LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინფარქტის სამი მთავარი მიზეზი და გულის დაცვის სამი საუკეთესო გზა – ნინა ჟვანია გულის ტკივილზე ქალებსა და მამაკაცებში

5376
ნინა-ჟვანია

„როგორ შეიცვალა მიდგომები კარდიოლოგიასა და გულის დაავადებების მკურნალობაში, რატომ გაახალგაზრდავდა გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიები, რამდენად დიდია სტრესის გავლენა, შეუძლია თუ არა მას გულის სერიოზული პრობლემების გამოწვევა, რა რეკომენდაციები უნდა დავიცვათ და რა სიხშირით არის საჭირო კვლევების ჩატარება, როდის უნდა მივმართოთ ექიმს დაუყოვნებლივ“ – აღნიშნულ საკითხებზე ნატა ხარაშვილის გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ ჩაფიძის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმმა-კარდიოლოგმა, მედიცინის დოქტორმა, პროფესორმა, აღმოსავლეთ ევროპის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის წევრმა, საქართველოს ექიმ ქალთა ასოციაციის პრეზიდენტმა – ნინა ჟვანიამ ისაუბრა.

ქალბატონო ნინა, რა არის „ექიმ ქალთა ასოციაციის“ მთავარი მისია?

ჩვენი ასოციაცია არის ექიმ ქალთა დიდი საერთაშორისო ასოციაციის შემადგენელი ნაწილი და ეს ასოციაცია იყო მსოფლიოში პირველი ქალთა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც 1919 წელს შეიქმნა. მისი შექმნის მიზანი გახლდათ ის, რომ იმ პერიოდში ქალბატონებს არ ჰქონდათ ექიმად მუშაობის უფლება, მათ მხოლოდ ექთნად მუშაობა შეეძლოთ. შემდგომში, როცა ეს უფლება მოიპოვეს ქალი ექიმების ხელფასი უფრო დაბალი იყო, ვიდრე მამაკაცი ექიმების. ეს საერთაშორისო ასოციაცია სწორედ ამ უთანასწორობის აღმოფხვრისკენ იყო მიმართული და მან ძალიან ბევრი რამ გააკეთა ამ მიმართულებით.

ჩვენი ასოციაციის მიზანი არის სხვადასხვა განმავითარებელი კონფერენციების, სამედიცინო შეხვედრების მოწყობა. ასევე, ჩვენ ხშირად დაგვიბეჭდავს წიგნი ქალთა ჯანმრთელობის შესახებ, ვუშვებდით საერთაშორისო ჟურნალს ინგლისურ ენაზე, რომელიც ასევე ქალთა ჯანმრთელობის აქტუალურ საკითხებს ეძღვნებოდა. ძალიან ბევრი შეხვედრა გვაქვს მოწყობილი მოსახლეობასთან. სხვათა შორის, ერთ-ერთი შეხვედრა კავთისხევში მოვაწყვეთ, რაშიც ქალბატონი თამარ ჩიგოგიძე დაგვეხმარა და „ფორტუნასთან“ ერთად გავაკეთეთ პაციენტების ჰუმანიტარული გასინჯვა, ქალბატონებს, ასევე, ჩაუტარდათ ძალიან საინტერესო ლექცია ცხოვრების ჯანსაღ წესზე და სხვა აქტუალურ საკითხებზე.

როგორ შეიცვალა მიდგომები კარდიოლოგიაში, გულის დაავადებების მკურნალობაში, რა სიახლეებია ამ მიმართულებით?

