LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა არის პროლაფსი და რისი ბრალია შარდის შეუკავებლობა ქალებში – მამუკა მგელიაშვილი გვირჩევს, როდის გვჭირდება სასწრაფოდ ექიმთან ვიზიტი

6948
მამუკა-მგელიაშვილი

„რამდენად ხშირი პრობლემაა შარდის შეუკავებლობა ქალებში და რა არის მისი გამომწვევი ძირითადი მიზეზები, რამდენად საშიში მდგომარეობა პროლაფსი, რატომ ჩნდება მიომა, ყოველთვის საჭიროა თუ არა მასზე დაკვირვება, მისი მკურნალობა, რა სიხშირით უნდა დავგეგმოთ გინეკოლოგთან ვიზიტი, რომ სერიოზული გართულებები თავიდან ავიცილოთ“ – ამ და სხვა საკითხებზე „ჯეო ჰოსპიტალსის“ ექიმმა, მეან-გინეკოლოგმა, მამუკა მგელიაშვილმა ნატა ხარაშვილის გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ ისაუბრა.

რამდენად ხშირი პრობლემაა შარდის შეუკავებლობა ქალებში?

საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა და დაახლოებით 40-45 %-მდე გვაქვს შარდის შეუკავებლობა ქალებში. რაც უფრო ახალგაზრდა ასაკია, პროცენტი უფრო ნაკლებია, 12 %-მდე არის 30 წლამდე ასაკში. დაახლოებით 50-60 წელს მიღწეული ქალბატონების ნახევარზე მეტი ამ პრობლემით არის დაავადებული. ეს პრობლემა, ასე ვთქვათ, საჩოთიროდ ითვლება, ზოგი პაციენტი თვლის, რომ ეს დაავადება ასაკთან შეჭიდულია და მას არაფერი ეშველება, სინამდვილეში კი, ეს პრობლემა ადვილად გადაჭრადია, მთავარია, ექიმს მიმართოთ და დროულად დააყენოთ პრობლემის გადაჭრის საკითხი.

რა არის შარდის შეუკავებლობის მიზეზი?

შარდის შეუკავებლობა სხვადასხვა ფორმისაა, აქედან გამომდინარე, მიზეზიც სხვადასხვაა. არსებობს ორი ყველაზე გავრცელებული ფორმა, ერთი – შარდის სტრესული შეუკავებლობა, როცა პაციენტი ხველის, სიმძიმის აწევის, ცემინების, ცეკვის და ხანდახან, სიარულის დროს, როცა მძიმე ფორმაა, შარდს კარგავს. ამის მიზეზი ახალგაზრდებში ძირითადად მშობიარობის ტრავმატიზმია, თუ ასაკთან ერთად გაჩნდა ეს პრობლემა, აქ დიდი ალბათობით პრობლემა დაკავშირებულია იმ ატროფიულ ცვლილებებთან, რასაც ადამიანის ორგანიზმი ასაკთან დაკავშირებით განიცდის და ურეთრის სფინქტერის ატროფია ხდება.

მრავალჯერადი მშობიარობის, დიდი ნაყოფით მშობიარობის დროს ბოჭკოების მექანიკური დაზიანება ხდება და ოპერაცია ნაჩვენებია იმ შემთხვევაში, როდესაც ეს შარდის შეუკავებლობა გამოხატულია ისე, რომ ცხოვრების კომფორტი ირღვევა. ცხოვრების კომფორტი თუ ირღვევა, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს ოპერაცია ძალიან ადვილად შესრულებადია და ოპერაციის ეფექტურობა 98%-მდეა. ქალბატონი ოპერაციის დადებით მომენტებს მეორე დღესვე აფიქსირებს. 

შარდის შეუკავებლობის მეორე ფორმა, რომელიც ასევე საკმაოდ გავრცელებულია, ეს არის – შარდის შეუკავებლობის ურგენტული ფორმა. ურგენტული ეს ისეთი ფორმაა, როდესაც პაციენტს უნდება მოშარდვა, მაგრამ ტუალეტამდე მისვლას ვერ ასწრებს, გზაში ხდება შარდის უნებლიე გამოყოფა. ეს ფორმა ძირითადად დაკავშირებულია ასაკთან, ესტროგენ დეფიციტურ მდგომარეობასთან. როდესაც პაციენტი კლიმაქსშია, ქალის ჰორმონალური ფონი დაბლაა დაწეულია და აქედან გამომდინარე, საშოს და შარდის ბუშტის ლორწოვანის ატროფია ხდება და მცირე რაოდენობით დაგროვილი შარდიც იწვევს მოშარდვის ძლიერ მოთხოვნილებას და პაციენტი ვერ ასწრებს ტუალეტამდე მისვლას. აღნიშნული ფორმა ოპერაციულ მკურნალობას არ ექვემდებარება და ამ შემთხვევაში აუცილებელია მედიკამენტური მკურნალობა, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს პრობლემაც გადაჭრადია, უბრალოდ, ცოტა უფრო ხანგრძლივი დროით მკურნალობა სჭირდება.

როდესაც შარდის შეუკავებლობის პრობლემა იჩენს თავს, იქამდე, სანამ ექიმთან მივალთ, არსებობს რაიმე ტიპის ჩვევა, ვარჯიში, რომელიც დაგვეხმარება, რომ თავიდან ავირიდოთ შესაძლო გართულება?

სტრესულ შარდის შეუკავებლობაზე თუ ვისაუბრებთ, აქ თუ ურეთრის სფინქტერის ანატომიური დაზიანებაა და აქედან გამომდინარე არის შარდის შეუკავებლობა, სამწუხაროდ, ვერავითარი პროფილაქტიკა ამას ვერ უშველის. თუ პრობლემა მსუბუქი ფორმით არის გამოხატული, ერთადერთი, რაც შეიძლება გაკეთდეს, არის – მენჯის კუნთების ვარჯიშები. ყოველი შემთხვევისთვის, ცდა, რომ ეს პრობლემა არ გაღრმავდეს და ოპერაციამდე არ მივიდეს, ეს შესაძლებელია, უბრალოდ, ამისთვის გინეკოლოგს უნდა მივაკითხოთ. გინეკოლოგმა უნდა განსაზღვროს, შარდის შეუკავებლობის რომელ ფორმასთან გვაქვს საქმე. თუ საქმე ურგენტულ ფორმასთან გვაქვს, ამ შემთხვევაში, არავითარი ვარჯიში არ იქნება აქტუალური, აქ უბრალოდ, ადგილობრივი, ესტროგენ შემცველი პრეპარატები და კიდევ სხვა პრეპარატები გააუმჯობესებენ ლორწოვანის მდგომარეობას და ამ ფორმის შარდის შეუკავებლობაც არ გაღრმავდება.

რას ნიშნავს ტერმინი პროლაფსი, რა არის მისი პირველი ნიშნები, რამდენად საშიში მდგომარეობაა, რატომ შეიძლება, რომ ის განვითარდეს და როდის საჭიროებს ექიმის ჩარევას?

გენიტალური პროლაფსი ეს არის სასქესო ორგანოების დაწევა, გამოვარდნა, ეს ძალიან ხშირი პრობლემაა და 60 წელს მიღწეულ ქალბატონებში, დაახლოებით, 30-დან 50 %-მდე გვხვდება.

გენიტალური პროლაფსის განვითარების მიზეზებია: პირველი, გენეტიკური მყეს-იოგოვანი აპარატის არასრულფასოვნება, რაც გენეტიკური ფაქტორია. ყოფილა შემთხვევები, რომ ქალი ნამშობიარები არ ყოფილა, მაგრამ გამოხატული ჰქონია გენიტალური პროლაფსი.

მეორე აღსანიშნავი ფაქტორი არის – დიდი ნაყოფით მშობიარობა, მშობიარობის ტრავმატიზმი, მძიმე ფიზიკური შრომა. აღსანიშნავია, რომ დღესდღეობით ძალიან ბევრი ქალბატონი არის გასული საზღვარგარეთ, დაკავებულნი არიან უმწეო ადამიანების მოვლით და ყოველდღიურად, დღეში რამდენჯერმე უწევთ ამ მძიმე პაციენტის აწევა, ამასთან ერთად, მათ ექიმთან მიმართვის საშუალებაც ნაკლებად აქვთ და აქედან გამომდინარე, ისეთ მდგომარეობაში მოდიან, რომ საკმაოდ ძნელია ამ პრობლემის გამოსწორება, თუმცა შესაძლებელი.

ასევე, აღსანიშნავია, რომ მიზეზებიდან უნდა გამოიყოს ის ზოგიერთი ქრონიკული დაავადება, რომელიც გამწვავების დროს, მუცელს შიდა წნევის აწევას იწვევს, მაგალითად, ქრონიკული ბრონქიტი, ყაბზობა და თუ ეს ყველაფერი ერთმანეთს ემთხვევა, საკმაოდ მკვეთრად რეალიზდება ეს დაავადება და მძიმე ფორმებს იღებს.

სიმძიმის მიხედვით, შეიძლება, გამოვყოთ – მსუბუქი, საშუალო და მძიმე ფორმის გენიტალური პროლაფსები.

რაც შეეხება მსუბუქ ფორმას, მას ქალბატონი ვერ გრძნობს, ვერ აღიქვამს, რომ პროლაფსი აქვს, თუ გინეკოლოგთან არ მივიდა, თუ მან არ გასინჯა და უთხრა. პირველი-მეორე ხარისხის პროლაფსს პაციენტი ვერანაირად ვერ აღიქვამს, აქედან გამომდინარე არ ხდება პრევენციული ზომების მიღებაც.

რეკომენდაციაა, რომ ქალბატონმა რეგულარულად მიაკითხოს გინეკოლოგს და დროულად მიხედოს პრობლემას.

თუ მსუბუქი ფორმის გენიტალური პროლაფსი გვაქვს, ამ შემთხვევაში, აღსანიშნავია მენჯის კუნთების ვარჯიში, ცხოვრების სტილის შეცვლა, მძიმე სამუშაოდან ნაკლებ დატვირთულ სამუშაოზე გადასვლა, საკმაოდ მნიშვნელოვანია ჭარბი წონის ფაქტორიც, წონის დაკლება. ეს ყველაფერი იმის საშუალებას მოგვცემს, რომ ეს მსუბუქი ფორმის გენიტალური პროლაფსი ოპერაციის ჩვენება არ გახდეს.

შესაძლოა, რომ პირველი-მეორე ხარისხის პროლაფსი, როცა სიმპტომებიც კი არ გვივლინდება, თავისთავად გადაიზარდოს მესამე-მეოთხე ხარისხის პროლაფსში და რა ტიპის კვლევით დგინდება პროლაფსის დიაგნოზი?

გენიტალური პროლაფსის დიაგნოსტირება უმარტივესია, უბრალოდ, სარკეებში გასინჯვა, გინეკოლოგიური გასინჯვა უკვე იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ აქ პროლაფსია და ასევე, თუ რა სახით არის ის გამოხატული.

თუ დროულად მივხედავთ ადვილად გადასაჭრელ პრობლემას და არ დავუშვებთ, რომ საშუალო და მძიმე ხარისხის პროლაფსი მივიღოთ, ეს გაცილებით კარგი იქნება პაციენტისთვისაც და ექიმისთვისაც, რადგან საშუალო და მძიმე ხარისხის პროლაფსები და ოპერაციული მკურნალობა ხშირად არის დაკავშირებული სინთეტიკური ბადის გამოყენებასთან, აქ უნდა გამოიყენონ უცხო სხეული, უცხო იმპლანტი, რისი ინსტალაციაც უნდა მოხდეს ქსოვილებში, რომ ეფექტური იყოს, რადგან როგორც თავიდანვე აღვნიშნე, მძიმე ფორმის პროლაფსების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, ფაქტორი ქსოვილების არასრულფასოვნებაა. აქედან გამომდინარე, თუ ჩვენ მძიმე ფორმის პროლაფსი გვაქვს და ადგილობრივი ქსოვილებით გავაკეთებთ პლასტიკას, რეციდივი 30-დან 60 %-მდე მერყეობს. ქირურგი იძულებული ხდება გამოიყენოს თანამედროვე, ორგანიზმისთვის ადვილად მისაღები ქსოვილები, რომლებიც არ იჭიმებიან და პროლაფსის პრობლემის გადაჭრაში ძალიან გვეხმარებიან.

საკეისროს შემდეგ დარჩენილმა ნაწიბურმა, რამდენად შეიძლება, რომ მომავალში თავი შეგვახსენოს და შეიძლება თუ არა, გამოიწვიოს რაიმე ტიპის გართულება ისე, რომ ჩვენ ამას ვერც მივხვდეთ?

საკეისრო კვეთა მთელს მსოფლიოში ძალიან ხშირია და არც საქართველოა გამონაკლისი, ზოგიერთ კომერციულ საავადმყოფოში 70 %-მდეც ადის საკეისრო კვეთის რიცხვი.

საკეისრო კვეთის მერე, რა თქმა უნდა, ყალიბდება ნაწიბური. თუ ნორმალური ნაწიბური ჩამოყალიბდა, ეს პაციენტის მიერ არანაირად არ იქნება აღქმული, შემდგომი ორსულობა ნორმალურად ჩაივლის და ჩვეულებრივად დამთავრდება საკეისრო კვეთით ან კიდევ თვითონ იმშობიარებს ქალბატონი, მაგრამ ხანდახან, ხდება არასაიმედო, არასრულფასოვანი ნაწიბურის ჩამოყალიბება, რაც საკმაოდ სერიოზული პრობლემაა. ითვლება, რომ ნაწიბური არასრულფასოვანია, როცა  2,3 – 3 მმ-ზე თხელი არის ნაწიბურის ზონა.

ხანდახან, ნაწიბურის ზონაში ვლინდება ე.წ. ნიშა, კრატერი საშვილოსნოს ღრუდან, რაც კლინიკურად გამოიხატება გაჭიანურებული მენსტრუაციის შემდგომი ყავისფერი გამონადენით, მტკივნეული მენსტრუაციით. მისი გამოვლენა და დიაგნოსტირება საკმაოდ ადვილია, ულტრაბგერითი კვლევის საფუძველზე და ზოგიერთ შემთხვევაში, MRI გვეხმარება ამ ნაწიბურის დახასიათებაში.

საქმე იმაშია, რომ ამ არასაიმედო, არასრულფასოვანი ნაწიბურის ფონზე დაორსულებას, საკმაოდ სერიოზული პრობლემები შეიძლება, რომ მოჰყვეს. ამ მრავალრიცხოვანი პრობლემებიდან გამოვყოფ სამს, განსაკუთრებულად სერიოზულს და ხშირს. პირველი – ამ კრატერში, ამ ნიშაში თუ მოხვდება სანაყოფე კვერცხის მიმაგრება, ეს ითვლება გარე ორსულობის ერთ-ერთ სახეობად და ეს ქირურგიული მკურნალობის 100 %-იანი ჩვენებაა. იდეალურ შემთხვევაში, ამოიკვეთება ეს ნაწიბურის ზონა, სანაყოფე კვერცხთან ერთად და თავიდან ხდება საშვილოსნოს კედლის ფორმირება.

მეორე საკმაოდ სერიოზული და არასასიამოვნო გართულებაა ორსულობის ან მშობიარობის დროს საშვილოსნოს გახევა. საშვილოსნოს გახევა ხშირად სისხლის დენასთან არის დაკავშირებული და დიდი რისკია, როგორც საშვილოსნოს შენარჩუნების თვალსაზრისით, ისე ნაყოფის მდგომარეობის თვალსაზრისით.

მესამე საკმაოდ სერიოზული და ამ ბოლო ხანებში მომატებული გართულებაა ნაწიბურში პლაცენტის ჩაზრდა. ნაწიბურში პლაცენტის ჩაზრდა ხანდახან ისეთი ინტენსივობით ხდება, რომ საშვილოსნოს მთლიან კუნთოვან შრეს გადის პლაცენტა და შარდის ბუშტამდეც კი აღწევს. ეს მდგომარეობა ოპერაციის დროს თითქმის ყველა ვარიანტში დაკავშირებულია მასიურ სისხლის დანაკარგთან და ძალიან დიდ პროცენტში ოპერაცია საშვილოსნოს ამოკვეთით მთავრდება. აქედან გამომდინარე, ჩემი მხრიდან იქნებოდა რეკომენდაცია, რომ როდესაც ახალგაზრდა ქალი ორსულობას გეგმავს, მით უმეტეს, თუ საკეისრო აქვს გადატანილი, ჩაიტაროს ელემენტარული ლაბორატორიული, ინსტრუმენტალური გამოკვლევები და გაიაროს კონსულტაცია გინეკოლოგთან, რადგან თუ ორსულობამდე იქნება დაფიქსირებული არასაიმედო ნაწიბური, ჯობია, რომ ორსულობამდე ჩატარდეს ოპერაცია, მეტროპლასტიკა, ამოიკვეთოს ეს არასაიმედო ნაწიბური, საშვილოსნოს წინა კედელი აღდგეს. 6 თვის შემდეგ, ამ ქალბატონს უკვე შეეძლება, რისკების გარეშე და გაცილებით უფრო წარმატებულად იფიქროს ორსულობაზე.

რატომ ჩნდება მიომა, ყოველთვის საჭიროა თუ არა მასზე დაკვირვება, მისი მკურნალობა, ოპერაციული ჩარევა?

მიომა ყველაზე გავრცელებული დაავადებაა გინეკოლოგიაში, 50 წელს მიღწეულ ქალბატონებში, დაახლოებით, 50-დან 70 %-მდე შეიძლება იყოს გამოვლენილი.

საქმე იმაშია, რომ უმეტეს შემთხვევაში, ეს დაავადება კლინიკურად არ ვლინდება, შეიძლება, პრობლემაც კი არ შექმნას, მეტიც, კეთილთვისებიანი ჰორმონდამოკიდებული დაავადებაა. კლასიფიკაციის მიხედვით რომ დავყოთ, შეიძლება იყოს სუბმუკოზური მიომა, საშვილოსნოს ღრუში გაზრდილი მიომატოზური კვანძი და ასეთი ფორმის მიომა ოპერაციული მკურნალობიას 100 %-იან ჩვენებად ითვლება, რადგან ეს კვანძი საშვილოსნოს არ აძლევს საშუალებას შეიკუმშოს მენსტრუაციის დროს, რასაც თან ახლავს ჭარბი მენსტრუაცია, ჭარბი სისხლის დანაკარგი, ანემია, სისუსტე, შრომის უნარიანობის დაქვეითება.

ღრუში არსებული სუბმუკოზური მიომა აუცილებლად ამოკვეთილი უნდა იყოს, ფაქტობრივად, მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა ზომისაა ის. ამ სახის მიომა მოქმედებს როგორც კონტრაცეპტივი, ამ ფონზე დაორსულება ძალიან რთული, ფაქტობრივად, შეუძლებელია. თუ მოხდა და დაორსულდა პაციენტი, დიდი ალბათობით, ეს ორსულობა შეწყდება.

მეორე სახის მიომა არის ე.წ. ინტრამურული, როდესაც კუნთოვან შრეში არის განლაგებული  კვანძი. ამ შემთხვევაში, ოპერაციის ჩვენებად ითვლება, თუ 4 სმ-ს გადააჭარბა ამ კვანძმა და პაციენტი აპირებს ორსულობას. ითვლება, რომ ჯობია, ჩატარდეს მიომექტომია, ამოიკვეთოს ეს კვანძი, რის შემდეგაც, დაახლოებით 6 თვის მერე შეუძლია პაციენტს, რომ დაორსულდეს და რატომ?! იმიტომ, რომ ორსულობის დროს, ძალიან ძლიერდება სისხლის მიმოქცევა საშვილოსნოში და ძალიან დიდი რისკია, რომ 4 სმ-ზე მეტი დიამეტრის კვანძმა ისეთი ზრდა განიცადოს, რომ ხელი შეუშალოს ორსულობის შემდგომ განვითარებას. ორსულობის დროს თუ დადგა საკითხი ოპერაციულ მკურნალობაზე, ეს გაცილებით დიდ რისკებთან იქნება დაკავშირებული, როგორც ნაყოფისთვის, ისე დედისთვის.

მესამე ფორმა არის ე.წ. სუბსეროზული მიომა, როცა საშვილოსნოზე ზემოდან არის კვანძი განთავსებული და ამ შემთხვევაში, ოპერაციული მკურნალობის ჩვენებას განსაზღვრავს კვანძის ზომები, რამდენად აწვება კვანძი მეზობელ ორგანოებს და რამდენად უშლის ხელს მათ ფუნქციონირებას. მაგალითად, ის შეიძლება დააწვეს შარდის ბუშტს თუ წინა კედლიდან არის გამოზრდილი და ამ შემთხვევაში, პაციენტს აქვს ხშირი შარდვა, ასევე შეიძლება დააწვეს სწორ ნაწლავს, შარდსაწვეთებს და შეგუბება გამოიწვიოს. თუ კვანძში სისხლის მიმოქცევის დარღვევის ნიშნები არის გამოვლენილი, აქაც აუცილებელია ოპერაციული მკურნალობა.

ისევ და ისევ მინდა ვთქვა, რომ ახალგაზრდა ქალბატონებმა, რომლებიც გეგმავენ მშობიარობას, აუცილებლად უნდა გამოიკვლიონ თავიანთი ორგანიზმი. თუ დაფიქსირდება მემატოზური კვანძი, რომელიც ოპერაციული მკურნალობის ჩვენებაა, ჯობია, რომ გაგეკთდეს ეს ოპერაცია და ნაკლები რისკებით დაორსულდეს ქალბატონი, გაცილებით წარმატებული ორსულობა მიიღოს. 

თქვენი დაკვირვებით, მსოფლიო სტატისტიკით, ასაკთან ერთად რა ტიპის გინეკოლოგიური რისკები იზრდება და რა არის ის მთავარი სასიგნალო ნიშანი, რომელიც არ უნდა გამოგვრჩეს?

საინტერესო ის არის, რომ როგორც მოგახსენეთ, მიომა არის ჰორმონდამოკიდებული დაავადება, სხვანაირად რომ ვთქვათ, მიომა ახალგაზრდების დაავადებაა. 

სანამ ჰორმონალური ფონი კარგ დონეზეა, შანსი არის, რომ მიომატოზურმა კვანძებმა პროგრესირება და ზრდა განიცადონ. როდესაც პაციენტი უახლოვდება კლიმაქსს და მენოპაუზას, ჰორმონალური ფონი დაბლა იწევს და ისეთი დაავადებების, როგორიცაა მიომა, ენდომეტრიოზი რეგრესი ხდება. სამაგიეროდ, არის ისეთი დაავადებებიც, რომლებიც პირიქით, ასაკთან ერთად პროგრესს განიცდიან, მაგალითად, გენიტალური პროლაფსი. როდესაც ჰორმონალური დეფიციტის ფონზე ატროფიული ცვლილებები ვითარდება, მათ შორის, კუნთოვანი ბოჭკოების ატროფია ხდება, ადგილი აქვს პროლაფსის პროგრესირებას. ასევე, შეიძლება, მოხდეს შარდის შეუკავებლობის პროგრესირება. რა თქმა უნდა, აღსანიშნავია სხვადასხვა ლოკალიზაციის ონკოპათოლოგია.

გინეკოლოგთან რეგულარული ვიზიტი რა ტიპის სერიოზულ შესაძლო გართულებებს აგვარიდებს თავიდან?

გინეკოლოგთან რეგულარული ვიზიტი უნდა ხორციელდებოდეს. რეგულარული არ ნიშნავს ყოველდღიუს, იდეალურ სიტუაციაში, როცა ქალბატონს მენსტრუაცია ეწყება, მან უკვე უნდა დაამყაროს გინეკოლოგთან კომუნიკაცია. როცა ქალბატონი სქესობრივ ცხოვრებას იწყებს გინეკოლოგთან ვიზიტი აუცილებელია. თუ არანაირი პრობლემა არ იქნება აღმოჩენილი, ითვლება, რომ წელიწადში ერთხელ გინეკოლოგთან ვიზიტი ნორმაა. თუ დაფიქსირებული იქნება პრობლემა, პრობლემის სირთულიდან გამომდინარე, გინეკოლოგთან ვიზიტი შეიძლება, განხორციელდეს 6 თვეში ერთხელ, 3 თვეში ერთხელ და ა.შ. 

როგორც მე ვაკვირდები, დღესდღეობით, საზოგადოებაში პროფილაქტიკური მედიცინის საკითხები ნაკლებად აქტუალურია, არადა ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მაგალითისთვის, საშვილოსნოს ყელის კიბო რომ ავიღოთ, ის ელვისებურად არ ვითარდება, ჯერ, არის საშვილოსნოს ყელის კიბოს წინა დაავადებები და შემდეგ, თუ არანაირ ზომას არ მივიღებთ, ვითარდება საშვილოსნოს ყელის კიბო. თბილისში, საქართველოს ყველა რეგიონში ჩამოყალიბებულია სკრინინგ ცენტრები, სადაც აბსოლუტურად უფასოდ ატარებენ საკმაოდ ძვირად ღირებულ გამოკვლევებს.

აღსანიშნავია, რომ საშვილოსნოს კიბოს წინა მდგომარეობების, დაავადებების დადგენა, დიაგნოსტირება ძალიან ადვილია. შეიძლება, სხვა ორგანოები ძნელად გამოსაკვლევი იყოს, მაგრამ ყელი ისეთი ორგანოა, რომლის გამოკვლევაც ძალიან მარტივია.

თუ დაფიქსირდება საშვილოსნოს ყელის კიბოს წინამორბედი პათოლოგიები, ამ პათოლოგიებთან ბრძოლა გაცილებით უფრო შედეგიანი და ადვილია, ვიდრე საშვილოსნოს ყელის კიბოს მკურნალობა.

როცა პაციენტი მიდის გინეკოლოგთან და აღმოჩნდება, რომ 10 წელი არ ყოფილა გამოკვლევაზე, რომ უკვე კიბოს ისეთი სტადია აქვს, რომ არაფრის გაკეთება არ შეიძლება. უმწეობის განცდა გიჩნდება, რადგან შესაძლებელი იყო ამ პრობლემის აცილება, მაგრამ დაუდევრობიდან გამომდინარე ასე მოხდა.