერთი წელი მაინც უნდა მოხდეს ამ ბავშვის ჩართულობა გარკვეული ტიპის თერაპიებში. შემდგომ, უნდა მოხდეს გადაფასება და ამ გადაფასების შემდგომ, უკვე განისაზღვრება, გვაქვს დამატებითი საჭიროებები, ვცვლით თერაპიას თუ ვხსნით თერაპიას. თუ შეფასების შემდგომ, ბავშვი არის ადაპტირებული, წამოსულია მეტყველება, გამოსწორებულია ქცევა, რა თქმა უნდა, ჩვენ ვხსნით თერაპიას, მაგრამ უმრავლეს შემთხვევაში, ეს არ არის ხანმოკლე პროცედურა.

რა თქმა უნდა, არის ისეთი მდგომარეობა, როცა ემოციის მართვის სირთულე გვაქვს, რაც რამდენიმე თერაპიაში შეიძლება, რომ მოაგვაროს თერაპევტმა.

არის სიტუაცია, როცა არის ქცევის დარღვევა, რადგან ოჯახში არ არის სათანადო წესი, ოპოზიციური ქცევა, ასეთ შემთხვევაში, ჩვენ რამდენიმე კონსულტაციისთვის ვამისამართებთ ბავშვს ქცევით თერაპიაზე, მაგრამ განვითარების ეტაპების დაყოვნების და დარღვევების დროს თერაპია არის ხანგრძლივი.

დამოკიდებულია თუ არა თერაპევტთან მუშაობის შედეგი იმაზე, თუ თავად რა განვითარების რესურსი აქვს ბავშვს? მშობლის უშუალო ჩართულობა, კომუნიკაცია სპეციალისტთან, მოტივაცია დაეხმაროს ბავშვს და ბავშვის რესურსი რამდენად უფრო ადრე გადის შედეგამდე?

რესურსი უმნიშვნელოვანესია, ამით იწყება ლაპარაკი პროგნოზზე და შედეგზე. რა თქმა უნდა, სპეციალისტი მუშაობს ამ რესურსის გაუმჯობესებაზე.

რაც შეეხება მშობელს, მშობლის თემა უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, ბავშვის შემდგომი განვითარების განსაზღვრისთვის, რადგან მშობლისთვის ეს მარტივი მდგომარეობა არ არის. მშობლის ემოციური ფონი აბსოლუტურად შეცვლილია, როცა ბავშვს გარკვეული მენტალური დარღვევები აქვს, რადგან ყოველდღიურობაში ასეთი ბავშვის მართვა, იმის ყურება, რომ საკუთარ შვილს აქვს მეტყველების, ქცევის, კომუნიკაციის სირთულე, ძალიან სტრესულია.

ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ რამდენად მიჰყვება მშობელი სპეციალისტს.

ბოლო კვლევების მიხედვით, მაგალითად, აუტიზმის ან სხვა დარღვევების დროს მოწოდებულია თერაპიები, მინიმუმ 25 საათი.

მშობლებს, რომელთაც გაგებული აქვთ, რომ ბავშვს ყოველდღე სხვადასხვა სახის თერაპია სჭირდება და ამას მიყვებიან, რომ ბავშვი ჩართული უნდა იყოს სხვადასხვა ცენტრში თუ სახელმწიფო პროგრამაში, აქ, რა თქმა უნდა, უკეთესი შედეგი დგება, რადგან ამ ბავშვების მკურნალობისთვის სხვა მეთოდი არ არსებობს. ის, რომ ეს ყველაფერი მდგომარეობას აუმჯობესებს, უამრავ კვლევაზეა დაფუძნებული. შეიძლება, სრული განკურნება არ მოხდეს, მაგრამ ყველა შემთხვევაში ხდება ამ ბავშვების გაუმჯობესება, რადგან მათ ვასწავლით ქცევას, მეტყველებას, კომუნიკაციას.

არის შემთხვევები, როცა მუშაობ, მაგრამ ბავშვის რესურსი ან დაავადება, მისი მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ ყველა შემთხვევაში დგება გაუმჯობესება.

მშობელი ჩართული უნდა იყოს პროცესში, მას მხარდაჭერა უნდა ჰქონდეს ყველა მხრიდან, სკოლის, სამსახურის, სახელმწიფოს, ასეთი პაციენტების მშობლებს მაქსიმალური მხარდაჭერა უნდა ჰქონდეთ.

ჩვენი მთავარი მიზანი არის, რომ გვყავდეს ჯანმრთელი თაობა და ასეთი თაობა აღნიშნული სახის თერაპიებით უნდა მივიღოთ.

როგორ შეარჩიეთ „ნეირო ქიდსის“ გუნდი, რამდენ კაციანი გუნდია?

გუნდი ძალიან მაღალი დონის პროფესიონალებით არის დაკომპლექტებული. ჯამში, 20-25 სპეციალისტი უკვე გვყავს. გვყავს მეტყველების თერაპიის გუნდი, გვაქვს ფიზიკური თერაპია, სენსორული თერაპია. საწყის ეტაპზე, შევარჩიეთ ნეიროფსიქოლოგი, მარიკა არევაძე, რომელიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მისი შეფასება ძალიან მაღალი დონისაა. შემდგომ, შევარჩიეთ მეტყველების სპეციალისტი, რომელიც მეტყველების სუპერვიზიას აკეთებს. ასევე, გვყავს ქცევის საერთაშორისო ანალიტიკოსი, ნინო რობაქიძე. ნინოს ჰყავს თავისი გუნდი და ის გაწერილი პროგრამით მუშაობს თითო სპეციალისტთან. გვაქვს სენსორული თერაპევტი. ჩვენთან წარმოდგენილია ფიზიკური თერაპევტების გუნდი, რომლებიც ძალიან დიდი ხანია, რაც ამ სფეროში მუშაობენ. ახლა, დაგვემატა ვოიტა თერაპია, უნიკალური, გერმანული მეთოდი, რომელსაც ძალიან კარგი შედეგი აქვს ფიზიკური აქტივობის გაუმჯობესებისთვის. ასევე, გვყავს სპეციალისტები, რომლებიც აფასებენ ADOS-ის ტესტით, სენსორული ტესტით და ა.შ.

პირველი კომუნიკაცია მოხდა თამარ გაგოშიძის ცენტრთან, ეს იყო 6-7 წლის წინ და თამართან კომუნიკაციის შემდგომ, მოხდა მარიკა არევაძესთან დაკონტაქტება, რომელიც მაშინ, აღნიშნული ცენტრის განყოფილების ხელმძღვანელი იყო და ჩვენ ვთანამშრომლობდით. ჩვენთან ხდებოდა მხოლოდ სკრინინგი და შემდგომ, თუ საჭიროება იყო, თამარ გაგოშიძის ცენტრთან ვთანამშრომლობდით და იქ ხდებოდა პაციენტების გადამისამართება.

მთავარი, რასაც ჩვენ ვაკონტროლებთ და ვაქცევთ ყურადღებას ეს არის ხარისხი და მომსახურების ტიპი.

ჩვენ გვაქვს გარკვეული ბორდი და ერთობლივად ვწყვეტთ საკითხებს.