ბოლო პერიოდში, ძალიან დიდი ნახტომი გააკეთა სხვადასხვა დარგის სამედიცინო მეცნიერებამ და განსაკუთრებით კარდიოლოგიამ. მე რომ მუშაობა დავიწყე, მაშინ, „ჩაფიძის ცენტრს“ „თერაპიის სამედიცინო კვლევითი ინსტიტუტი ერქვა“ და მე მახსოვს, როცა ვმორიგეობდი, ინფარქტის განყოფილებაში მოჰყავდათ ძალიან მძიმე პაციენტები და ჩვენ სულ 3 ტიპის პრეპარატი გვქონდა, ჰეპარინი, ნიტრატები და მორფიუმი, რომ ტკივილი გაგვეყუჩებინა, ამიტომ სიკვდილიანობა ძალიან მაღალი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ვცდილობდით ამ პაციენტების დახმარებას. დღევანდელ დღეს, შედარება არ შეიძლება, დღეს არის ბეტა-ბლოკატორები, რომლებიც არის ინფარქტის პრევენცია. ისეთი მძიმე ინფარქტები, როგორც მაშინ იყო, იმდენი გართულებით მიმდინარე, სიკვდილიანობაზე რომ არაფერი ვთქვათ, აღარ არის. ბეტა-ბლოკატორებმა ძალიან შეამცირეს ინფარქტი, ასევე სტატინებმა, რომლებიც ქოლესტერინის დონის დასაქვეითებლად იხმარება. ასევე, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სამ კომპონენტიან წნევის პრეპარატებს, რომლებიც ნორმალურ დონეზე აყენებენ წნევას და საკმაოდ ეფექტურები არიან. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს კორონაროგრაფიის დანერგვას, რადგან ის საშუალებას იძლევა, რომ წინასწარ დავსვათ კორონარული სისხლძარღვების შევიწროების დიაგნოზი, ჩავატაროთ კორონარული არტერიების სტენტირება და ამით შევამციროთ ინფარქტის რისკი ან მისი შესაძლო გართულებები, რომ არაფერი ვთქვათ აორტო-კორონარულ შუნტირებაზე, რომელიც ძალიან მძიმე პაციენტებზეც ძალიან დიდ შედეგს იძლევა. შესაბამისად, დღეს, რა თქმა უნდა, დიდი განსხვავებაა.

დღეს, უფრო სხვა პაციენტები მოდიან ინფარქტით, უფრო მეტად, მაგალითად, დიაბეტიანი პაციენტები და ეს იმიტომ, რომ შაქრიანი დიაბეტის დროს გულის იშემიური დაავადება  უფრო ხშირად ტკივილების გარეშე ან ძალიან შემცირებული ტკივილებით მიდის, პერიფერიული ნეიროპათიის, ნერვული ბოჭკოების დაზიანების გამო და შეიძლება, ასეთი პაციენტი ისე მოვიდეს, რომ არც იცოდეს, რომ მას კორონარული დაავადება, მიოკარდიუმის ინფარქტი აქვს. აი ასეთი პაციენტები უფრო ხშირია, თორემ მძიმე ინფარქტი ნამდვილად შემცირდა.

ახსენეთ, რომ დიაბეტი არის ინფარქტის კუთხით მომართვიანობის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზი, კიდევ სხვა რა გავრცელებული მიზეზები არსებობს?

ყველაზე გავრცელებული მიზეზები, რა თქმა უნდა, არის ლიპიდური ცვლის დარღვევა, დაბალი სიმკვრივის ქოლესტერინის მაღალი დონე, მაღალი სიმკვრივის ქოლესტერინის, ანუ კარგი ქოლესტერინის დაბალი დონე და თქვენ წარმოიდგინეთ, ერთ-ერთ პირველ რისკ-ფაქტორად ყველაზე ბანალური მიზეზი, სიგარეტის მწეველობა წერია. შემდეგ, რა თქმა უნდა, მოდის არტერიული ჰიპერტენზია, სიმსუქნე, ჰიპოდინამია, ანუ ცხოვრების ნაკლებად მოძრავი წესი, მეტაბოლური სინდრომი, ასევე აბდომინალური ტიპის სიმსუქნე, რა თქმა უნდა, ყოველთვის მნიშვნელოვანია გენეტიკური ფაქტორი. რა თქმა უნდა, არსებობს მოდიფიცირებადი და არამოდიფიცირებადი რისკფაქტორები, მოდიფიცირებადი ისეთი რისკფაქტორებია, რომელთა შეცვლაც შეგვიძლია და მწეველობის შეცვლა ნამდვილად შეგვიძლია, მაგრამ სამწუხაროდ, ამას ყველა არ აკეთებს.

ზოგადად, ბოლო დროს, დაავადებებმა გაახალგაზრდავება განიცადა და ამას სხვადასხვა პროფილის ექიმები ხშირად აღნიშნავენ. შეიძლება, იგივე ითქვას გულ-სისხლძარღვთა დაავადებებზეც? თუ ეს ასეა, რას შეიძლება, რომ ეს დავაბრალოთ, გენეტიკურ ფაქტორებს თუ რაიმე სხვას?

გულის იშემიური დაავადება მართლა გაახალგაზრდავდა და აქ მნიშვნელობა აქვს ცხოვრების არაჯანსაღ წესს, პირველ რიგში, ჰიპოდინამიას, როცა ადამიანი ნაკლებად მოძრაობს, მეტად გადაადგილდება მანქანით, ტრანსპორტით და ა.შ. მე აღარ ვლაპარაკობ მოწევაზე, ის ერთ-ერთი პირველი რისკ-ფაქტორია. ასევე, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სიმსუქნეს, განსაკუთრებით მეტაბოლურ სინდრომს. ამ სიმსუქნემ მთელს მსოფლიოში პანდემიის ხასიათი მიიღო. რა თქმა უნდა, სტრესზე არც არის ლაპარაკი…

რა თქმა უნდა, გენეტიკური ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია და გენეტიკური ფაქტორი სამწუხაროდ, არამოდიფიცირებადია და მას ჩვენ ვერ შევცვლით, ამიტომ ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია, პერიოდულად ჩავატაროთ გარკვეული კვლევები, რომ დავაზუსტოთ, თუ როგორია გულ-სისხლძარღვთა სისტემის მდგომარეობა.

საზოგადოებაში გავრცელებული მოსაზრება, რომ გულის დაავადებების ნაწილში, მამაკაცები უფრო მოწყვლადები არიან, ვიდრე ქალბატონები და რომ ქალბატონები რაღაც ასაკამდე დაცულნი არიან, რამდენად შეესაბამება სიმართლეს?

ქალბატონები ნამდვილად დაცულნი არიან მენოპაუზამდე, მაგრამ მიუხედავად ამისა, ქალბატონებში ძალიან გახშირდა გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და საქმე იმაშია, რომ ის ქალბატონებში განსხვავებულად მიდის.

რაც მთავარია, მოსახლეობაში მაინც არსებობს ის აზრი, რომ ქალბატონებში უფრო ხშირია „ნევროზი“, რეალურად, ირკვევა, რომ ხშირად, მათ აქვთ გულ-სისხლძარღვთა სისტემის სერიოზული დაზიანება ე.წ. მიკროვასკულური სტენოკარდია, რომელიც, სამწუხაროდ, არ ვლინდება კორონაროგრაფიის დროსაც კი, რადგან დაზიანებულია ძალიან წვრილი კორონარული სისხლძარღვები.

ქალბატონებთან გულის იშემიური დაავადება მიდის არატიპურად, შეიძლება, ტკივილები იყოს არა მარცხენა მხარეს, არამედ გულ-მკერდის მარჯვენა მხარეს, იყოს მოხრჩობის შეგრძნება, ჰაერის უკმარისობის შეგრძნება, ტკივილი კუჭის მიდამოში. ქალებში გულ-სისხლძარღვთა დაავადებები უფრო ხშირად სტრესთან არის დაკავშირებული, რაც მათში სტრესის განსხვავებული მიმდინარეობით აიხსნება.

არსებობს ე.წ. გაბზარული გულის სინდრომი, Broken heart syndrome, რომელიც 97%-ში ქალებს ემართებათ. ეს დაავადება ტაკოცუბოს კარდიომიოპათია ასეთი სახელით არის ცნობილი. ის ემართებათ ახლობლის, ოჯახის წევრების, შეყვარებულის დაკარგვის შემდეგ. ქალები სტრესის მიმართ ნაკლებ გამძლეები არიან.

ანუ სტრესს რეალურად შეუძლია სერიოზული პრობლემის გამოწვევა გულთან მიმართებაში…

რა თქმა უნდა, შეუძლია, ტაკოცუბოს კარდიომიოპათია არის ამის 100%-იანი ნიმუში.

მინდა, გკითხოთ სიმპტომებზე, რომლებიც გულის დაავადებებზე მიუთითებენ. გასაგებია, როცა გული გვაძლევს სიგნალს და ვიცით, რომ ტკივილი, შებოჭვის შეგრძნება, ჰაერის უკმარისობა, ქოშინი და ა.შ. გამოხატული სიმპტომებია, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც აბსოლუტურად რუტინული კვლევების დროს დგინდება გულის დაავადება.

დიახ, როგორც გითხარით, პირველ რიგში, ეს ეხებათ დიაბეტიან პაციენტებს, რადგან მათთან პრობლემა ძალიან ხშირად პრაქტიკულად ტკივილის გარეშე მიმდინარეობს და ამიტომ ასეთი პაციენტები ხშირად საჭიროებენ კარდიოგრამის გადაღებას, ლიპიდური ცვლის შემოწმებას და საერთოდ, ექიმთან კონსულტაციებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების კუთხით.

რაც შეეხება სიმპტომებს, რომელთაც აუცილებლად უნდა მივაქციოთ ყურადღება, პირველ რიგში, ეს არის დისკომფორტი გულ-მკერდის არეში და აღსანიშნავია, რომ არაა აუცილებელი ეს ზუსტად გულის არეში ხდებოდეს, შეიძლება, იყოს მარჯვნივ, მკერდის უკან და შეიძლება იყოს არა ტკივილი, არამედ დისკომფორტი, არაკომფორტული მდგომარეობა, სიმძიმე. ძალიან მნიშვნელოვანია სწრაფი დაღლა, ეს შეიძლება, გულის უკმარისობის ნიშანი იყოს და ამ შემთხვევაშიც, აუცილებელია, რომ ექიმს მიმართოთ. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია საერთო სისუსტე, ის შეიძლება, რომ  გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ერთ-ერთი გამოხატულება იყოს. რა თქმა უნდა, სისხლის არტერიული წნევა როცა მაღალია, ეს უკვე თვალნათელი სიმპტომია და მიგვანიშნებს იმაზე, რომ გულ-სისხლძარღვთა სისტემის მდგომარეობა გამოვიკვლიოთ. ასევე, დაბალი წნევა შეიძლება, რომ გულის იშემიური დაავადების სიმპტომი იყოს.

რა ტიპის მდგომარეობაა, როცა საჭიროა გადაუდებლად რეაგირება, სასწრაფო დახმარებასთან დაკავშირება?

ინფარქტის ეკვივალენტი შეიძლება იყოს ტკივილი კუჭის არეში, ჰაერის ძლიერი უკმარისობა, ტკივილზე აღარცაა ლაპარაკი, ასევე დისკომფორტი.

ხშირად ამბობენ, რომ სტრესული, პანიკური შეტევა ხშირად ჰგავს გულიდან წამოსულ პრობლემას, მართლაც ასეა?

რა თქმა უნდა, ასეთი რამ არსებობს, შეიძლება ეს მდგომარეობები ერთმანეთს ჰგავდეს, მაგრამ პრობლემა რისგან გამომდინარეობს, ამის გარკვევა ძალიან ადვილია, თუ პაციენტს ამ დროს მივცემთ ბანალურ დამამშვიდებელ პრეპარატს და ეს მდგომარეობა მოიხსნება, უკვე უნდა ვიფიქროთ, რომ პრობლემა სტრესით არის გამოწვეული. რა თქმა უნდა, დამამშვიდებელი პრეპარატები შველის პანიკურ შეტევას, მაგრამ გადაწყვეტილება საკუთარი ინტუიციით არ უნდა მივიღოთ.

თქვენი გამოცდილებით, ყველაზე გავრცელებული რა შეცდომები შეგიძლიათ დაასახელოთ, რომელთაც პაციენტები საკუთარ ჯანმრთელობასთან მიმართებაში უშვებენ?

ჩემი რჩევა ყველასთვის იქნება, რომ მეტი ყურადღება მიაქციონ ჯანმრთელობას და ცხოვრების ჯანსაღ წესს. ახლა, ძალიან მოდაშია ცხოვრების ჯანსაღი წესი. დადგინდა, რომ ჩვენი ჯანმრთელობა 55 %-ით დამოკიდებულია ჩვენი ცხოვრების წესზე, დანარჩენი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ვიმკურნალებთ.

როგორც იცით, პროფილაქტიკა, ანუ პრევენცია ბევრად უფრო  მარტივი, იაფი პროცესია, ამიტომ ყურადღება უნდა მივაქციოთ ცხოვრების ჯანსაღ წესს, რაც გულისხმობს ნორმალურ წონაზე ყოფნას, ფიზიკურ აქტივობას, სტრესის თავიდან აცილებას, რა თქმა უნდა, მწეველობაზე არც არის საუბარი.

თუ ადამიანს არ აქვს გულთან დაკავშირებული პრობლემები, არ აქვს თანმხლები დაავადებები, მაგალითად, შაქრიანი დიაბეტი, მაინც მიგაჩნიათ, რომ რაღაც პერიოდულობით, რუტინულად საჭიროა გულთან დაკავშირებული კვლევების ჩატარება?

აუცილებლად, წელიწადში ერთხელ მაინც ყველა უნდა გაესინჯოს 50 წლის მერე. თუ შაქრიანი დიაბეტია, პაციენტი 6 თვეში ერთხელ მაინც უნდა გაესინჯოს კარდიოლოგს, რომ ინახოს, ხომ არ არის გულის მხრივ გართულება. უნდა გამოირიცხოს ჰიპერტენზია, რადგან ეს ძალიან სერიოზული რისკფაქტორია. ლიპიდური ცვლა, ყველა ტიპის ქოლესტერინი უნდა იყოს შესწავლილი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ წონა უნდა იყოს შენარჩუნებული ნორმაზე და აუცილებლად უნდა იყოს ზომიერი ფიზიკური აქტივობა.

დაცული უნდა იყოს ცხოვრების ჯანსაღი წესი, რადგან სამწუხაროდ, ჩვენი დაავადებები არის ქრონიკული და ისინი მუდმივ მკურნალობას საჭიროებენ. შესაბამისად, ჯობია პრევენცია, ვიდრე შემდგომ სხვადასხვა გართულებების მკურნალობა.

რა განსაკუთრებული რეკომენდაციები უნდა დავიცვათ, მაგალითად, თუ გაქვს გულის სხვადასხვა პათოლოგიები, რომლებიც ბავშვობიდან, ახალგაზრდობის პერიოდიდან მოგვყვება, თუ გვაქვს გულზე გადატანილი ოპერაცია?

ასეთ შემთხვევაში, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ჯანმრთელობას, განსაკუთრებულად აუცილებელია პროფილაქტიკური გასინჯვები.

ზოგადად, ჯანმრთელობა კონტროლის ქვეშ უნდა გვქონდეს, ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ ჩვენს ჯანმრთელობას, რადგან ჩვენ პასუხისმგებლები ვართ ჩვენი თავის წინაშე, ჩვენი ოჯახის წევრების, გარშემომყოფების წინაშე.

თუ ჩვენ არანაირი სიმპტომი არ გვაწუხებს, მაგრამ რუტინულად გვინდა გულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება, საკმარისია თუ არა კარდიოგრამა?

რა თქმა უნდა, მარტო კარდიოგრამა საკმარისი არ არის, პირველ რიგში, მაინც აუცილებელია ლიპიდური სპექტრის, ქოლესტერინის განსაზღვრა, უნდა განისაზღვროს ყველა ფრაქცია, რომ ინახოს შესაძლო გართულებების რისკი. აუცილებლად უნდა ვაკონტროლოთ გლუკოზის დონე სისხლში. უნდა ავირიდოთ სხვადასხვა რისკფაქტორები.

როცა იწყება ჰაერის უკმარისობა, სწრაფი დაღლა, მაშინ აუცილებელია ექოკარდიოგრაფია.

ხშირად, პაციენტებს ეშლებათ და ჰგონიათ, რომ ექოკარდიოგრაფია უფრო ეფექტური, უფრო ინფორმატიულია, ვიდრე კარდიოგრამა, მაგრამ ისინი სრულებით განსხვავებული მეთოდებია. ექოკარდიოგრაფიით შეიძლება დაისვას გულის უკმარისობის დიაგნოზი, მანკის დიაგნოზი, სარქვლოვანი პათოლოგიის დიაგნოზი, კარდიოგრამით ისმება კორონარული დაავადების დიაგნოზი და ა.შ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები