LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ დავეხმაროთ ბავშვს 0-დან 2 წლამდე სწორად განვითარებაში – ბავშვთა ნევროლოგის ალექსანდრე კოტეტიშვილის რეკომენდაციები მშობლებს

6065
ალექსანდრე-კოტეტიშვილი

„როგორია 0-დან 2 წლამდე ბავშვთა განვითარების ეტაპები,  რა თვისებებს უნდა ავლენდეს ბავშვი სხვადასხვა ასაკში და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, რომ გარკვეული დარღვევები, შეფერხებები არ გამოგვრჩეს“ – ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე ნატა ხარაშვილის გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ ბავშვთა ნევროლოგმა – ალექსანდრე კოტეტიშვილმა ისაუბრა.

ბატონო ალექსანდრე, რატომ ეძახიან პირველ ორ წელიწადს კრიტიკულს, სხვადასხვა 0-დან 1 წლამდე ასაკის ბავშვების განვითარება რამდენად შეიძლება განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან? ზოგ შემთხვევაში, შეიძლება, განვითარება მიდიოდეს უფრო სწრაფად, ზოგ შემთხვევაში კი, იყოს გარკვეული დაყოვნება, როდის არის ეს დაყოვნება ნორმა და როდის გადაცდენა?

ადამიანის ცხოვრებაში პირველი ორი წელი არის ერთგვარი ფუნდამენტი, რაზეც უნდა მოხდეს ჩვენი შემდგომი განვითარება, ვინაიდან ამ დროს თავის ტვინის ყველაზე სწრაფი, სტრუქტურული და ფუნქციური განვითარება ხდება, ხდება ყველაზე ბევრი სინაფსური კავშირების ფორმირება, რაც საბოლოოდ, იმის საშუალებას გვაძლევს, რომ ჩამოყალიბდეს მოტორიკა, სიარული, მეტყველება, კოგნიტიური და სოციალური უნარები, რაც ბაზა იქნება ადამიანის შემდგომი განვითარებისთვის. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, სწორედ ამ პერიოდში, საჭიროების შემთხვევაში, ჩარევა გვაძლევს მაქსიმალურ ეფექტს. სწორედ ამისთვის გვჭირდება ბავშვის ადრეული შეფასება და მშობლებისთვის სწორი რეკომენდაციების მიცემა.

ყველა ეტაპს და ყველა თვეს აქვს თავისი სტანდარტი, როცა ბავშვმა რაღაც განსხვავებული უნდა გააკეთოს. გამომდინარე იქიდან, რომ დღეს ძალიან დაყოვნდა ბავშვის განვითარების ეტაპები, მათ შორის, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი – მეტყველება, რომელზეც ძალიან ღელავენ მშობლები, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ, ბავშვის განვითარების ორგანიზაციებმა ხომ არ შექმნეს ახალი, იმდაგვარი გაიდლაინი, რომლის მიხედვითაც, ჩვენ უფრო გვიან უნდა ველოდოთ იმას, რასაც აქამდე უფრო ადრე ველოდით?

პირიქით, უფრო ადრე.

მთავარია, არ მოხდეს დაგვიანება.

ადრეული ჩარევა მიმართულია იმისკენ, რომ არ მოხდეს დაგვიანება, თუ კი მოხდება ადრე დაწყება, ეს მისაღებია და კარგია.

პირველი წლის განმავლობაში ყველაზე მნიშვნელოვანი გვაქვს 3 თვე და შემდეგ, 6 თვე.

3 თვეზე ბავშვს მოეთხოვება მზერის ფიქსაცია და კისრის ჭერა, რის მიხედვით ვაფასებთ და ვამბობთ, რომ განვითარების ეს ეტაპი მივიღეთ.

შემდეგ, არის 6 თვე, რომელიც მეტად საყურადღებო პერიოდია.

გასული 20-30 წლის განმავლობაში თაობები ისე იზრდებოდა, რომ 6 თვემდე დაჯდომა არ შეიძლებოდა და ეს ჩაბეჭდილია საზოგადოებაში. ახლა, ეს ასპექტი რადიკალურად შეცვლილია და ბავშვებს 0 ასაკიდან ვთავაზობთ ჯდომას.

მას შემდეგ, რაც 3 თვეზე კარგ კისრის ფიქსაციას, ანუ თავის ჭერას მივიღებთ, ვიწყებთ აქტიურად ვარჯიშს, რადგან ახალი თაობა 6 თვეზე თუ არ ზის, ეს განვითარების შეფერხებაში გადის. ამ მხრივ ნამდვილად შეცვლილია გაიდლაინები.

რას უნდა აკეთებდეს ბავშვი 1 წლამდე, რომ მისი განვითარება ნორმად ჩაითვალოს? ამას იმიტომ გეკითხებით, რომ სოციალურ ქსელში როცა ვიკითხე, ყველაზე მეტად როდის მიმართავენ ჩვილი ბავშვების მშობლები ბავშვთა ნევროლოგს, პასუხი იყო – მაშინ, როცა ბავშვი გამუდმებით ტირის. რეალურად, ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ ჩივილის დროს ხომ არ გვჭირდება ნევროლოგის შეფასება?! გვჭირდება, რომ გავიგოთ, სწორად ვითარდება თუ არა ბავშვი.

უნდა გამოვყოთ ორი ასპექტი, ერთი – დროული ბავშვი, გართულებების გარეშე დაბადებული, რომელსაც საწყის ეტაპზე პედიატრი მართავს. კარგი პედიატრი აფასებს ნახევრად ნევროლოგიურადაც და თუ კი რაიმე კითხვები გაჩნდება, შემდეგ, უშვებს ჩვენთან, ბავშვთა ნევროლოგთან.

პროფილაქტიკის მიზნით, ერთ თვეზე რეკომენდაციების მიცემის მიზნით არც ისე ურიგოა ბავშვთა ნევროლოგის ნებისმიერი ბავშვისთვის ნახვა.

თუ ვსაუბრობთ დღენაკლულ ბავშვებზე, მათთან პირველივე ეტაპზე, თავიდანვე ერთვება როგორც პედიატრი, ისე ბავშვთა ნევროლოგი.

რაც შეეხება ტირილს, ახალშობილმა, ჩვილმა რაც ყველაზე კარგად იცის, ეს არის ტირილი. არ უნდა გვეშინოდეს ტირილის. ტირილის დროს, პირველ რიგში, უნდა გამოვრიცხოთ კვება. შემდეგ, როგორც წესი, უმეტეს წილად, აპროტესტებენ ჩახუთულობას, სიცხეს, რადგან ბავშვებს გრილ, განიავებულ გარემოში ყოფნა ურჩევნიათ. მესამე, ეს არის პროტესტი თუ მანიპულაცია, როცა ხელში აყვანას ითხოვენ.

რა თქმა უნდა, არის შეუპოვარი სახის ტირილიც, რომლის დროსაც ექიმს უნდა მიმართოთ.

როცა ადრეულ ჩარევაზე ვსაუბრობთ, აღსანიშნავია გარემოც, სულ რაღაც რამდენიმე წლის წინ ეს ყველაფერი მარტო რეაბილიტაციის ცენტრში კეთდებოდა, მაგრამ ახლა, ჩვენ შეგვიძლია, რომ სახლის გარემოში შევქმნათ ისეთი სივრცე, სადაც წავახალისებთ და მივეხმარებით ნეირომოტორულ განვითარებას და შემდგომში, კოგნიტიურ განვითარებას, მაგალითად, ეს არის სპეციალური განმავითარებელი ხალიჩა, პატარა სარკის გამოყენება, მხედველობითი სტიმულის გამოყენება, სხვადასხვა ტიპის სათამაშოების გამოყენება. ამის რეკომენდაციას ჩვენ ვაძლევთ და ამისთვის სასურველია, რომ ერთ თვეზე მოხდეს ბავშვთა ნევროლოგთან შეხვედრა.

რაზეა დამოკიდებული, თუ როდის დაიწყებს ბავშვი სიარულს? ძალიან პოპულარულ და ტრადიციით დღემდე მოსულ მასაჟებს, რომლებიც ვითომდა იმისთვის კეთდება, რომ ბავშვმა უფრო სწრაფად დაიწყოს სიარული, რამდენად ცნობს თანამედროვე მედიცინა, პროფესიონალი ნევროლოგები როგორ უყურებთ ამას და ზოგადად, რა დაგვეხმარება, რამ შეიძლება შეუწყოს ხელი იმას, რომ ბავშვმა უფრო სწრაფად დაიწყოს სიარული? ხოხვა ყოველთვის უძღვის თუ არა სიარულს?

ხოხვა არ წარმოადგენს სავალდებულო განვითარების ეტაპს. არიან ბავშვები, რომლებიც საერთოდ არ ხოხავენ და ეს პრობლემას არ წარმოადგენს. ხოხვაც და შემდგომში, ორ ფეხზე დგომაც ეს არის გადაადგილების საშუალება. ჩვენ ადამიანებს გვჭირდება ორ ფეხზე გადაადგილება, ამიტომ პრიორიტეტი არის ჯდომა და შემდგომ, დგომა, სიარული. ხოხვა ეს არ არის რაიმე განსაკუთრებული მოთხოვნა, ამიტომ მშობლებმა ამაზე დიდი ყურადღება არ უნდა გაამახვილონ.

რაც შეეხება მასაჟებს, თანამედროვე ბავშვთა ნევროლოგია მასაჟებს აღარ იყენებს, არის რეაბილიტაციური ჩარევა, ფიზიკური აქტივობა. არის ასეთი ტერმინი –  ნეიროპლასტიურობა, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენ შეგვიძლია გარეშე სტიმულით თავის ტვინზე ვიმოქმედოთ და გავააქტიუროთ და ეს მოქმედება და სტიმული არის ფიზიკური ვარჯიში, აქტივობა, რაც სახლის პირობებშიც შეგვიძლია გავაკეთოთ, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში უკვე სპეციალისტს, რეაბილიტოლოგს მივახმართ.

რაც შეეხება სიარულს, მაქსიმალურად უნდა შევუქმნათ ბავშვს შესაბამისი გარემო.

პირველ რიგში, ყველანაირი მოტორული განვითარება ყველაზე ეფექტურად მყარ ზედაპირზე ხდება. ყველაზე კარგი მყარი ზედაპირი სახლის პირობებში გვაქვს იატაკი, სადაც, რა თქმა უნდა, ადეკვატური ხალიჩა უნდა იყოს. სიფხიზლის პერიოდში, როცა ბავშვი კარგი ნაჭამია და მონელებული აქვს საკვები, დღის განმავლობაში, ბავშვმა უმეტესი დრო იატაკზე უნდა გაატაროს, სადაც უკვე ადეკვატურად ხდება მოტორული განვითარება.

არის ხოლმე მდგომარეობები, როცა ბავშვი 12 თვისაა და როცა მშობელს ვეკითხებით, გაგყავთ გარეთ, რა რეჟიმში არის სახლის პირობებში, ხშირ შემთხვევაში, აღმოჩნდება, რომ ბავშვი სულ ხელში უჭირავთ. თუ ბავშვი ფიზიკურად არ შეეხო ხმელეთს, თუ იატაკზე, მყარ ზედაპირზე არ დავსვით და გავატარეთ, სიარულს ვერ დაიწყებს, ანუ მას ხელი უნდა შევუწყოთ. რა თქმა უნდა, თუ საჭირო გახდება, რეაბილიტაციასაც ჩავრთავთ.

გავრცელებული მოსაზრება, რომ თუ ბავშვი თვალებს ქაჩავს, მას შეიძლება, თავი სტკიოდეს ან იყოს ე.წ. შიდა ქალის წნევა, რამდენად შეესაბამება სიმართლეს? რატიმ ქაჩავს ბავშვი თვალებს, თუ ის ასე იქცევა, ეს არის იმის სიგნალი, რომ ნევროლოგთან ჩანიშნოთ ვიზიტი?

რომ არ მოგატყუოთ, პირდაპირი ჩვენება არ არის, თუმცა  დამშვიდების მიზნით, რა თქმა უნდა, შეუძლიათ მშობლებს, რომ მოგვმართონ.

ახლა, არსებობს ასეთი კარგი მეთოდი, შეგვიძლია ვიდეოზე დავაფიქსიროთ ეს ყველაფერი და ვაჩვენოთ სპეციალისტს, რადგან ხშირად, მოყოლას, ჯობია, რომ ექიმმა ვიზუალურად ნახოს.

არის ეპიზოდები, რომლებიც 6 თვემდე ნორმალურია, მაგალითად, ენის გამოყოფა, თვალების მიქაჩვა-მოქაჩვა, გარდამავალი სიელმე, ქვედა ყბის კანკალი, ბიძგისებრი მოძრაობები ხელ-ფეხში, განსაკუთრებით ძილში, თუმცა, რა თქმა უნდა, არსებობს პაროქსიზმებიც და ეპილეფსიური აქტივობა, რომელსაც ახასიათებს მსგავსი მოქმედებები და ზუსტად ამის დიფერენცირება უნდა მოახდინოს ნევროლოგმა.

სად გადის კრიტიკული ზღვარი დააგვიანა ბავშვმა ლაპარაკის დაწყება თუ შეაყოვნა და აუცილებლად დაიწყებს? რა შეიძლება, გავაკეთოთ იმისთვის, რომ ბავშვმა მეტყველება არ დააგვიანოს?

რა თქმა უნდა, ჩვენი ხელშეწყობით მეტყველებას დიდწილად ბიძგს ვაძლევთ, რომ წამოვიდეს.

18 თვეზე ბავშვს მოეთხოვება, აქვს რესურსი, რომ 2 ან 3 სიტყვიანი წინადადებებით ისაუბროს. მაგალითისთვის, ეს არის ერთ-ერთი განგაშის ნიშანი. უფრო ადრე რომ დავიწყოთ, 6 თვიდან მოეთხოვება, ჯერ, ერთმარცვლიანი ბგერების თქმა, შემდგომ, ორმარცვლიანის, ეს არის ბა, მერე, ბა-ბა, გა-გა, რაც უნდა გადავიდეს დედა, მამაში, უბრალოდ, დედა-მამას არ ვთვლით სიტყვათა მარაგში და მერე, ვიწყებთ სიტყვების ათვლას, ერთი, რვა, ათი და ა.შ.

სასურველია, სიტყვები იყოს მიზანმიმართული.

სიტყვები აუცილებლად უნდა ვთვალოთ?

აუცილებელი არ არის, მაგრამ როცა სპეციალისტთან, ჩემთან მოდის პაციენტი, მე ამას ვაკეთებ, რადგან ოფიციალურ შეფასებას თუ ვაკეთებთ ეტაპების მიხედვით, თვეების მიხედვით, არის ჩამონათვალი, რა თვეზე რამდენი სიტყვა მეტ-ნაკლებად მოეთხოვება ბავშვს, თუმცა დიაპაზონი დაახლოებით ეს გვაქვს აღებული, 6-დან 18 თვემდე, როცა ბავშვმა უნდა დაიწყოს მეტყველებაც და სიარულიც.

თუ ბავშვი ამას ასე არ აკეთებს, მაგალითად, 1 წლის ასაკში ვერ ამბობს იმ რამდენიმე სიტყვას?

კი, ეს არ არის, რა თქმა უნდა, აბსოლუტური ჩვენება, არიან ბავშვები, რომლებიც მოგვიანებით იწყებენ ლაპარაკს.

ბავშვის შეფასება კომპლექსურად ხდება, ცალკე აღებული ერთი ასპექტი არ განაპირობებს განვითარების შეფერხებას და სწორედ იმისთვის უნდა მივიდეს პაციენტი ბავშვთა ნევროლოგთან, რომ მოხდეს ადეკვატური შეფასება.

ჩვენ 0-დან 5 წლამდე ბავშვებს ვაფასებთ კომპლექსურად, 5 სფეროთი, კომუნიკაცია, მსხვილი და ნატიფი მოტორიკა, პრობლემის გადაჭრა, პიროვნული და სოციალური მიმართულებით. თუ სხვა ყველაფერი კარგად მიდის და ერთი სფერო მოიკოჭლებს, მაშინ შეგვიძლია, სახლის პირობებში მივცეთ რეკომენდაციები, შემდეგ, უფრო მაღალ ასაკში ბაღი შევთავაზოთ, რომ სოციალიზაციაში ჩავრთოთ.

არის კიდევ ასპექტები, რომლებიც ხელს უშლის მეტყველებას, მაგალითად, ხშირი საწოვარას გამოყენება, ანუ პირის აპარატი არ არის კარგად გამომუშავებული, არ გვაქვს კარგად მიღებული თვითკვება, რაც ნატიფი მოტორიკის ნაწილია. კოვზის ხმარება და ეს ყველაფერი ასევე დაკავშირებულია პირის აპარატის კარგად ჩამოყალიბებასთან. ხშირად არის, რომ გადაცდენის შიშით უბლენდერებენ საკვებს, არ აძლევენ მყარი სახით, რაც ასევე განაპირობებს პირის აპარატის შეფერხებას, მეტყველების დაგვიანებას. რა თქმა უნდა, თანამედროვეობის ყველაზე დიდი პრობლემაა ეკრანი. ეკრანდამოკიდებულების პირველი ჩვენება რაც არის, ეს არის მეტყველების შეფერხება.ამის საპირისპიროდ, მშობლები ხშირად აღნიშნავენ – „ჩემმა შვილმა ეკრანით ისწავლა საუბარი“…

ეკრანით შეიძლება, უცხო ენა შეისწავლოს, კი ბატონო, მაგრამ ეს მოხდეს 2,3,4 წელზე.

ცოცხალ კომუნიკაციას არ აქვს ხომ ალტერნატივა?

მე არ ვიცი შემთხვევა, როცა ბავშვმა ეკრანით დაიწყო საუბარი, ასეთი შემთხვევა არ არის. ეკრანით შეფერხებული უმეტესობა ნამდვილად არის.

მე ჩემს პაციენტებს ვურჩევ, რომ 12-18 თვე კატეგორიულად, საერთოდ არ ჰქონდეთ შეხება ეკრანთან და მას შემდეგ, რაც 2-3 სიტყვიანი წინადადებები წამოვა, მერე, შეზღუდულად გამოიყენონ, ისიც დიდი ეკრანი და ისიც უნდა იყოს სანახაობა და მას უნდა მოჰყვეს ახსნა-განმარტება. ე.წ. ბოდიშით და მიშტერება არ უნდა მივიღოთ.

მშობლების დიდი ნაწილი აღნიშნავს, რომ ბავშვები, რომლებიც რომლებიც აგვიანებენ ან დროულად ვერ იწყებენ საუბარს, არიან უფრო აგრესიულები, ვიდრე სხვა ბავშვები, ესეც მეტყველების დაგვიანების ნაწილია?

ეს მეტყველების შეფერხების ნაწილია, რადგან მის ორგანიზმს აქვს რესურსი, რომ შემოვიდეს კომუნიკაციაში, მაგრამ ამას ბოლომდე ვერ ახორციელებს და ამ დროს, ეს ჩვეულებრივი მომენტია, განსაკუთრებული არაფერი, მას შემდეგ, რაც მეტყველება დაიწყება, ეს პრობლემაც აღმოიფხვრება.

ცოტათი უფრო ემოციურ ბავშვებთან, რომლებიც უხასიათოდ გამოიყურებიან, რომლებთანაც რთულია კომუნიკაცია, როგორ განვსაზღვროთ ეს ხასიათის თავისებურებაა თუ ეს არის რაღაც ქცევითი დარღვევა, რომელიც საჭიროებს ნევროლოგის შეფასებას?

ხასიათი და ქცევითი დარღვევა უნდა განვასხვაოთ ერთმანეთისგან.

ხასიათი ეს არის, თუ რა გარემოში ცხოვრობს ადამიანი, როგორც წესი, ბავშვი სარკისებურად ირეკლავს ჩვენს ემოციებს და ხშირად, მშობლებზე და იმ გარემოზე არის დამოკიდებული, სადაც იზრდება. როდესაც ბავშვი ემოციურ გარემოში ცხოვრობს, ისიც ემოციურია, თუ მშვიდი გარემო მშვიდი ხასიათის ჩამოყალიბებას უზრუნველყოფს.

ქცევითი აშლილობა, რა თქმა უნდა, ნევროლოგის და ნეიროფსიქოლოგის მიერ უნდა შეფასდეს და ამას სპეციალური შეფასების ტესტები აქვს.

რაც ვგულისხმობთ უხასიათობაში და ქცევით აშლილობაში, ეს არის კითხვა, როგორც წესი, ძირითადად, უფროსებისთვის ეს არის, როცა ბავშვი არ უჯერებთ, ეს არ არის პრობლემა, ეს ჩვენგან გამომდინარეა და მიდგომები უნდა შევცვალოთ.

12-დან 24 თვემდე ეს არის პიკი პერიოდი, როცა ბავშვი იწყებს ტანტრუმებს, მრისხანების შეტევებს, ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემაა და სამწუხაროდ, ბევრმა არ იცის მისი მართვა და მერე, ასეთ ბავშვებს, რადგან ისინი მიეჩვივნენ, ფიქსირებული აქვთ ტანტრუმი და მრისხანების შეტევა, ვეძახით, რომ უხასიათოა, არ გვიჯერებს და ა.შ. ესეც გარემოდან გამომდინარეა.

მოტორიკა ახსენეთ, მშობლებისთვის გასაგებ ენაზე რომ ავხსნათ, რას ნიშნავს აღნიშნული ტერმინი?

მსხვილი მოტორიკა ეს არის მოძრაობა ოთხივე კიდურის, თავის მოძრაობა, გადაადგილება. უხეშად რომ ვთქვათ, ბურთი რომ უჭირავს, ხელს რომ იქნევს, ისვრის, ბურთს რომ ფეხს ურტყამს, გადაადგილდება, ხოხავს, ეს მსხვილი მოტორიკაა.

კისრის ჭერაც მსხვილ მოტორიკაში გადის, ჯდომაც მსხვილი მოტორიკის ნაწილია.

6 თვიდან უკვე ნატიფ მოტორიკაზე ვიწყებთ მუშაობას, რაც არის თითების გამოყენება, პინცეტისებრი მოძრაობა, კოვზის ჭერა, შემდეგ უკვე, კალმის ჭერა. 6 თვის ასაკიდან საწყისი არის პინცეტისებრი მოძრაობა, ორი თითის გამოყენება როცა შეუძლია ბავშვს. 6 თვიდან უკვე ეტაპობრივად შეგვიძლია, რომ თვითკვებაზე ვიმუშაოთ, რაც კოვზის ხმარებას გულისხმობს და რაც ასევე ნატიფი მოტორიკის ნაწილია.

საიდან უნდა მივიღოთ მშობლებმა ინფორმაცია იმის შესახებ, რომელ თვეში, რა ასაკში რა ტიპის აქტივობა მოეთხოვება ბავშვს, რომ მისი განვითარება ნორმის ფარგლებში ჯდება?

რა თქმა უნდა, ბავშვთა ნევროლოგები პასუხს ვაგებთ იმაზე, რომ სრული ინფორმაცია მივაწოდოთ მშობელს, თუ კი ის მოგვმართავს და მოახდენს ბავშვის შეფასებას, ჩვენ ვაკეთებთ შემდგომ რეკომენდაციებს, თუ რა მოეთხოვება მომავალ თვეებში.

თუ პედიატრს კარგად აქვს შესწავლილი ადრეული ეტაპები, პედიატრსაც შეუძლია გარკვეული მითითებების მიცემა.

წელიწადნახევრიდან, თუ კი ბაგა ბაღში დადის ბავშვი, პედაგოგიც უნდა იყოს პასუხისმგებელი იმაზე, რომ ბავშვის განვითარებაში ეს ყველაფერი ჩართოს.

რას გულისხმობს ემოციური განვითარება? ასევე, მინდა, გკითხოთ მშობლებისთვის ასე ძალიან საშიშ თემაზე,  ბავშვის თვალით თვალში კონტაქტზე, სახელზე რეაგირებაზე, ბავშვი არ რეაგირებს სახელზე იმიტომ, რომ უბრალოდ არ უნდა თუ მას უბრალოდ არ ესმის, რომ ეძახიან, რა ტიპის ნიშნებს უნდა მივაქციოთ ყურადღება, რომ ჩვენ, არასამედიცინო განათლების მქონე ადამიანები მივხვდეთ, გადაცდენა გვაქვს თუ არა?

თუ მზერის ფიქსაციაზე ვსაუბრობთ, განვმარტოთ, რა მოეთხოვება ბავშვს 3 თვეზე და რა არის საგანგაშო.

თუ 20-30 მეტრის მოშორებით დავიჭერთ სტიმულს და ნებისმიერი მიმართულებით წავიღებთ, 3 თვის ბავშვი მიმართულების შესაბამისად ადეკვატურად უნდა ამოძრავებდეს თავს და მხედველობა ფიქსირებული უნდა ჰქონდეს.

6 თვეზე, უკვე შეიძლება, რომ სახელზე იხედებოდეს ბავშვი და სასურველიც არის, რომ ხმოვან სტიმულზე ადეკვატურად გამოიხედოს.

თუ ბავშვი 12 თვეზე სახელზე არ რეაგირებს, ეს, რა თქმა უნდა, დიდი პრობლემაა და საგანგაშოა. იგივეა 18 თვეზეც, თუ სახელზე არ რეაგირებს და უკვე მითითებებსაც არ ასრულებს, უნდა მოხდეს შეფასება და შეიძლება, გაჩნდეს კითხვა სპექტრზე ან რაიმე სხვა მდგომარეობაზე.

რომელია ის საგანგაშო ნიშნები, რომელთა შემჩნევის შემთხვევაშიც, მშობელმა არ უნდა გადადოს ნევროლოგთან ვიზიტი?

სამ თვეზე მზერის ფიქსაცია და კისრის ჭერა, რა თქმა უნდა, პლუს-მინუს 1-2 კვირა შესაძლებელია მივცეთ პერიოდი.

 6 თვეზე ჯდომა. ჯდომაში არ ვგულისხმობთ, რომ ბავშვი თავისით უნდა წამოჯდეს, ჩვენ უნდა დავსვათ ის მყარ ზედაპირზე და გასწორებული ზურგით 10-15 წამით უნდა გაჩერდეს.

12 თვეზე, თუ ბავშვი ხელის მოკიდებით და დახმარებით არ დგება, ნაბიჯებს არ დგამს, ეს საგანგაშოა.16-18 თვეზე თუ არ დადის ბავშვი, ეს საგანგაშოა და რა თქმა უნდა, საგანგაშოა, თუ 18 თვეზე არ მეტყველებს.

თუ ბავშვი აგვიანებს რაღაცის გაკეთებას, მაგალითად, ლაპარაკის დაწყებას, სიარულს და ა.შ. როდემდე შეიძლება დაცდა?

ჩემი აზრით, თანამედროვეობაში იმის ფუფუნება არ გვაქვს, რომ ვთქვათ, „მოდი დაველოდოთ და თავისით დაიწყებს“ და რატომ, იმიტომ, რომ გვაქვს ძალიან ბევრი ჩარევის და დახმარების საშუალება. თუ კი ადეკვატურად, ადრეულ ეტაპზე მოხდება პატარა შეფერხებების თუ პრეტენზიების აღმოჩენა, ადრეული ჩარევით მივიღებთ მაქსიმალურ ეფექტს, ისეთს, რომ რამდენიმე თვეში ეს ყველაფერი აღმოიფხვრება.

დალოდებით შეიძლება, ისეთი მდგომარეობა მივიღოთ, რომ მერე, გამოსწორება უფრო რთული გახდეს.

პრობლემა, რომელიც შეიძლება, რომ ბავშვს ჰქონდეს და ვერ ახერხებდეს იმის გაკეთებას, რაც მოეთხოვება, ყოველთვის გამოსწორებადია თუ არა და რაზეა ეს დამოკიდებული?

დამოკიდებულია არის თუ არა თავის ტვინის სტრუქტურული დაზიანება და თუ არის, რა ხარისხით. ამ ყველაფერს ვიგებთ კვლევებით, ნეიროსონოსკოპიით, ულტრაბგერითი კვლევით, მაგნიტურ – რეზონანსული ტომოგრაფიით.

მეორე, თუ კი ეს არის, უბრალოდ, ჩვენი, უფროსების მიდგომებიდან გამომდინარე, რომ არ ვაკეთებინებდით, ეს, რა თქმა უნდა, გამოსწორებადია.

სამწუხაროდ, ხელოვნურადაც შეგვიძლია, რომ სპექტრული მდგომარეობები მივიღოთ, გაჯეტების და ეკრანის გამოყენებით, მაგალითად, როცა ბავშვი არის დროული, ჯანმრთელი, მაგრამ თვეების ასაკიდან აქვს ეკრანთან ურთიერთობა და მე პირადად მქონია შემთხვევა, რომ 2 წლისთვის აუტისტური სპექტრი მივიღეთ.

სპექტრის გარდა, სხვა რა უარყოფითი გავლენა შეიძლება მოიტანოს გაჯეტების შეუზღუდავი დროით გამოყენებამ?

გააჩნია ასაკს.

თუ 2 წლამდე ბავშვზე ვსაუბრობთ, 2 წლამდე ეკრანის გამოყენებამ, შეიძლება, განვითარების ეტაპების შეფერხება მოგვცეს და წაახალისოს სპექტრული მდგომარეობა.

2 წლის ზევით, თუ კი განვითარება კარგად მიდის, თუ კი ყველა ეტაპს აკმაყოფილებს ბავშვი, რა თქმა უნდა, სრულად ვერ ავუკრძალავთ ეკრანს და ექნება შეხება, მაგრამ ამ შემთხვევაში, უკვე მოდის ემოციური აშლილობა, ძილის დარღვევები, უხასიათობა და ა.შ. ეს ყველაფერი მოჰყვება ეკრან დამოკიდებულებას მაღალ ასაკში.

თქვენი დაკვირვებით, გარე ფაქტორებიდან ყველაზე მეტად რა ეხმარება ბავშვს განვითარებაში?

უხეშად რომ ვთქვათ, ბავშვი, ახალშობილი ეს არის ნულოვანი არსება, რომელსაც ყველაფერი უნდა დავასწავლოთ. ადრეული ჩარევის პრინციპი არის, რომ იყოს მუდმივობა. მუდმივად, ნებისმიერ მომენტში, სახლში, გარეთ, სტუმრად, ყველაფერი უნდა ემსახურებოდეს დასწავლას, ნებისმიერი ადგილი, ნებისმიერი სივრცე უნდა გამოვიყენოთ მათი განვითარებისთვის. სოციალიზაცია, მშობელი, საუბარი, მუსიკის ჩართვა, ამბის მოყოლა, ამ ყველაფრის მუდმივობა უნდა იყოს.

სამწუხაროდ, თანამედროვეობაში ხშირად ხდება, რომ ბავშვი არის თავისთვის, უმეტესი დრო არავინ შედის მასთან კომუნიკაციაში, არავინ ესაუბრება, არავინ ეხმარება განვითარებაში. რა თქმა უნდა, ის საბოლოოდ კი განვითარდება, თუმცა ბევრ შეფერხებას მივიღებთ.

მართალია თუ არა, რომ გოგოები უფრო სწრაფად და ადვილად ვითარდებიან, ვიდრე ბიჭები?

კი, გოგოები უფრო ყოჩაღები არიან, უფრო მარტივად ითვისებენ ეტაპებს საწყის თვეებში, ბიჭებთან უფრო მეტი ძალისხმევა არის ხოლმე საჭირო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები